• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, May 12, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რატომ ითვლება თვითმკვლელობა ცოდვად? – რელიგიური კონფესიების განმარტებები

9 years ago
in რელიგია
A A
13
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

პრობლემა, რომელზეც ჩვენი რესპოდენტები საუბრობენ, ყველა დროსა და საზოგადოებაში მოუშუშებელ ჭრილობად რჩება. ეს პრობლემა სუიციდია. ეგოიზმიდან ალტრუიზმამდე დიაპაზონში შესაძლოა თვითმკვლელობის უამრავი მიზეზი მოვიძიოთ. თუ რელიგიურ ჭრილში განვიხილავთ, ასევე გაგვიჭირდება სუიციდის ყველა შემთხვევას ცოდვის იარლიყი მივაკეროთ. რთულია ვთქვათ, რომ პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა – მწერლის სახლში პაოლომ თოფი საკუთარ თავს დაუმიზნა და საბჭოთა უსამართლობას ესროლა…

 „თბილისი თაიმსმა“ სხვადასხვა რელიგიურ კონფესიების სასულიერო პირებს და თეოლოგებს  ორი კითხვით მიმართა – რატომ ითვლება თვითმკვლელობა ცოდვად? დაასახელეთ სუიციდის მიზეზები და პრევენციის გზები?

 მირიან გამრეკელაშვილი, გერმანიის აიხშტეტის უნივერსიტეტის  თეოლოგიის დოქტორანტი:

– მიუხედავად იმისა, რომ რელიგიათა უმრავლესობისთვის იდეალური სამყარო მიღმიერი და სიკვდილის შემდგომი არსებობის სარბიელია, სინამდვილეში მათ ამოცანას სიცოცხლისადმი მსახურება წარმოადგენს. რელიგია ისევე როგორც კულტურა, ვერ იარსებებს ადამიანების გარეშე. იმ რელიგიებმა, რომლებიც საკუთარი მიმდევრების გამრავლებასა და სიცოცხლისუნარიანობაზე არ ზრუნავდნენ, საბოლოოდ არსებობა შეწყვიტეს. ადრეულ ქრისტიანობაშიც იყვნენ მიმდინარეობები, რომელთათვისაც ადამიანის სიცოცხლე უმაღლეს ფასეულობას არ წარმოადგენდა, რამაც მათი გაქრობა გამოიწვია. საბოლოო ჯამში, ჩვენამდე მოღწეული რელიგიების უმრავლესობა სწორედ სიცოცხლის კანონზომიერების დაცვისა და მასზე ზრუნვის ნიშნით განვითარდა. თვითმკვლელობის მიმართ მკაცრი დამოკიდებულება და მისი მოუნანიებელ ცოდვად გამოცხადება, რელიგიის მხრიდან, სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

 ქრისტიანული თეოლოგიის მიხედვით, რამდენიმე დოგმატური მოსაზრება არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ითვლება თვითმკვლელობა  ცოდვად. მათი უმრავლესობა ამოდის ე.წ. პნევმატოლოგიური (მოძღვრება სულიწმინდის შესახებ) და შესაქმის თეოლოგიის დასაბუთებიდან. ადამიანი ამ ქვეყნად მოვლინებას უფალსა და მის განგებას უნდა უმადლოდეს (დაბ. 2,7). შესაბამისად, მისი ცხოვრება მხოლოდ მას არ ეკუთვნის და მისი მოწყვლის უფლებაც ერთპიროვნულად არ გააჩნია. თუმცა ქრისტიანობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ ნაბიჯის გამომწვევ მიზეზებსა და კონტქსტს. მაგალითად, ამბავი სამსონის მიერ ფილისტიმელებთან ერთად საკუთარი თავის მოკვლისა ბიბლიაში უარყოფითი შეფასების გარეშეა გადმოცემული (მსაჯ. 16). ასევე არ ეთვლებოდათ თვითმკვლელობა შეუნდობელ ცოდვად იმ მონაზვნებს, რომლებიც უბიწოების აღთქმის დაურღვევლობის გამო გაუპატიურების საფრთხეს ამ გზით გაურბოდნენ.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენი ევოლუციის პროცესის მსვლელობისას ძლიერ სოციალურ არსებებად ჩამოვყალიბდით, რომელიც ბუნებასთან ახლო კავშირში და მისი მოთვინიერებით ახერხებდა საკუთარი სასიცოცხლო ინტერესების დაკმაყოფილებას. კაცობრიობის საბინადრო რეალობა მილიონობით წლის განმავლობაში მოიცავდა: ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას, ნატურალური საკვებით საზრდოობას და ნაშიერის გამრავლებაზე ფოკუსირებას. ეს უკანასკნელი თავისთავად გულისხმობდა მძაფრი სექსუალური ენერგიის  და შესაბამისად დიდხანს სიცოცხლის დაუოკებელი წყურვილის წარმოქმნას. ძლიერი ოჯახური და ჯგუფური მექანიზმები ადამიანის ერთგვარ ფსიქიკურ გამხნევებას ახდენდა, ადამიანი ერთი მთლიანობის მნიშვნელოვან წევრად გრძნობდა თავს.

თანამედროვეობამ, ბევრ სიკეთესთან ერთად, უამრავი გამოწვევაც მოიტანა. ადამიანი ბუნებისგან გაუცხოვდა, დაკარგა ცოდნა მის შესახებ. ვინაიდან შრომითი ბაზარი დღითი-დღე ადამიანისაგან უფრო და უფრო მეტ ჯაფას ითხოვს, მას ნაკლებად რჩება დრო ცხოვრებით ტკბობისა და სიამოვნების მომტანი საქმიანობისათვის. ცალკე აღსანიშნავია მისი სოციალური განმხოლოება. ადამიანები ან საერთოდ ვერ აჩენენ, ან ბევრი შვილის ყოლას ერიდებიან. სკომუნიკაციო საშუალებების სიმრავლემ ბევრი მათგანი სოციალურად გადაღალა და უსარგებლო ინფორმაციების ნაკადით დააბნია. იგი თავს ეულად გრძნობს ცხოვრებისეული განსაცდელების წინაშე და მომავლის მიმართ შიშის, უნუგეშობის, ძრწოლის პირობებში ცხოვრობს. აქ ასევე შემოდის საკითხი ადამიანის მხრიდან რწმენის, იმედისა და სიყვარულის განცდის დაკარგვისა. მას, ვინც თავს იკლავს, აღარ გააჩნია რწმენა, რომ არსებობს უფალი, მისი ღვთიური მოწყალება და მფარველობა; დაკარგული აქვს მომავლის იმედი; ვეღარ გრძნობს, რომ ის ვიღაცას უყვარს და აღარც სხვის მიმართ განიცდის სიყვარულს, რადგან არ თვლის, რომ ის ვიღაცას სჭირდება. სამწუხაროდ, სოციალური და თვითობის გამამყარებელი ფუნქცია რელიგიებმაც დაკარგეს. მათი  მორალური კონცეფციები ან დროშია აცდენილი ან უაღრესი სიმკაცრის გამო თანამედროვე ადამიანისათვის მხოლოდ ტვირთს წარმოადგენს.

თვითმკვლელობისგან ადამიანის დაცვის მიზნით, უპირველესად, ფსიქოლოგის სასწრაფო ჩარევაა საჭირო. მნიშვნელოვანია კაცობრიობამ როგორმე გამონახოს გზები ბუნებასთან თანაარსებობის აღსადგენად, მოახდინოს შრომითი ბაზრის იმგვარად ორგანიზება, რომ ადამიანი საექსპლუატაციო რობოტად არ იქცეს. თავიდან უნდა იქნეს აცილებული ზედმეტი მორალიზმი და სიცოცხლის მომგვრელი ეროტიზმისგან სამყაროს დაცლა. რაც შეეხება საქართველოს, სასურველი იქნებოდა ყველაზე ძლიერ რელიგიურ ინსტიტუციას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, საკუთარი სოციალური როლი გაეაზრებინა. სინამდვილეში, რწმენა სიყვარულთან ერთად სწორედ იმედთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. ჩვენს ქვეყანაში კი ადამიანები სწორედ მომავლის იმედს კარგავენ. თვით ეკლესიის მსახურებშიც, იმედი ესქატოლოგიური, რწმენითი თვისების კი არ არის, არამედ ძირითადად პოლიტიკურ წარმოდგენებსა და პროცესებს უკავშირდება. ეკლესია უნდა იყოს წყარო რწმენისა, რომელიც ადამიანებს სასოებით და სიყვარულით აღავსებს, მისცემს მათ ძალას, გაუძლონ ცხოვრებისეულ გამოწვევებს.

რუსუდან გოცირიძე, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი:

– მსოფლიო რელიგიებისათვის თვითმკვლელობა ღვთის საწინააღმდეგო აქტად მოიაზრება. ზოგიერთი რელიგია მას განიხილავს, როგორც  უპატიებელ, მომაკვდინებელ ცოდვას და იგივე სიმძიმეს აკისრებს თვითმკვლელობის ჩამდენს, რასაც სხვა ადამიანის მკვლელს. ითვლება, რომ სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია მისი განკარგვა. ბიბლია სულ რამდენიმე თვითმკვლელს წარმოგვიდგენს, რომელთაც ძალიან განსხვავებული ისტორიები აქვთ. არის მაგალითები, რომლებიც ეგოისტურ ხასიათს ატარებს, როდესაც ღრმა დეპრესიულ ფონზე ადამიანი იღებს სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას – იუდა ისკარიოტელის მაგალითი, ალბათ ყველაზე თვალსაჩინო იქნებოდა ამ თვალსაზრისით. არსებობს თვითმკვლელობის მაგალითი, რომელიც შეიძლება განვიხილოთ, როგორც მტერთან ბრძოლის იარაღი – მაგალითად, როდესაც სამსონი ფილისტიმელების დახოცვის მიზნით, ფაქტობრივად, მიდის თვითმკვლელობაზე… ასევე, არსებობს ე.წ. ალტრუისტული ხასიათის თვითმკვლელობა – როდესაც სხვების გადარჩენის მიზნით ადამიანი შეგნებულად დგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც სიკვდილამდე მიიყვანს. ასეთ მაგალითს, ფაქტობრივად, წარმოადგენს მაცხოვრის თავგანწირვა და მისი მსხვერპლი კაცობრიობის ცოდვების გამოსახსნელად.

სწორედაც რომ თვითმკვლელობების ფაქტებისა და მათი ბუნების არაერთგვაროვნობის გამო, ერთი მხრივ, იუდაიზმმა და, მეორე მხრივ, ქრისტიანობამაც შეარბილა კატეგორიული დამოკიდებულება თვითმკვლელობის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ არ შეცვლილა ის დამოკიდებულება, რომ სიცოცხლე არის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც უფალმა მოგვცა და მის ხელთაა მისი საწყისიცა და სასრულიც, ზემოხსენებული რელიგიები არ ამბობენ გადაჭრით, რომ თვითმკვლელი ჯოჯოხეთში მიდის. თუმცა, აქვე უნდა დავძინოთ სხვადასხვა ქრისტიანული დენომინაციის განსხვავებული მიდგომაც… საქმე ისაა, რომ საღვთო წერილში არ არსებობს პირდაპირი მინიშნება თვითმკვლელობის როგორც მომაკვდინებელი ცოდვის შესახებ. ამის ინსპირაციად შეიძლება დავასახელოთ რომაელთა მიმართ ეპისტოლე 8:38 სადაც საუბარია იმაზე, რომ ვერც სიკვდილი და ვერც სიცოცხლე … ვერ დაგვაშორებს უფლის სიყვარულს.

მე, როგორც ღვთისმსახური, ვთვლი, რომ თვითმკვლელობა საშინელი მოვლენაა. ეს არის გამოუსწორებელი ტკივილი, რომელსაც თვითმკვლელი აყენებს ახლობლებსა და ძვირფას ადამიანებს. ეს ის მოუშუშებელი ტკივილია, რომელსაც სამარადჟამოდ აჰკიდებს თვითმკვლელი გარშემო მყოფებს. მაგრამ, როცა მეკითხებიან, თუ რას ეუბნება ღმერთი თვითმკვლელს, პატიობს თუ არა იგი ამ ცოდვას… მინდა გითხრათ, რომ ამასთან დაკავშირებით საღვთო წერილიდან შესაძლოა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული პასუხები ამოვკრიბოთ. ჩემთვის, მთავარი გზამკვლევი არის ნდობა და რწმენა იმისა, რომ ღმერთი არის სიყვარული და ის არ დაუშვებს ამ ქვეყანაზე განწირული ადამიანის სამარადჟამო განწირვას.

ჩემი საქმიანობა მჭიდროდაა დაკავშირებული ადამიანურ განსაცდელებთან და ახალ თუ ძველ ჭრილობებთან. სუიციდის უამრავი მიზეზი არსებობს – დეპრესიული მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია პიროვნული ტრაგედიებით, საყვარელი ადამიანის დაკარგვით, ფინანსური პრობლემებით, შეურაცხყოფით, გარიყულობით, დანაშაულის გრძნობით… ჩემს პრაქტიკაში სულ რამდენიმე სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანის ისტორია არსებობს და ეს ისტორიები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან მაშინაც კი, როდესაც ერთი შეხედვით მსგავსია გამომწვევი მიზეზები. რაც შეიძლება მეტი სიყვარული, მეტი მიტევება, მეტი მიმღებლობა, მეტი სილაღე… ნაკლები განსჯა და ნაკლები სიძულვილი, ნაკლები მორალისტობა უშველიდა ამ პრობლემას.

ასლან შარაშიძე, თეოლოგი, შუახევის მუნიციპალიტეტის მუფთი:

– ისლამის რელიგია სუიციდს ცოდვად მიიჩნევს. წმინდა ყურანის მიხედვით, უზენაესი ალლაჰი გვიბრძანებს: “და თავი არ მოიკლათ. უეჭველად ალლაჰი მოწყალეა თქვენდამი” (4/29). სხვა აიათში ალლაჰი გვიბრძანებს, რომ უსამართლოდ სიცოცხლის მოსპობა, მთელი კაცობრიობის სიცოცხლის მოსპობად ითვლება. “ამისათვის დავუწერეთ ისრაელის შვილთ, რომ ვინც მოჰკლას ადამიანი არა ადამიანის წილ და არა ქვეყანაზე უკეთურობის გასაწმენდად, თითქოსდა მთელი ხალხი ამოეწყვიტოს. და ვინც ადამიანს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, თითქოსდა მთელი ხალხისათვის შეენარჩუნებინოს სიცოცხლე” (5/32). წმინდა მუჰამმედ შუამავლის გადმოცემებით, თვითმკვლელობა 7 უდიდეს ცოდვაში ითვლებოდა და ბრძანებდა, ვინც ამას გააკეთებს აუცლებლად ჯოჯოხეთს დაიმსახურებსო. იმასაც კი კრძალავდა, რაც ადამიანის ჯანმრთელობას შეარყევდა და გვასწავლიდა: “გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, რადგან მოგეკითხებათ რაში გახარჯეთ იგი.“

სუიციდის მიზეზები მრავალფეროვანია და ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით იცვლება. თუ შუახნის (ვგულისხმობ 40-60 წლის) ადამიანი თავს იკლავს, აქ ძირითადად ორი მიზეზი გვხვდება ა) დამოკიდებულობა ალკოჰოლზე, აზარტულ თამაშებსა და ნარკოტიკებზე და ბ) ანდროპაუზა ანუ ეგრეთწოდებული “კლიმაქსი”. ახალგაზრდებში ეს პრობლემები უფრო მრავალფეროვანია და მავნე მიდრეკილებებთან ერთად, თავს იჩენს სხვა პრობლემებიც: თაობათა შორის უთანხმოება, დეპრესია, კომუნიკაციის სიმცირე, გამოცდები, კარიერა, უიმედო სიყვარული, არასრულფასოვნების განცდა და სხვა.

დღეს, ჩვენდა სასიკეთოდ, ახალგაზრდებში ალკოჰოლითა და ნარკომანიით თვითმკვლელობის ფაქტებმა იკლო, მაგრამ გახშირდა უიმედო სიყვარულითა და არასრულფასოვნობის განცდით გამოწვეული სუიციდის შემთხვევები. ახალგაზრდობა ჩაკეტილია სოციალურ ქსელებში, მათი ფიქრი თუ მოქმედება იმ ვირტუალური სივრცით შემოიფარგლება, რითაც გარე სამყაროს უკავშირდება. წყდება კომუნიკაციის ძაფი ოჯახსა და ახალგაზრდას შორის. არასრულფასოვნების განცდის დასაფარად ახალგაზრდა ყველაფერზე მიდის და ზოგჯერ ფსიქოლოგიური ჩიხიდან გამოსავალს სუიციდში ეძებს. უიმედო სიყვარულის ერთ-ერთი მიზეზი ქორწინებამდე ფიზიკური კავშირებია, რომელიც მთლიანად აზიანებს და არღვევს ახალგაზრდის ფსიქიკას, ზოგჯერ ორიდან ერთს სუიციდისკენ უბიძგებს.

როგორმე უნდა გამოვნახოთ საერთო ენა საკუთარ შვილებთან, ხშირად ვესაუბროთ მათ არა როგორც უფროსი – მაღლიდან, არამედ, როგორც მეგობარი და თანატოლი. სკოლას და პედაგოგს მეტი შეუძლიათ გააკეთონ ამ მხვრივ. ყველაზე კარგად მასწავლებელს შეუძლია ამოიცნოს ის გაწყვეტილი უხილავი ძაფი, რაც ბავშვსა და მის მშობელს შორისაა და დაეხმაროს ორივეს კვლავ დაკავშირებაში. რწმენა, რომელსაც მოზარდი ადრეული ასაკიდან ეზიარება, მას მისცემს იმის ძალას, რომ საკუთარი ეგო დაიმორჩილოს და გადალახოს ყველა ის დაბრკოლება, რაც მოზარდის ჩამოყალიბების პროცესში იჩენს თავს. ღმერთმა დაგლოცოთ! ღმერთმა მოგვცეს რწმენის სიმტკიცე და ღმერთმა დაგვილოცოს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი.

ვირაპ ღაზარიანი, საქართველოს სომეხთა ეპარქიის თბილისის „სურბ ეჯმიაწინ“ ეკლესიის მღვდელმსახური:

 – თვითმკვლელობა არამც თუ ცოდვა, არამედ უმძიმესი ცოდვაა. რაც არ უნდა ფრთხილად იცხოვროს,  ასე თუ ისე, ადამიანი  მაინც ცოდავს. ქრისტე ამბობს: “ყველა ცოდვა მიეტევება ადამიანს, გარდა სულიწმინდის  გმობისა.” ჩვენი გვწამს, რომ უფალი მონანიებისკენ მოგვიწოდებს, ადამიანი შეიძლება გათავისუფლდეს ცოდვისგან შენანიებითა და ზიარებით. თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების   გამო კი სიკვდილი ადამიანს აღარ უტოვებს მონანიებისა და ზიარების დროს, და ამ ნაბიჯით ადამიანი ეწინააღმდეგება უფლის წმინდა მცნებას  – არა კაც კლა – და  თვითმკვლელი მკვლელობას ჩადის მონანიების შესაძლებლობის გარეშე. სიცოცხლე ღვთის საჩუქარია და მხოლოდ ღმერთს შეუძლია მოითხოვოს  ადამიანის სული.

ისინი, ვინც თვითმკვლელობით აპირებდნენ სიცოცხლის დასრულებას, და ვერ განახორციელეს, აღიარებენ, რომ ჰქონდათ პრობლემები, რომელთა გადაჭრა შეუძლებლად მიაჩნდათ და შეეცადნენ სირთულის გადალახვის „ერთადერთი საშუალებით“ – თვითმკვლელობით გადაეწყვიტათ პრობლემა. ხშირად თვითმკვლელობის ჩადენის  აზრი უჩნდება ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებს,  სხვადასხვა სექტების კარნახითაც მიდიან სუიციდამდე, უპასუხო   სიყვარულის შედეგად  და სხვა. ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ იყო ჯანსაღი ქრისტიანი, ვინაიდან ქრისტიანობა ცხოვრებისა და სიცოცხლის, სიყვარულისა და პატიების,   დახმარებისა და შემწეობის რელიგიაა. ქრისტემ თავისი არსებობით ჩვენ სიცოცხლე მოგვანიჭა.  ვფიქრობ, თვითმკვლელობის ჩადენამდე ადამიანმა  სასულიერო პირს უნდა მიმართოს.   სამწუხაროდ, არცერთი თვითმკვლელი ამ დამღუპველი აქტის ჩადენამდე არ საუბრობს თავის პრობლემებზე, დახმარების თხოვნით არავის  მიმართავს. ყოფილა შემთხვევები, როცა უსაუბრიათ და ლოცვითა და რჩევებით ეს საშინელი განზრახვა თავიდან აუცილებიათ. ამრიგად, მთავარია, მის განზრახვაში რაიმე შეიცვალოს, იმედის სხივი გამოჩნდეს, ცხოვრებამ საზრისი დაიბრუნოს, გაანალიზოს, რომ პრობლემა სიცოცხლეზე უარის თქმით ვერ გადაიჭრება.

გიორგი წეროძე, დეკანოზი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორანტი:

 – რადგან ვთვლით რომ სიცოცხლე ღმერთის საჩუქარია და ღმერთის სიყვარულზე ვდგავართ, შეუსაბამო გამოდის მთავარი საჩუქრის არმიღება ისე, რომ მჩუქებლისადმი არ შესცოდო – ეს რაც შეეხება ცოდვით კატეგორიას. მეორე მხრივ, თვითმკვლელი ჩიხში აყენებს თავის ახლობლებს, არ აძლევს მათ საშუალებას მეტი სიყვარული და თანადგომა გამოავლინონ მის მიმართ.

სუიციდის მიზეზთაგან ერთ-ერთი პირველია პიროვნულად ვერ ჩამოყალიბება. პიროვნება არის ინდივიდი, რომელიც ახერხებს თავისუფლად, თამამად, დამოუკიდებლად სიყვარულით, სხვებისადმი პატივისცემით მოქმედებას. სიყვარულისადმი ვერ ერთგულება, საკუთარი თავის საკმარისად არ შეყვარება ერთგვარად ძალას, გემოს ართმევს სიცოცხლეს. კიდევ ერთი მიზეზია ურთიერთუპატივცემულობა, უყურადღებობა, შეურაცხყოფა, სულიერი სისასტიკე ერთმანეთისა და უფრო კი ახლობლების მიმართ. კიდევ ერთი მიზეზია სოციალური სიდუხჭირე. მახსენდება ნიკო ლორთქიფანიძის „ტრაგედია უგმიროდ“. ყოველი ჩვენგანის პასუხისმგებლობა ერთი ორად იზრდება – არ უნდა ვაქციოთ ზურგი ადამიანებს, როცა მათ ჩვენი მხრიდან მატერიალური თანადგომა სჭირდებათ. ის, რომ მხოლოდ სიტყვით ანუგეშო, საკმარისი არაა, ამაზე ძალიან კარგად წერს იაკობ მოციქული თავის საყოველთაო ეპისტოლეში. ისეთი სახელმწიფო, ისეთი საზოგადოება უნდა შევქმნათ სადაც თანაბრად, სამართლიანად გადავანაწილებთ სიცოცხლისათვის აუცილებელ საშუალებებს. სუიციდის პრევენცია კომპლექსური საქმეა, რომელშიც ბევრი მიმართულებით უნდა ვიმოქმედოთ. რადგან ამ ტკივილს ვერ შევეგუებით, უნდა შეგვეშინდეს და მეტად კეთილნი გავხდეთ. სამართლიანობის განცდაცა და მოთხოვნაც გვმართებს ჩვენს ხელისუფალთაგან. ადამიანს უნდა სურდეს იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელსაც ჩვენვე წარმოვადგენთ. სიკეთე არასოდეს არის საკრმარისი. ის ყოველთვის უფრო მეტია საჭირო, ვიდრე გუშინ იყო.

რაიან როუჰანი, საქართველოში ბაჰაის სარწმუნოების ეროვნული ასამბლეის წევრი:

 – ბაჰაის სწავლების თანახმად, სუიციდი აკრძალულია, თუმცა მათ მიმართ, ვინც თვითმკვლელობას ჩადიან, კატეგორიული – დამგმობითი დამოკიდებულება არ აქვს ბაჰაიზმს. ჩვენ ვგმობთ თავად თვითმკვლელობის აქტს და არა პიროვნებას, რომელიც ამას სჩადის. სუიციდი არ ნიშნავს იმას, რომ მისი ჩამდენი აღარ არის ბაჰაიზმის მიმდევარი ან უბრალოდ კარგი ადამიანი. მისთვის, ვინც სუიციდს ჩაიდენს, ჩვეულებრივ აღვასრულებთ დაკრძალვასა და მოხსენიებით მსახურებას, განვაგრძობთ მისი სულისთვის ლოცვას. ბაჰაის სწავლება სუიციდთან დაკავშირებით, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ამქვეყნიური და სიცოცხლის შემდგომი არსებობის მიზნის კონტექსტში. ბაჰაიზმის მიმდევარისთვის სიცოცხლის მიზანი მდგომარეობს სულიერი უნარების განვითარებაში, ცივლიზაციის პროგრესში წვლილის შეტანასა და კაცობრიობისადმი მსახურებაში. სიცოცხლის ხელოვნური, თვითნებური შემოკლებით, ადამიანი უარს ამბობს ჩვენი ამ სამყაროში არსებობის უზენაეს მიზანზე, კაცობრიობის განვითარებაში წვლილის შეტანაზე. ბაჰაის სწამს, რომ ღმერთი ყოვლისმცოდნე და ყოვლადმოწალეა. „ის მიდგომა, რომლითაც უზენაესი არსება თავისი სამართლიანობითა და მოწყალებით განსჯის თითოეული ადამიანის სულს, ჩვენთვის, ამქვეყნიერი არსებებისთვის, უცნობი და მისტიურია.“

ზოგჯერ ამა თუ იმ დაავადების სამკუნალო მედიკამენტების მიღებით გამოწვეულმა გვერდითმა ეფექტმა, მაგალითად ძლიერმა დეპრესიამ, შესაძლოა ადამიანი თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. პრევენციისთვის ზოგჯერ ისევ სამედიცინო ჩარევაა საჭირო; ზოგს თერაპია ან ადამიანური მხარდაჭერა სჭირდება ან ის, რომ ცხოვრების აზრი დაინახოს. ალბათ ერთ-ერთი გზა, რაც ადამიანს შესაძლოა მძიმე მდგომარეობიდან, უსამართლობიდან ან სიცარიელის შეგრძნებიდან თავის დაღწევაში დაეხმაროს არის ის, რომ, ერთის მხრივ, საკუთარ სულიერ განვითარებაზე იზრუნოს და, მეორე მხრივ, ჩაერთოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეალურად ვიფიქროთ, როგორ გავაუმჯობესოთ ჩვენი გარშემომყოფების ცხოვრება და მხოლოდ კეთილი სურვილებით არ შემოვიფარგლოთ. სწორედ ამ ერთობით, ერთად ზრუნვით შევიძენთ სიცოცხლისა და მომავლის საზრისს, ასევე გავიზრდებით სულიერად – ეს ორი მიზანი ერთად მენტალურ და სულიერ სიძლიერეს შეგვმატებს და შინაგანი სიხარულის განცდას მოგვიტანს, რაც ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია.

მარიამ ქალებაშვილი

Share5Tweet3

ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი
ახალი ამბები

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ
ახალი ამბები

ცნობილია გაფართოებული კრების თარიღი, სადაც საქართველოს კათალიკოს პატრიარქს აირჩევენ

05/07/2026
მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი
ახალი ამბები

მეუფე შიო ღირსეული ადამიანია, ეს დადასტურდა იმ ხმების რაოდენობით, რაც მიიღო – მეუფე ნიკოლოზი

05/07/2026
„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე
ახალი ამბები

„სამი კანდიდატის წარდგენით დავინახეთ რეალობა და ყველაფერი უკვე ცხადია“ – გიორგი მიქანაძე მეუფე შიოზე

05/08/2026
მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ
ახალი ამბები

მეუფე შიო: მომდევნო კვირაში მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა, გთხოვთ, გავაძლიეროთ ლოცვები, რათა ეს დიდი მოვლენა ღირსეულად ჩავატაროთ

05/06/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026

საინტერესო

როგორ აფასებს ილია მეორე რუსეთ-საქართველოს შორის არსებულ კონფლიქტს? – ინტერვიუ ფრანგულ ჟურნალთან

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტს ილია მეორე სიონის საკათედრო ტაძარში მიიღებს

9 years ago

“თბოელექტროსადგური დიდ სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყანას”

11 years ago

ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავას ბრალი დაუმძიმდათ

12 years ago
გიორგი ელიზბარაშვილი: „ეს მეორედ არ განმეორდება…“

გიორგი ელიზბარაშვილი: „ეს მეორედ არ განმეორდება…“

10 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by