„თბილისი პანორამის“ პროექტი თავისი მასშტაბებით და მთლიანი ბიუჯეტის რაოდენობით საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცა. „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ ინიცირებული ეს პროექტი, რომელიც ოთხ მრავალფუნქციურ კომპლექს – სოლოლაკის მაღლობს, სოლოლაკის ბაღებს, თავისუფლებისა და ერეკლე მეორის მოედანს აერთიანებს, უახლოეს მომავალში იფუნქციონირებს, როგორც ერთი მთლიანი დედაქალაქის ცენტრალურ თუ ისტორიულ უბნებს დაუკავშირდება საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით. პროექტს სამთავრობო თუ ოპოზიციური ძალები უკვე გამოეხმაურნენ. თავისი უარყოფითი და კრიტიკული დამოკიდებულება უკვე გააცნო საზოგადოებას თბილისის უფლებაშეჩერებულმა მერმა, გიგი უგულავამ.
აღნიშნული პროექტის შესახებ „თბილისი თაიმსთან“ საკუთარი პოზიცია დაფიქსირეს და ისაუბრეს არქიტექტორებმა – ლავრენტი კუპრაშვილმა და ირაკლი ჟვანიამ.
როგორია თქვენი, როგორც აქრიტექტორის თვალით დანახული „თანაინვესტირების ფონდის“ მიერ დაგეგმილი პროექტი – „თბილისი პანორამა“, როგორ შეაფასებდით იდეას და პროექტის სტურქტურას?
ლავრენტი კუპრაშვილი: პროექტის სტრუქტურის შესახებ გეტყვით, თავდაპირველად, ასე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, უნდა მოხდეს ამის გასაჯაროება დეტალებში, როგორც ადრე, უნდა კეთდებოდეს გამოფენები, რომ გვკითხონ ან გაიზიარონ ჩვენი, როგორც არქიტექტორების აზრი და შეხედულებები, შესაბამისად ასე ზუსტად ვერ გეტყვით. როგორც იდეა არავითარი პრეტენზია არ მაქვს, უბრალოდ მასშტაბების მეშინია, რადგან დიდ ტერიტორიას მოიცავს და თითოეულ მათგანს ეკარგება ის რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია – ინდივიდუალიზმი.
ირაკლი ჟვანია: .პროექტის იდეა და სტრუქტურა იმდენად კარგად არ ვიცი, რომ ზუსტი შეფასებები გავაკეთო, ზერელე შეფასებები კი არ მიყვარს.
როგორ ფიქრობთ, აღნიშნული პროექტის განხორციელების შემდგომ ემუქრება თუ არა საფრთხე ძველი თბილისის ისტორიულ მნიშვნელობას?
ლავრენტი კუპრაშვილი: ძალიან ფაქიზი თემაა, ისეთი მიდგომა უნდა იყოს, რომ ამ პროექტთან ერთად მოხდეს ბევრი სხვა რამის გათვალისწინებაც, თუნდაც ის,რომ არ დაკნინდეს ძველი თბილისის ისტორიული მნიშვნელობა. უნდა იყოს მოსახლეობის აზრიც გათვალისწინებული.
ირაკლი ჟვანია: . ძველი თბილისის ისტორიული მნიშვნელობა არ დაკნინდება იმით, რაიმე ახალი განხორციელდება თუ არა, მთავარია ეს განხორციელება ნიჭიერად და ხარსიხიანად ჩატარდეს.
როგორც ვიცით, პროექტის ერთ–ერთ მიზანს წარმოადგენს დედაქალაქში ტურისტების რაოდენობის გაზრდა, როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ტურისტებისთვის საბაგირო გზებითა და დახრილი შუშის ლიფტებით დედაქალაქის დათვალიერება?
ლავრენტი კუპრაშვილი: მე პირადად, როდესაც სხვადასხვა ქალაქებში მიწევდა სტუმრობა, როგორც ძველ ისტორიულ ძეგლებს, ასევე თანამედროვე არქიტექტურასაც დიდი სიამოვნებით ვათვალიერებდი, ეს პროექტი დადებითია ამ მხრივ, ვისაც მოესურვება ფეხით დაათვალიერებს, ვისაც მოუნდება შუშის ლიფტით. აი, თუნდაც ასათიანის ქუჩიდან – ქართლის დედამდე დიდი გზა არის გასავლელი, თუმცა საბაგირო იქნება თუ ლიფტი გაუადვილებს ამ გზას და უფრო საინტერესო ექსკურსსაც მოუწყობს ტურისტს. თან ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ საკითხსაც უკავშირდება, რაც დაიხარჯება ორი იმდენის ამოღება მოხდება, მთავარია მერე ეს დედაქალაქს და ხალხს მოხმარდეს.
ირაკლი ჟვანია : დახრილი ლიფტები და შუშის ესკალატორები – ეს სუფთა კონფორტის მომენტია და ეს არა მხოლოდ თბილისს, ნებისმიერ სხვა ურბანულ სივრცეს მოუხდება. მთავარია მათი დაპროექტება და მშენებლობა მოხდეს კარგად.
თუ შეგიუძლიათ „თბილისი პანორამის“ პროექტის სამი დადებითი და სამი უარყოფითი მხარე დაგვისახელოთ?
ლავრენტი კუპრაშვილი: ასე კონკრეტულად ვერ გეტყვით, თუმცა რაც რეალურად ჩანს ისაა, რომ დიდი რაოდენობის თანხის დახარჯვის შემდეგ მისი ამოღება მოხდება და ეკონომიკური თვალსაზრისით წაადგება დედაქალაქს, ტურისტების რაოდენობა გაიზრდება ამ საინტერესო ნაგებობით და დასაქმების კუთხითაც, თუ ქართველები დასაქმდებიან მშენებლობის დროს და არა მაგალითისთვის, ჩინელები , რა თქმა უნდა, კარგი იქნება. რაც შეეხება უარყოფითი ისევ, ისტორიულ შენობა–ნაგებობეს, რომ დავუბრუნდეთ არ უნდა მოხდეს უხეშად ჩარევა ამ ტერიტორიებზე და რაც მთავარია ხარისხიანად უნდა აშენდეს.
ირაკლი ჟვანია: “თბილისის პანორამის” დადებითი თვისებები ალბათ ისაა, რომ თბილისის განვითარებაზე ფული დაიხარჯება, თბილისის როგორც ქალაქის ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო მიუახლოვდება მოწინავე დედაქალაების დონეს, წმინდა არქიტექტურული თვალსაზრისით- ახალი ნაგებობები გაჩნდება. უარყოფითი? უარყოფითს ვერ ვხედავ ვერაფერს იმის გარდა, რომ ამ პროექტის განხორციელებას არ უნდა შეეწიროს განსაკუთრებული ისტორიული შენობა-ნაგებობები, ესაა და ეს.ყველაფერი ახალი არ არის კარგი. მაგრამ მუდამ უკან ვიყურებოდეთ და “ისტორიული იერსახის” საბაბით არაფერი შეიცვალოს თბილისის ძველ უბნებში – ესეც არასწორია. არამგონია ფრანგებს პარიზი ნაკლებად უყვარდეთ, როდესაც ლუვრის ეზოში შუშის პრამიდა თუ პომპიდუს ცენტრი ააშენეს. არსებობს ცუდი “სიახლე“, მაგალითად მილები რიყეზე, ასევე მე არ მომწონს შუშის ხიდი ან ბიზნეს–ცენტრი მთაწმინდაზე. მაგრამ სიახლე– მაღალტექნოლოგიური ნაგებობები, რომელიც გემოვნებით და გააზრებით აშენდება მომავალში, ნამდვილად მოუხდება თბილისს. გააჩნია როგორ განხორცილედება ეს ყველაფერი.
04.04.14
ნათია კეკენაძე






