ბოლო პერიოდში მსოფლიოს ელექტრონული ფული-ბიტკოინი იპყრობს. მის მიმართ ინტერესი დღითიდღე იზრდება. ბიტკოინი 2008 წელს შეიქმნა. ის პირველი დეცენტრალიზებული ციფრული ვალუტაა: ბიტკოინი არცერთ მისამართზე, კომპანიასა თუ ვალუტაზე არაა მიბმული და სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი ცენტრალური მარეგულირებელი ინსტიტუტისგან. უფრო კონკრეტულად, რა არის ბიტკოინი, როგორია მისი მოხმარების მექანიზმი და რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახასიათებს მას, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ Bitcoin Embassy of Georgia-ს დამფუძნებელი ალექსანდრე სუდაძე ესაუბრა.
რა არის კრიპტო ფული და როდის გაჩნდა ბიტკოინი?
– კრიპტო ფული არის ელექტრონული ფულის ისეთი სახეობა, რომელიც კრიპტოგრაფიული მეთოდებით არის დაშიფრული. მათ შორის ყველაზე ცნობილია: ბიტკოინი, ეთერიუმი, რიპლი და ა.შ. კრიპტოვალუტის აუცილებელი პირობაა, რომ ის თავის სისტემაში, ე.წ ბლოკჩეინში ცალკე გამოყოფილი იყოს. თუ ჩვენ საქმე გვაქვს კრიპტოვალუტასთან, მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისი ბლოკჩეინი. ბევრი ცნობილი პროექტი იყო (არაკეთილსინდისიერი), რომელიც აერთიანებდა, აწევრიანებდა ხალხს ე.წ პირამიდების სისტემით, მაგრამ მათ არც ბლოკჩეინთან და არც კრიპტო ფულთან კავშირი არ ჰქონდათ. ამიტომ, ჩემი რჩევაა, ვინც დაინტერესდება კრიპტო ფულით, აუცილებლად შეამოწმოს ის ტექნიკურად. ძალიან მარტივი შესამოწმებელია, საიტებიც არსებობს, სადაც ძიების ველში ნებისმიერ კრიპტოვალუტას აკრეფ, მოძებნი და ნახავ. მე მოგიწოდებთ, კრიპტოვალუტა კარგად შეისწავლოთ და მხოლოდ ამის შემდეგ იყიდოთ.
ბიტკოინი ძალიან უცნაურად გაჩნდა. მისი დაბადების დღე არის 2009 წლის 3 იანვარი, თუმცა 2008 წელს სატოში ნაკამოტომ (ძალიან ბურუსით მოცული პიროვნება იყო) გამოაქვეყნა 10-გვერდიანი PDF- ფაილი, სადაც აღწერილი იყო როგორ მუშაობს მისი კონკრეტული კრიპტოვალუტა – ბიტკოინი (მაშინ ბიტკოინი არც ერქვა ). მან დეტალურად აღწერა როგორ უნდა მუშაობდეს ეს სისტემა, რატომ უნდა დავუჯეროთ, რა უპირატესობები გააჩნია მას სხვა საბანკო სისტემებთან შედარებით და ეს ყველაფერი რატომ იმუშავებს მომავალში. თავისი შიფრაციით, კრიპტოგრაფიითა და ფინანსური თვალსაზრისით და რაც ყველაზე მთავარია, მათემატიკური თვალსაზრისით, ეს არის უნიკალური დოკუმენტი. მან გამოწვევა გამოუცხადა კაცობრიობას: ჰაკერები, მათემატიკოსები, ფინანსისტები, იურისტები ჩაებნენ საქმეში, რათა შეცდომა ეპოვათ, მაგრამ ვერ იპოვეს. იმიტომაა ეს უმაღლესი ნდობით აღჭურვილი საბუთი. ბიტკოინი ვერასდროს გაქრება სწორედ იმიტომ, რომ ეს საბუთი, რომელიც სატოში ნაკამოტომ დაწერა, არის უშეცდომო. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, ადამიანებმა შეცდომა ვერ ვუპოვეთ. სანამ შეცდომას ვერ ვუპოვით, ეს იმუშავებს. რამე შეცდომაც რომ იპოვონ, მერე „ფორკებზე“ გადავერთვებით… ბიტკოინს აქვს ერთი უცნაური თვისება: 4 წელიწადში ერთხელ ბლოკში მისი (ბიტკოინების) რაოდენობა ნახევრდება. ეს კი სირთულეს ქმნის: გარდა ტექნიკურისა, რაც უფრო ბევრი მაინერი ემატება, მით უფრო იზრდება სირთულეც.
როგორია ბიტკოინების მოხმარების მექანიზმი? როგორ შეგვიძლია გადავიხადოთ ბიტკოინით ან სხვა კრიპტოვალუტით?
– მას ისე ვიყენებთ, როგორც ჩვეულებრივ ფულს. ძალიან ცნობილი ფირმები ყიდიან ყველაფერს ბიტკოინით. შეგიძლიათ google-ის საძიებო ველში მონახოთ. მაგალითად, Subway და სხვა… ბიტკოინი შეიძლება დაანაწევროთ. მის წვრილ მონეტას სატოში ჰქვია, სატოში ნაკამოტოს საპატივცემულოდ. 100 მილიონი სატოში არის 1 ბიტკოინი. სატოშიმ თავისი ერთი ფული (ბიტკოინი) 100 მილიონად გაყო.
ბიტკოინით ან სხვა კრიპტოვალუტით შემდეგნაირად ვიხდით: მოაქვთ ქვითარი და ანგარიში. თქვენ გაქვთ აპლიკაცია, რომელსაც დაანათებთ მარტივად და იხდით. თუ, მაგალითად, ვიღაცა ავტომობილს ყიდის ბაზარზე და გეუბნება, რომ ბიტკოინში გადამიხადე, შენ ამ დროს ეუბნები, რომ მოგცეს მისი მისამართი, copy- paste-ით ჩასვამ გასაგზავნ პროგრამაში და ამის შემდეგ, იქ წერ რაოდენობას, რამდენიც უნდა გაუგზავნო. თუ ანგარიშზე შესაბამისი თანხა გაქვთ, აგზავნით და წუთებში მიდის.
როგორ უნდა გამოიმუშავო და დახარჯო ის?
– დახარჯვა ადვილია – სუპერმარკეტებში, ონლაინ მაღაზიებსა და სხვა. მაგრამ, ყველას ვურჩევ, რომ გადახდის დროს ყურადღებით იყვნენ ვის უგზავნიან ფულს. იმიტომ, რომ არიან არაკეთილსინდისიერი საიტები, რომლებიც დიდი ფასდაკლებით მართლა მოგყიდიან რაღაცას, მოთხოვნად პროდუქტს და ამით შენი საფულის მისამართს იგებენ. ამის შემდეგ, თუ ორფაქტორიანი ავტორიზაცია არ გაქვთ, კარგად დაცული თუ არაა საფულე, მაშინ cook-ის მეშვეობით ან რაღაც ვირუსების შემოშვებით შეუძლიათ შენი ანგარიშები მოხსნან. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, რომ ფრთხილად იყვნენ. ანგარიშებისთვის, რომლებიც ყოველდღიურად გჭირდებათ რაღაცების საყიდლად, ცალკე ქვეანგარიშები გახსენით, საიდანაც იყიდით და გადარიცხავთ. ასე თავიდან აიცილებთ საფრთხეს.
რამდენად მყარია ბლოკჩეინის სისტემა? რა დადებითი და უარყოფითი მხარეები ახასიათებს მას?
– ექსპერტები აღიარებენ, რომ, დღესდღეობით, დაცულობის თვალსაზრისით ყველაზე მყარი არის ბლოკჩეინი. ბლოკჩეინი და კრიპტოგრაფია იძლევა უმაღლეს დაცულობას. არ არსებობს ცენტრალური სერვერი, რომელსაც გათიშავ და მორჩება ყველაფერი, ეს შეუძლებელია.
ბლოკჩეინი თვითონ ისეთი ტექნოლოგიაა, რომ უარყოფითი მხარე არის მხოლოდ მისი უცოდინრობა. ჩვენ ჯერ არ ვიცით მისი შესაძლებლობების, ალბათ, 15-20 პროცენტი. ბლოკჩეინი შეცვლის მთელ სამყაროს. მისი შესწავლა, ალბათ, პიკს მიაღწევს 10-15 წლის შემდეგ და ადამიანები ისეთ რაღაცებს აღმოვაჩენთ, რაც ფანტასტიკურ წიგნებშიც არ წერია. კრიპტოვალუტა ბლოკჩეინში ფინანსური ინსტრუმენტი არის, ის მისი მცირე შემადგენელი ნაწილია, რომელიც შემდეგ მაღალ ტექნოლოგიებზე გადავა. მაგალითად, ინტერნეტის სფეროები – ციფრული მარკეტინგი, საიტების შექმნა, სოციალური ქსელები და ძალიან ბევრი რამ, 20 წლის წინ ვერ წარმოგვედგინა, რომ იქნებოდა, მაგრამ დღეს არსებობს. ზუსტად ასე განვითარდება 10-15 წლის შემდეგ ბლოკჩეინ ტექნოლოგია და მისი სერვისები.
რაც შეეხება ბიტკოინს, დადებით მხარეზე ბევრი შემიძლია ვთქვა: პირველი კრიპტოვალუტაა, ძლიერია, ნდობით აღჭურვილია. მან ასევე უნიკალური თვისება მიიღო – ორმაგი ხარჯვის პრობლემა გადაწყვიტა. ასეთი მათემატიკური პრობლემა იყო, რომელსაც ორმაგი ხარჯვის პრობლემა ჰქვია. როდესაც ადამიანები ვერ აკონტროლებდნენ ერთმანეთს, რამდენი ჰქონდათ საფულეში და რამდენი გადახარჯვა ჰქონდათ. ეს ორმაგი ხარჯვის პრობლემა ბლოკჩეინის ტექნოლოგიით ბიტკოინში გადაწყდა და ვერ მოიტყუები. მაგალითად, თუ საფულეში გაქვს რაღაც რაოდენობა და მე ჩაგირიცხე 7, ამ 7+ რაღაცა საფულეში ჩანს. დავუშვათ, ეს რაოდენობაა 9. 11-ს ვერ გადარიცხავ, ანუ ტრანზაქცია არ წავა. შესაბამისად, ეს პრობლემა მოიხსნა. უარყოფითი, რაც შეიძლება ვთქვა, არის ორი მომენტი: პირველი, რომელიც თითქოს უარყოფითია, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ასე არაა. პირიქით, დემოკრატიული და კარგია – ბანკები ვერ აკონტროლებენ ამას. ანუ, ბლოკჩეინში ისე გადის ტრანზაქცია, რომ არცერთი ქვეყნის ეროვნული ბანკის სისტემაში არ ჩანს. მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია ეს ტრანზაქციები ვნახოთ ბლოკჩეინში და აქ არავითარი საიდუმლო არ არის. დაცულობა აქვს მაღალი, მაგრამ გამჭვირვალეა. თუ მე ვიცი შენი საფულე, მე ამ საფულეში ვუყურებ რამდენი ჩაირიცხა, როდის ჩაირიცხა, აქედან სად წავიდა… ანუ, ბლოკჩეინში გადაბმულია პროცესები და ვერ დამალავ. უარყოფითი შეიძლება იყოს ის, რომ მაინინგის პროცესს დიდი რაოდენობით ელექტროენერგია სჭირდება. იმდენად დიდი, რომ შეიძლება რამდენიმე ქვეყანას ეყოს საარსებოდ. მაინინგის ერთ-ერთი ალგორითმია POW, რაც ნიშნავს, რომ რაც უფრო ბევრს მუშაობს შენი მაინერი, მით უფრო მეტ ჯილდოს ღებულობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ელექტროენერგიის მაღალი მოხმარება, უარყოფითი მხარეა. თუმცა, ახლა სხვა ალგორითმზე გადადიან. მაგალითად, ეთერიუმი აპირებს გადასვლას POS ალგორითმზე, რომელიც გულისხმობს, რომ რაც უფრო ბევრი ფული გაქვს შენს საფულეში, მით უფრო დიდი შანსი გაქვს, რომ ახალი „ქეში“ მოგცენ და გამოიცნო. ანუ, დიდი სიმძლავრე აღარ დაგჭირდება, ჩვეულებრივი კომპიუტერი მოერევა. აქედან გამომდინარე, ელექტროენერგიის ხარჯვა ნაკლები იქნება.
რა ახდენს გავლენას ბიტკოინის კურსზე?
– ბიტკოინის კურსზე დოლართან მიმართებაში გავლენას ახდენს ორი ფაქტორი: პირველი, როგორც ყველა ბაზარზე – მოწოდება-მოთხოვნა. მოწოდება არის ფიქსირებული. ჩვენ ვიცით, რომ 10 წუთში ერთხელ ერთი ბლოკი იწარმოება. რაც არ უნდა ბევრი მაინერი შეიქმნას დედამიწაზე, მაინც იგივე იქნება და ბლოკის წარმოება 10 წუთში ერთხელ მოხდება. საათში გამოგვდის დაახლოებით, 72-73 ბიტკოინი. ამ სიჩქარეს ვერ შეცვლი. აქედან გამომდინარე, სიჩქარე თუ სტაბილურია, მოთხოვნაც ამის მიხედვით შეგვიძლია დავარეგულიროთ. თუ ბიტკოინი დიდი რაოდენობით პროექტებს უნდა ან დიდი გაყიდვების ცენტრებს ან საიტებს, მოთხოვნა იზრდება. მაგრამ ძირითად მოთხოვნას მაინც ქმნიან საინვესტიციო პორტფელები, ანუ ე.წ სპეკულანტები. საინვესტიციო პორტფელებში მოჰყავთ ინვესტორები, ეუბნებიან, რომ ჩვენ ამდენ კრიპტოვალუტას გიყიდით, მერე გადიან ბირჟებზე. ამის შედეგად, მეტ-ნაკლებად გადამყიდველები არეგულირებენ ბიტკოინის კურსს. ანუ, ხან მოწოდებას ზრდიან, ხან – მოთხოვნას, ხან ხელოვნურ დეფიციტებს ქმნიან, რომ ფასზე რეგულირება მოახდიონ. თუმცა, ეს დღეს რთულია, რადგან კაპიტალიზაცია აქვს მაღალი.
რამდენად მოქმედებს ბიტკოინზე მსოფლიში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები?
– მგონია, რომ მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები ბიტკოინზე ნაკლებად მოქმედებს. ბიტკოინის ფასზე ზემოქმედების მეორე ფაქტორი ის სიახლეებია, რაც მსოფლიოში კრიპტოვალუტასთან მიმართებაში ხდება. მაგალითად, ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში შეიზღუდა ICO–ები, რაღაც პერიოდი აკრძალეს, ბირჟები გააჩერეს. მსოფლიო ვაჭრობის დაახლოებით ნახევარზე მეტი, 60-70% სწორედ ჩინეთსა და სამხრეთ კორეაზე მოდის. ამიტომ დაეცა ფასები და ახლა ფასების მკვეთრი ვარდნაა. ასეთი კარგი პერიოდი კრიპტოვალუტის შესაძენად, მგონი აღარ იქნება. რეგულაციები რომ შემოვა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, გვინდა თუ არ გვინდა, ამ ტრენდს ავყვებით და ეს რეგულაციები მოთხოვნას დაალაგებენ .
ბიტკოინისთვის და კრიპტოვალუტისთვის საზღვრები არ არსებობს. მე შემიძლია ჩემს საფულეში 5 ბიტკოინი მქონდეს და სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან იგივენაირად მექნება. ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ თუ რა ფაქტორები მოქმედებს მასზე, ძირითადი არის დიდი ქვეყნების სახელმწიფო რეგულაციები, სადაც კრიპტოვალუტის ვაჭრობის პრეცედენტია ან მეორე – ცნობილი ავტორიტეტები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ ხალხზე და უჯერებენ მათ. მსოფლიოს რომელიმე ქვეყნის ეკონომიკა კი როგორ ვითარდება და რას შვრება, კრიპტოვალუტაზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. ყველა ფული ნდობაზეა დამყარებული, ის დრო დამთავრდა, როდესაც ოქროზე იყო ან რაღაც ეკონომიკაზე.
კრიპტოვალუტის გამომუშავების მიზნით ხშირია შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა (როგორც ქართული, ასევე სხვა ქვეყნის) საიტები ჩვენს კომპიუტერს იყენებენ. როგორ ცდილობენ ვებგვერდები ბიტკოინის გამომუშავების პროცესში ჩვენი დახმარებით ჩართვას? რამდენად კანონიერია ეს?
– საქმე იმაშია, რომ ბიტკოინს დიდი მაინერები გამოიმუშავებენ. ასეთი საიტები კი ძირითადად სხვა ვალუტებს გამოიმუშავებენ, შეიძლება ბიტკოინსაც. როდესაც საიტზე შედიხარ, თქვენი კომპიუტერი იმდენად სუსტია მაგის გამოსათვლელად, სიმძლავრე არ ეყოფა. მაგრამ, როდესაც რაოდენობა ადის ასობით ათასზე, შეიძლება ითქვას, რომ რაღაცა გამოთვლით სიმძლავრეს მიაღწევს საიტის გამკეთებელი. თუმცა, ასობით ათასს რომ მიაღწიო, ეს ასი ათასი ადამიანი უნდა შევიდეს და დარჩეს ამ საიტზე. მაგრამ, რატომ უნდა შევიდე მე ვიღაცის საიტზე, რაღაც სარგებელი ხომ უნდა მივიღო მისგან? არ არის აუცილებელი ფინანსური… ასე რომ, ეს მსოფლიო მაინინგში არაფერი არაა. მაინინგები ხდება უზარმაზარი აპარატურებით. არის შემთხვევები, როცა საიტები დასტურს გთხოვენ, რომ გამოიყენონ თქვენი კომპიუტერი. მაგრამ არის შემთხვევები, რომლის დროსაც შენი ნებართვის გარეშე აკეთებენ რაღაცებს შენს კომპიუტერში, ეს უკვე შენი ინფორმაციისა და აპარატურის უკანონო წვდომაა.
საქართველოში როგორი მიდგომაა ბიტკოინების რეგულირების თვალსაზრისით?
– სამწუხაროდ, ჯერ არანაირი. წესით, დიდი კანონმდებლობა და რეგულაციები არაა საჭირო. ერთადერთი, რაც აუცილებელია, ქვეყნის კანონმდებლობაში უნდა ჩაიწეროს რამდენიმე სიტყვა, როგორიცაა კრიპტოვალუტა, ბიტკოინი, მაინინგი, რათა მათ განმარტებები ჰქონდეთ. ანუ, თუ არაკანონიერი რაღაც მოხდება, განმარტება არსებობდეს რა მოხდა. საგადასახადო თვალსაზრისით, ბევრი რამის დაბეგვრა შეიძლება და ეს ქვეყანაში დამატებითი შემოსავალია. მაინინგი, ტრანზაქციები, შეიძლება დეპოზიტებიც გაკეთდეს და ა.შ. ცუდი ისაა, რომ თუ სხვა ქვეყნებმა დაგვასწრეს, მაინერები, სტარტაპები და ყველა იქით წავა. მაგალითად, ამის პრეცედენტია ბელარუსიაში, მინსკში. თუ დაგვასწრო ნახევარი წლით, ჩვენ უკვე ჩამოვრჩებით. საქართველოს კი ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს. დღევანდელი მოცემულობით, სასტარტო პოზიცია ძალიან კარგი გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ქვეყნის კანონმდებლობის ხელშეწყობით ეს ყველაფერი უფრო მიმზიდველი გავხადოთ. თუ მომხიბვლელია ქვეყანა და იქაური სტარტაპ ბიზნესები, ძალიან ბევრი ინვესტორი მოდის. თუ კანონში საერთოდ არაფერი წერია, ცოტა რთულია სტარტაპებს დააჯერო და უფრო რთულია ინვესტორს დააჯერო, რომ მისი ინვესტიცია დაცული იქნება. როდესაც ქვეყანაში ბარიერები არ არსებობს და კანონმდებლობა არაფერს ამბობს, იქ არაკეთილსინდისიერი ადამიანები ჩნდებიან, კრიმინალი იზრდება ამ მიმართულებით და ეს არის საფრთხე, რომ ქვეყნიდან რაღაც კაპიტალი გაიტანონ. შეიძლება პატარა ქვეყნებიდან დიდი კაპიტალის გატანა ისე, რომ მერე აღმოაჩინონ და ეს დაგვიანება ქვეყნისთვის საზარალო იქნება.
ნინი მაზიაშვილი