რას ვჭამთ?- ეს არის კითხვა, რომელსაც 21-ე საუკუნის ადამიანთა მნიშვნლოვანი ნაწილი ყოველდღიურ ცხოვრებაში აქტიურად განიხილავს. მომხმარებლები წუხან იმის შესახებ, რომ დღესდღეობით ჯანსაღი და მავნე პროდუქტის ერთმანეთისგან შეუიარაღებელი თვალით გარჩევა საკმოდ რთული და ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელიცაა. ასევე ხშირია უნდობლობა მწარმოებლებისა თუ გამყდველების მიმართ, თუმცა ეჭვი ეჭვად, ჩვენ კი ისევ ფართოდ გავრცელებული პროდუქტის მომხმარებლებად ვრჩებით.
რამდენად უსაფრთხოა ის პროდუქტი, რასაც ბაზარზე გვთავაზობენ და არსებობს თუ არა რისკი იმისა, რომ ჩვენ, არასაკმარისი ინფორმაციის ფლობის შედეგად, ჩვენივე ჯანმრთელობისთვის საზიანო სურსათს ვირჩევთ. „თბილისი თაიმსი“ სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცადა და ამჯერად მთავარი აქცენტი გენმოდიფიცირებულ პროდუქტზე გავაკეთეთ.
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ეს, გარკვეულწილად, დადებითი მოვლენაა, თუმცა მნიშვნელოვანი უარყოფითი ფაქტორიც არსებობს. დემოგრაფიული მაჩვენებლის ზრდამ ადამიანთა გამოკვების პრობლემა წარმოშვა – სპეციალისტების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ მისი საკვებით მომარაგება უბრალოდ შეუძლებელია. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად მეცნიერებმა გენმოდიფიცირებული ორგანიზმი შექმნეს.
გენმოდიფიცირებული პროდუქტი თანამედროვე ტექნოლოგიების შედეგად მიიღება, ის იაფია და ძნელად ფუჭდება. მიუხედავად ამ დადებითი თვისებებისა, გავრცელებული ინფორმაციით, მას ადამიანის ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანაც შეუძლია. მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტები სავსებით უსაფრთხოა. მათი აზრით, ამ მეთოდით მიღებული პროდუქტები მაღალი ხარისხისაა, უფრო დიდხანს ინარჩუნებს სასაქონლო სახეს და მომგებიანია. მეცნიერების მეორე ნაწილისთვის კი გენმოდიფიცირებული პროდუქტების მომრავლება ბევრ დაავადებასთან თუ პრობლემასთან ასოცირდება. მათ შორისაა ჭარბწონიანობა, ჭარბთმიანობა, ნივთიერებათა ცვლის მოშლა, სხვადასხვა ქრონიკული დაავადების პროვოცირება და ა.შ. „თბილისი თაიმსი“ ამ საკითხში გარკვევას შეეცადა.
საინფორმაციო-ანალიტიკური აგროპორტალის www. agrokavkaz.ge – ის მთავარმა რედაქტორმა მალხაზ ხაზარბეგიშვილმა ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ „გენმოდიფიცირებულია ორგანიზმი, რომლის გენომი ხელოვნურად არის შეცვლილი ანუ მოდიფიცირებული გენური ინჟინერიის მეთოდების გამოყენებით. ასეთი მეთოდი არსებითად განსხვავდება ბუნებრივი მოდიფიკაციისგან. უფრო მარტივად რომ ვთქვათ: თანამედროვე ბიოტექნოლოგიის დახმარებით მცენარის ან ცხოველის ამა თუ იმ სახეობას „სასურველ“ თვისებებს ანიჭებენ. გენმოდიფიცირებული პროდუქტი არის გამძლე, მოსავლიანი, იაფი, მაგრამ შეიცავს ცხოველურ გენებს და ვარაუდბენ რომ მავნებელია, როგორც ადამიანისთვის, ისე გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობისთვის.“
“ადამიანთა გარკვეული ნაწილისთვის გენმოდიფიცირებული და ჰიბრიდული პროდუქტი ერთი და იგივეა. რეალურად მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არსებობს. მცენარის ჰიბრიდული ჯიში გამოყვანილია სპეციალურად იმისთვის, რომ მისი საკვები ღირებულებები უფრო მაღალი იყოს. მაგალითად, თქვენ იღებთ სხვადასხვა საუკეთესო თვისებების მქონე სიმინდს და აჯვარებთ მათ, შედეგად მისი მოსავლიანობაც უფრო მაღალია, უფრო გამძლეა და ა.შ. ჰიბრიდები გამოყვანილია სხვადასხვა კლიმატური და ნიადაგური პირობების გათვალისწინებით. საქართველოშიც არის ქართული ჰიბრიდული ჯიშები, რომლებიც ძალიან მაღალმოსავლიანია. გენმოდიფიცირებულისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში შეიძლება, დანამდვილებით ითქვას, რომ ჰიბრიდი არ არის საშიში. ის უბრალოდ არის გამძლე, მოსავლიანი და კარგი თვისებების ნაჯვარი მცენარე. თუ დათესავთ, კარგი მოვლის პირობებში, უხვი მოსავალი მოგივათ. მაგრამ მას ერთი ნაკლი აქვს – ჰიბრიდული თესლიდან მხოლოდ პირველ წელს მოდის კარგი მოსავალი, მაქსიმუმ მეორე წელს, ხოლო ბუნებრივი 5 წელი მაინც შეგიძლიათ, თესოთ,“ – განმარტავს მალხაზ ხაზარბეგიშვილ.
გენმოდიფიცირებული პროდუქტის დადებით და უარყოფით თვისებებზე დავა დღემდე მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციის ფონზე, ადამიანებს აქვთ უფლება, თავად გადაწყვიტონ, სურთ თუ არა მათ ამ ტიპის სურსათის გამოყენება. შესაბამისად, მათ ასევე აქვთ უფლება, იცოდნენ, რომელი პროდუქტია გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული და რომელი არა. საქართველოს კანონმდებლობა ამ საკითხს, გარკვეულწილად, არეგულირებს.
- თანამედროვე ბიოტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული სურსათი, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომონენტებისურრსათის საერთო მასის 0,9 %-ზე მეტია, ექვემდებარება ეტიკეტზე სავალდებულო აღნიშვნას.
- თუ სურსათი შეიცავს გენეტიკურად მოდიფიცირებულ მხოლოდ ერთ ინგრედიენტს, მაშინ წარწერა „გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი“, (გმო) უნდა მიეთითოს სურსათის დასახელებასთან ახლოს.
- თუ სურსათის შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ინგრედიენტი, რომელთაგან ერთ-ერთი გენმოდიფიცირებულია, მაშინ წარწერა „გმო“ უნდა განთავსდეს „შემადგენლობაში“, ინგრედიენტთა ჩამონათვალში, გენმოდიფიცირებული ინგრედიენტის გასწვრივ.
- სურსათი, რომელიც არ შეიცავს დნმ-ს და დამზადებულია გენეტკურადმოდიფიცირებული ორგანიზმისგან, ექვემდებარება სავალდებულო აღნიშვნას ეტიკეტზე ნედლეულის წარმოშობის ქვეყნის მიერ წარმოდგენილი დეკლარაციის შესაბამისად.
- “გმო”-ს შემცველ დაუფასოებელ სურსათს, თუ ის განკუთვნილია საცალო ვაჭრობაში რეალიზაციისთვის, თან უნდა ახლდეს წერილობითი საინფორმაციო ფურცელ-ჩანართები ან/და ბუკლეტები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მომხმარებლისათვის.
- “გმო”-ს შემცველ მცირე ზომის დაფასოებულ სურსათზე, რომლის ზედაპირის ფართობი 10 სმ2-ზე ნაკლებია, აუცილებელია განთავსდეს ინფორმაცია -”გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი” ან “გმო შემცველი”.
გენმოდიფიცირებული პროდუქტი არ არის ერთადერთი პროდუქტი, რომელმაც, შესაძლოა, ადამიანის ჯანმრთელობას ავნოს. დღევანდელ სასურსათო ბაზარზე ბევრ სხვა ტიპის საზიანო ნაწარმსა თუ დარღვევას შევხვდებით, მათ შორისაა ვადაგასული პროდუქცია, სანიტარული დარღვევები და ა.შ. ამ საკითხზე „თბილისი თაიმსი“ სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის რისკის ანალიზის სამმართველოს უფროსს, თამთა მიქანაძეს ესაუბრა.
ძირითადად რა ტიპის დარღვევებს აწყდება სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო და როგორ რეაგირებს სააგენტო აღმოჩენილ დარღვევებზე?
– სურსათის მონიტორინგისას ლაბორატორიული კვლევის შედეგად ძირითადად იკვეთება მიკრობიოლოგიური დარღვევები; დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე სურსათის ერვნული სააგენტოს მიერ ხორციელდება შესაბამისი რეაგირება: ბიზნესოპერატორის არაგეგმური ინსპექტირება, საწარმოო პროცესის შეჩერება, სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა ან დაჯარიმება.
რა პერიოდულობით და რა ფორმით ხორციელდება საკვები პროდუქტების მონიტორინგი?
– მონიტორინგი არის სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის მექანიზმი, რომელიც ხორციელდება სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ სურსათის/ცხოველის საკვების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესაფასებლად, სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამის ფარგლებში, ყოველდღიურად.
აკონტროლებთ თუ არა კვების ობიექტებს და, ძირითადად, რა ტიპის დარღვევებს აწყდებით?
– იმის გათვალისწინებით, რომ მზა სურსათი მაღალი რისკის შემცველი სურსათია და სურსათის ლაბორატორიული კვლევისას ყველაზე ბევრი დარღვევა ფიქსირდება, 2014-2015 წლების სახელმწიფო კონტრლის პროგრამის შემუშავებისას, პრიორიტეტი მიენიჭა საზოგადოებრივი კვების ობიექტების (მზა კერძების მწარმოებლების) ინსპექტირებას. 2014 წელს ინსპექტირებული 5184 ბიზნესოპერატორიდან 2 700-ზე მეტი იყო საზოგადოებრივი კვების ობიექტი, რომელშიც შედიოდა რესტორნები, კაფეები, სკოლამდელი და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების კვების ბლოკები, საშაურმეები, საცხობები. ინსპექტირების შედეგად, უმრავლეს შემთხვევაში, ფიქსირდება არაკრიტიკული შეუსბამობა (შეუსაბამობა, რომელიც არ უქმნის პირდაპირ საფრთხეს ადამიანისა და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია საწარმოო პროცესის შეჩერების გარეშე).
როგორ ხვდება ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი საკვები თუ სასმელი გასაყიდი პროდუქტების სიაში?
– სურსათის ეროვნული სააგენტო არ ადგენს გასაყიდი პროდუქტების სიას. ბიზნესოპერატორს აქვს ვალდებულება, თავისი საქმიანობის ფარგლებში უზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობა, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე.
რიგითი მომხმარებლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გენმოდიფიცირებული პროდუქტი საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. უფრო კონკრეტულად რომ განვმარტოთ, რა არის გენმოდიფიცირებლი პროდუქტი და მართლაც სახიფათოა თუ არა ის ადამიანის ორგანიზმისთვის?
– ევროპის რისკის შეფასების სამსახურის – სურსათის უვნებლობის სააგენტო (EFSA) გენეტიკურად მოდიფიცირებულ ორგანიზმებს (გმო) აფასებს, როგორც ზოგადად ორგანიზმებს (მცენარეების, ცხოველების ან მიკროორგანიზმების), რომლებიც შეიცავენ გენეტიკურ მასალას, შეცვლილს არაბუნებრივი მეთოდებით.
EFSA-ს მეცნიერთა კონსენსუსის საფუძველზე GMO არის უსაფრთხო და არ უქმნის რისკს ადამიანის ჯანმრთელობას.
იმ შემთხვევაში თუ ევროპის რისკის შეფასების სამსახურის (EFSA) მიერ მიმდინარე კვლევების შედეგად გახდება ცნობილი, რომ არსებობს GMO-ს ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზეგავლენის რისკი, ეს დასკვნები და შესაბამისი მაკორექტირებელი ქმედებები იქნება საჯარო და ხელმისაწვდომი ყველა დაინტერესებული პირისათვის.
მაგალითად რომ ვთქვათ, თუ სურსათის, ან მისი რომელიმე ინგრედიენტის წონის 0,9%-ზე მეტს გენმოდიფიცირებული პროდუქტი შეადგენს, აუცილებელია მასზე მიეთითოს „გენეტიკურად მოდიფიცირებული სასურსათო პროდუქტი“ ან „გმო შემცველი“. რამდენად ეფექტურად ხორციელდება ეს კანონი პრაქტიკაში?
– დიახ, მეწარმეს ნამდვილად აქვს ვალდებულება, რომ თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით დამზადებული სურსათის ეტიკეტზე, რომლის შემადგენლობაში გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტები სურსათის საერთო მასის 0,9%-ზე მეტია, განათავსოს შესაბამისი აღნიშვნა.
2014 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ, გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით საცალო ვაჭრობის ქსელიდან აღებული იქნა ისეთი სურსათი, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ყველაზე ხშირად იწარმოება თანამედროვე ბიოტექნოლოგიის გამოყენებით; არცერთი აღებული სურსათის ეტიკეტზე არ იყო მითითებული გენეტიკურად მოდიფიცირებული კომპონენტების შემცველობა. შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში გამოკვლეული სურსათის 30 ნიმუშიდან არცერთში არ აღმოჩნდა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (გმო).
ბატონმა კახა სოხაძემ (სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსი) რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა, დღეს რა მდგომარეობაა ამ კუთხით, არსებობს თუ არა მსგავსი ლაბორატორია?
– ამჟამად არსებობს რამოდენიმე ლაბორატორია, რომელიც აკრედიტებულია და აქვს შესაძლებლობა განახორციელოს სურსათის გენმოდიფიცირების იდენტიფიკაცია. სურსათის ეროვნული სააგენტო 2015 წელს გეგმავს 50 სურსათის ნიმუშის კვლევას გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობაზე.
საქართველოში მომხმარებლების ინტერესების დაცვაზე ვებ-გვერდი www.momxmarebeli.ge -ის შემოქმედებითი ჯგუფიც ზრუნავს. საიტი „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრს“ ეკუთვნის და მისი მიზანია, რომ ქართველ მომხმარებლებს თავიანთი უფლებების დაცვაში დაეხმაროს. საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებულ დარღვევებზე „თბილისი თაიმსი“ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროგრამის ასისტენტ თამარ გობეჯიშვილს ესაუბრა.
თამარ გობეჯიშვილი აღნიშნავს, რომ მომხმარებელი მათ ვებ-გვერდს დახმარებისთვის საკმაოდ ხშირად მიმართავს.
“ისინი ითხოვენ როგორც გარკვეული პროდუქტის შემოწმებას, ასევე რჩევებს ამა თუ, იმ ნაწარმის სანდოობასთან დაკავშირებთ. მომხმარებლის ჩივილზე გუნდი სხვადასხვაგვარად რეაგირებს. თუ ჩივილი ეტიკეტს ეხება, ისინი თავადვე ამოწმებენ, სხვა შემთხვევაში კი აკრედიტირებულ ლაბორატორიებს მიმართავენ. რაც შეეხება გენმოდიფიცირებულ პროდუქციას, www.momxmarebeli.ge -ს ამ განხრით კვლევა არ ჩაუტარებია. თუმცა, სოიოს 5 დასახელების პროდუქტისა და 9 დასახელების ხორბლის ფქვილის შემოწმების შედეგად, სოიოს ორ პროდუქტში მათ „გმო“-ს გადაჭარბებული რაოდენობა აღმოაჩინეს. ამ და სხვა კვლევებისა თუ დარღვევების შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა ვებ-გვერდზე შეგძლიათ” – აცხადებს გობეჯიშვილი.
გენური ინჟინერია ძალიან ახალგაზრდა მეცნიერებაა. ამიტომ,შეუძლებელია იმის გამოცნობა, თუ როგორ აისახება ასე შეცვლილი პროდუქტის გამოყენება ადამიანის ჯანმრთელობაზე მომავალში. ამ საკითხის სიღრმისეულად შესასწავლად, ალბათ, ჯერ კიდევ მრავალი წელია საჭირო. თუმცა ჩვენ, ადამიანებს, აუცილებლად უნდა გვქონდეს უფლება და შესაძლებლობა, ვიცოდეთ რა ტიპის პროდუქტს გვთავაზობენ ბაზარზე, არჩევანი კი მხოლოდ ჩვენზე იყოს დამოკიდებული.
შესაბამისად, ეტიკეტირების მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა დარღვევებთან დაკავშირებით კი მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – მკაცრ მონიტორინგთან ერთად, ადამიანური თვითშეგნების ამაღლებაც არ გვაწყენდა. ეკონომიური სარგებლის მოპოვების მძლავრი სურვილის მიუხედავად, ნუ ვავნებთ სხვებს და ნუ ჩავაგდებთ მათ ჯანმრთელობას საფრთხეში.
მასალა მოამზადა
თეა ღვინაძემ