მე ვარ ენა – ენა ქართული: კურთხეული, კეთილხმოვანი, დიდებული და ქებული მხცოვანი, მრავალწლოვანი. მე ვარ ზღვა, ოკეანე მფლობელი უძვირფასესი მარგალიტებისა, სათავეს კი, უხსოვარი დროის წყაროს წყლებიდან ვიღებ, მწყურვალე ერს ვასაზრდოებ. მე ვარ პატრონი, მშობელი ხალხისა და როგორც ჩვილი ვერ დაიბადება და იარსებებს დედის გარეშე, ასევე ქართველიცა ვერ იქართველებს უჩემოდ. მე ვარ ენა შემკული, გამორჩეული, ძეგლად გამოქანდაკებული. ო, როგორ მინდა, ყველამ შეიგრძნოს ის ენით აღუწერელი ნეტარება, დედათი მომართვისას რომ მეუფლება. – აი, ჩემი დედაენა! – ამაყად გვიჩვენებს თავის პირველ სახელმძღვანელოს დედა ენის ძეგლთან ატუზული პატარა ქართველი და მოზღვავებული სიყვარულით აღვსილი ჩემი გული გაგლეჯვას ლამობს. ცოტაც, და ეს აზვირთებული გრძნობა საგულედან გადმოიღვრება და მთელს სხეულს გასაოცარი სითბო მოეფინება. აი, სწორედ ამ დროს მიჩნდება სურვილი, რომ სრულიად საქართველოს მოვეფერო, მოვეალერსო და ყველას გასაგონად ვიყვირო: – მოდით ქართველებო: ამიერნო და იმიერნო, მკვიდრნო და ემიგრანტნო, დაეწაფეთ სიცოცხლის ელექსირად წოდებულ დედის რძეს. ეს ღვთივბოძებული სითხე გაგაძლიერებთ, და-ქართველებაში, დავაჟკაცებაში შეგეწევათ, დაუმარცხებლობის იმუნიტეტს შეგძენთ და ფარად აგეფარებათ ბოროტთან ბრძოლის ჟამს. სამწუხაროდ, დროდადრო ძველი და ახალი, გარე თუ შიდა მტერი შემომესეოდა და შემომესევა ხოლმე სხვადასხვა ჯურის მუმლივით. ისინი: ასურელნი და ურარტუელნი, რომაელნი და ბიზანტიელნი, არაბნი თუ მონღოლნი, ოსმალნი და სპარსნი, რუსეთი – მეფისა და წითელი, კოსმოპოლიტები, ფსევდოლიბერალები, გლობალისტები, ნაირ-ნაირი არასამთავრობოები და კიდევ, ვინ დათვალოს, რამდენი ცდილობდა და ცდილობს ჩემს დაჩაჩანაკებას, დაუძლურებას, ვინაობის და რაობის წართმევას, გადაგვარებას და უცხო სიტყვებით დამახინჯებას, მაგრამ როგორც ხედავთ, მე მაინც ვსუნთქავ, ვსულდგმულობ, რადგანაც: „სახარებასა შინა მე ლაზარე მქვია“ და „ოთხი დღის მკვდარი“ – მე არაერთხელ აღვმდგარვარ და კიდევაც აღვდგები.
დიახ, ვერ მომდრიკეს, ვერ წამაქციეს, რადგანაც მე ვარ მუხა ქართული, უფლის მიერ დალოცვილი წიაღიდან ამოზრდილი, ღვთისმშობლის წილხვედრ მიწაში ღრმადგადგმული ფესვებიდან ნასაზრდოებ ჩემს ძარღვებში ჭეშმარიტად იბერიული სისხლი დუღს და ჩუხჩუხებს. ეს მჩქეფარე სისხლი მილიონობით ძარღვში მიედინება, მაგრამ მათ შორის, ანბანად წოდებულ – სამ უმნიშვნელოვნეს არტერიას გამოვარჩევდი, რადგანაც სწორედ მათი დახმარებით მოეწოდება ჩემს გულსა და გონებას სიცოცხლისათვის ესოდენ აუცილებელი ჟანგბადი. ვგულისხმობ მსოფლიოში არსებული 14 ანბანიდან ერთ-ერთს – ქართულ სამსახოვან ანბანურ დამწერლობას, ანუ სამი სახის სრულიად უნიკალურ ქართულ ანბანს: დიდებულ ასომთავრულს, ამაღლებულ სასულიერო ნუსხურს და შედარებით თანამედროვე საერო მხედრულს. ვის შეუძლია შეაფასოს, რამდენი რამ აღუნუსხავთ და დაუწერიათ ამ ანბანების დახმარებით?! ვინ იცის,
რამდენჯერ გადაურჩენიათ მათ ენა და მწიგნობრობა ქართული?! უნდა ვაღიარო, რომ მე ვალში ვარ და უფრო მეტიც, თავს დამნაშავედ ვგრძნობ მათ წინაშე, რადგანაც ვერა და ვერ შევასწავლე ისინი (სამივე) ქართველებს. მაგრამ როგორ ფიქრობთ, ვის ეხება ამ საშვილიშვილო საკითხის მოგვარება? ვგონებ, ეს თქვენ გეხებათ – ბატონებო, ძვირფასო რეფორმების გატარების მოყვარულო განათლების სამინისტროს მესვეურნო. უმორჩილესად გთხოვთ, ჩემი რჩევა გულთან მიიტანოთ და კიდევ ერთი რეფორმა გაატაროთ, რადგანაც მიმაჩნია, რომ ძველი ანბანების შესწავლა ადრეული ასაკიდან უნდა დავიწყოთ: ნელ- ნელა, აუჩქარებლად, რუდუნებით და ერთგულებით, ისე რომ სკოლის დამთავრებისას ყმაწვილმა შეძლოს წარწერებისა და ტექსტების წაკითხვა. ვგონებ, გამიგრძელდა საუბარი ანბანების შესახებ და დროა გარდასულ დღეთა მოგონებებს დავუბრუნდეთ.
განა შეიძლება 1978 წლის 14 აპრილის დავიწყება?! მაშინ მე, თქვენი
მონა-მორჩილი, კიდევ ერთხელ, ხელახლა დავიბადე. მოლოდინით დამუხტულ გაზაფხულის იმ დღეს, უცებ უფსკრულის პირას აღმოვჩნდი და ჩემ ხალხთან ერთად ბეწვის ხიდზე მომიხდა გავლა. ო, რა თავგანწირვით მიცავდნენ მაშინ ქართველები. რა დამავიწყებს სტუდენტებით სავსე მოგუგუნე უნივერსიტეტის ბაღს, ან შეურაცხყოფილი ხალხის აზვირთებული, აბობოქრებული ნაკადების მღელვარებას ჩემი თბილისის ქუჩებში და პარლამენტის წინ. ცოტაც და გადავიჩეხებოდით, მაგრამ: ”ღმერთი არ გასწირავს კაცსა, შენგან განაწირსა…..”. გადავრჩით, შევინარჩუნეთ – სახელმწიფო ენის სტატუსი.
სულ რაღაც ათიოდ წელიწადში დროშების აფრიალების დრო დადგა, რადგანაც: – თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირმების გუნდს – წყარო ანკარა … დროშები, დროშები, დროშები ჩქარა!-ო, და მე სისხლიანი 9 აპრილის მონაწილე გავხდი. ახლაც თვალწინ მიდგას რუსთაველზე თავმოყრილი, ერთ მუშტად შეკრული თავისუფლებასმოწყურებული ქართველები და არაქართველები. და კიდევ, მოლივლივე დროშების ჯარს მიღმა თეთრ რაშზე ამხედრებული შავჩოხოსანი შავლეგოების გაელვებები. მათ უთანასწორო ”ომში მოუხდათ შესვლა” – ჩვენი საკრალური ტრიადის: მამულის, ენის და სარწმუნოების გამოსახსნელად. მტერმა იძალადა, ჩაგვჩეხა, დაგვწამლა, თექვსმეტი თავდადებული მოგვიკლა, მაგრამ ვერ დაგვამარცხა. ამბობენ, 9 აპრილის ღამის ტრაგედიის ყველა მონაწილემ თავისი წილი ტყვია მიიღოო, ზვარაკად შეწირულთ ხსოვნას კი, – ქვეყანა სანთელებად აინთებს… და ვერასოდეს დაივიწყებს მათ, – ვინც თავი გასწირა, ვინც სისხლი დაღვარა. თექსვმეტმა წამებულმა თავისუფლებისაკენ მავალთ გზა გაუკვალა. და დადგა ნანატრი წამი.1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავიბრუნეთ თავისუფლება, რაც ჩემი აზრით, ყველაზე ნათლად საბეჭდი მანქანების ღილაკებზე აისახა. დამოუკიდებლობის მიღებისთანავე, საქართველოს საბჭოთა საბეჭდი მანქანების კლავიატურაზე რუსული კირილიცა ქართული მხედრული ანბანის ასოებით შეიცვალა. ამ ამბის თვითმხილველს სუნთქვა შემეკრა, შემდეგ კი ჯაჭვების მსხვრევით გამოწვეული ჟღარუნის ფონზე, სულმნათი აკაკისა ხმა ჩამესმა:
”მოვა დრო და თავს აიშვებს,
იმ ჯაჭვს გასწყვეტს გმირთა-გმირი!..
სიხარულად შეეცვლება
ამდენი ხნის გასაჭირი.”
როგორც იქნა სამართალმა იზეიმა და ამირანი ბორკილებისგან გათავისუფლდა. საუკუნოვანი ბრძოლა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის გამარჯვებით დაგვირგვინდა. მეც მთელი სისავსით შევიგრძენი ჭეშმარიტი თავისუფლების სურნელი, რომელიც ”ვით გუნდრუკი სამადლობელი” მთელს ჩვენს ქვეყანას მოეფინა. ასე დასრულდა ამბავი საბეჭდი მანქანებისა.
,,მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი
გაახარებს ვისმე განა?
თაფლში ურევს მწარე ნაღველს…
მტრისას მისი გამოცანა!…“
გამწარდა თაფლი და კვლავ შავმა ფერმა მოიცვა სამშობლო. გამეფდა ქაოსი და ახალი ,,ბაზალეთი“, ახალი ძმათა მკვლელი ომი შვა. სასჯელმაც არ დააყოვნა, დავკარგეთ აფხაზეთი, მოგვიანებით – სამაჩაბლო. იმ ცოდვის გამოძახილი გულს დღესაც მისერავს. ვიცი, რომ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს სინდისის ქენჯნა მოსვენებას არ აძლევს, უერთმანეთობა სტანჯავთ, მაგრამ რეალური მშველელი და შემრიგებელი ვერსად მოიძებნა. ამასობაში კი დრო არ ჩერდება, უმოწყალოდ გადის. თაობები ერთმანეთს ენაცვლებიან, მიდიან და მოდიან ხანმოკლე წუთისოფელში. ძველ მოუშუშებელ ჭრილობებს ახალი წყლულები ემატება ერისა და ქვეყნისათვის არაორგანული, მიუღებელი, წარმოუდგენლად მტკივნეული იარების სახით.
მართალია დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ 9 აპრილის
ტრაგედიის შედეგად მოპოვებულმა თავისუფლებამ ფერი იცვალა, ტრანსფორმირდა და უჩვეულო გროტესკული ფორმა მიიღო. სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის შემდეგ ზეშთაგონებული, ამაღლებული იდეალები, ქვენა, მდაბალმა, უზნეო მოთხოვნებმა ჩაანაცვლა. დღეს, პარლამენტის წინა, ნატაძრალი, უმანკოთა სისხლით გაჟღენთილი ადგილიდან ეროვნული მოწოდებების ნაცვლად არასამთავრობოების მიერ წაქეზებული ე.წ. პროგრესულები თავიანთ მოთხოვნა-ულტიმატუმებს ახმოვანებენ გამუდმებით. ისინიც თავისუფლებისათვის იბრძვიან, მაგრამ სულ სხვაგვარი – ზღვარგადასული, უზნეო, ტრადიციული, ჭეშმარიტი ღირებულებისაგან დაცლილი, გამოფიტული, სამშობლოს დამაჩლუნგებელი და გამაბრუებელი თავისუფლებისათვის. სამწუხაროდ, მათ მეტყველებაში დამკვიდრებული სიტყვები და ტერმინები: უმცირესობა – LGBT (ლგბთ) თემი, ჰეტეროსექსუალი, ჰომოსექსუალი და ბისექსუალი, ჰომოფობები და ფსევდოლიბერალები, ერთსქესიანები და ერთსქესიანთა ქორწინებები, ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია, ლეგალიზება და დეკრიმინალიზაცია და კიდევ სხვა მსგავსი მარგალიტი, ჩემს ლექსიკონშიც შემოიჭრა გაშმაგებით, მოსვენება დამაკარგვინა, სული ამიფორიაქა და მაფიქრებინა, რომ უზნეო საქციელების გამამართლებელთა მიერ წაქეზებულნი, ხანმოკლე სიამოვნების მიღების გამო, ყველას და ყველაფერს გადათელავენ. ამ სასოწარკვეთილებით დამძიმებულ წუთებში სავსებით ლოგიკურად იბადება კითხვა: – ნუთუ ეს არის თავისუფლება? ნუთუ ამგვარი თავისუფლებისათვის დაიღვარა ულევი სისხლი და შეწყდა სიცოცხლე მრავალთა, სიცოცხლე – ყველაზე დიდი და სანუკვარი რამ, რაც კი ღმერთმა ადამიანს არგუნა.
მსურს გამოგიტყდეთ, რომ პროგრესულად მოაზროვნე ფსევდოლიბერალთა მიერ ჩატარებული ერთ-ერთი საპროტესტო აქციისას, სლოგანით -„არა ჩადებას!“ მე საოცრად დათრგუნულად და დამცირებულად ვიგრძენი თავი, რადგანაც მივედი იმ დასკვნამდე, რომ ერის მცირე ნაწილი (ძირითადათ ახალგაზრდები, სწორედ ის ნაწილი, რომელზედაც დიდწილად არის დამოკიდებული ქართველთა მოდგმის არსებობა) შედგება – ნარკომომხმარებლებისაგან და ე.წ. ჩამდებებისაგან. ერთნი -ნარკოტიკების მოხმარების (რომ არაფერი ვთქვათ რეალიზაციაზე) მარწუხებში მოუმწყვდევია ბოროტს, მეორენი კი – ჩამდებნი, გაცილებით უზნეონი, ცილისწამებისა და უსამართლობის მორევში იძირებიან. შეშფოთებული თვალებით შევცქეროდი პროგრესულად მოაზროვნე, განათლებულ ახალგაზრდებს და მივხვდი, რომ სინამდვილეში მათი გონება ნათელის ნაცვლად ბნელით იყო მოცული. შევეცადე გონების თვალი ამეხილა მათთვის. აკი, დავიწყე კიდეც მხილების ენაზე საუბარი: -რას ჩადიხართ? რას ქადაგებთ, თანაც მაინცადამაინც ამ საბედისწერო „სისხლით გაუმაძღარი“ ბრძოლის ველიდან. მაგრამ არ დამაცადეს, სტვენით ამიკლეს, ზოგიერთმა კი, დამცინავი მზერა მტყორცნა, და ბოლოს, კულმინაციის სახით ყველაზე აგრესიულმა „წარსულში ჩარჩენილის“ იარლიყი მომაწება. ვერ გავუძელი თანამემამულეთა თავდასხმას, მათ ბოღმანარევ ქილიკს. თვალთ დამიბნელდა, შევტორტმანდი, მიწა მეცლებოდა ფეხქვეშ, რომ უეცრად ორი სათნო გარეგნობის მქონე ჭაბუკი შემომეშველა, გვერდში ამომიდგა და სულ რამდენიმე წამში პირველი გიმნაზიის ბაღში აღმოვჩნდით. ვიდექით ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი – სამი თანამოაზრე ურთიერთთანადგომით გაერთმთლიანებულნი, ვითარცა სამი ბოძი ერთ მონოლითად შეკრულ-შედუღაბებული. ზურგს მამადავითი, აკაკი და ილია გვიმაგრებდნენ, წინიდან კი ქაშვეთის წმინდა გიორგი გვიცავდა. გავიფიქრე, განსაცდელის ჟამს უფლისაგან მოვლინებულებმა ჩემი ძმადნაფიცების – მამულისა და სარწმუნოების ფუნქცია იტვირთეს და ეულად არ დამტოვეს. უეცრად ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. თბილი ნაკადი ჩაჭიდებული ხელებიდან დაიძრა, ყველა ძარღვი გამოიარა და ჩვენს გულებში უკიდეგანო სიყვარულის ცეცხლად აგიზგიზდა. მადლმოსილი ცეცხლის მსგავსად, ამ დიდებულ გრძნობას დაბნელებული სულების ნათლით გაცისკროვნება და გაყინული გულების გალღობა ძალუძს. ოღონდაც უნდა შემოუშვათ სხივი, ფართოდ უნდა გაუღოთ გულის კარი ნათელს, სთხოვეთ უფალს, იესუ ქრისტეს მონანიე გულით და მოგეცემათ. იმ წუთებში ჩვენ გვაერთიანებდა სურვილი, რომ ეს მაცხონებელი ალი სრულიად საქართველოს მოსდებოდა, ყველას გულში შეეღწია, განსაკუთრებით კი, პარლამენტის წინ გამართული აქციის მონაწილე ჩვენი შვილების დახშულ გულებში. იგი, ცოდვების მიმტევებელი და მოსიყვარულე მამა – მათ, თავის უძღებ შვილებს, უკვე დიდიხანია მოთმინებით ელის.
მაგრამ სამწუხაროდ, ოდესღაც ერთ მუშტად შეკრული, ტურფა საქართველო, დღეს კი, დაშლილ-დაფანტულ მიწად ქცეული ქვეყანა, იმ ქანცგაწყვეტილ მხედარს დამსგავსებია, გზაჯვარედინზე რომ დგას, არჩევანის გაკეთებას ცდილობს, შინაგანი ხმა კი ჩასძახის: ,,მარცხნივ წახვალ – მაჰმადიანურ სამყაროს გადაეყრები, მარჯვნიდან დასავლეთი გაკვირდება და გითვალთვალებს, უკან რუსეთი ჩასაფრებულა მზაკვრული გეგმებით. ყველას ხიბლავს გემრელი ლუკმა. ღონემიხდილი მხედარი მშვენივრად აცნობიერებს, რომ ხშირად პატარა ქვეყანა ძლიერი სახელმწიფოების ინტერესებს, მათ პოლიტიკურ სარგებელს ეწირება. ამიტომ ეგრეთ წოდებულ მეგობრებს შორის ჭეშმარიტი უნდა შეიცნოს და არა სარგებელს გამოკიდებული, ვითომ პარტნიორი. ძიების პროცესი საოცრად რთულია: არ უნდა შეცდეს, არ უნდა წაბორძიკდეს, არ უნდა მოტყუვდეს, თორემ, შეიძლება კვლავ მახეში გაებას, რაც ხალხს და ქვეყანას ახალ განსაცდელს, ახალ სატანჯველს მოუვლენს. საგონებელში მყოფ ცხენოსანს მეოთხე გზა შეახსენებს თავს. იგი წინ გაიხედავს, მაგრამ იქაც სიბნელეს დაუსადგურებია. უეცრად, წყვდიადის სიღრმიდან ცისკრის ვარსკვლავის მსგავსი მანათობელი წერტილი გამობრწყინდება. მას საოცარი მიზიდულობის ძალა აქვს. მხედარს აღარ ძალუძს ყალყზე შემდგარი ცხენის დაოკება, იგი მოციმციმე ნათებისკენ მიიწევს, პატრონი ვეღარ უძალიანდება მას, ნებაზე მიუშვებს და მოციმციმე ნათებისკენ გააჭენებს, რომელიც წმინდა ნინოს ვაზის ჯვრის ფორმას მიიღებს და ჩაბნელებულ გზას მკრთალ ნათელს მოჰფენს. ცხენოსანი მზერას ნათელს გააყოლებს და აღმოაჩენს, რომ იგი ქართველ წმინდანთა დასის ხეივანში იმყოფება. ვის არ შეხვდებით წარსულის უკიდეგანო გზაზე: ქრისტესთვის მოწამეებს, მამულისათვის თავდადებულთ, ქართული ენის ქომაგებს, საგანძურის მცველებს, თუ ღვთივკურთხეულ მეფე-დედოფლებს. მიქრის თეთრ რაშზე ამხედრებული გულდასერილი მხედარი და ხეივნის ორივე მხრიდან წინაპართა ხმა ჩაესმის: – არ შეშინდე, არ შედრკე, უფალი ჩვენთან არს და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად ჩვენდა! გაჰყევი შენთა წინაპართა მიერ გაკვალულ გზას და ღირსეულად აღასრულე თხოვნა-მოწოდება: – ქართველნო, ერთად, ღვთისაკენ! სდექ მტკიცედ და შეურყევლად!
გამხნევებულ მხედარს იმედი ჩაესახება და თავის წინაპრებს შეჰღაღადებს:
,,ცუდად ხომ მაინც არ ჩაივლის, ეს განწირულის სულის-კვეთება?!……”
დასრულდა ხეივანი. მხედარმა ერთგული მეგობარი შეასვენა. ამასობაში კი, მანათობელი ვაზის ჯვარი გადიდდა და უზარმაზარ მოკაშკაშე სფეროდ გადაიქცა. მხედარმაც არ დააყოვნა და ცხენი სფეროს ნათელში შეაჭენა. ვერ გაუძლო სფეროს სიკაშკაშეს, ქუთუთოები დაუმძიმდა, თვალი მოეხუჭა,მაგრამ სულ რამდენიმე წამში წყლოს ჩხრიალის ხმა შემოესმა, თვალი გაახილა და ჰოი, საოცრებავ, მის თვალწინ უძვირფასესი პეიზაჟი გადაიშალა – ამაყად მდგარი, დიდებული, ქათქათა მყინვარითა და მზის სხივებში მოელვარე გერგეტის სამების ტაძრით დამშვენებული ბუმბერაზი კავკასიონი, ქვემოთ კი მთის ძირში ”შავი კლდის გულიდან გადმომსკდარი”, მშფოთვარე, შეუპოვარი და ”დაუმონავი” თერგი მიედინებოდა. ამ არაჩვეულებრივი ბუნების სურათმა მხედრის მეხსიერებაში სრულიად ლოგიკურად, ბრძენი მოხევის – ლელთ ღუნიას სახე გააცოცხლა. ისინი, ორთავე ერთი ნესტარით იყვნენ ნაჩხვლეტნი და ეს ნესტარი იყო და არის: ”ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო”. ლელთ ღუნიას საპროგრამო გამონათქვამი მხედარს ახალგაზრდა ილია ჭავჭავაძის პასუხგაუცემელ კითხვას გაახსენებს. მისი გულიდან სწორედ ეს კითხვა ამოხეთქავს, მზერას ზეცად აღაპყრობს და კვლავ შეჰღაღადებს: ”როდემდის დამრჩეს ეგ ტკივილი გულში, როდემდის?… ჩემო საყვარელო მიწა-წყალო, მომეც ამისი პასუხი!” მას პასუხს – აწ უკვე ეკლის გვირგვინოსანი, წმინდა ილია მართალი გასცემს ზეციდან. ყური მივუგდოთ ერის მამას:
,, გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარც თავი შენი…. ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანა ჩვენი ქვეყანა; იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაქრება, მინამ არ გაქრება თვითონ ქართველიცა” (წმ. ილია მართალი). რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველ წინაპართა შვილებმა XXI საუკუნეშიც ერთგულად უნდა დაიცვან უძვირფასესი ,,ჩაწნულ-ჩაქსოვილი სამება“.
დავუჯეროთ ეკლის გვირგვინოსანს, თუ გვსურს, რომ ჩვენი თავი, და მაშასადამე, – ქართული მიწა-წყალი, ქართველ წინაპართა სისხლით მორწყული მთა-ბარი, ზღვა, მდინარეები და ტბები, ჩვენი სოფლები და ქალაქები, ეკლესია-მონასტრები, ციხე-სიმაგრეები, ენა და ანბანი ქართული, მრავალხმოვანი საგალობლები და ხალხური სიმღერები, რაინდული და ნარნარა ქართული ცეკვები, ქართული საგანძური აუწონელი და შეუფასებელი, ქართულ ცაზე მოკაშკაშე – მზე, მთვარე და ვარსკვლავები – ეს ყველაფერი ჩვენადვე გვეყუდნეს. სამშობლოს ჭეშმარიტი პატრონი უნდა ჰყავდეს, იმგვარი, ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღებას, თავადვე რომ შეძლებს. მზრუნველი და ერთგული წინამძღოლი, რომელიც ღირსეულად, შეუორგულებელი სიყვარულით წარუძღვება წინ: მრავალათასწლოვანი სახელმწიფოებრიობის მქონე, დღენიადაგ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის მებრძოლ, უთვალავჯერ შეწირულ, მრავალტანჯულ, ნიჭიერ, უსაზღვროდ სტუმართმოყვარე და ტოლერანტობით გამორჩეულ იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის წარმომადგენელს, უძველეს ქართველ ერს. დამეთანხმებით, ალბათ, რომ ყოველივე ძალზედ მარტივად და გასაგებად ჟღერს. დიახ, ბავშვმაც კი იცის, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. ჰოდა, თუ ასეა, მაშინ, – მიეცით კეისრის კეისარსა…
ხშირად, ძალიან ხშირად გაიგონებთ ხოლმე ქართველების მიერ დასმულ რიტორიკულ შეკითხვას: ,,გადავრჩებით, გვეშველება რამე?!“ და თუ ჩემს მოკრძალებულ რჩევას გაითვალისწინებთ, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით დაგაიმედოთ, რომ გადავრჩებით და ჩვენი გადამრჩენელი იქნება – ერთსულოვნება. თუ ერიც და ბერიც ჭეშმარიტ მამულიშვილებად გარდავიქმნებით, თუ ერთსულოვანნი ვიქნებით სამშობლოსათვის კეთილი საქმეების კეთებაში და ე.წ. პროგრესულები ამ სტატიას სადღეგრძელოდ არ მონათლავენ, თუ გულხმურვალედ ვუერთგულებთ იბერთა მიწას და მავანთ ცინიკური, ინდიფერენტული დამოკიდებულება აღარ ექნებათ – მამულის, ენის და სარწმუნოების მიმართ, ხოლო ცხოვრების კრედოდ არ გავიხდით ,,დრომ მოიტანა ხალხის“ სლოგანს: ,,ფული არის ჩვენი გამხარებელი“, მაშინ – ,,წყვდიადისა თავადისა ხელმწიფებაი დაირღვევის“ და კვლავ შეგვეწევა დედა ღვთისმშობელი, სწორედ იგი დაიცავს და დაიფარავს თავის წილხვედრ მიწას ბოროტისაგან და გვიმეოხებს უფლის წინაშე. მაშ, მივსდიოთ ჩვენთა წინაპართა ანდერძად ქცეულ დანატოვარს და აღვასრულოთ მათი თხოვნა-მოწოდება: ,,შვილებო, ახლა თქვენ იცითო!“
ნინო ახალმოსული