“სამი ძირითადი ფრონტია გამოკვეთილი – ახალი გაშენებული ტყის ზონა, წაღვერის მიმდებარე ტერიტორია და სოფელ დაბის მიმდებარე ზონა,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში განაცხადა.
„ყველა კერაზე, რომელზეც ინფორმაციაა შემოსული, გაგზავნილია სახანძრო ბრიგადები. რაც შეეხება ყველაზე დიდი კერას, საკმაოდ მასშტაბურია ცეცხლი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოსახლეობა დავიცვათ სტიქიისგან, ამისთვის შესაბამისი ძალები გაგვაჩნია“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება საკუთარი ძალებითა და მეზობელი ქვეყნების დახმარებით გაუმკლავდება სტიქიას.
„გათენებისთანავე ორი ვერტმფრენი თურქეთიდან შემოგვიერთდება, დიდ თვითმფრინავზეც გვაქვს საუბარი და სავარაუდოდ გავუმკლავდებით. საერთოდ, ეს ტექნიკა ძალიან მნიშვნელოვანი ძალა იქნება“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
“პანიკის საფუძველი არ არსებობს და ჩვენ ამ მომენტისთვის მთლიანად სიტუაციას ვაკონტროლებთ,” – განაცხადა პრემიერმა.
კითხვას, შეძლებს თუ არა აზერბაიჯანული ან თურქული თვითმფრინავი ღამით მუშაობას, პრემიერ-მინისტრი პასუხობს, რომ ეს ტექნიკური საკითხია და რაც უფრო ჩქარა შემოუერთდება მეზობელი ქვეყნების ტექნიკა სამაშველო ოპერაციას, მით უფრო მალე მოხერხდება სტიქიასთან გამკლავება.
ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბას მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ დღისით გაჩნდა. ძლიერი ქარის გამო ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.