მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბრიუსელში ვიზიტი შეაჯამა. ის სხვა საკითხებსაც გამოეხმაურა, მათ შორის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებსაც.
პრემიერის თქმით, ამ იუბილეზე 147 ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვა.
“ეს საქართველოსთვის არ გახლავთ მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო ინსტიტუტი. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი კულტურული კერა, ეროვნული მუხტის და ეროვნული თვითმყოფადობის შემანარჩუნებელი ინსტიტუცია, რომელმაც თაობები გაზარდა საქართველოში. ის თაობები, რომლებმაც შეინარჩუნეს ეროვნული მუხტი და მოგვიტანეს დამოუკიდებელი ქვეყანა. სწორედ ამ უნივერსიტეტის კერაზე გაიზარდა არაერთი სასიქადულო მამულიშვილი, რომელმაც საქართველოს სახელი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანა”, – თქვა პრემიერმინისტრმა მთავრობის სხდომაზე.