აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. განსაკუთრებით პოპულარული კი ბოლო დღეებში გახდა, რადგან ის უკვე დედაქალაქსაც ესტუმრა. აზიური ფაროსანა სპეციალისტებმა ვაკის პარკში აღმოაჩინეს. მის წინააღმდეგ ბრძოლა ბევრად ადრე დაიწყო. მავნებელმა 2016 წელს სეზონზე თხილის მოსავლის უდიდესი ზარალი გამოიწვია დასავლეთ საქართველოში. ფაროსანასთან საბრძოლველად სხვადასხვა უწყება გაერთიანდა. “თბილისი თაიმსი“ დაუკავშირდა სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპარტამენტის უფროსს, ნიკა მესხს. მან დეტალურად ისაუბრა დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
დავიწყოთ ბოლო ინფორმაციით. აზიური ფაროსანა უკვე ვაკის პარკში აღმოაჩინეს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს, რომ ტერიტორიას სპეციალური წამლებით დაამუშავებს. რამდენად მასშტაბური პრობლემის წინაშე ვდგავართ და უნდა ველოდოთ თუ არა აზიური ფაროსანას კიდევ უფრო გავრცელებას?
– რაც შეეხება აღნიშნულ ინფორმაციას, ჩვენმა სპეციალისტებმა შეისწავლეს ვაკის პარკში აღმოჩენილი მავნებელი და დადსტურდა, რომ ის აზიური ფაროსანაა. ამის შემდგომ, ჩვენ მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად ვახდენთ ბაღებსა და პარკებში სპეციალური მონიტორინგის სისტემის განთავსებას, რითაც დავადგენთ ამ მავნებლის გავრცელების ადგილებს და მასშტაბებს. მონიტორინგის სისტემის განთავსების შემდეგ გატარდება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველჰყოფს ამ მავნებლის რიცხოვნობის მინიმუმამდე დაყვანას. რა თქმა უნდა, კოორდინირებულად ვიმუშავებთ, როგორც მერიასთან, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთნ. ეს ღონისძიებები ჩატარდება იმგვარი მეთოდით, რომელიც უსაფრთხო იქნება ადამიანებისათვის და რაიმე უარყოფით შედეგს არ გამოიღებს. მაგალითისთვის, თუ წამლობა იქნება საჭირო, ეს ღამის საათებში მოხდება და ასევე შეირჩევა შედარებით ნაკლებად ტოქსიკური პესტიციდი, რომელიც იმოქმედებს, რა საკვირველია, ამ მავნებელზე, მაგრამ არ იმოქმედებს გარემოსა და ადამიანებზე.
რაც შეეხება თავად მავნებლის გავრცელებას, ეს მავნებელი საკმაოდ კარგად ფრენს. გადაადგილდება დიდ მანძილზე. ათეულობით კილომეტრი შეუძლია იფრინოს, ამიტომ მისი გავრცელება, ხშირ შემთხვევაში, არაპროგნოზირებადია. უბრალოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია. როდესაც ღონისძიებები დავიწყეთ, ქვეყნის მასშტაბით განვათავსეთ ფერომონიანი დამჭერები, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში. აქამდე ფაროსანა არ ფიქსირდებოდა თბილისის ტერიტორიაზე.
აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. ზოგადად რომ გვითხრათ, რა არის აზიური ფაროსანა და სად არის ის გავრცელებული?
– მავნებელი პირველად 2015 წელს გამოჩნდა საქართველოში. მავნებლის სამშობლო არის აზიის აღმოსავლეთ ქვეყნები. ესენია: ჩინეთი, კორეა, იაპონია. აქ ეს მავნებელი ოდითგანვე გვხვდებოდა, თუმცა იქ ის პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან მას ჰყავს ბუნებრივი მარეგულირებელი ამ ტერიტორიბზე. როდესაც ახალ ადგილზე გადადის, სწორედ იქ ქმნის პრობლემას. მრავლდება სწრაფად და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი არის მცენარის მავნებელი. 300-მდე მეტი სახეობის მცენარით იკვებება, როგორც სასოფლო-სამეურნეო ასვე არასასოფლოსამეურნეო მცენარეებით, როგორიც არის, მაგალითად, დეკორატიული ტყის მცენარეები. მოკლედ ძალიან ფართოა მისი კვების სპექტრი. თუ მის წინააღმდეგ არ იქნება ღონისძიება გატარებული, იმ შემთხვევაში შეიძლება მისგან გამოწვეულმა ზარალმა მიაღწიოს 80%-საც კი. საკმაოდ დიდია ეს ციფრი, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ მავნებლის წინააღმდეგ გატარდეს შესაბამისი ბრძოლის ღონისძიებები.
რაც შეეხება გავრცელების ადგილებს, 2000 წლიდან მავნებელი გვხვდება აშშ-ს მთელს ტერიტორიაზე და საკმაოდ დიდ პრობლემას ქმნის იქ. ასევე გავრცელებულია ევროპის კონტინენტზე: იტალიაში, ესპანეთში. გვხვდება რუსეთსშიც.
როგორც ვიცით, ფაროსანა აზიანებს ხეხილოვან, კენკროვან და ბოსტნეულ კულტურებს. როგორ ხდება მცენარეულის დაზიანება და რამდენად დიდი ზიანის მოტანა შეუძია მას?
– რაც შეეხება მცენარის დაზიანებას, აზიური ფაროსანა ითვლება ნაყოფის მავნებლად და მის მიერ მიყენებული ზიანი უშუალოდ ადგება ნაყოფს. მას აქვს მჩხვლეტ-მწუწნი პირის აპარატი და თითოეული ჩხვლეტა მცენარის ნაყოფზე წარმოქმნის დაზიანებას. მაგალითისთვის, როდესაც ვაშლს აზიანებს, ვაშლის თეთრ რბილობზე დავინახავთ გაყავისფერებულ წერტილებს. მას შეუძლია თხილის დაზიანებაც, მიუხედავად იმისა, რომ მისი ნაჭუჭი შედარებით მყარია.
რა პერიოდში დებს ფაროსანა კვერცხს? როდის აქვს აქტიური ფაზა?
– მავნებლის ბიოლოგიას რაც შეეხება, მავნებელი ახლა, ამ წუთისათვის, როდესაც ტემპერატურა დაბლა იწევს, გადაადგილდება სხვადასხვა თავშესაფარისკენ გამოსაზამთრებლად. ის მიიწევს ადამიანის საცხოვრებელი სახლებისაკენ, ცხოველთა სადგომლებისკენ, ტყისკენ, სკვერებისკენ. მოკლედ სხვადასხვა ისეთ ადგილზე, სადაც ის თავს დააღწევს ზამთრის პერიოდს და მინუს ტემპერატურებს. ამის შემდგომ უკვე, მთელი ზამთრის პერიოდში იმყოფება გარინდებულ მდგომარეობაში. როდესაც გაზაფხულის ტემპერატურა გადააჭარბებს 17 °C-ს, ის გააქტიურდება და მოზამთრე ადგილებიდან გამოვა. მავნებელი იწყებს კვებას და კვერცხის დებას. მათი გამოსვლა მოზამთრეობის ადგილებიდან ხდება მაისის მეორე ნახევარში. ის ერთბაშად არ გამოდის. ფაროსანას გამოსვლა ეტაპობრივად მიმდინარეობს და დროში არის გაწელილი.
როგორც თქვით, ზამთარში ფაროსანა სახლებსა და შენობებს აფარებს თავს. როგორ ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას სახლის პირობებში?
– რაც შეეხება სახლის პირობებში ბრძოლას, ეს მავნებელი ითვლება მცენარის მავნებლად და ადამიანისათვის არ წარმოადგენს საფრთხეს. მას არ გადააქვს რაიმე ადამიანისთვის საშიში ინფექცია, მაგრამ ნამდვილად დისკომფორტია ის, რომ მას საცხოვრებელ სახლში ხედავს მოსახლეობა. მნიშვნელოვანია მოსახლეობის მხრიდან მის წინააღმდეგ გატარებული ბრძოლის ღონისძიებები. ვულისხმობ მექანიკურ ღონისძიებას, რომელსაც ნამდვილად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სახლის პირობებში მისი შეგროვება ხდება სხვადასხვა გზით, მაგალითად, მტვერსასრუტით. ეს გვაძლევს ძალიან დიდ ეფექტს, რადგან ერთი განადგურებული ფაროსანა ნიშნავს მომავალი სეზონისათვის რამდენიმე ათას განადგურებულ მწერს. აქვე აღვნიშნავ, რომ სახლის პირობებში დაუშვებელია ინსექტიციდების გამოყენება. ის უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ და მხოლოდ გარეთ: ეზოებში, მცენარეულ ნარგავებზე და არა საცხოვვრებელ სახლებში. ეს დაუშვებელია და უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე არ შეიძლება. საცხოვრებელ სახლებში მხოლოდ მექანიკური მეთოდით უნდა ვებრძოლოთ ფაეროსანას. მექანიკური მეთოდი ძალიან ეფექტურია. სხვა ქვეყნების გამოცდილებას რომ გადავხედოთ, ისინი სწორედ მექანიკური მეთოდით ებრძვიან მავნებელს სახლის პირობებში.
არსებობს ფაროსანასთან ბრძოლის მექანიკური და ქიმიური მეთოდები. რა სახის პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ და რა პერიოდულობით უნდა ჩატარდეს წამლობა?
– რაც შეეხება წამლობის ჩატარებას, იმ სიტუციიდან გამომდინარე რა სიტუაციაშიც ჩვენ ვართ, ყველაზე ეფექტური მეთოდი არის პესტიციდები. ჩვენ ვიყენებთ სწორედ პესტიციდს, მაგალითად, ბიფეტრინი. ის არის ყველაზე ეფექტიური მავნებლის წინააღმდეგ. ასევე სანამ შესხურებას დავიწყებდით, განვათავსეთ მონიტორინგის სისტემა. ის ადგენს ამ მავნებლის გავრცელების ადგილს და შედეგებიდან გამომდინარე განვახორციელეთ შეწამვლითი ღონისძიებები. უშუალოდ შეწამვლა დავიწყეთ ივნისის დასაწყისიდან და ეს ღონისძიებები გძელდება ამ პერიოდამდე დასავლეთ საქართველოში. ამავე დროს მოსახლეობის ჩართულობის მიზნით თითოეულ მოსახლეს დასავლეთ საქართველოში, აჭარის, გურიის, სამეგრელოს, იმერეთის რეგიონებში გადაეცათ თითო ლიტრი პესტიციდი და ფერომონიანი დამჭერი. ასე, რომ მოსახლეობაც აქტიურადაა ჩართული ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს მისასალმებელია. ასევე ვარიგებთ საინფორმაციო ბროშურებს პესტიციდების უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, სადაც მოცემულია ინფორმაცია მათი ხარჯვის ნორმებზე. ერთ-ერთ ბუკლეტზე გვაქვს ასეთი სლოგანი – ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას და, მართლაც, გაერთიანება საჭიროა. თითოეული ჩვენგანის ჩართვა მნიშვნელოვანია. ეს მიგვიყვანს საბოლოო მიზნამდე. მავნებლის ზიანის მინიმუმამდე დავიყვანთ და მის რიცხოვნობას შევამცირებთ.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დახმარებას დაგვპირდა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციაც. საინტერესოა, არსებობს თუ არა ფაროსანასთან ბძოლლის მსოფლიო პრაქტიკა და რამდენად ეფექტურია ის?
– ჩვენ როდესაც ვიწყებდით ღონისძიებების გატარებას აზიური ფაროსანას წინაარმდეგ, არ გვქონდა ამ მავნებელთან ბრძოლის გამოცდილება, რადგან ფაროსანა უცხო იყო ჩვენი ქვეყნისთვის და საქართველოში, ჩვენს ტერიტორიაზე, არ ფიქსირდებოდა. არ არსებობდა მეცნიერული კვლევები და გამოცდილება ამ კუთხით. ჩვენ სრულად ვიყავით დამოკიდებული უცხოელი ექსპერტების გამოცდილებაზე და ჯერ კიდევ გასულ წელს ნოემბრის თვეში USAID -ის დახმარებით მოვიწვიეთ ექსპერტები სხვადასხვა ქვეყნიდან. ეს ის ქვეყნები იყო, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ ფაროსანასთან ბრძოლის და წამყვან ქვეყნებად ითვლებიან ამ კუთხით. მოწვეული ექსპერტებმა ადგილზე შეისწავლეს ვითარება და მათთან ერთად მოხდა იმ პროგრამის შემუშავება, რასაც ჩვენ ახლა, ამ წუთას, ვახორციელებთ. სრულად ვიზიარებთ და ვიზიარებდით იმ რეკომენდაციებს, რომელიც მოგვცეს უცხოელმა ექსპერტებმა. რაც შეეხება მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის თანადგომას, სექტემბრის თვეში საქართველოში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა, სადაც იმყოფებოდა მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონვენციის ხელმძღვანელი, ასევე ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მათ ერთ-ერთ შეხვედრაზე გააჟრერეს, რომ მზად არიან საქართველოში ხელი შეუწყონ ამ მავნებელთან ბძოლის ეფექტური სამუშაოების ჩატარებას. მათ შორის , შესწავლილ უნდა იქნეს ამ მავნებლის ბუნებრივი მტრები საქართველოს ტერიტორიაზე. შეიძლება ჩვენთანაც არსებობს აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტერი. ამას სჭირდება შესწავლა და ისინი ყველანაირად დაგვეხმარებიან ამ კუთხით.
როგორც ვიცით, ამოქმედდა ცხელი ხაზი. როგორ უნდა დაუკავშირდეს მოსახლეობა შესაბამის უწყებას და რა სახის ინფორმაცია უნდა მიაწოდონ სპეციალისტებს?
– დიახ, ჩვენთან მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოსახლეობა აფიქსირებს შეტყობინებას, ინფორმაციას ამ მავნებლის გავრცელების შესახებ. მინდა გითხრათ, რომ მთელი მოსახლეობა აქტიურად იყენებს ამ ცხელ ხაზსს. ათეულობით და ასეულობით ზარი ფიქსირდება. იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობას რაიმის დაუზუსტება სჭირდება რეკავენ ცხელ ხაზზე. ისინი ინფორმაციას იღებენ ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ, პრეპარატების დარიგების შესახებ, როგორ უნდა ებრძოლონ სახლის პირობებში მავნებელს და ა.შ. ამ თემასთან დაკავშირებით მოსახლეობის ყველა კითხვაზე არსებობს პასუხი.
მაგდა ბატიაშვილი