გარდა იმისა, რომ ადგილობრივი რესურსების გამოყენება და შესაბამისი პროდუქციის წარმოება კონკრეტული ქვეყნისთვის არის მნიშვნელივანი, არანაკლებ საინტერესო და მომგებიანი მისი ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანაა. ეკონომიკური, კულტურული, თუ სხვა არაერთი თვალსაზრისით, ამ საუკუნეში, აუცილებელიც კია, გიცნობდეს მთელი მსოფლიო. სწორედ ამ იდეაზეა ორიენტირებული “ Geo Summit- New Harvesti”. “თბილისი თაიმსის” შეკითხვებს ლევან კვიკვინია პასუხობს:
რამდენი ხანია, რაც ქართულ ბაზარზე არსებობთ?
ჩვენი კომპანია საქართველოში 2017 წლის ივლისსში დაარსდა და უცხოურ ბაზრებზე სხვადასხვა ფორმით უკვე მეორე წელია, რაც საქმიანობს. ვინაიდან ჩვენი მომხმარებლები უცხოელები არიან, ადგილობრივ ბაზარზე წარმოდგენილი, ჯერჯერობით, არ ვართ.
რაზეა ორიენტირებული თქვენი ბიზნესი?
ჩვენი ბიზნესი სამამულო აგროპროდუქტების თანამედროვე ტექნოლოგიებით გადამუშავებასა და, შემდგომ, საზღვარგარეთ ბაზრებზე ექსპორტირებაზეა ორიენტირებული. პროდუქტის მახასიათებლოდან გამომდინარე, ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ტრადიციული მეურნეობა. მაგრამ, ამავდროულად, ვაპირებთ, აქტიურად გამოვიყენოთ და დავნერგოთ უახლოესი ინოვაციები, რაც წარმადობის ზრდასა და ხარისხის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

რა ტიპის პროგრამები/პროექტები გაქვთ?
ჩვენი საქმიანობა კონვეირული უფროა, ვიდრე – პროგრამული. ამ დროისთვის რაზეც ვმუშაობთ, ეს არის დაფნის ეთერზეთების შემსყიდველ რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან სავაჭრო პირობებზე შეთანხმება. თვისობრივად, ეს პროდუქტი საკმაოდ პრეტენზიულია და მოითხოვს თითოეული დეტალის დახვეწას. ასევე, კონტაქტი გვაქვს რამდენიმე უცხოელ ინვესტორთან, რომელიც დაინტერესებულია სასათბურე მეურნეობის გაშენებით საქართველოში და, მიმდინარე წლის მარტის თვეში, აპირებენ ჩვენთან ვიზიტსა და დეტალების ადგილზე გაცნობას.
რამდენად წარმატებული აღმოჩნდა თქვენი საქმიანობა?
რამდენადაც ახალი კომპანია ვართ, ამ ეტაპისთვის, ძნელია, რაიმე წარმატებაზე ისაუბრო. თუმცა, ის ტენდეციები, რაც უკვე გამოიკვეთა, რა თქმა უნდა, დადებითად არის შესაფასებელი და იმედს გვაძლევს, რომ, ახლო მომავალში, სასურველ ნიშას დავიკავებთ რამდენიმე საექსპორტო ბაზარზე. გამოწვევები საკმაოდ დიდია როგორც კონკურენციის, ასევე – მომხმარებელთა კონიუქტურის სახით – თანამედროვე ტექნოლოგიების მუდმივი გავითარების ფონზე, ქართული პროდუქცია საკმაოდ ჩამორჩება უცხოურ ნაწარმს. რა თქმა უნდა, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რაც, ჩვენს რეალობაში, საკმაოდ მწირია.
ჩვენს ქვეყანაში, რამდენად ეწყობა ხელი ამ ტიპის ბიზნესს?
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, სოფლის მეურნეობის სტიმულირებისათვის არსებობს რამდენიმე საგრანტო-საინვესტიციო პროექტი, რომლის დონორები სხვადასხვა სახელმწიფო და უცხოური საფინანსო ფონდია. თუმცა, ის კრიტერიუმები, რაცას ეს ფონდები აწესებს, ფინანსური რესურსების მისაღებად ბევრი ჩვენისთანა სტარტაპერი კომპანიებისთვის არადამაკმაყოფილებელია. მცირე და საშუალო ბიზნესს მეტი ხელშეწყობა სჭირდება და სასურველია, თუ ეს მხარდაჭერა მეტად ხელშესახები იქნება. ძირითადი პრობლემა ფინანსური რესურსების არქონა და ბაზრების მოძიებაა.
როგორ ახერხებთ, რომ საქართველოს ფარგლებს გაცდეთ?
პირადი კონტაქტების და გამოცდილების წყალობით. საზღვარგარეთ გასვლა მართლაც რთულია, მაგრამ თუ კარგად დაგეგმავ და სწორად დაიწყებ, შემდეგი წარმატებაც ამ უკანასკნელზეა დამოკიდებული. შაბლონური ტექსტებით ვერ იმოქმედებ. ძირითადად, სიტუაციური ანალიზს ვეყრდნობით და ყოველთვის ვაკეთებთ იმას, რასაც ვამბობთ – რაც, ნდობის თვალსაზრისით, უცხოელ მომხმარებლებთან მნიშვნელოანია.
ვისთვის არის ხელმისაწვდომი თქვენი მომსახურებით სარგებლობა?
ჩვენი მომსახურება ყველასთვის ხელმისაწვდომია – ვინც დაინტერესებულია ხარისხიანი, ქართული აგროპროდუქტებით, როგორიცაა: დაფნა, თხილი, ჩაი, ღვინო და ა.შ.
სამომავლოდ, რას გეგმავთ?
გეგმები საკმაოდ ამბიციური გვაქვს. იმ მიმართულებებს, რაც უკვე არჩეული გვაქვს, საბოლოოდ, დავხვეწთ და ჩვენ ცნობადობას მაქსიმალურად გავზრდით. ახლო მომავალში, ვაპირებთ ჩვენი ფირმის ქოლგის ქვეშ სხვადასხვა ჯიშის ყურძნისგან წითელი ღვინის ჩამოსხმას, რომელზეც მოთხოვნა საკმაოდ დიდი და მზარდია. პარალელურად, ერთ-ერთ მეგობარ ქვეყანაშიზ გვინდა ღვინის კაფეტერიის/ბიბლიოთეკის გახსნა, რომელიც იქნება ერთგვარი შემეცნებითი და კულტურული კუთხე, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი ქვეყნის უფრო ახლოს გაცნობა. კაფეტერია საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური კონცეფციის იქნება. თუ საზღვარგარეთ გაამართლა, შემდეგ, ალბათ, თბილისშიც გავხსნით.
მარიამ ტიელიძე






