ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის რეგისტრაცია 10 თებერვალს დაიწყო და 17 მარტს დასრულდა. როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები და რა მიმართულებებზეა წელს ძირითადი მოთხოვნა, რამდენი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და რამდენია მისაღები სტუდენტების რაოდენობა, ამ და სხვა აქტუალურ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ივა მინდაძე ესაუბრა.
როდის იწყება ერთიანი ეროვნული გამოცდები და რა სიახლეებს სთავაზობთ აბიტურიენტებს?
– წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისამდე გასტანს. ერთ-ერთი ძირითადი სიახლე კი არის ის, რომ აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ არჩევით საგნად სამოქალაქო განათლებაც ჩააბარონ. ასევე გარკვეული ცვლილებებია ისტორიის, გეოგრაფიის, უცხო ენისა და ბიოლოგიის გამოცდის პროგრამებშიც. ეს არის ის ძირითადი სიახლეები, რასაც ვგეგმავთ, თუმცა შეიძლება კვლავ რაიმე სახის კორექტირება მოხდეს.
როგორც უკვე აღნიშნეთ, ეროვნულ გამოცდებზე არჩევითი საგნების ჩამონათვალს სამოქალაქო განათლება დაემატა. არის თუ არა ამ საგანზე მოთხოვნა უკვე დარეგისტრირებულ აბიტურიენტებს შორის?
– დიახ, მოთხოვნა არის. ამ საგანზე უკვე 500-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. უფრო სასიხარულო კი არის ის, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმაც, თავიანთ მოთხოვნაში მეოთხე საგნად სამოქალაქო განათლება დაასახელეს.
2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია უკვე დასრულდა. რამდენი აბიტურიენტია დარეგისტრირებული და რამდენია მისაღები სტუდენტების რაოდენობა?
– წელს დარეგისტრირდა 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი. ეს არ არის რეკორდი, რადგან შარშანწინ 42 ათასი მსურველი იყო და ეს რეკორდი ჯერ მოხნილი არ არის, თუმცა ძალიან სასიხარულოა, რომ ინტერესი უმაღლესი განათლების მიმართ თანდათან უფრო იზრდება. ზოგადად, ყველა უნივერსიტეტში მისაღები ადგილების რაოდენობა ჯამში 42 ათასზე მეტია, ანუ ადგილების რაოდენობა აჭარბებს აბიტურიენტთა რაოდენობას.
რაც შეეხება საგამოცდო ტესტების სირთულეს, გაიზრდება თუ არა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი?
– მინიმალური კომპეტენციის ზღვარი უცვლელი დარჩა, ხოლო, რაც შეეხება სირთულეს, ამის წინასწარ განსაზღვრა ძნელია. ჩვენ ვატარებთ საცდელი ტესტირების პილოტირებას და ასევე ვცდილობთ, რომ იყოს საშუალო სირთულის ტესტი. ეს მიდგომა ტესტის სირთულის მიმართ წლიდან წლამდე არ იცვლება, რადგან ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად უკეთ შეგვეძლოს განვასხვაოთ ძლიერი, სუსტი და საშუალო მოსწრების მოსწავლე, ამიტომ აბიტურიენტებს ყოველთვის საშუალო სირთულის ტესტებს ვთავაზობთ.
როგორ გაიცემა სახელმწიფო სასწავლო გრანტი და კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები დაფინანსდება?
– ჯერ ცნობილი არ არის კონკრეტულად რომელი ფაკულტეტები დაფინანსდება. სახელმწიფო გრანტის გაცემის პრინციპი კი საკმაოდ რთულია, ასე ძნელი ასახსნელია. აბიტურიენტებს შეუძლიათ ჩვენს ვებგვერდზე სრული ინფორმაცია ნახონ დაფინანსებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ გრანტი უნივერსიტეტების მიერ არჩეული მეოთხე საგნის მიხედვით პროპორციულად არის განაწილებული. შესაბამისად, გამოყოფილია გარკვეული თანხა, რომელიც განკუთვნილია 100 %-იანი, 70 %-იანი და 50 %-იანი დაფინანსებისთვის. ამ თანხას საუკეთესო შედეგების მქონე აბიტურიენტები მოიპოვებენ. შარშან დაახლოებით 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო სხვადასხვა სახის სახელმწიფო გრანტი. სავარაუდოდ, წელსაც ანალოგიურად იქნება.
როგორც ცნობილია, საგამოცდო სისტემაში ცვლილებებია დაგეგმილი, კერძოდ სასკოლო გამოცდებისა და ეროვნული გამოცდების სინთეზი. კონკრეტულად რამდენი საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებსა და გართულდება თუ არა ამით უნივერსიტეტში ჩარიცხვა?
– ამაზე იყო და არის საუბარი, თუმცა მე პირადად არ წარმომიდგენია ამ ორი გამოცდის გაერთიანება, ასევე ვერ ვხედავ, ვერც ადმინისტრაციულ, ვერც შინაარსობრივ და ვერც წმინდა მეთოდოლოგიურ საფუძველს, ორი სხვადასხვა ტიპის გამოცდის გაერთიანების. შესაბამისად, პირადად ჩემთვის, ნაკლებად მისაღებია მათი გაერთიანება და ასევე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს სინთეზი განხორციელდება.
რა სიახლეებია დაგეგმილი საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით და შეიცვლება თუ არა გამოცდების მინიმალური ბარიერი?
– საატესტატო გამოცდებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით სიახლეები დაგეგმილი არ არის, ხოლო ბარიერს რაც შეეხება, მას უშუალოდ მინისტრი თავისი ბრძანებით ადგენს, თუმცა ამათან დაკავშირებით დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ბარიერი უცვლელი დარჩება. სავარაუდოდ, გამოცდები 20 მაისის შემდეგ დაიწყება. სწროედ ახლა დასრულდა მე-12 კლასელების რეგისტრაცია, ხოლო მე-11 კლასელებისთვის ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
გასულ წლებთან შედარებით, შეიცვალა თუ არა ყველაზე მოთხოვნადი უნივერსიტეტებისა და ფაკულტეტების ჩამონათვალი და როგორ?
– დღეს ძნელი სათქმელია, რომელი ფაკულტეტია ყველაზე მოთხოვნადი, რადგან აბიტურიენტებს რამდენიმე თვის განმავლობაში შეუძლიათ თავიანთი არჩევნის შეცვლა, თუმცა უკვე რამდენიმე წელია, რაც ეკონომიკური მიმართულება და ბიზნესის ადმინისტრირება ლიდერობს, მათ შემდეგ არის ფსიქოლოგია, იურიდიული, ჟურნალისტიკა და სამედიცინო, ასევე უფრო და უფრო პოპულარული ხდება საბუნებისმეტყველო და საინჟინრო საგნები.
რა სიახლეებია დაგეგმილი საერთო სამაგისტრო გამოცდაზე? როგორ შეძლებენ მაგისტრები სახელმწიფო დაფინანსების მოპოვებას?
– მაგისტრების რაოდენობა აბიტურიენტების მსგავსად იზრდება, წელს 12 ათასზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული. სამაგისტრო გამოცდა არის ერთი ნაწილი, მეორე ნაწილს კი უშუალოდ უნივერსიტეტი ატარებს. ამ ორი გამოცდის კომბინაციით დგება საგრანტო ქულა. საგრანტო თანხა გამოყოფილია სფეროების მიხედვით. სულ 11 სფეროა და სწორედ მათი მიხედვით ხდება საუკეთესო შედეგების მქონე მაგისტრების დაფინანსება.
არის თუ არა სიახლე პედაგოგთა სასერთიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით?
– პედაგოგთა გამოცდა, სხვა გამოცდების მსგავსად 2 ივლისიდან 22 ივლისამდე შუალედში ჩატარდება. წელს სიხლეა, რომ თუ ადრე პედაგოგის მეორე გამოცდა ფასიანი იყო და მას გარკვულ თანხის გადახდა უწევდა, წელს ასე აღარ არის. სულ დარეგისტრირებულია 17 ათასზე მეტი პედაგოგი.
როდის ჩატარდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადია და როგორ მოხდება მოსწავლეების, პედაგოგებისა და ზოგადად სასწავლო პროცესის წახალისება?-
– 2014-2015 წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა უკვე დასრულდა, შედეგებიც გამოცხადდა და გამარჯვებულებიც გამოვლინდა, ხოლო მომავალი წლის ოლიმპიადა შემოდგომაზე დაიწყება. როგორც ჩემთვის ცნობილია, რიგ საგნებში საოლიმპიადო ეროვნული ნაკრები უკვე დგება საერთაშორისო დონზე ასპარეზობისთვის.
არის თუ არა ეროვნული გამოცდები განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოქალაქეებზე სათანადოდ მორგებული და როგორ ჩააბარებენ ისინი წელს ეროვნულ გამოცდებს?
– გამოცდისთვის რეგისტრაციის პროცესში აპლიკანტებს ხვდებათ სპეციალური მინიშნება: „ საჭიროებთ თუ არა სპეციალურ დახმარებს“. პირი, რომელიც ამას მონიშნავს, ვალდებულია, რომ მან ან მისმა ახლობელმა მოგვაწოდოს ინფორმაცია, თუ რა ტიპის დახმარებაა საჭირო. მაგალითად: თუ საქმე გვაქვს უსინათლო აბიტურიენტებთან, მათ ბრაილის შრიფტით სპეციალურ ტესტს ვთავაზობთ. ასევე ვუკავშირდებით და მათივე სურვილით კომპიუტერული პროგრამებით ვამზადებთ ტესტებს. თუ ვინმეს შეზღუდული აქვს მოტორიკა და არ შეუძლია გადაადგილება, ვცდილობთ, ისინი ზედა სართულებზე არ მოხვდნენ. ხშირად არის გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად შარშან წითელას ბევრი შემთხვევა იყო, შესაბამისად ასეთი შემთხვევებისთვის გამოყოფილია სპეციალური სათადარიგო სექტორები და ჩვენ ყოველთვის ვთხოვთ აბიტურიენტებს, რომ წინასწარ გაგვაფრთხილონ ამის შესახებ.
ესაუბრა
ლაკო ბიტ-ბაბიკოვი






