ხელოვანი, რომლის შესახებაც ახლა გიამბობთ, ნამუშევრებს მინანქრისგან ქმნის. იყენებს სხვადასხვა მასალას. შედეგად, მისი შემოქმედება ძალიან მრავალფეროვანი, ფერადი და საინტერესოა. პროცესში მისთვის მთავარია განწყობა, რაც თავისთავად აისახება ნამუშევრებზე. „თბილისი თაიმსს“ გურანდა გრიგოლია ესაუბრა.
ჩემი ნამუშევრები შესრულებული არის მინანქარში, მუშაობის დროს მასალად ვიყენებ სპილენძის ფირფიტას, ვერცხლის ტიხარს და მინანქრის ფერბს. მინანქრის შემოქმედებითად გამოყენება არ არის მარტივი პროცესი, ის გამოირჩევა ხასიათით, ფერით, ტექნოლოგიის დაუფლებას დრო სჭირდება. მინანქრის მასალით ხატვა ძალიან საინტერესო პროცესია და ყოველი ახალი ნამუშევარი შემოქმედებითად მზრდის, მავითარებს.
აღნიშნული მიმართულება შეისწავლეთ თუ თვითნასწავლი ხართ?
სამხატვრო პროფესიული განათლება არ მაქვს, ვარ თვითნასწავლი მხატვარი. კონკრეტულად ქართული ტიხრული მინანქრი კი შევისწავლე ,,მესხების შემოქმედებით სახელოსნოში’’, ქეთევან მესხთან.
თუ არის რაიმე კონკრეტული ხაზი, რასაც თითოეული მათგანი მიჰყვება?
ჩემი ნამუშევრების უმეტესობა არის მრავალფეროვანი და არ ვარ შეზღუდული თემატიკაში, ვქმნი და ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, თუმცა, მრავლად მაქვს შექმნილი ძვ.თბილისური უბნები თავისი არქიტექტურით, რაც ძალიან მოთხოვნადია და მოსწონთ უცხოელ დამთვალიერებლებს. გარდა ამისა, საჩუქრად მიაქვთ ან მიკვეთენ ქართველი ემიგრანტები.
როგორია გარემო, რომელშიც ისინი იქმნება?
განსაკუთრებული გარემო ნამუშევრის შექმნისთვის არ მჭირდება, ვმუშაობ სახლში. ამ ეტაპზე, სახელოსნო არ მაქვს მაგრამ, ჩემთვის მთავარია განწყობა და ემოცია, ინსპირაციის წყაროა ყოველი გათენებული დღე, წამის განცდა, მოსმენილი მუსიკა, ადამიანები ხასიათობრივად, ურთიერთობა, ემოციები. მრავალფეროვანია ეს გარემო ყოველდღიურად, რაც ჩემს ნამუშევრებზეც აისახება.
რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, როდესაც ნამუშევრებს ქმნით?
პირველ ყოვლისა, ხელოვნება არის თვითგამოხატვის საშუალება და ამით ნაწილობრივ საკუთარ თავს გამოვხატავ, ჩემს შინაგან თავისუფლებას, განწყობას და ემოციას, მნიშვნელოვანია – ნამუშევარზე იკითხებოდეს ეს ხასიათი. გაცილებით მეტს ნიშნავს შემფასებლის აზრი, დამთვალიერებლის, მყიდველის ან კერძო დამკვეთის, რომლებიც მოტივაციას მმატებს.
კიდევ ხელოვნების რა მიმართულებებით ხართ დაინტერესებული?
ძირითადი საქმიანობა ჩემთვის მინანქარია, მაგრამ ძალიან მაინტერესებდა ხატწერა, რაც პანდემიის პერიოდში შევისწავლე და უკვე რამდენიმე ხატი მაქვს დაწერილი. ხატწერა ძალიან შრომატევადი პროცესია. გარდა ამისა აქ აუცილებელია კანონიკის დაცვა. აბსოლუტურად განსხვავებული ტექნიკის მიუხედავად, ხატწერა მინანქარშიც ვცადე და მაქვს წმ. გიორგის ხატი შესრულებული.