„მხოლოდ შიში არ არის ჯეო-ასტროს წევრების შეგრძნება გადაღების პროცესისას. ზამთარში, როდესაც ბაზალეთში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსს აღწევს ცელსიუსით, ჩვენთან და ტბასთან ერთად ტექნიკაც იყინება.“
ასტრონომია იმ უძველეს მეცნიერებებს შორისაა,რომლებიც ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის პერიოდში წარმოიშვა და განვითარდა.
საქართველოში ციურ მნათობებზე აქტიური დაკვირვება მე-20 საუკუნიდან დაიწყეს. აბასთუმნის ობსერვატორიის დაარსების პარალელურად ვიზუალური ასტრონომიაც ვითარდებოდა,თუმცა ყველას არ ჰქონდა შესაძლებლობა ჩვენგან რამდენიმე მილიონი სინათლის წლის დაშორებით მყოფი ციური სხეულები ენახა.
დღეს მრავალი ციური მნათობის ფოტოს ხილვაა შესაძლებელი. ეს კი ასტროფოტოგრაფების დამსახურებაა. ასტროფოტოგრაფია ციურ სხეულებზე დაკვირვების ერთ-ერთი მეთოდია,რომელიც ფოტოგრაფიას იყენებს.
საქართველოში პირველმა ასტროფოტოგრაფმა დავით დვალმა ქართველი ასტროფოტოგრაფების ჯგუფი შექმნა და მათმა ნამუშევრებმა ძალიან მალე არამხოლოდ საქართველოში,საზღვრებს ფარგლებს გარეთაც დიდი მოწონება დაიმსახურა. სოციალურ ქსელში „Geo-Astro”-ს გვერდზე განთავსებული ფოტოების კომენტარებში ბევრ გაკვირვებულ და აღფრთოვანებულ ადამიანს ნახავთ. გამოხატავენ თანამონაწილეობის სურვილს, არსებული კითხვების ძირითადი შინაარსი კი ფოტო გადაღების პროცესს ეხება.
„თბილისი თაიმსს“ ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ბექა მამუკაშვილი ესაუბრა. ბექა ჯგუფის შექმნის, გადაღების პროცესთან დაკავშირებულ საინტერესო დეტალებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოგიყვებათ.
თქვენი გუნდის შესახებ რომ გვიამბოთ, როგორ შეიკრიბეთ?
– ჩვენი ჯგუფის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი არის დათო დვალი. ტექნიკაც მისია და ჯგუფის ყველა წევრი დათო დვალის გაზიარებული ცოდნით ვსარგებლობთ.
დათო დვალს ფეისბუქიდან ვიცნობდი და ცხადია, მისი გადაღებული ფოტოებიც ვიცოდი. ამასობაში, ჩემმა მეგობარმა პატარა ტელესკოპი მაჩუქა. დათო დვალს მივწერე ფეისბუქში ჩემი ტელესკოპის მონაცემები და ვკითხე, როგორი იყო. მან დამაკვალიანა და ისიც მითხრა, რომ თუ დაინტერესებული ვიყავი ამ საქმიანობით, მალე ჯგუფის შექმნას აპირებდა და მივსულიყავი.
ჩემ გარდა კიდევ რამდენიმე ადამიანი იყო მისული, მათ შორის ტბელ აბუსერიძე და ლევან ვერძეული, რომლებიც ახლაც არიან ჯგუფის წევრები. ზოგი თავდაპირველი წევრი ახლა აღარ არის ჩვენთან, ზოგი კი ოდნავ მოგვიანებით შემოგვიერთდა.
სანამ ფეისბუქ გვერდს შევქმნიდით, ერთმანეთის ფოტოებს შიდა ჯგუფში ვაზიარებდით და იქვე ვაფასებდით. ამის შემდეგ გაგვიჩნდა იდეა, რომ საჯარო გვერდი შეგვექმნა და ფართო საზოგადოებისთვის გვეჩვენებინა ნამუშევრები. Geo-Astro უკვე ორ წელზე მეტია არსებობს. თვითონ დათო კი 3 წელია დაკავებულია ასტროფოტოგრაფიით.
რა სირთულეებთან იყო დაკავშირებული,როგორ გაიხსენებთ პირველ ეტაპს, რა იყო საინტერესო, რა პრობლემები გამოიკვეთა?
– დათო დვალის გარდა, ყველამ უკვე მზა ცოდნა მივიღეთ დათოსგან. უბრალოდ პრაქტიკის ამბავი იყო, თორემ დიდი სირთულეები არ ყოფილა ჩვენთვის. ცხადია, ძალიან მარტივიც არ იყო, მაგრამ არც დაუძლეველი. თვითონ დათო კი, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში პირველი ასტროფოტოგრაფი იყო და სულ მარტოს მოუწია ყველაფრის სწავლა. ჩვენ კი უკვე ნასწავლი და გამოცდილი გაგვიზიარა და შედარებით გაგვიმარტივდა საქმე.
მე ასტროფოტოგრაფიის პირველი ნაბიჯები დავიწყე ღამის ცის ფოტოების გადაღებით, რისთვისაც მხოლოდ ფოტოაპარატი და შტატივია საჭირო. შემდეგ, ნელ-ნელა, ჯგუფის წევრების დახმარებით ტელესკოპის გამოყენებაზეც გადავედი და ასე თუ ისე, ავითვისე ელემენტარულები. ამ პროცესის დასაწყისშიც საინტერესო იყო ყველაფერი, ახლაც საინტერესოა და მომავალშიც საინტერესო იქნება.
ასტროფოტოგრაფიის შესახებ რომ ისაუბროთ, თქვენ რატომ დაინტერესდით, როგორია გადაღების პროცესი?
ბავშვობიდან მაინტერესებს ასტრონომია, ახლაც ფიზიკაზე ვსწავლობ, რომ შემდეგ ასტროფიზიკაზე გავაგრძელო სწავლა, ვიკიპედიაშიც ასტროფიზიკაზე ვწერ სტატიებს, ამიტომ ჩემი მომავალი საკვლევი ობიექტების ჩემი ხელით გადაღება ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა. ეს იყო ჩემი დაინტერესების მიზეზი.
გადაღების ტექნიკას რაც შეეხება, ეს მეტად რთული პროცესია. როდესაც მზის შუქზე ჩვეულებრივ ფოტოგრაფს შეუძლია 1000 კადრი გადაიღოს 10 წუთში, ასტროფოტოგრაფიაში ასე არ არის. ერთი კარგი, ხარისხიანი ფოტოსთვის რამდენიმე საათის ექსპოზიციაა საჭირო. ამის მიზეზი კი ის არის, რომ დღე ძალიან ბევრი სინათლეა, ამიტომ ფოტოაპარატი წამის მეათასედებში საკმარის სინათლეს აგროვებს. ღამის ცაზე კი, მილიონობით სინათლის წლით დაშორებული კოსმოსური ობიექტებიდან ძალიან, ძალიან მკრთალი შუქი აღწევს დედამიწამდე და საჭიროა, დიდი ხნის განმავლობაში შეაგროვოს კამერამ ამ ობიექტებიდან წამოსული სინათლე.
ღრმა კოსმოსის ფოტოგრაფიისთვის საჭიროა სამი ძირითადი მოწყობილობა:
1.1 სადგარი (ინგ. Mount) – რაც უზრუნველყოფს ობიექტზე ტელესკოპის მიდევნებას. მოგეხსენებათ, დედამიწის ბრუნვის გამო ცაზე ვარსკვლავები გადაადგილდებიან. რომ არა სადგარი, ხანგრძლივი ექსპოზიციისას გადასაღები ობიექტი კადრიდან გაგვექცევა და ფიზიკურად შეუძლებელი იქნება მისი აღბეჭდვა. ამიტომ ამ მოწყობილობის დახმარებით, ჩვენ „ვაკომპენსირებთ“ დედამიწის ბრუნვას და ტელესკოპი მიჰყვება ამ ობიექტს ისე, რომ გადაღებისას ციური სხეული კადრში მუდმივად ერთსა და იმავე ადგილას არის.
სადგარის გარდა საჭიროა ტელესკოპი და კამერა. გადაღება პრაქტიკულად ნებისმიერი ფოტოაპარატითი შეიძლება, რომელსაც ხანგრძლივი ექსპოზიციის ფუნქცია აქვს, თუმცა ხარისხიანი ასტრო გადაღებისთვის სპეციალურ ასტრო კამერებს ვიყენებთ, რომლებსაც სხვა თვისებებთან ერთად ისიც გამოარჩევთ ჩვეულებრივი ფოტოაპარატებისგან, რომ სენსორის გაციების ფუნქცია აქვთ, რაც ხანგრძლივი ექსპოზიციების დროს თერმულ ხმაურს ამცირებს.
გადაღების ადგილი მნიშვნელოვანია, რომ მოშორებული იყოს განათებულ დასახლებულ პუნქტებს, ამიტომ გადასაღებად ძირითადად ქალაქგარეთ დავდივართ.
საქართველოს მასშტაბით ბევრ ადგილს ვესტუმრეთ, მათ შორის კახეთს, აბასთუმანს, ბორჯომს, ბაზალეთს. საბოლოოდ, ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ არჩევანი და იქ სტაციონალური ობსერვატორიის აშენება იგეგმება. ამჟამად, ბაზალეთის ამინდის პროგნოზს ჩვენი მეტეოროლოგიური სადგურიდან ვაკონტროლებთ, რომელიც დათო დვალმა დაამონტაჟა. ასევე გვაქვს ცის კამერა, რომელიც პირდაპირ ეთერში გვაწვდის ბაზალეთის ცის სურათს. როცა ვნახავთ, რომ ცა მოწმენდილია, ბაზალეთისკენ ვიღებთ გეზს. მუშაობა ამჟამად ღია ცის ქვეშ გვიწევს. გადაღება მთელი ღამის განმავლობაში გრძელდება. განსაკუთრებით უსიამოვნო პროცესია გამთენიისას ტექნიკის აშლა და უკან თბილისში დაბრუნება. სწორედ ამიტომ გვიხარია, რომ მალე იქ სტაციონარული ბაზა გვექნება და გაცილებით პროდუქტიულად ვიმუშავებთ.
თქვენი ფავორიტი ფოტოს შესახებ,რომ ისაუბროთ…
– ფავორიტი ფოტოს გამოვლენა ცოტა რთულია, რადგან დროის გასვლასთან ერთად ჯეოასტროს წევრები უფრო და უფრო კარგ ფოტოებს იღებენ. თუმცა, ჩემი ფავორიტი ფოტო არის დათო დვალის მიერ გადაღებული ანდრომედას გალაქტიკა ფერადი კამერით, რადგან ფოტოს ხარისხს თავი რომ დავანებოთ, ეს ობიექტი, როგორც მომავალ ასტროფიზიკოსს, ძალიან მიზიდავს და მომწონს კიდეც. ალბათ ეს ფაქტორი მაიძულებს, რომ ამ მრავალი ფოტოდან გამოვყო ერთი ფავორიტი, თორემ ისე ყველა ერთმანეთზე უკეთესია.
საინტერესო შემთხვევები ფოტოს გადაღების დროს,რაც გახსენდებათ…
– თავდაპირველად, ძალიან გვიჭირდა ადგილის შერჩევა. დავდიოდით საქართველოს მრავალ რეგიონში, ვზომავდით ცის სიბნელეს და მის მიხედვით ვარჩევდით, გადაგვეღო თუ არა. ძალიან ბევრჯერ მახსოვს, მხოლოდ იმიტომ გაგვივლია ასობით კილომეტრი, რომ უბრალოდ ცის სიბნელის კოეფიციენტი გაგვეგო და მოვბრუნებულვართ უკან. ახლა უკვე შევარჩიეთ ბაზალეთი: თბილისთან ახლოსაა, ცა ბნელია და ა.შ.
სანამ ბაზალეთს შევარჩევდით, თითქმის ყველა ლოკაციაზე წასვლისას გვხვდებოდა საინტერესო ამბები. მაგალითად, ერთაწმინდაში ყოფნისას (სადაც მე არ ვიყავი, სამწუხაროდ), შუა გადაღებისას ჯეო-ასტროს წევრებმა უცნაური ხმები გაიგეს. კარგად რომ მიაყურადეს, მიხვდნენ, რომ ეს უცნაური ხმები მგლების ყმუილი იყო. ცოტა ხანში კი, მათგან რამდენიმე ასეული მეტრის მოშორებით გორაზე, მგელიც გამოჩნდა, რომელიც ზვერავდა პოტენციურ მსხვერპლს. საბედნიეროდ, არავინ არ დაშავებულა – არც წევრები და არც ტექნიკა.
მხოლოდ შიში არ არის ჯეო-ასტროს წევრების შეგრძნება გადაღების პროცესისას. ზამთარში, როდესაც ბაზალეთში ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსს აღწევს ცელსიუსით, ჩვენთან და ტბასთან ერთად ტექნიკაც იყინება.
მაგალითად, მე ლეპტოპი გამეყინა და რომ მოლღვა, არასწორად მუშაობდა ყველაფერი. ჩემდა საბედნიეროდ, გაშრა თუ არა, იმ წამსვე განაგრძო მუშაობა.
ასევე მგზავრობისას გვხვდება ხოლმე სხვადასხვა გარეული ცხოველი თუ ფრინველი. ძალიან ბევრჯერ დაგვიმუხრუჭებია იმის გამო, რომ ჩვენ წინ გადამფრენი ბუ არ გაგვეტანა, ან უხეშად გადაგვიყენებია მანქანა, რომ დაგვენახა ხეებში მიმალული მელია.
მარტო მიწაზე არ შეგვხედრია საოცრებები. ერთხელ, წავკისის გზაზე გავაჩერეთ მანქანა, რათა მოგვეთოკა ემოციები, როცა უზარმაზარი მეტეორის ჩამოვარდნა დავინახეთ, რომელმაც მთელი ცა გაანათა მწვანედ.
რაც შეეხება, სამომავლო გეგმებს..
– უპირველეს ყოვლისა, ვაპირებთ სტაციონალური ადგილის, ანუ ობსერვატორიის აშენებას, რათა ის დამღლელი პროცესი, რაც ტექნიკის აწყობა და შემდეგ დაშლა, აღარ მოგვიწიოს ყოველ გადაღებაზე.
ობსერვატორიის აშენების შემდეგ მოვაწყობთ ხოლმე საჯარო ღონისძიებებს და ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი თვალით ნახოს ჯეო–ასტროს საქმიანობა.
ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაინტერესდეს ასტროფოტოგრაფიით, ასტრონომიით და, ზოგადად, მეცნიერებით.
ჩვენ ჩვენი ვიწრო სფეროში საქმიანობით პატარა წვლილი შეგვაქვს მეცნიერების პოპულარიზაციაში – დიახ, ასტროფოტოგრაფიაც ერთგვარი მეცნიერებაა და მის გარეშე ასტროფიზიკა უბრალოდ ფილოსოფია იქნებოდა…
ნათია კეკენაძე



















