ბოლო პერიოდში გაზრდილი სტატისტიკა სამუშაო ადგილებზე დაზიანებული ან დაღუპული ადამიანებისა, სულ უფრო აქტუალურს ხდის შეკითხვას – შექმნა კი შრომამ ადამიანი ?
ჩვენ რეალობაში , სამწუხაროდ , პირიქითაა. შრომა და უსაფრთხოების ნორმების არაეფექტური კონტროლი კლავს და აზიანებს, საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ დასაქმებულ , არამედ გარშემომყოფ ადამიანებს.
გასულ კვირას ქედაში კარიერის აფეთქებას ექვსი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ასი მეტრის დაშორებით, ეზოში თამაშობდა. ამ ტრაგიკულმა შემთხვევამ კიდევ უფრო გაამძაფრა კითხვები, რომელიც უკვე წლებია პასუხგაუცემელია.
საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ ადგენს ნორმებს და იმ წესებს, რომელიც დაცული უნდა იყოს მშენებლობებზე და სხვადასხვა ტიპის სამუშაო ადგილზე, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლება სიცოცხლის და ჯანმრთელობის უფლება არ შეიზღუდოს. ეფექტური მონიტორინგი და ინსპექცია, რომელიც სახელმწიფოს ერთერთი პრიორიტეტული ვალდებულებაა , უზრუნველყოფს ამ უფლებების დაცვასა და გარანტიას.
როგორი მდგომარეობაა მშენებლობის, განსაკუთებით სახიფათო საქმიანობების კუთხით და რამდენად უსაფრთხოა ჩვენ ქვეყანაში შრომა არა მხოლოდ მშრომელი, არამედ გარშემომყოფი ადამიანებისთვის, ამ თემებზე “თბილისი თაიმსს” ესაუბრა ზურაბ გელაშვილი ექსპერტი შრომის უსაფრთხოების საკითხებში.
„კომპანიებმა, რომლებიც აწარმოებენ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს, უნდა დანერგონ შრომის უსაფრთხოების სისტემა და განსაზღვრონ პოლიტიკა; სამშენებლო მოედანი უნდა იყოს ორგანიზებული იმგვარად რომ გამოირიცხოს ტრამვის შესაძლებლობა; მუშა მოსამსახურეები უნდა სარგებლობდნენ ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებებით; სავალდებულოა ინსტრუქტაჟები და სწავლებები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და სხვა.
ინციდენტები გამოწვეულია შრომის არასწორი პრაქტიკით.არასწორი შრომითი ურთიერთობებიც დაკავშირებულია შრომის უსაფრთხოებასთან.
პრობლემის მოსაგვარებლად უფრო ბევრი საუბარი და ჩართულობაა საჭირო. ამ პრობლემის ერთბაშად გადაჭრა ვერ მოხდება. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები განხორციელდა და კარგია.
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე საჭიროა ბიუჯეტის განსაზღვრა და დამსაქმებლებმა უნდა შეიგნონ რომ უსაფრთხოებაში დახარჯული ფული არ არის წყალში გადაყრილი.“
დასაქმების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ხარვეზებზე, ასევე გამოსავლის გზებზე “თბილისი თაიმსთან” საუბრობს შრომის უსაფრთხოებისა და მონიტორინგის ცენტრის მენეჯერი ნუგზარ ციხელაშვილი.
„ერთ-ერთი ძირითადი ამოსავალი დოკუმენტი, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდეს ბიზნესი და კერძოდ, სამშენებლო სფეროში დასაქმებული კომპანიები, არის 2018 წლის 7 მარტს მიღებული საქართველოს კანონი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“. ამ კანონში ნათლად არის განმარტებული ის ძირითადი მოთხოვნები და პრევენციული ღონისძიებების ზოგადი პრინციპები, რომლებიც უკავშირდება სამუშაო ადგილზე შრომის უსაფრთხოების საკითხებს, არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს, უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების თავიდან აცილებას, დასაქმებულთა სწავლებას, მათთვის ინფორმაციის მიწოდებასა და კონსულტაციის გაწევას და შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებში დასაქმებულთა თანაბარ მონაწილეობას. ამასთანავე ეს კანონი არეგულირებს სახელმწიფო ორგანოების, დამსაქმებელთა, დასაქმებულთა, დასაქმებულთა წარმომადგენლებისა და სამუშაო სივრცეში მყოფ სხვა პირთა უფლებებს, ვალდებულებებს და პასუხისმგებლობას, რომლებიც დაკავშირებულია უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოსშექმნასთან.

ვინაიდან სამშენებლო ბიზნესი, ასევე კარიერებსა და შახტებში წარმოებული სამუშაოები განეკუთვნება მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ამდენად ზემოხსენებული კანონის გათვალისწინება და დაცვა სავალდებულოა.
ამასთან გვინდა აღვნიშნოთ, რომ არსებობს სხვა ბევრი რეგულაცია, რომელიც ავალდებულებს დამსაქმებელს მკაცრად დაიცვას მშენებლობის დროს შრომასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უსაფრთხოების მოთხოვნები.
აღსანიშნავია, როგორც მშენებლობა, ასევე სამთომოპოვებითი მრეწველობა (კარიერები, შახტები) მიეკუთვნება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგებს. სწორედ ასეთ მომეტებული საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე აუცილებელი შრომის უსაფრთხოების ნორმების ზედმიწევნით დაცვა. ჩვენი აზრით, პრობლემა მდგომარეობს ადამიანის მენტალობაში, იქამდე სანამ არ გავითავისებთ, რომ დაცვის საშუალებების გამოყენება სამუშაოების ჩატარებისას სავალდებულო კი არ არის, არამედ აუცილებელია, მანამ იქნება ის ტრაგიკული შემთხვევები, რომლებიც ამ ბოლო პერიოდში მოხდა. აქვე, დავამატებთ, რომ საჭიროა სანქციების მეტად გამკაცრება და კონტროლის მექანიზმის თამასის მაღლა აწევა. არსებული სტატისტიკით, ყოველდღიურად ევროპაში, სიმაღლეზე მუშაობის დროს, როგორც მინიმუმ ერთი ადამიანი ვარდება და იღუპება. სიმაღლიდან ვარდნა შეადგენს უბედური შემთხვევების დაახლოებით 50 %-ს, რომელიც მთავრდება ლეტალური შემთხვევით. სტატისტიკა აჩვენებს, რომ როდესაც საფრთხე რეალურია, ადამიანები მოქმედებენ ინსტიქტურად და იჩენენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს. თვითდაჯერებულობა და სამუშაოს დროულად დამთავრების სურვილი იზრდება მაშინ, როდესაც გვგონია, რომ საფრთხე მინიმალურია.
უბედური შემთხვევის დროს, ხშირად ადანაშაულებენ დამსაქმებელს, თითქოს მან ვერ უზრუნველყო დასაქმებულისათვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა. მაგრამ მაშინაც კი, როდესაც დასაქმებულზე გაცემულია ყველა ის პირადი თუ კოლექტიური დაცვის საშუალებები, ამ უკანაკნელთა მხრიდან არ ხდება მათი გამოყენება, რაც ხშირ შემთხვევაში უბედური შემთხვევის მიზეზს წარმოადგენს. ამ მსჯელობის შემდეგ ისევ მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ პრობლება ჩვენშია, სანამ ჩვენში უსაფრთხოების კულტურა არ ამაღლდება, მანამდე იქნება კითხვა: ვინ არის დამნაშავე, დამსაქმებელი თუ დასაქმებული.
ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანი ფაქტორი და შეიძლება ითქვას გადამწყვეტიც კი, არის ის, რომ აუცილებელი დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებობდეს მუდმივი კომუნიკაცია, ერთობლივად ხდებოდეს სამუშაოების დაწყებამდე არსებული რისკებისა და სფრთხეების შეფასება და სამუშაობის დაგეგმვა სწორი მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს უბედური შემთხვევების რაოდენობას. ასევე, უნდა ხდებოდეს სამოქმედო უსაფრთხოების გეგმის ადექვატურობის შემოწმება, ზომების მიღება იმის დასადასტურებლად რომ სამუშაო პროცედურების შესრულება სწორად მიმდინარეობს.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს გარკვეული პროგრამა შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ეს არ არის საკმარისი იმ პრობლემის გადასაჭრელად, რის წინაშეც ვდგავართ და ძალიან აშკარაა, რომ ყოველწლიურად ძალიან მაღალია რიცხვი მსგავსი შემთხვევების, შრომის პირობების და შრომის უსაფრთხოების დაცვის თვალსაზრისით. აუცილებელია არსებობდეს დამატებითი მექანიზმი ქვეყანაში, რომელიც სამუშაო ადგილებზე შეამოწმებს შრომის უსაფრთხოების პირობებს და გამოიყენებს ეფექტურ ზომებს, რომ ასეთი შემთხვევები ხელისუფლების ორგანოების მხრიდან რეაგირების გარეშე არ დარჩება.
შემაშფოთებელია ის სტატისტიკაც, რომელსაც სახალხო დამცველი ავრცელებს. კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაო ადგილზე დაშავდა და გარდაიცვალა 123 ადამიანი, ანუ, სულ მცირე, 2-3 დღეში ერთხელ ხდება შემთხვევები, როდესაც სამუშაო ადგილებზე დასაქმებული პირები ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებებს იღებენ ან იღუპებიან. ამ საქმეებზე დაწყებული გამოძიება ყოველთვის არ სრულდება სათანადო შედეგებით.
შრომის ინსპექტირების სისტემას ქმნის სხვადასხვა უწყების ერთობლიობა, სადაც ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების აღმასრულებელი ორგანო მიმართულია უშუალოდ დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. თუმცა, ასევე, არსებობს სხვა სახელმწიფო ორგანოები, რომელთა საქმიანობის სფეროს განეკუთვნება დასაქმების სააგენტოების საქმიანობის შემოწმება და ამ მხრივ ინდუსტრიულ სექტორში მოქმედი სააგენტოებისა თუ დამსაქმებლების საქმიანობის დამორჩილება შრომით უფლებებთან. „
ანა ურუშაძე














