ხვალ, 3 დეკემბერს შშმ პირთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რომლის გათვალისწინებითაც „განსაკუთრებული ჟურნალი“, დღეს, 2 დეკემბერს საკმაოდ საინტერესო ღონისძიებას მართავს თბილისის მედიათეკების გაერთიანებასთან ერთად, ვაკის პარკში მდებარე მედიათეკაში.
ამიტომაც გადავწყვიტეთ „განსაკუთრებული ჟურნალის“ პარტნიორი ინტერნეტ-გამოცემების საშუალებით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა ეს ინეტრვიუ, რომელიც აღნიშნულ გამოცემაში გამოქვეყნდა. „განსაკუთრებული ჟურნალი“ ერთადერთი ინტეგრირებული გამოცემაა საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ანუ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები მუშაობენ და პროექტი მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. წინამდებარე ინტერვიუც ინტეგრირებული ნაშრომია, ავტორები – დიანა ჯიშიაშვილი და ნუგზარ ჭიაბერაშვილი.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს მიაჩნია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაცია საქართველოს თითოეული მოქალაქის პრიორიტეტი უნდა იყოს. საკრებულოს თავმჯდომარის ეს განსაკუთრებული დამოკიდებულება შშმ პირების მიმართ საკრებულოს შენობაშიც კარგად იგრძნობა, სადაც შშმ ადამიანებისათვის ადაპტირებული გარემოა შექმნილი.
ვთვლით, რომ გიორგი ალიბეგაშვილთან საინტერესო და სასარგებლო ინტერვიუ გამოვიდა, დანარჩენი მკითხველმა განსაჯოს… მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, ჩემო განსაკუთრებულო საზოგადოებავ, რომ ჟურნალის ფურცელი არც ისე ბევრი გვაქვს, შეკითხვები კი მრავლადაა, რომლებიც შემდგომისთვის შემოვინახეთ…
ბატონო გიორგი, რას ნიშნავს თქვენთვის იყოთ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე?
– თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობა, უპირველეს ყოვლისა, უდიდესი პასუხისმგებლობაა ჩვენი ქალაქის წინაშე, იმ გუნდის წინაშე, რომელმაც ეს ნდობა გამომიცხადა. დიდი სურვილი მაქვს, ჩემი ამ თანამდებობაზე მუშაობისას ბევრი სიკეთე გაკეთდეს ქალაქისთვის და მათ შორის გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები შშმ პირთა თბილისის ცხოვრებაში აქტიური ჩართვისა და ინტეგრაციისათვის. ეს ჩემი როგორც საკრებულოს თავმჯდომარის და ასევე როგორც რიგითი მოქალაქის განსაკუთრებული პრიორიტეტია.
თანამდებობაზე ყოფნისას, შეიძლება ოდნავ შეშფოთდე კიდეც კაცი, მაგრამ როდესაც მიხვდები, რომ ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგიძლია, – უკვე სხვანაირი ხედვა, სხვანაირი ენთუზიაზმი შეგიპყრობს. ეს ჩემ თავზე გამოვცადე ამ ერთი წლის განმავლობაში. ვეცდებით, ჩვენი თანამოქალაქეებისა და დედაქალაქისთვის ბევრი სასიკეთო საქმე გავაკეთოთ.
კეთილი, კონკრეტულად რა გეგმები და იდეები გაქვთ, რომელიც გსურთ, რომ თბილისში განხორციელდეს?
– ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩემი გეგმები და იდეები, ჩვენს დედაქალაქს, მის განვითარება-გალამაზებას და განსაკუთრებულ პრიორიტეტთა მიმართულებით ბევრ წინ გადადგმულ ნაბიჯსა და სასიკეთო საქმეს უკავშირდება.
თბილისელების წინაშე მდგარ გამოწვევებს კარგად ვიცნობ. დარწმუნებული ვარ, მათი მოგვარება ეკონომიურად ძლიერი დედაქალაქის პირობებშია შესაძლებელი. საბედნიეროდ, აღმოსავლეთის ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნები ჩვენით სულ უფრო მეტად ინტერესდებიან, ეს კი მეტი ინვესტიციის მოზიდვის წინაპირობაა. უდავოდ მნიშვნელოვან პერსპექტივას სახავს ისეთი გლობალური პროექტების განხორციელება როგორიცაა მაგალითად, აბრეშუმის გზის აღდგენა.
ჩვენი დედაქალაქისთვის მასშტაბური პროექტების განხორციელებაც უდავოდ მნიშვნელოვანია. ამჟამად მიმდინარეობს კვლევები. მათ საფუძველზე აიგება ხიდები და ესტაკადები, რომლებიც ქალაქს საცობებისგან განტვირთავს. იგეგმება პუშკინის ქუჩის ესტაკადის მშენებლობა, აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაციის დასრულება, მუნიციპალური ავტოპარკის განახლება, დასუფთავების სამსახურის მოდერნიზაცია და მრავალსართულიანი პარკირების მშენებლობა.
თბილისის ქუჩებიც კიდევ უფრო უნდა გალამაზდეს, რაც ჩვენს თანამოქალაქეებს გაახარებს და ქალაქის სტუმრების კიდევ უფრო მეტ დაინტერესებას გამოიწვევს. ამ მიმართულებითUუნდა განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელთაც პირობითად `შარდენიზაცია~ დავარქვით და რომლის ფარგლებშიც, მაგალითად ფიროსმანის ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება.
ზოგადად, მიმაჩნია, რომ ქალაქი უნდა გაიშალოს და მისი ყველა რაიონი ერთნაირად უნდა დაიტვირთოს. შეიძლება გაკეთდეს მაგალითად ჩაის ქუჩა, ყველის ქუჩა დაახლოებით ისე, როგორც ძველ თბილისში იყო ბამბის რკინის რიგები და ღვინის აღმართი. ამ ქუჩებზე კი თანამედროვე სტანდარტის დახლებზე უქმე დღეებში, რაიონებიდან ჩამოსული მოსახლეობა სოფლის მეურნეობის პროდუქციას მოსახლეობისთვის მისაღებ ფასად გაყიდის. ჩვენს თანამოქალაქეებს კი ეცოდინებათ, რის საყიდლად სად მივიდეს. ასე თემატურად უნდა დალაგდეს ყველაფერი.
რაც შეეხება ჩემთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტთაგან ერთ-ერთს, ის, როგორც თავად დარწმუნდით შშმ პირების დედაქალაქის ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობების გაფართოებას უკავშირდება.
ქალაქის მუნიციპალიტეტი, ერთი მხრივ, მერია და, მეორე მხრივ, საკრებულო, თავიდანვე ურთიერთთანამშრომლობით მოქმედებს შშმ პირებთან მიმართებაში და ეს ფორმალურად, მხოლოდ თანამშრომლობის სურვილის გამოთქმაში არ გამოიხატება. გარდა იმისა, რომ საკრებულოში მათთვის ადაპტირებული გარემო არსებობს, არის როგორც პანდუსები, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ლიფტები, ასევე მათ სრული თავისუფლება აქვთ ჩაერთონ საკრებულოს ცხოვრებაში დაესწრონ სხდომებს და ქალაქის წარმომადგენდობით ორგანოსთან განუწყვეტელ კავშირში იმყოფებოდნენ. ეს ასეც ხდება.
ჩვენ საკმაოდ ხშირად ვმასპინძლობთ ღონისძიებებს, რომლებიც შშმ პირების საზოგადოებაში მეტ ინტეგრაციას ემსახურება. მათ მხოლოდ ნაწილს ჩამოგითვლით: საკრებულოს ინიციატივით, გაიმართა შშმ პირთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ტურნირი, რომელშიც უსინათლოთა კავშირის, ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლები და საკრებულოს დეპუტატები მონაწილეობდნენ.
საკრებულომ ასევე უმასპინძლა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პატარებს საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე და იმედია, ეს ტრადიცია არც მიმდინარე წელს დაირღვევა.
გარდა ამისა, საკრებულოს ისტორიული შენობა რეგულარულად მასპინძლობს ღონისძიებებს რომლებიც შშმ პირებს ეძღვნება. დამემოწმებით, რომ “განსაკუთრებული ჟურნალის” რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ერთი წლის იუბილე და ახალი ნომრის პრეზენტაცია ჩვენთან, საკრებულოში აღინიშნა. თქვენს გამოცემაში ხომ უმეტესად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან დასაქმებულნი.
სულ ახლახანს, კი საკრებულომ დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უმასპინძლა. შეხვედრას რაგბის ქომაგი ბავშვები ესწრებოდნენ, რომელთა შორის შშმ ბავშვებიც იყვნენ, რომლებიც რაგბის ასევე დიდი გულშემატკივრები არიან.
და კიდევ, როდესაც ქალაქის მერიასთან ერთად გაიხსნა პარასპორტის კომპლექსი, ამ თემასთან დაკავშირებით თქვენს წარმომადგენლებთან მქონდა კიდეც საუბარი და გავიმეორებ, რომ ეს დიდ პერსპექტივას სახავს იმისათვის, რათა პარასპორტი კიდევ უფრო განვითარდეს არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მოვიწვიოთ სხვა ქვეყნების პარასპორტსმენები და ასეთი სპორტული ზეიმებით დავტვირთოთ ჩვენი ქალაქი. მოგეხსენებათ, ტურისტული ინდუსტრია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგია მსოფლიოში და მის განვითარებას ეს ღონისძიებები ძალიან შეუწყობს ხელს, შესაბამისად, ჩვენს ქვეყანასაც უფრო პოპულარულს და სტაბილურს გახდის.
შეკითხვას კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდები: რამდენად მალე მოწესრიგდება პანდუსების, იგივე შშმ პირთათვის გადასასვლელები და ასევე უსინათლოთა ბილიკები და მოწყობილობები? ამ კუთხით საკრებულოს აქტივობა როგორია?
– პროცესი დაწყებულია, არც ერთი ახალი საჯარო შენობის პროექტი არ დამტკიცდება თუ ამ პროექტში ყველა შშმ პირებისთვის შესაფერისი გარემო და პირობები არ იქნება უზრუნველყოფილი. საკრებულოს შენობა, რომ ამის ნათელი მაგალითია თავადაც დამემოწმებით. არ გამოვრიცხავთ, რომ მომავალში შშმ კოლეგები გვყავდეს. ქალაქის მერიაში ძალიან ნაყოფიერად მუშაობს რატი იონათამიშვილი. თქვენ ალბათ არ იცით, რომ ბატონი რატი საკრებულოს დეპუტაციის სიაშია და თუ მოხდა ისე, რომ საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი სხვა პოზიციებზე გადავა, დიდი ალბათობით, ბატონი რატი საკრებულოს წევრი გახდება და ეს ჩვენთვის ძალიან დიდი შენაძენი იქნება. თავის დროზეც, ბატონი რატის სიაში ჩასმა ემსახურებოდა სწორედ იმას, რომ შშმ პირების წარმომადგენელი და მათი ინტერესების დამცველი ყოფილიყო და თქვენთვის მისაღები მოდელების შექმნასა და ინიცირებაში დაგვხმარებოდა. ბატონი რატი, ამჟამადაც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ კუთხით ინფრაქტრუქტურული საკითხების მოგვარებასა თუ სხვა თემებში. ჩვენ კი ჩვენის მხრივ, ყოველთვის მხარს დავუჭერთ ისეთ ინიციატივებს რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა ინტეგრირებას საზოგადოებაში და ჩვენი დედაქალაქის ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას.
ბატონო გიორგი, თბილისის საკრებულოს თუ ჰყავს სამსახურში შშმ პირი დასაქმებული?
– სამწუხაროდ, არა. ჩემთვის რამდენადაც ცნობილია ასეთი მომართვაც არ ყოფილა, მაგრამ მე ნამდვილად მივესალმები თუ გამოხატავენ სურვილს და მიიღებენ იმ კონკურსებში მონაწილებას, რომელთა გავლის შემდეგ საკრებულოში და ზოგადად საჯარო დაწესებულებებში თანამშრომელთა მიღება ხდება.
როგორ აღიქვამთ შშმ ადამიანს ან უბრალოდ ჩვენნაირ “ჩვეულებრივ” ადამიანს?
– პირადად მე თუ მეკითხებით, მე აღგიქვამთ, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს და დღევანდელი ჩვენი შეხვედრაც ამას მოწმობს. თქვენ ხართ ისეთივე სრულფასოვანი ჟურნალისტი, როგორც ნებისმიერი სხვა. ხოლო რაც შეეხება საზოგადოებაში არსებობს თუ არა გარკვეული სახის სტიგმა, რომელსაც უნდა ვებრძოლოთ, სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ეს სტიგმა არსებობს და თითეული ჩვენგანის – თანამდებობის პირების, არათანამდებობის პირების, ყველა ადამიანის ვალია ერთად ვებრძოლოთ ამ სტიგმას. სტიგმასთან ბრძოლა შშმ პირების ოჯახის წევრების ცნობიერებაში მისი დანგრევით უნდა დავიწყოთ. რადგან ხშირ შემთხვევაში შშმ პირების გარე პასიურობის მიზეზი სწორედ ოჯახის წევრები არიან.
არ მინდა ამ კითხვის გარეშე გავიდეს ეს ინტერვიუ “განსაკუთრებულ ჟურნალში”. ძალიან იშვიათად მინახავს ხელისუფლის კაბინეტში ილია ჭავჭავაძის ფოტო. ვინ არის თქვენთვის ილია ჭავჭვაძე და რატომ მაინცდამაინც იგი თქვენ სამუშაო კაბინეტში?
– ილია ჭავჭავაძის გარდა, დიმიტრი ყიფიანის ფოტოც არის ამ ოთახში. თუ რატომ დიდი ილიას ფოტო, ძნელი ასახსნელი არ არის: ცნობილია, რომ მეცხრამეტე საუკუნიდან ყველაზე რთული ეროვნული თვითგამორკვევის ეტაპზე დავდექით. ეს იყო უმძიმესი პერიოდი და ამ პროცესს ჩვენ ახლაც გავდივართ, ანუ ეროვნული, სულიერი, ფიზიკური და მენტალური გათავისუფლების ეტაპი ჯერ არ დაგვისრულებია, იმიტომ, რომ ურთულეს ეპოქაში ვცხოვრობთ, მსოფლიოში ძალიან დიდი ცვლილებები მიმდინარეობს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართველ კაცს ყოველთვის ღირსეულად გადაულახავს ასეთი ჟამი. ეროვნულ-გამათავისუფლებელი მიზანსწრაფვა ილია ჭავჭავაძის სახელს უკავშირდება. მანამდე მეფეებს უკავშირდებოდათ და მერე, როგორც ვიცით, ბაგრატიონთა დინასტია გაუქმდა, ისევე როგორც ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და მთელი ეს ტვირთი ილია ჭავჭავაძემ და მისმა თანამოაზრეებმა იკისრეს. ჩვენ რომ ილია ჭავჭავაძის იდეები ამოვკრიბოთ მისი პუბლიცისტური თუ ლიტერატურული ნაწარმოებებიდან და მწყობრი სისტემა შევქმნათ, ზუსტად აღმოვაჩენთ იმას, რომლის შესახებაც დღესაც და მომავალშიც უნდა ფიქრობდეს ქართველი კაცი, რათა პოლიტიკური, კულტურული, სულიერი სიმტკიცე და მიზანი შეინარჩუნოს.
შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარად რელიგიურ-ეროვნულ-სახელმწიფოებრივი და ზნეობრივი კონსტიტუციაც კი არის ილია ჭავჭავაძის შრომებში…
– დიახ, რაც ილიამ სამ სიტყვად ჩამოაყალიბა “მამული, ენა, სარწმუნოება”… ზუსტად ამ მიმართულებით მიჰყავდა ილიას ქართველის ცნობიერება, რომ სამშობლოს სიყვარულს დაეფუძნოს ენისა და რელიგიის სიყვარული, აუცილებელია, შენი ენის სიყვარული ითვალისწინებდეს რელიგიისა და მამულის სიყვარულს, რწმენა კი მამულისა და ენის სიყვარულს. ანუ ეს სამი კომპონენტი იმდენად შეკრულად და ურთიერთგადაჯაჭვულად წარმოგვიდგინა ილიამ, რომ დაცალკევება არანაირად არ მოგვცემს სასურველ შედეგს.
როგორც ერთი რიგითი მოქალაქე – გიორგი ალიბეგაშვილი, რას ეყრდნობა, რა არის თქვენი ცხოვრების მთავარი საფუძველი?
– ასე ვიტყოდი: ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა გარემოში გიწევს ადამიანს პიროვნებად ჩამოყალიბება, ეს იქნება ოჯახი, მეგობრები, უნივერსიტეტი თუ სხვა. ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე უდიდესი გავლენა მოახდინა ოჯახმა და მასწავლებლებმა. ჩემი მასწავლებლები იყვნენ: რევაზ სირაძე, თამაზ ჩხენკელი, ვახუშტი კოტეტიშვილი, აკაკი ბაქრაძე, რეზი თვარაძე. ვამბობ ხოლმე: მათი მოსწავლეობიდან გამომდინარე, ურიგოდ მოქცევის უფლება არ მაქვს. ამ ადამიანებისგან რასაც ვსწავლობდი მათი ლექციებით, პირადი ურთიერთობებით, სუფრა იქნებოდა ეს თუ სადმე მთაში წასვლა ზურგჩანთებით, ერთმანეთთან `ბიჭური~ ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე გაცილებით უფროსები იყვნენ, დაუვიწყარია. მასწავლეს ჩემი პროფესიის, ჩემი სამშობლოს, ადამიანის სიყვარული. თუ ადამიანი და საკუთარი საქმე გიყვარს, ყველაფერს მიაღწევ. ამასთან ერთად გეყვარება შენი ოჯახი, მეგობრები, შენი თანამოქალაქენი, წინაპრების საფლავები… ადამიანი თუ გიყვარს, პატიება შეგეძლება.
ამ მრწამსით ვაგრძელებ ცხოვრებას, მუშაობას ამ თანამდებობაზე. არც იმის ილუზია მაქვს, რომ შეცდომა არ მომივივა, თუმცა მთავარია შეცდომები მინიმალური და სწაფადგამოსწორებადი იყოს.
შენიშვნაზე და კრიტიკაზე როგორია ქალაქის საკრებულოს თავჯდომარის რეაქცია?
– მე ვარ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ჩემი საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებიც კრიტიკის საგანი იყო. უნდა აღვნიშნო, ძალიან კარგი, ღირსეული ოპონენტები მყავდნენ, რომელთა კრიტიკას ვითვალისწინებდი. რაც არ იყო მისაღები-დამაკმაყოფილებელ და არგუმენტირებულ, ფაქტებით გამაგრებულ პასუხს ვცემდი, რაც საორჭოფო იყო, ვაგრძელებდი კვლევას. ასევე ვუდგები ცხოვრებისეულ კრიტიკას, რაც არის არგუმენტირებული და მისაღები, აუცილებლად გავითვალისწინებ. რაც მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და არაფერს სასიკეთოს არ იძლევა, არანაირად არ დავეთანხმები.
დავუბრუნდეთ თბილისს. ძველი და ახალი თბილისი, თქვენი ბავშვობის, თქვენი ახალგაზრდობის, ბიჭობისდროინდელი თბილისი გაიხსენეთ და, კიდევ ერთი, რაზე გწყდებათ გული?
– გული მწყდება იმაზე, რომ ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს ლაღიძის წყლები არ აქვთ. ლაღიძის წყლების გაუქმება უდიდესი ბოროტებაა… ვიღაცას თავში მოუვიდა, რომ თბილისისათვის წაერთმია თბილისური ეშხი და სისადავე-ლაღიძის წყლები. ამ დალოცვილ ადგილას რომ მიხვიდოდი, არც შეყვარებულის მიყვანა შეგრცხვებოდა, არც სტუმრის (რაც არ უნდა მაღალი რანგის ყოფილიყო), თუნდაც სადილად შეხვიდოდი, აჭარულ ხაჭაპურს მიირთმევდი…
რაც შეეხება თაობათა შორის განსხვავებებს, ეს ყოველთვის იყო და იქნება. მაგრამ არ შემიძლია სიამაყით არ ვისაუბრო ახალ თბილისზე, ჩვენი შვილების თავგანწირვაზე, რომლებმაც 13 ივნისს საოცარი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და საკუთარი მოქალაქეების გვერდის დგომის საუკეთესო მაგალითი აჩვენეს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის ფურცლებიდან კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ქალაქს, ქვეყანას, როდესაც ასეთი თაობები ეზრდება მას აუცილებლად აქვს მომავალი.
ბატონო გიორგი, საკრებულოს უახლესი გეგმა რა აქვს ლაღიძის წყლების აღდგენა-დაბრუნებისთვის?
– ჩვენ ამასთან დაკავშირებით კონსულტაციებს მერიასთან ვმართავთ. ჯერ-ჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ, დღეს იქნება თუ ხვალ, დადებითი შედეგი რომ დადგება, ამაში დარწმუნებული ვარ.
იმედია პანდუსის დაყენება არც ლაღიძეში დაგავიწყდებათ..
– რასაკვირველია, ეს ასე იქნება.
ყოველთვის აქვს ადამიანს მთავარი სათქმელი, რომლის მიწვდენაც სურს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტჯერ… რა არის ასეთი რამ თქვენთვის?
– თბილისი იმსახურებს, რომ იყოს არა მხოლოდ ამიერკავკასიაში, არამედ მთელ მსოფლიოში გამორჩეული ქალაქი. ამის მონაცემები ნამდვილად აქვს ჩვენს დედაქალაქს, მთავარია, დავუბრუნოთ თბილისს სითბო, სიყვარული, სიკეთის განცდა, ერთმანეთისადმი დიდი პატივისცემა, რომელიც საუკუნეების მანძილზე ახასიათებდა მას. ეს არის თბილისის ყველაზე დიდი ხიბლი, ამას ყველა ტურისტი გრძნობს. მაშ ასე – თბილისს დავუბრუნოთ თბილისური ურთიერთობები.
ბატონო გიორგი, ჩვენ დავდივართ ვარჯიშზე, ფარიკაობაში ვემზადებით, დრო არ გვაქვს მეტი მუშაობისთვის. როგორც პარასპორტის წარმომადგენლებისთვის, რამდენადაა შესაძლებელი, რომ მინიმალური ხელფასი გვქონდეს?
– სამწუხაროდ, თქვენ მიერ წამოჭრილი პრობლემა საკრებულოს კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ ვფიქრობ, მერია და საკრებულო უნდა ჩავერთოთ და ერთობლივად ვიპოვოთ გამოსავალი. მახსენდება პოლონეთის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მივიღე და რომელსაც 60 ქვეყნის 3000-მდე დელეგატი ესწრებოდა. იმ პანელზე, რომელზეც გამოვედი წამყვანი იყო შემდეგი სლოგანი-ტურიზმის ხელშემწყობი ინდუსტრიების განვითარება. ანუ ჩვენ ამ სფეროსაც სერიოზულად უნდა შევეჭიდოთ, რასაც ბევრი მცირე და საშუალო ბიზნესის გავითარება მოყვება. ამ მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმული გვაქვს და ვფიქრობ, რომ თქვენი ჩართვაც აუცილებელია. მთავარია, რომ თქვენ იყოთ აქტიურები, ჩვენ ხშირად შეგვაწუხოთ, მოგვმართოთ წინადადებებით, ინიციატივებით და ერთობლივი ძალებით ვიფიქროთ რაც შეიძლება მეტი შშმ ადამიანი დასაქმდეს და თავისი შემოსავალი ჰქონდეს.
დიანა ჯიშიაშვილი, ნუგზარ ჭიაბერაშვილი