“საუბარი არსებობს, მაგრამ არა ინტიმური. იქ არის ლაპარაკი როგორ შეიძლება ადამიანს გაუტეხონ სახელი, მის ღირსებას შეეხონ პირები, რომლებსაც გარკვეული ინტერესი აქვთ. ეს ზოგადი საუბარია და არა ის, ვინ ვისთან რას აკეთებს”. ამის შესახებ “ციანიდის საქმეზე” დაკავებულ დეკანოზ, გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია “იბერიაზე”, გადაცემა “პრიორიტეტის” ეთერში ისაუბრა.
“ვინმეს პირად ცხოვრებაზე და ვინმეს ცდომილებაზე ზოგადი საუბარი იმდენად არსებითი არ არის, რამდენადაც რა კავშირში უნდა იყოს ეს ე.წ საუბარი წაყენებულ ბრალთან. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, თუ არის გარკვეული მიზეზები და საფუძვლები,რომ სასამართლო სხდომა დაიხუროს და არ იყოს საჯარო, მითითებულია,რომ ასეთ შემთხვევაში სხდომა ნაწილობრივ უნდა დაიხუროს.
თუ ასეთი საშიშროება იყო საპატრიარქოს იმიჯის შელახვის, მათ შეეძლოთ,რომ პროცესის ნაწილობრივი დახურვა მომხდარიყო. თუ ერთ უმნიშვნელო აუდიო, ან ვიდეო ჩანაწერზეა საუბარი, რა აუცილებელია, რომ მთელი სასამართლო პროცესი იყოს დახურული და საზოგადოებამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღოს” , – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე