7 თებერვალს საფეხბურთო კლუბმა „ბარსელონამ“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ დირექტორთა საბჭომ საქართველოში ოფიციალური ფან-კლუბი დაამტკიცა. Penya Blaugrana Tbilisi – ასე ერქმევა „ბარსელონას“ ქართულ ფან-კლუბს. საქართველოსთან ერთად „ბარსელონამ“ კიდევ 14 ქვეყნის ფან-კლუბი დაამტკიცა.
როგორ უნდა გაწევრიანდეს გულშემატკივარი ფანკლუბში, რა თანხა იქნება გადასახდელი და რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ფანკლუბის წევრები, ამ და სხვა საკითხებზე „თბილისი თაიმსი“ მიხეილ ზაქარეიშვილს, „ბარსელონას“ ქართული ფან-კლუბის, Penya Blaugrana Tbilisi- ის პრეზიდენტს ესაუბრა.
რამდენი ხანი დასჭირდა ოფიციალური სტატუსის მიღებას და რა პროცედურები გაიარეთ ? კიდევ თუ დარჩა გასავლელი ეტაპები?
– აქტიურ მუშაობას თუ ჩავთვლით, ოფიციალური სტატუსის მიღებას დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა. 2015 წლის სექტემბერში გავგზავნეთ პირველი მოთხოვნა, განაცხადი გავაკეთეთ და ბარსელონაში გავაგზავნეთ, რომ გვსურდა ოფიციალური ფან-კლუბის დაარსება. მას შემდეგ საკმაოდ დიდხანს მოგვიწია ლოდინი. წელიწად-ნახევარი დიდი დროა ამისთვის. მიმდინარეობდა ერთმანეთში დოკუმენტების გაცვლა. 2017 წლის 6 თებერვალს უკვე გვაცნობეს არაოფიციალურად, რომ სტატუსი მოგვენიჭა. 7 თებერვალს კი ოფიციალურად დადასტურდა ეს ინფორმაცია. პროცედურები ძირითადად ოთხ ეტაპად იყოფა: თავდაპირველად, ფორმალურად უნდა გაგზავნო განაცხადი, რომ გსურს ფან-კლუბის დაარსება. კლუბი გიდგენს ნორმებს სახელის შერჩევის დროს. არ შეიძლება, მაგალითად, ფიგურირებდეს საქართველო, იმიტომ, რომ ეს არ არის ქართული ფან-კლუბი. ეს არის თბილისის ფან-კლუბი. კლუბის სიმბოლიკის გამოყენების უფლება არ გვაქვს ლოგოში. ასევე კლუბისთვის მნიშვნელოვანია, რამდენი ადამიანი ცხოვრობს იმ ქალაქში, სადაც ფან-კლუბი იქნება. რაც უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს ქალაქში, უფრო მეტი წევრის დარეგისტრირება მოეთხოვება ფან-კლუბს. შემდეგ ხდება დოკუმენტაციის გაგზავნა, მათ შორის, წესდებასაც კი არეგულირებენ. შემდეგი არის ოფიციალური ცნობა, რომელიც მათთვის უკვე ფორმალობაა და ყველაზე დიდხანს გაგრძელდა. ჩვენი მხრიდან დოკუმენტების გადაგზავნა, დაახლოებით სამ-ოთხ თვეში, დასრულდა. მას შემდეგ მოლოდინის რეჟიმში ვიყავით. საბოლოოდ, თებერვალში მოგვცეს სტატუსი.
გასავლელი ეტაპებს რაც შეეხება, ჩვენ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ კლუბის ფუნქციონირება, რადგან კლუბისგან ამის ნებართვა გვაქვს. უბრალოდ, ჯერ კიდევ გრძელდება გარკვეული დოკუმენტების გაცვლა. ახლახან ერთი დოკუმენტი გავგზავნეთ. სხვადასხვა დეპარტამენტებია: ფინანსური დეპარტამენტი ცალკე გვეკონტაქტება. ჩვენ ვეკუთვნით „ბარსელონას“ ფან-კლუბის გაერთიანების მსოფლიო ფედერაციას. სულ სამი ფედერაციაა: პირველი – კატალონიის, მეორე -დანარჩენი ესპანეთის და მესამე – მსოფლიოსი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ ფან-კლუბში მიგვიღეს, მსოფლიო ფედერაციაში ამ დღეებში გავერთიანდით. თვითონ გვიგზავნიან ფორმას, ჩვენ ვავსებთ და ვუგზავნით. ჯერჯერობით კიდევ არ ვიცით როდის გავალთ ბოლოში ამ ფორმალური ნაწილის მხრივ, თუმცა ოფიციალურად ფუნქციონირების უფლება კლუბისგან მონიჭებული გვაქვს.
როგორ გგონიათ, ამ პროცესს სუპერთასის მატჩმა რამდენად შეუწყო ხელი? ყველას კარგად ახსოვს, ალბათ, 2015 წლის აგვისტო – ბილეთების რიგები, შევსებული სტადიონი და თამაშის შემდეგ ბარსელონას ფეხბურთელების კომენტარები, რომ ისინი თავს საკუთარ სახლში გრძნობდნენ… ფანკლუბის ოფიციალური სტატუსის მიღებას თუ შეუწყო ხელი ამ თამაშმა?
– პირდაპირ გეტყვით, ეს იყო მთავარი ბიძგი . ჯგუფს, რომელიც ამ ფან-კლუბის უკან ვდგავართ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გვსურდა ოფიციალური ფან-კლუბის დაარსება, მაგრამ რეალურად ეს გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. „ბარსელონას“ საკმაოდ გართულებული აქვს ეს პროცედურები. როდესაც „ბარსელონა“ თბილისში იყო, მაშინ გავიცანით მსოფლიო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, იამალ ჰავაში, რომელიც შეგვპირდა, რომ დაგვეხმარებოდა ფან-კლუბის დაარსებაში. ოფიციალურად პროცედურების დაწყება, შეიძლება ითქვას, რომ კლუბის ინიციატივითაც მოხდა, ამიტომ ძალიან დიდი მნიშვნელობა იქონია ამ მატჩმა. გარდა იმისა, რომ ფიზიკურად აქ იყვნენ , ის სიტუაცია, რაც აქ დახვდათ, თუნდაც ის ბილეთების ამბავი და შემდეგ უკვე სტადიონზე გულშემატკივრობა, რაც არაერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გულშემატკივრობა მართლაც შესაშური იყო, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ამ ყველაფერზე.
როგორ უნდა გაწევრიანდეს გულშემატკივარი ფანკლუბში? თანხა თუ იქნება გადასახდელი და რა პრივილეგიებით ისარგებლებენ ფანკლუბის წევრები?
– ვინაიდან გახსნილები არ ვართ, ფუნქციონირება დაწყებული არ გვაქვს, ჯერჯერობით შეჩერებულია. გაწევრიანება იქნება ძალიან მარტივი. გვექნება ვებგვერდი, ცალკე ოფიციალური ფან-კლუბის ვებგვერდი იარსებებს, სადაც უბრალოდ ფორმას შეავსებ. ასევე იქნება გადასახდელი მინიმალური საწევრო, ქართული სტანდარტებითაც კი ძალიან მცირე თანხა და თანხის გადახდის შემდეგ უკვე ავტომატურად მოხდება გაწევრიანება. დაახლოებით ვიცით რამდენი იქნება თანხა გადასახდელი, მაგრამ თავს შევიკავებ ამ ეტაპზე დაკონკრეტებისგან. ეს იქნება წლიური გადასახადი და წელიწადში, გეტყვით, რომ არც ერთ შემთხვევაში არ ასცდება 50 ლარს. გვექნება ასაკობრივი ფასები. მცირეწლოვნებისთვის, რომლებიც ვერ ისარგებლებენ ვერანაირი პრივილეგიით ჩვენს კლუბში, იქნება კიდევ უფრო სიმბოლური გადასახადი.
პრივილეგიები შეიძლება დავყოთ ორ ნაწილად: პირველი, რა პრივილეგიებით ისარგებლებენ თბილისში და მეორე – ბარსელონაში. მთავარი არის, ალბათ, ბარსელონაში პრივილეგიები. ვიზალიბერალიზაცია უკვე ძალაში შევა მალე და იმედი გვაქვს, რომ ესპანეთში პირდაპირი ფრენებიც დაინიშნება და უკვე ძალიან მარტივი იქნება ბარსელონაში ადგილზე რაღაც პრივილეგიებით სარგებლობა. მთავარი პრივილეგია, ალბათ, არის ის, რომ „ბარსელონას“ თამაშებზე, ნებისმიერ საშინაო თამაშზე, გვეკუთვნის 15%-იანი ფასდაკლება ჩვენი კლუბის წევრებს. ფასდაკლების მიღება მოუწევთ კლუბის ადმინისტრაციის გავლით, მაგრამ შესაძლებელია ფასდაკლება, მათ შორის, კლასიკოზე და ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე. გარდა ამისა, შესაძლებელი იქნება 20%-იანი თუ 25%-იანი ფასდაკლება, ზუსტად არ მახსოვს, „ბარსელონას“ ოფიციალურ მაღაზიებში. ასევე ფეხბურთის და კალათბურთის პირველი გუნდების გარდა, ყველა დანარჩენ მატჩებზე იქნება უფასო („ბარსელონა ბ-ს“ თამაშებზე, ქალთა გუნდებზე და სხვა). ეს რაც შეეხება ბარსელონას.
თბილისში გვექნება მუდმივი თავშეყრის ადგილი. ეს არ იქნება ფან-კლუბი, რომელიც კვირაში ერთხელ ან ორჯერ იკრიბება მხოლოდ თამაშებზე. ფან-კლუბს ექნება თავისი ბარი. ამ ბარში ფან-კლუბის წევრები, რომლებსაც ბარათი ექნებათ, ისარგებლებენ სერიოზული შეღავათებით. გარდა ამისა, უკვე რამდენიმე კომპანიასთან გვაქვს მიღწეული შეთანხმება, რომელიც კიდევ მიმდინარეობს. ფან-კლუბის წევრებს თბილისში სხვადასხვა კომპანიებთან სერიოზული შეღავათები ექნებათ.
სად იქნება ფანკლუბი ტერიტორიულად განთავსებული?
– ჯერჯერობით, საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი. აქამდე მაინც ვერიდებოდით მუდმივი თავშეყრის ადგილის აღებას და გვინდოდა ისე გაგვეკეთებინა, რომ უბრალოდ შევკრებილიყავით თამაშებზე, მაგრამ ცოტა ხნის წინ გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნება დავნერგოთ ეს ევროპული ტრადიცია, რაც ესპანეთშიც არის. „ბარსელონას“ გულშემატკივრებმა იციან, რომ ყოველთვის არსებობს ადგილი, სადაც, მიუხედავად იმისა, არის თუ არა თამაში, მათ თანამოაზრეებთან ერთად შეუძლიათ მივიდნენ და გაატარონ დრო. ამიტომ, ვინაიდან მიზნებში ცოტა ცვლილებები გვაქვს, საბოლოოდ გადაწყვეტილი არაა, სად იქნება კონკრეტულად. თუმცა, ვიცით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს მარტივად მისადგომი და მისაგნები ადგილი. რამდენიმე ვარიანტი გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით ზუსტად არაა გადაწყვეტილი.
გეტყვით იმას, რომ ეს არ იქნება ფან-კლუბი, რომელიც გამოკეტილი იქნება რაღაც პაბში. ვგეგმავთ, გარკვეული სოციალური პასუხისმგებლობითაც დავიტვირთოთ და ზოგადად ხელი შევუწყოთ, მაგალითად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, გულშემატკივრის კულტურის განვითარებას ქვეყანაში… ჩვენ გვინდა, რომ უფრო ფართო სეგმენტი მოვიცვათ.
როდის გაიხსნება? თარიღი თუ გაქვთ დადგენილი?
– თარიღი არ არის დათქმული. პრობლემას უკვე გვიქმნის ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონას პრობლემები შეექმნა. რა თქმა უნდა, გვინდოდა, რომ ისეთ თამაშზე გაგვეხსნა, რომელსაც დამატებითი დატვირთვაც ექნებოდა. გვინდა, რა თქმა უნდა, მიმდინარე სეზონში მოხდეს ეს ყველაფერი, მაგრამ გააჩნია თვითონ ბარსელონა როგორ შეგვიწყობს ხელს. იმედი მაქვს, რომ ამ სეზონში, გარდა იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მოვახერხებთ, მოვასწრებთ და დიდი ალბათობით ასეც იქნება, „ბარსელონას“ მხრიდან, კლუბისგან, ფეხბურთელებისგან იქნება მხარდაჭერა, რომ რამე ისეთი თამაში გაიმართოს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა ექნება. ეს სიმბოლურიც გამოვა. ასევე, ვადაში შეზღუდულები ვართ. 7 თებერვლიდან ექვსი თვის განმავლობაში უნდა გადავუგზავნოთ კლუბს წევრების სია. მთლად ჩვენს ნებაზეც არ არის, კლუბიც გვაჩქარებს. ყველა წევრის ინფორმაცია იგზავნება კლუბში, რათა შემდეგ მათ დაამზადონ ბარათები და გადმოგვიგზავნონ. ასე რომ, მხოლოდ ჩვენ არ შევინახავთ ინფორმაციას, მათაც ეცოდინებათ კლუბის წევრების ვინაობა.
ნინო მაზიაშვილი













