ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბოლო პერიოდში უკვე რამდენიმეჯერ ხვდება მოვლენებისა და ყურადღების ეპიცენტრში. ამჯერად, უნივერსიტეტს სტუდენტური პროტესტის გაორმაგებულმა ტალღამ გადაურა – ორ ნაწილად დაყოფილმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რამდენიმე დღის განმავლობაში, არა მხოლოდ თსუ-ის სტუდენტების, არამედ საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტისა და უბრალოდ, მოქალაქეების დიდი დაინტერესება და ჩართულიბა გამოიწვია. აქციაზე არა მხოლოდ თსუ-ის სტუდენტებს, არამედ ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის, კონსერვატორიის, ტექნიკური უნივერსიტეტის თუ სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს შეამჩნევდით. ამ ფაქტს ბევრი თსუ-ელი გაღიზიანებით შეხვდა.
ვითარების უკეთ აღსაქმელად მოვლენებს ქრონოლოგიურად მივყვეთ: საპროტესტო ტალღა 7 მარტს დაიწყო, როდესაც სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში შემდეგი ლოზუნგებით გამოვიდა: ,,ყველა სტუდენტი თანასწორია – არა სტუდენტური თვითმმართელობის პრივილეგიებს!“
როგორც შემდეგ გაირკვა, სტუდენტები თვითმმართველობის წევრების ბაკურიანის 3-დღიან ტრენინგს აპროტესტებდნენ, რომელიც 24 600 ლარი დაჯდა. მათი თქმით, ხარჯი არამიზნობრივი იყო და ამ საკითხის წინაშე პასუხისმგებლობა რექტორსა და მთლიან ადმინისტრაციას ეკისრებოდა. სტუდენტების პროტესტი თვითმმართველობისათვის ფუნქციის შეზღუდვისა და სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხის მკაცრი კონტროლის დაწესების მოთხოვნებში გადაიზარდა. გარდა ამისა, პროტესტანტები სტუდენტური თვითმმართველობის საარჩევნო სისტემის მკაცრ კონტროლს მოოითხოვდნენ.
მოგვიანებით, სტუდენტთა აქციას უფრო მასშტაბური სახე მიეცა და უნივერსიტეტის წინა ეზოს არაერთი მოხალისე შემდეგი ტრანსპარანტებით დაემატა: ,,არა სტუდენტურ თვითმმართველობას!“ ,,არა სტუდენტური თვითმმართველობის პრივილეგიებს“, ,,თვითი ვიცი მე ბაკურიანში“, ,,თვითმმართველობა სტუდენტთა რესურსების პარაზიტია!“ და სხვ.
ტრენინგების საკითხს თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობოს ვიცეპრეზიდენტმა – პაატა ბახტურიძემ ასე უპასუხა: ,,ტრენინგების დაფინანასება მიზნობრივი ხარჯი იყო, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ისეთივე თანამშრომლები არიან უნივერსიტეტის, როგორც სხვები. ამავე დროს, ისინი ხელფასს არ იღებენ და და ორმაგი პასუხისმგებლობა ეკისრებათ – არიან სტუდენტები და მუშაობენ უნივერსიტეტისთვის. უნივერსიტეტი უნდა ზრუნავდეს საკუთარი კადრების განვითარებაზე, სწორედ ამ ეგიდით გაკეთდა ტრენინგი ბაკურიანში. ჩვენ უამრავ საქმეს ვაკეთებთ და ანაზღაურებას არ ვითხოვთ. თუ ეს ვინმეს პრივილეგიად მიაჩნია, თავად შეუძლია გახდეს თვითმმართველობის წევრი.“
სტუდენტების მოთხოვნები მომდევნო საათებში სხვა მოთხოვნებშიც გადაიზარდა, – ისინი გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურიდან მოხსნას მოითხოვდნენ.
სტუდენტებმა უნივერსიტეტის წინა ეზოდან რექტორატის კაბინეტისკენ შემდეგი ლოზუნგით გადაინაცვლეს: ,,არ გვინდა ასეთი კანცლერი“. მათი მოთხოვნით, რექტორი ვლადიმერ პაპავა დიალოგზე წამოვიდა და აქციის მონაწილეებს შეხვდა.
სტუდენტების შეკითხვები ბაკურიანის ტრენინგსა და უნივერსიტეტზე უშიშროების სამსახურის ზეწოლას ეხებოდა.
,,უნივერსიტეტი უნდა მართოს აკადემიურმა საბჭომ თუ უშიშროებამ? ნუ მისცემთ საშუალებას, რომ გარეშე ძალებმა მართონ უნივერსიტეტი!“- განუცხადა რექტორს აქციის მონაწილე სტუდენტმა – ლევან ლორთქიფანიძემ.
ბაკურიანის ტრენინგის შესახებ რექტორმა აღნიშნ, რომ ის აპირებდა შეეცვალა სტუდენტური პროეტების დაფინანსების წესი, თუმცა, ეს ვერ განახორციელა. ამის მიზეზად კი ის დაასახელა, რომ აქტის გამოცემა რექტორისა და კანცლერის ერთობლივი გადაწყვეტილების გარეშე შეუძლებელი იყო, იმდროინდელ კანცლერს – დავით ჩომახიძეს კი ამ დროს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.
,,სტუდენტური პროეტების დაფინანსების რეგულაცის წესს აუცილებლად შევიმუშავებთ – მე მხოლოდ კანცლერის არჩევას ველოდები“- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ.
აქვე, რექტორმა დაამატა, რომ თავადაც არ მისცა აკადემიური საბჭოს სხდომაზე ხმა გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას, იმ მოტივით, რომ არ უნდოდა უნივერსიტეეტი გახლეჩვის საფრთხის ქვეშ დაეყენებინა.
შემდეგ სტუდენტებმა შეხვედრა აკადემიური საბჭოს წევრებთან მოითხოვეს. იმ წევრებს, რომლებმაც ხმა გიორგი გაფირნდაშვილის კანდიდატურას მისცეს, შეძახილით – ,,სირცხვილია!“ – შეხვდნენ. მათი თქმით, დაუშვებელი იყო, რომ აკადემიურმა საბჭომ კანდიდატურის წარსული არ განიხილა. სტუდენტების მტკიცებით, გიორგი გაფრინდაშვილი, კანცლერის თანაშემწის პოსტის დაკავებამდე, სტუდენტური თვითმმართველობის ერთ-ერთი ლიდერი გახლდათ და უნივერსიტეტში მიმდინარე ცემის ფაქტების მიმართ გულგრილობით გამოირჩეოდა, ხოლო დამნაშავეებს ხელს აფარებდა.
თემას გაგრძელება მოჰყვა და ერთ-ერთმა სტუდენტმა – სანდრო ცაგარელმა რექტორს უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის არსებობის ფაქტზე დაუსვა კითხვა:
,,შეგიძლიათ, გამცეთ პასუხი ვინ არის ივა კავსაძე? მე გეტყვით, რომე ეს ადამიანი უნივერსიტეტში ასრულებს ,,ოდეერის“ ფუნქციას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური თანამშრომელია. 2013 წლის ნოემბერში ის დაინიშნა კანცლერის თანაშემწის პოსტზე. მაინტერესბს, რა პასუხს გასცემთ სტუდენტებს? რა ღირსების დაცვაზეა საუაბარი?“
რექტორმა შეკითხვას შემდეგნაირად უპასუხა: ,,ქვეყანაში ,,ოდეერის“ სისტემა არსებობს და მე პრინციპული წინააღმდეგი ვარ ამ სისტემის. ვერ გეტყვით, რა კონკრეტული დავალებები აქვთ მათ, მაგრამ მე მომხრე ვარ, რომ ქვეყანა გათავისუფლდეს ამ სისტემისგან.“
ბევრმა ვერ გაიგო კარგად თუ რას გულისხმობდა ე.წ. ოდეერი. განმარტებისთვის, ,,ოდეერი“ ეს არის რუსული სიტყვების აბრევიატურა (ОДР Офицер действующего резерва), ხოლო ქართულად ეს ნიშნავს – მოქმედ რეზერვის ოფიცერს. მოქმედ რეზერვის ოფიცრებს უნივერსიტეტებში ნიშნავდნენ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ მომუშავე თანამშრომლებს თავშესაფარი ჰქონოდათ. ადამიანი გაფორმებული იყო რომელიმე უნივერისტეტში დეკანის მოადგილედ და თუ ის საზღვარგარეთ წავიდოდა სამუშაოდ, მას ჰქონდა ნიღაბი, რომ ის იყო დეკანის მოადგილე. მოკლედ რომ განვმარტოთ, სტუდენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საუნივერსიტეტო სისტემაში ჩარევაში სდებდნენ ბრალს და აპროტესტებდნენ გარეშე ძალების შიდასასწავლო სისტემაში ჩართულობას.
მოვლენების განვითარებას რომ დავუბრუნდეთ – 10 მარტს გიორგი გაფრინდაშვილის კანცლერობის კანდიდატურის საკითხი უნდა განხილულიყო, ამის პარალელურად, უნივერსიტეტში აქცია დაიწყო. მოითხოვნა ისევ არ იცვლებოდა – გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის უპირობო მოხსნა. სტუდენტების ნაკადი იმ დარბაზისკენ გაემართა, სადაც სენატის სხდომა იყო ჩანიშნული. სიტუაცია იმან დაძაბა, რომ რექტორატის მხარეს მდებარე კარი სტუდენტებს ჩაკეტილი დახვდათ და მოოითხოვეს განმარტება, თუ რატომ არ ეძლეოდათ სენატის სხდომაზე დასწრების უფლება.
ინციდენტს თსუ-ის დაცვასა და სტუდენტებს შორის მცირე შეხლმა-შემოხლა მოჰყვა, რასაც საპატრულო პოლიციის გამოძახება დაემატა. ამან ვითარება კიდევ უფრო დაძაბა – სტუდენტები სამართალდამცველებს შენობის ტეროტორიის დატოვებისკენ მოუწოდენდნენ. მოგვიანებით, რექტორის თხოვნით, პოლიციამ ტერიტორია დროებით დატოვა. რაც შეეხება სენატს – სენატმა სხდომა ჩაშალა და შემდეგი შეხვედრა 14 მარტს ჩაინიშნა. ამას პროტესტი მოჰყვა, 10 საათისთვის ცნობილი გახდა, რომ სტუდენტები შენობას არ დატოვებდნენ და ღამეს პირველი კორპუსის ფოიეში გაათევდნენ.
მეორე დღეს, 11 მარტს, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, გიორგი გაფრინდაშვილის მხარდამჭერი სტუდენტები და თვითმმართველობის წევრები შეიკრიბნენ. კანცლერობის კანდიდატმა იქვე უპასუხა ბრალდებებს და აღნიშნა, რომ არანაირი მტკიცებულება არ არსებობს მათ დასადასტურებლად .
,,თუ რომელიმე ბრალდება დადასტურდება, რომლის მიხედვითაც მე მოძალადე ვარ ან ვფარავდი რაიმე სახის დანაშაულს, არა თუ უნიევრსიტეტში, არამედ, საჯარო სამსახურშიც არ ვიმუშავებ მთელი სიცოცხლის მანძილზე,“ – განაცხადა გიორგი გაფრინდაშვილმა.
აქვე, კანცლერობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ არ აპირებდა მხარდამჭერთა გაწბილებასა და კანდიდატურის მოხსნას.
აქციებს მთელი საქართველო ადევნებდა თვალყურს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა – გიორგი კვირიკაშვილმა განცხადებით რექტორსა და კანცლერობის კანდიდატს მიმართა:
,,მინდა, ვთხოვო საბჭოს წევრებს, რომლებიც მხარს უჭერენ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თავად გიორგი გაფრინდაშვილს, გაითვალისწინოს არსებული სიტუაცია და, ახალგაზრდებს შორის რაიმე სახის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან მოხსნას.“
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის – შალვა საბაურის თქმით, ისინი უნივერსიტეტში ამ პროცესის წესდების მიხედვით გამართვის მომხრეები იყვნენ, რომელიც გადაწყვეტდა, გახდებოდა თუ არა გიორგი გაფრინდაშვილი კანცლერი.
ვითარების დაძაბვასთან ერთად, პროცეში სხვა უწყებების ჩართვაც გახდა საჭირო – უნივერსიტეტს განათლების მინისტრი – თამარ სანიკიძე ეწვია, რომელმაც საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდამოკვლევის საკითხი დააყენა.
მდგომარეობა 14 მარტს უკიდურეს ფორმებში გადაიზარდა. თსუ ორი აქციის ქარცეცხლში აღმოჩნდა – ,,ავტონომია უნივერსიტეტს!“, ,,სოლიდარობა სტუდენტებს!“ ,,ბაკურიანი ჩვენი იერუსალიმია!“, ,,ძალადობის დაფარვა დანაშაულია“ – ამ და სხვა ტრანსპარანტით შეიარაღებული უამრავი სტუდენტი თვითმმართველობისა და კანცლერობის კანდიდატის საწინააღმდეგო პოზიციას გამოხატავდა. მათ ბათუმის, გორის, ქუთაისის უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეურთდნენ. თავის მხრივ, თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის გვერდით, ილია ჭავჭავაძის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კონსრვატორიისა და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტური თვითმმართველობები დადგნენ.
უნივერსიტეტის ეზოში მეორე აქცია სტუდენტურმა თვითმმართველობამ მოაწყო. სტუდენტებმა რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დააყენეს, რადგანაც, მათი თქმით, ვლადიმერ პაპავამ იცოდა ,,ოდეერის“ უნიევრსიტეტში არსებობის შესახებ, თუმცა დუმდა. კონტრაქციაზე შალვა საბაურმა პირობა დადო, რომ თვითმმართველობა აღარასოდეს ჩაატარებდა ღონისძიებას, სადაც მხოლოდ მისი წევრები იქნებოდნენ ჩართულები, თავად კი დაპირისპირებულ მხარეს ,,ოდეერის“ საკითხზე ერთობლივ მოლაპარაკებებს სთავაზობდა.
თვითმმართველობის აქციაზე გამოტანილ ტრანსპარანტებზე ასეთ წარწერებს შეხვდებოდით: ,,პაპავა უღირს პენსიაზე!“, ,,სტუდენტებს შორის შუღლის ჩამომგდები რექტორი უნდა გადადგეს!“, ,,არა ერთპიროვნულ მმართველობას!“ და სხვ.
აქციას ექსესების გარეშე არ ჩაუვლია. როგორც ,,აუდიტორია #115-ის“ სტუდენტები ირწმუნებოდნენ, შალვა საბაურმა მათ ერთ-ერთ მხარდამჭერს – ნათია ქარჩილაძეს ხელი გაარტყა. ფაქტს ოპოზიციური მხარე უარყოფდა და მოწინააღმდეგეებს სიტუაციის პროვოცირებაში სდებდა ბრალს.
პროცესის კულმინაციური ნაწილი დღის მეორე ნახევარში გამოდგა – როდესაც გიორგი გაფრინდაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ოფიციალურად მოხსნა.
,,სტუდენტების გახლეჩისა და მოსალოდნელი დაპირისპირების თადან აცილების მიზნით, ვხსნი ჩემს კანდიდატურას,“ – განაცხადა გაფრინდაშვილმა ე.წ. მაღლივის კორპუსის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე.
ერთი შეხედვით, ამ განცხადებას სიტუაციის სტაბილიზაცია უნდ გამოეწვია, თუმცა, ამჯერად, რექტორის გადადგომა-არგადადგომის საკითხი დადგა დღის წესრიგში. პოლიციას რექტორატის წინ კორდონის გაკეთება მოუწია, რომლის ერთ მხარეს სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები პაპავას გადადგომისკენ მოუწოდებდნენ, დაპირისპირებული ფრთა კი მას ამ შეძახილით მიმართავდა – ,,არ გადადგე!“
ვლადიმერ პაპავამ ამის შესახებ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ გადადგომის საკითხს გამორიცხავდა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აკადემიურმა საბჭომ რექტორის გადაყენების საკითხი განიხილა. გავრცელებული ინფორმაციით, 13 წევრიდან რექტორის იმპიჩმენტის საკითხი 5-მა წევრმა დააყენა. რამდენიმე დღის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ რამდენიმე ლექტორმა საბჭო დატოვა.
ამის პარალელურად, აქციას პროფესორები შეურთდნენ. რექტორატის წინ სამმა პროფესორმა შიმშილობის აქცია დაიწყო. ,,იმ შემთხვევაში, თუკი რექტორი გადადგება, ჩვენ ამ პროტესტის ფორმას მივმართავთ“ – აღნიშნა თსუ-ის პროფესორმა – იზოლდა ჭილაძემ.
მოგვიანებით, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარემ – ტატო ირემაძემ განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ პროფესორებმა რექტორის თხოვნის საფუძველზე დაიწყეს შიმშილობა.
ამის პარალელურად, თვითმმართველობის პრეზიდენტმა – შალვა საბაურმა დაიწყო შიმშილობა და რექტორის უპირობო გადაყენების საკითხი დააყენა.
უნივერსიტეტში რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდებოდა განათლების სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტი და მოლაპარაკებები.
16 მარტს უნივერსიტეტში ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობდა – წინა ეზოში თვითმმართველობის, ხოლო 115-ე აუდიტორიის წინ – სტუდენტების მეორე ჯგუფის. მათი მოთხოვნები უცვლელი იყო – თვითმმართველობის წევრებმა უკვე არა მარტო შალვა საბაურის, არამედ სხვა წევრების შიმშილობის საკითხი დააყენეს. ,,აუდიტორია #115“ კი კვლავ თვითმმართველობის მოდერნიზაციის უპირობო გადაწყვეტილებას მოითხოვდა.
,,მეც და ჩემი თანაგუნდელებიც მზად ვართ, დავთმოთ მანდატი, თუკი რექტორი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და თანამდებობას დატოვებს“ – ასეთი იყო თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტის – პაატა ბახტურიძის პოზიცია.
ცნობისთვის, შემდეგი მოწვევის თვითმმართველობის არჩევნები გაზაფხულის მიწურულისთვისაა დაგეგმილი.
განათლების მინისტრის მოადგილემ – გიორგი შარვაშიძემ პირობა დადო, რომ აუცილებლად მიიღებდნენ ორივე მხრისთვის მისაღებ გადაწყვეტილებას და თვითმმართველობის მოდერნიზაცია, კანონის ფარგლებში, აბსოლუტურად შესაძლებელი იყო.
უნივერსიტეტის რამდენიმედღიანი პიკეტირების შემდეგ, მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო და 115-ე აუდიტორია პროტესტანტი სტუდენტებისგან დაიცალა. სწავლის პროცესი განახლდა.
,,აუდიტორია #115-ის“ აქტივისტებმა 16 მარტს, საღამოს, მანიფესტი გამოაქვეყნეს და აქციების დროებით დასრულების შესახებ განაცხადეს, თუმცა გარკვეული პირობების საფუძველზე:
,,მოხდეს თვითმმართველობის სასწრაფო რეორგანიზაცია, განათლების შესახებ კანონში ცვლილების შეტანის გზით; საკანონმდებლო ცვლილებები, აკადემიური საბჭოს გარდა, უნდა შეეხოს რექტორისა, სენატის და სხვა ინსტიტუტების არჩევის წესს. ამასთანავე, ჩვენ ვითხოვთ საგანმანათლებლო სივრცის სრულ გათავისუფლებას ე.წ. ოდეერებისგან. თუ 16 აპრილამდე ვერ მოხერხდება ნახსენები ხელშეკრულების გაფორმება სამინისტროს და უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, ვიტოვებთ საერთო სტუდენტური გაფიცვის ორგანიზების უფლებას,“– განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.
სტუდენტური აქციების თითქმის 10-დღიანი ციკლი დროებით შეჩერდა. თუმცა, საზოგადოების ნაწილი 16 აპრილისთვის ვითარების უკიდურეს გამწვავებას ვარაუდობს. ჯერჯერობით, არცერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას. მანამდე კი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული მდგომარეობა დროებით მაინც უბრუნდება კალაპოტს.
ნატალია ჯალაღონია