რატომ მოსწონს კონკრეტული მსახიობი გულშემატკივარს, არცთუ ისე იშვიათად, პასუხგაუცემელი შეკითხვაა. უყურებ, რა როლს, ვის და როგორ ქმნის ის და აფასებ სისადავისთვის, უბრალოებისთვის, სრულყოფილებისთვის, პატივისცემისთვის… ორმხირივ პროცესია მსახიობისა და გულშემატკივრის ურთიერთობა, თითქოს, მაგიურიც კი. ლაშა გურგენიძე ის მსახიობია, რომელიც არ აჭარბებს ემოციებს და საკუთარ გულშემატკივარსაც სისადავის გამო უყვარს. სწორედ საკუთარი გულშემატკივრისთვის, ის „თბილისი თაიმსს“ ესაუბრა.
რა იყო შენი პირველი კარიერული ნაბიჯები?
მეცხრე წელია, რაც ჩემი სამსახიობო კარიერა დაიწყო. დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი. მქონდა შემოთავაზება გრიბოედოვის თეატრიდან და ამიყვანეს. ორ კვირაში თავისუფალ თეატრში დაიწყო „მექანიკური ფორთოხლის“ დადგმა. აქ მომცეს ერთ-ერთი მთავარი როლი. მეცხრე წელია, ორივე თეატრის დასში ვარ.
რას მიიჩნევ შენს ყველაზე დიდ პროფესიულ წარმატებად?
რაც უნდა პატარა იყოს როლი, მსახიობი ამ პროცესს გადიხარ, ეძებ, თხზავ, ქარგავ, აფერადებ, ხატავ და, საბოლოოდ, ბადებ როლს. რა თქმა უნდა, ყველა როლი საყვარელია. „ხოლსტომერი“ ჩემი პირველი სპექტაკლი იყო გრიბოედოვის თეატრში, დიდ სცენაზე. ძალიან კარგი გამოვიდა და ბევრი პრიზიც მიიღო. ამ სპექტაკლში ცხენს ვთამაშობ, აბსოლუტურად, პლასტიკითაც ცხენის როლს ვასრულებ. ძალიან თბილი და კარგი სპექტაკლია, სადაც არაერთ მნიშვნელოვან თემაზეა საუბარი: სიყვარულზე, მეგობრობაზე, ღალატზე, ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებაზე და ა.შ. ვფიქრობ, რომ ჩემი ერთ-ერთი დიდი მიღწევაც სწორედ ეს არის. შემიძლია, ბევრი ჩემთვის მნიშვნელოვანი სპექტაკლი ჩამოვთვალო, მაგრამ გამორჩეულია „ხოლსტომერი“.
რას ნიშნავს შენთვის თავისუფლების ცნება?
პირველ ყოვლისა, ვიტყვი იმას, რომ ადამიანი თავისუფალ არსებად შეიქმნა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, დღევანდელ დღეს ეს ცნება არასწორად არის აღქმული. ძალიან ხშირად, თავისუფლება ეშლებათ ყველაფრის უფლებაში. თუმცა მასაც აქვს გარკვეული ჩარჩოები და შეზღუდვები. ვგულისხმობ იმას, რომ ადამიანი არის საკუთარი თავის უფალი. ის საკუთარ თავს უნდა მართავდეს და არა, პირიქით – ემოციები და სიტუაციები მართავდეს ადამიანს. თავისუფლება არ არის ის, რომ, ვთქვათ, ყველგან შესვლა და ყველასთვის ყველაფრის თქმა შეგეძლოს. თავისუფალი საკუთარ თავთან უნდა იყო, უპირველესად და საკუთარ თავს უნდა ფლობდე.
რას აკვირდები სამყაროში, ადამიანებში?
ზოგადად, ჩემს საქმიანობაში დაკვირვება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საჭირო ელემენტია. ჩვენ, მსახიობები, ვთხზავთ გმირს, შესაბამისად, უნდა ვიკითხოთ ბევრი, დავაკვირდეთ რეალობას, ადამიანებს… მსახიობი ირგვლივ ყველაფერს უნდა აკვირდებოდეს და იმახსოვრებდეს; საკუთარი არქივი უნდა ჰქონდეს, სადაც როლის შესრულების დროს უნდა იქექებოდეს.
მე ძალიან დაკვირვებული ვარ. გარდა იმისა, რომ შეგნებულად ვაკვირდები გარემოს, ისეთ დეტალებსა და ნიუანსებს ვამჩნევ, რაც შეიძლება, სხვებისთვის შეუმჩნეველი იყოს. ეს პროფესიული კუთხით მეხმარება ძალიან.
საინტერესოა, დღევანდელ დღეს თუ გეგმავ მომდევნო დღეს?
ხშირად მიწევს დაგეგმვა იმიტომ, რომ ვარ ორი თეატრის დასში, მაქვს გადაღებები სერიალში, ვახმოვანებ როგორც მულტფილმებს, ასევე, ხანდახან, კინოსა და რეკლამებს. შესაბამისად, უკვე წინასწარ გაწერილი გეგმები მაქვს ხოლმე. თუმცა, რაღაცები სპონტანურადაც ხდება. ამას რუტინას ვერ დავარქმევ, რადგან საყვარელ საქმეს ვაკეთებ. უბრალოდ, ვიცი, რა ხდება მომდევნო დღეს და ძალიან საინტერესოა ისიც, რაც მოულოდნელად ხდება.
გარდა სცენისა, რით ხარ დაინტერესებული?
ძალიან შემიყვარდა ფოტოგრაფია. ადრე ეს გატაცება არ მქონია. პირველი შემთხვევა, როდესაც მე ფოტოები გადავიღე, იყო ოთხი-ხუთი წლის წინ. უწმინდესი იყო უკრაინაში წასული. სტიქაროსანი ვიყავი და მაშინ ძალიან გამიმართლა, დელეგაციასთან ერთად მეც წავედი. იქ ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ჰქონდა კამერა და ვთხოვე, ეთხოვებინა, რომ კადრები დამეფიქსირებინა, უბრალოდ. ამ გადაღების მთელს პროცესში მივხვდი, რომ ამან ჩამითრია და უფრო მეტად დამაინტერესა. კადრს ვზომავდი, სისუფთავეს ვაკონტროლებდი, ვფიქრობდი იმაზე, რაზეც არ მიფიქრია. შემდეგ თვითონაც შევიძინე კამერა. ბევრს ვიღებდი, მათ შორის, სპექტაკლებს, პორტრეტებს… ჩემი გადაცემა მქონდა „მეცხრე არხზე“ – „დილის იდილია“. ერთი ინტერვიუ ფოტოგრაფ იური მეჩითოვთან ჩავწერე. რამდენიმე კადრი რომ ვაჩვენე, მითხრა, ძალიან ძლიერი ხარო. ასევე, მითხრა, რომ ტექნიკურ რაღაცებს ამიხსნიდა, მაგრამ ფოტოგრაფისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხედვაა – კადრი, ემოცია, მომენტი… ყველაზე მეტი ადრენალინი ჩემთვის სპექტაკლის გადაღებას ახლავს. არტისტის ემოცია ყოველ წამს იცვლება, მუდმივად იცვლება განათებაც, სულ მოძრაობაა. ძალიან საინტერესო პროცესია.
უახლოეს მომავალში ვგეგმავ გამოფენას, ჯერ, ფიზიკურად, ვერ მოვიცალე ამისთვის. ბევრი ცნობადი სახეც გადამიღია, როგორც ქართველი, ისე – უცხოელი.
რა არის შენი გზავნილი გულშემატკივრისთვის?
სპექტაკლი არის ცოცხალი პროცესი – ყოველი სპექტაკლი არის რადიკალურად განსხვავებული წინასგან იმიტომ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ხდებოდა იმ დღეს მსახიობის თავს. რა თქმა უნდა, იმ ჩარჩოში ხარ, რა იდეისთვისაც ეს სპექტაკლი დაიდგა. შენი პერსონაჟის მოქმედებასა და ყველაფერს სხვას ემატება მსახიობის პირადი ქვეცნობიერი და გზავნილი. მაყურებელს შენს პირადს უზიარებ, ისიც გრძნობს ამას და მოგყვება. გრძნობ მაყურებლის სუნთქვას. მთავარი გზავნილები იქნება, მაინც, სიყვარული სიკეთე და ერთობა. ტალახის სროლაზე მარტივი არაფერია, სიყვარულია რთული. ადამიანს ადამიანობა უნდა ჰქონდეს, სწორედ ეგ განგვასხვავებს ცხოველებისგან.
ავტორი: მარიამ ტიელიძე