რამდენიმე დღის წინ იუთუბზე ვიქექებოდი, ჯერ მუსიკას ვარჩევდი შემდეგ რამდენიმე საინტერესო არხი ვნახე. დიდხანს ვიძრომიალე არხიდან არხზე და საიდანღაც ძალიან ძველ იუმორისტულ ე.წ. „სთენდაფს“ წავაყწდი. გამომსვლელის სახელი არ მახსოვდა, მაგრამ წლების წინ ასჯერ მაინც მქონდა ნანახი მისი მონოლოგი. ღრმა ბავშვობაში გადავეშვი, გამახსენდა ოთახი, ტელევიზორი, DVD და „პიკასოს ბიჭების“ დისკი. ალბათ, ეს იყო ჩემი პირველი იუმორისტული გადაცემა, რომელსაც თავიდან ბოლომდე გააზრებულად ვუყურე. მახსოვს, მათ სკეტჩებს ვიზეპირებდი, სკოლაში მივდიოდი, შემდეგ კი ხელოვნების მასწავლებელს დაფასთან გავყავდი და ამ სკეტჩებს ჩემს მცირე კლასს, მცირე აუდიტორიას წარვუდგენდი ხოლმე. ერთი მსახიობის თეატრი იყო, მასწავლებელიც თავის საქმეს აკეთებდა, „ჩოთქს“ არახუნებდა და ითვლიდა სამასწავლებლოში „ლატარეას“ რამდენი მასწავლებელი თამაშობდა. გაკვეთილიც სწრაფად მთავრდებოდა, აუდიტორიას თავს ვუხრიდი და „სცენას“ ვშორდებოდი. არ მახსოვს ეცინებოდათ თუ არა „პიკასოს ბიჭების“ ხუმრობებზე, მაგრამ მე ნასიამოვნები ვრჩებოდი.
დრო გადიოდა და იუმორისტული გადაცემების ხარისხი, სტილი და რაოდენობა იცვლებოდა. წლების განმავლობაში უამრავი გადაცემა ვნახეთ, უამრავი „ღამის შოუ“, რომელთა უმეტესობა ეკრანზე გამოჩენისთანავე იხურებოდა, მხოლოდ „The ვანოს შოუმ“ გაუძლო ჟამთასვლას, მაგრამ ეგეც იმიტომ, რომ პოლიტიკური იუმორით (იუმორი რამდენად არის მაგაზე ნუ ვიკამათებთ) არის გაჟღენთილი და ანტისახელისუფლებო აუდიტორიას განსაკუთრებულად უყვარს. რომ გითხრათ პოლიტიკურ-სატირული გადაცემები არ მომწონს-მეთქი მოგატყუებთ, კრიტიკული იმოურიც საჭიროა, მაგრამ ყოველ დღე?! აბსოლუტურად ყველა არხზე?!. სხვათაშორის ხელისუფლებასაც აქვს თავისი „ღამის შოუ“ და მაყურებლის რაოდენიბით ნამდვილად არ ჩამორჩება ოპოზიციურს.
ხოო… პოლიტიკურმა იუმორისტულმა გადაცემება საერთოდ გააქრო სხვა, უფრო გემოვნებიანი და ხალასი იუმორით სავსე გადაცემები, მაგრამ ტელეკომპანია იმედზე „The night show“ სტუდია გაჩნდა და ისეთი „სიტკომი“ შესთავაზა მაყურებელს, რომ ყველანი ეკრანს მიაჯაჭვა. „სიტკომი“ ამერიკული სერიალი „Friends“-ის ანალოგი იყო. მრავალფეროვანი პერსონაჟები თავიანთი განსაკუთრებული ტიპის იუმორითა და სარკაზმით. 2000-იანელი ბავშვები მათ იუმორზე გავიზარდეთ. ახლაც კი მხვდება სერიალიდან კადრები და რომ ვუყურებ კვლავ ისე ძლიერად მეცინება, როგორც ბავშვობაში. ამ სერიალმაც თქვა თავისი სათქმელი და წლების შემდეგ დაიხურა. იგივე სტუდიამ არხიც კი გახსნა, სახელად TV-11. ერთ-ერთი საუკეთესო იუმორისტული ტელევიზია იყო მსოფლიო მასშტაბით, უამრავი სახის სკეტჩი იყო, მინი სცენები, „ფილმების ლექსად წაკითხვა“, „მუსიკალური ბენდი“, კვლავ „სთენდაფები“, მაგრამ ეს არხიც მალე დაიხურა ფინანსური პრობლემების გამო. აბა დავფიქრდეთ რატომ ვერ იშოვეს ფული?! პასუხი მარტივია, არ იყო პოლიტიკური ხუმრობები, არ ატარებდა არცერთი პლიტიკური პარტიის ინტერესებს და ვინ აფინანსებს დღეს ტელევიზიებს, თუ არა პოლიტიკური პირები?!
და პაროდისტები?! პაროდისტებიც კი მხოლოდ პოლიტიკოსების პაროდიებს გვთავაზობენ. ბიძინა და მიშა ხალხს რეალური მოგვბეზრდა და ახლა მათ პაროდისტებსაც უნდა ვუყუროთ. ტანჯვაცაა და ტანჯვაც.
ჩემი „ფავორიტი“ მაინც „იუმორინაა“. რამდენიმე ათეული წელია საახალწლოდ ფილარმონიაში უფროსი თაობის წარმომადგენლები კონცერტს მართავენ. ბოლო წლებია მხოლოდ ერთი და იმავეს ვისმენთ მსახიობებისგან. სულ თავიდან თეატრის უამრავი ლეგენდარული ვარსკვლავი გამოდიოდა სცენაზე და მაყურებელს საახალწლო განწყობას უქმნიდა, მაგრამ აღარ არიან ვარსკვლავები და სცენას შემორჩნენ შედარებით ახალი სახეები თავიანთი გაცვეთილი იუმორით.
ერთადერთი ნათელი წერტილი ისევ და ისევ „The night show“-ს პროდიუსერების გადაცემა „კაცებია“. ოთხი ტიპი ზის და აქტუალურ თემებზე სპონტანურად ხუმრობს. ხუმრობებს წინასწარ არ წერენ, არც რაიმე გეგმა აქვთ შემუშავებული, უბრალოდ სხედან და ხუმრობენ. ოთხივე ერთმანეთისგან განსხვავებული ტიპაჟია, მათგან მოისმენ ინტელექტუალურ, ბავშვურ, სტერეოტიპულ და ზოგადად, ჯანსაღ იუმორს (ჯანსაღი იუმორის განმარტებას ნუ მომთხოვთ). მაგრამ მაინც, მიჭირს დანარჩენ იუმორისტულ გადაცემბზე საუბარი, გადაცემებზე, რომლებზეც უკეთ ქართულ მედიასივრცეში ანალიტიკური გადაცემების სცენარს წერენ და შემდეგ დგამენ (მერწმუნეთ ბევრად სასაცილოა გადაცემა, რომელშიც ორუელის „1984“ წინა ხელისუფლების მმართველობასთანაა შედარებული)
სოციალური ქსელებში სულ სხვა ტენდეციაა ე.წ. „მიმერობა“. თავიდან ვერთობოდით, მაგრამ იმდენად მომრავლდა „მიმები“, რომ ცოტა არიყოს მოსაბეზრებელი გახდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს სოციალურ სამყაროზე დამოკიდებულ ახალგაზრდობას?! ჩვენც მივყვებით ტრენდულ „პონტებს“.
შეიძლება ზედმეტად კრიტიკული ვარ ან იმდენად ხშირად არ ვუყურებ ტელევიზორს და რაღაცები გამომრჩა, მაგრამ მეეჭვება. ფაქტია, საქართველოში ყველაფერთან ერთად იუმორიც რეგრესირებს. დიდიხანია ველი რაიმე ხარისხიანის გამოჩენას, უკვე დავიზეპირე ძველი გადაცემები, ისიც კი ვიცი რომელ წუთზე რა ხუმრობა იქნება. ვფიქრობ, ზედმეტად კრიტიკულობაც მეპატიება, მომენატრა გემრიელად სიცილი. ღმერთს მადლობა, რომ გარშემო უამრავი ადამიანი მყავს, რომლებსაც ჩემი გაღიმება ყოველთვის გამოსდით.
ავტორი: თორნიკე ჭიტაძე