„საქართველო ასეთი წარმონაქმნებით ეტენება იქ,სადაც ამ ქვეყნის განადგურების გარდა არაფერია. ზღაპარია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე საუბარი“. თემურ ხაჩიშვილის პოლიტიკური გეგმების და გია ჭანტურიას მკვლელობაში მისი შესაძლო ბრალეულობის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „იმედის“ ლიდერმა ირინა სარიშვილმა „ტვ-პირველზე“, გადაცემა „ინგა გრიგოლიას დღის ამბებში“ ისაუბრა.
„ორი სისხლის სამართლის დამნაშავე ქმნის პოლიტიკურ ორგანიზაციას და არ მალავს თავის კონკრეტულ ინტერესებს. აქ ყველაფერი მხოლოდ რუსულ პენსიამდე დადის. ორი წლის ბავშვსაც ეყოფა იმის ტვინი, არ ჰქონდეს იმედი, რომ ოდესმე რუსეთი თავის აღიარებულ დამოუკიდებლობას უკან წაიღებს. მნიშვნელოვანია მხოლოდ სტრატეგიული ნაბიჯები და უკრაინაში ქართული პოლიტიკის წარმატებით დასრულება. ევრაზიულ კავშირში შესვლას შოკოლადიანი, რუსული პენსიის გზით ვინც გვპირდება, ისიც უნდა დააყოლოს,რომ ეს ნიშნავს უვიზო მიმოსვლას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. თუ ასეთ პენსიას უმრავლესობა აიღებს, მე არ მიცხოვრია ჩემს სამშობლოში და ხაჩიშვილს ჰქონდეს საქართველო.
ასეთი ჭანჭიკები ბევრია, თუმცა ზოგი ნაკლებად ხმაურიანი. აღმაშფოთებელია როცა ვიღაც გვეუბნება, რომ მათ შეუძლიათ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჭანტურიას თემა თითქოს საქართველოს გაერთიანების თემის გადასაფარად მოვიტანეთ. ეს ყველაფერი არის ერთი დიდი რუსული სცენარი და ამას რუსული ფული მოემსახურება, ევრო თუ დოლარი, მხოლოდ ტექნიკური დეტალებია.
დიდი მადლობა ბატონ ბიძინას. ეს ის შემთხვევაა,როდესაც ზოგი ჭირი მართლაც მარგებელია. ჩვენ ვცხოვრობთ დროში,როდესაც ყველაფრის ლუსტრაცია ხდება, ყველა პოზიცია და განცხადება კეთდება პირდაპირ. არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი. ესენი ღიად გვთავაზობენ, ვიღაც ფარულად. ის,რომ ვიღაც ხაჩიშვილს და ბედუკაძეს შეეწინააღმდეგება და აგინებს, არ ნიშნავს,რომ თავადაც იმავე მიმართულებით არ მიდის,“ – განაცხადა ირინა სარიშვილმა.
მანანა ღოღობერიძე