საქართველოს ურთიერთობები საერთაშორისო არენაზე კვლავ აქტუალური თემაა. საქართველოსა და ლიტვას შორის ურთიერთობებზე, მის მომავალზე და ორ ქვეყანას შორის სამომავლო გეგმებზე ,,თბილისი თაიმსს’’ ესაუბრა ლიტვის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი.
რამდენად პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობა დამყარდა საქართელოსა და ლიტვას შორის? იგეგმება თუ არა ახლო მომავალში ამ ურთიერთობების გაღრმავება?რომელ სფეროებში?
მოგეხსენებათ, საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობები განსაკუთრებით მეგობრულ ხასიათს ატარებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ევროკავშირის ქვეყნებს შორის, პირველად ლიტვას ეწვია. გარდა ამისა, ჩვენს მინისტრებს ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოუყალიბდათ.
მინდა ასევე ავღნიშნო, ხალხის პოზიტიური ურთიერთდამოკიდებულება. ბოლო 3 წლის განმავლობაში საქართელოს და ლიტვის 15 ქალაქმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც სხვა და სხვა კოლექტივების, დელეგაციების ურთიერთმიმოსვლა გახშირდა. მიმაჩნია, რომ ამაზე არ შევჩერდებით და ახლო მომავალში ლიტვის პრემიერ-მინისტრის ჩამოსვლა იგეგმება. გარდა ამისა ბიზნესის საკითხების გაღრმავებას ვაპირებთ: მარტის ბოლოს ჩამოვლენ ბიზნესმენები, რომლებიც ბიზნეს-ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.
ჩვენ ვცდილობთ ის სტრუქტურები გამოვიყენოთ, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ შექმნა, საუბარია თანაინვესტირების ფონდზე. ამ ფონდის წარმომადგენლებთან მქონდა შეხვედრა და ისინი ლიტვაში გამგზავრებას აპირებენ გარკვეული ამოცანების განხორციელების მიზნით. საქართველოსა და ლიტვას შორის არსებული ურთიერთობები საკმაოდ კარგი იყო, დღესაც ასეთად რჩება და მომავალშიც ვგეგმავთ მათ შენარჩუნებას.
დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ამოცანაა ადამიანის უფლებათა დაცვა. როგორ მიგაჩნიათ, საქართველოში რამდენად არის გარანტირებული და დაცული უფლებები?
მიმაჩნია, რომ საქართელოში ადამიანის უფლებები დაცულია. პიროვნებას შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს და ამის გამო მის მიმართ დევნა არ განხორციელდება. რა თქმა უნდა, როგორც სხვა ქვეყნები, საქართველოც კანონების სრულყოფილებისკენ უნდა მიისწრაფოდეს. განსაკუთრებით მნიშვლნელოვანია სკოლებში ტოლერანტობის შესწავლა და მისი განმტკიცება საზოგადოებაში. დემოკრატია ისეთი რამ არის, რაც 24 საათის განმავლობაში უნდა მოქმედებდეს და არ შეიძლება ამის უგულებელყოფა.
ვილნიუსის სამიტის შედეგების მიხედვით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელშეკრულების პარაფირება მოხდა. როგორ მიგაჩნიათ, მოხდება თუ არა ახლო მომავალში ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება? რა დაბრკოლებები შეიძლება შეიქმნას? ეცდება თუ არა რუსეთი ხელის შეშლას?
მინდა მივულოცო საქართველოს ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგი: ხელშეკრულების პარაფირება მოხდა და ეს ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ პირველი სერიოზული ნაბიჯია. ყველამ ვიცით, რომ ინტეგრაციის პროცესი საკმაოდ რთული, მაგრამ ამავე დროს ყვეყნისთვის სარგებლის მომტანია.
არსებობს იმის პერსპეკტივები, რომ საქართველო ახლო მომავალში ევროკავშირთან თავისუფალ სავაჭრო რეჟიმში გადავიდეს. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართელოსთვის ინტეგრაციის ახალი ეტაპი დაიწყება. ვიმედოვნებ, მიმდინარე წელს სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით მოხდება ლიბერალიზაცია.
ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას შეუძლია ევროკავშირის წევრი გახდეს, თუმცა არსებობს გარკვეული პირობები: ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნა, კანონის უზენაესობა, უმრავლესობის და უმცირესობის უფლებათა დაცვა. რეალურად მოქმედი ბაზარი უნდა არსებობდეს, რომელსაც შეუძლია სხვა ქვეყნის ბაზრებს გაუწიოს კონკურენცია. როგორც აღვნიშნე, ეს არც თუ ისე მარტივი იქნება, მაგრამ ამის შედეგად საქართველო უფრო მეტ მოგებას მიიღებს.
რაც შეეხება რუსეთს, ამის თაობაზე ვერ ვილაპარაკებ, რადგან რუსეთის ქმედებები ხელშეკრულების პარაფირებას არ ეხება და ეს უკვე სხვა თემაა და არ მინდა ამის თაობაზე სპეკულირება…
მოგეხსენებათ, ერთ-ერთი აქტუალური თემაა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები. როგორ შეაფასებდით არსებულ ვითარებას? არის თუ არა მავრთულხლართების გადმოწევის საფრთხე? ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრება…
თავდაპირველად აღვნიშნავ, რომ მივესალმები საქართველოსა და რუსეთს შორის იმ გადადგმულ ნაბიჯებს, რაც მოხდა ბოლო წლის განმავლობაში: სავაჭრო ურთიერთობების განახლება, ღვინოზე ემბარგოს მოხსნა, პროდუქტების გატანა რუსეთის ბაზარზე.
რა თქმა უნდა არსებობს პრობლემებიც. მინდა აღვნიშნო, რომ ლიტვა, როგორც სხვა ქვეყნების უბრავლესობა, ასევე აღიარებს საქართველოს ტერიტორიულობის მთლიანობას. 3 წლის წინ ლიტვის პარლამენტმა საქართველოს ტერიტოურიის 20%-ს ოკუპირებული უწოდა, მიმაჩნია, რომ ამით აღინიშნება ლიტვის დამოკიდებულება ამ საკითხზე. ამ პრობლემის მოგვარებისთვის საჭიროა ხელისუფლების მხრიდან სიბრძნე, დრო და მოთმინება…
მოგეხსენებათ, საქართველომ განვითარების ევროპული გზა აირჩია. თქვენი შეფასებით, საქართველოში რა არის დღეს ყველაზე დიდი პრობლემა და პრობლემების გადაჭრის რა გზები არსებობს?
საზოგადოების დიდი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაში მხარს უჭერს, თუმცა მნიშვნელოვანია ხალხმა კარგად გააცნობიეროს ის დადებითი მხარე, რაც შეიძლება ჰქონდეს საქართელოს თუკი ევროკავშირის წევრი გახდება. დიპლომატებმა, ჟურნალისტებმა უნდა ვეცადოთ მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, თუ რა არის ევროკავშირი: ინფრასტრუქტურის განვითარებაში დახმარების გაწევა, ქვეყნის კეთილდღეობის ამაღლება, ახალი ინვესტირების მოზიდვა და სხვა.
გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ევროკავშირში შესვლის შემდეგ მოსახლეობის ეკონომიკური დონე უფრო მაღალია, რაზეც მეტყველებს ლიტვის მოსახლეობის მდგომარეობა. კიდევ ერთხელ ავღნიშნავ, ინტეგრაციის პროცესი არ არის ადვილი, ქვეყანაში ევროპული სტანდარტები უნდა აიწიოს, მაგრამ თვითონ პროცესსაც დადებითად უნდა შევხედოთ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. როგორ შეაფასებდით მის გამოსვლას, რამდენად პერსპექტიულია საქართველოსთვის?
მიმაჩნია, რომ აღნიშნულზე მეტყველებს ის გამოხმაურება, რაც მოჰყვა ამ შეხვედრას. ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ჭკვიანურად გაიხუმრა: ,,ჩვენ შეგვიძლია საქართველო გინესის წიგნში ჩავწეროთ იმისთვის, რომ ასე ხანმოკლე პერიოდში ევროკავშირთან ასოციაციის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა’’.
ნატოს გენერალურმა დირექტორმა რასმუსენმა ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ ასევე აღნიშნა, რომ დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში უფრო მეტ დემოკრატიას ხედავს. ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომელიც ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საერთაშორისო დამოკიდებულებას გამოხატავს.
ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ პირობას წარმატებული რეფორმების გატარება წარმოადგენს. თქვენი შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით… ხელისუფლების მხრიდან რას უნდა მიექცეს მეტი ყურადღება? რომელ რეფორმას აღნიშნავდით როგორც წარმატებულს/წარუმატებელს?
მიმაჩნია, რეფორმების პროცესი გრძელდება. ხელისუფლება ცდილობს კარდინალურად შეცვალოს არსებული მდგომარეობა: სასოფლო-სამეურნეო სისტემაში, ჯანდაცვაში და სხვა სფეროში. ცვლილებებზე მეტყველებს თუნდაც ის ფაქტი, რომ ახალმა ხელისუფლებამ ბიურაკრატიულ საკითხების დაფინანსება შეამცირა, ხოლო სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით გაზარდა. გარდა ამისა, ასევე არ შემიძლია არ ავღნიშნო სასამართლო სისტემის გაუმჯობესება. მთავარია, საქართველო არ გაჩერდეს მიღწეულზე და განაგრძოს წინსვლა.
სოჭის ოლიმპიადა 2014 საერთაშორისო დონის მოვლენაა. როგორ მიგაჩიათ, რამდენად უსაფრთხოდ ჩაივლის და უნდა მიიღოს თუ არა საქართველომ მონაწილეობა?
რამდენად უსაფრთხოდ ჩაივლის – დრო გვიჩვენებს, თუმცა ამას ვიმედობნებ, რადგან უსაფრთოების ყველა ზომა მიღებულია. პირადად მე, დიალოგის მომხრე ვარ, რა ფორმითაც არ უნდა განხორციელდეს. მხოლოდ დიალოგის საშუალებით არის შესაძლებელი მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ხოლო ოლიმპიადა – დიალოგის ერთ-ერთი ფორმაა, რომელშიც მონაწილეობას იღებენ არა მარტო სპორტმენები, არამედ ქვეყნებიც და იმედს ვიტოვებ, რომ ოლიმპიადა ხელს შეუწყობს ხალხთა გაერთიანებას.
საქართველო და ლიტვა სხვა და სხვა სფეროში თანამშრომლობენ. როგორ შეაფასებდით გაცვლით პროგრამებს?
გაცვლითი პროგრამები ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველ წელს უფრო და უფრო წარმატებულია. ლიტვიდან ყოველ წელს 15 სტუდენტი ჩამოდის ერასმუსის პროგრამით და საქართველოში იმყოფებიან 6 თვის განმავლობაში. ყველაზე მოთხოვნადი სფეროებია საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო ურთიერთობები. თავის მხრივ, ლიტვის უნივერსიტეტები ასევე იწვევენ საქართველოდან სტუდენტებს. გასულ წელს დაიწყო პროგრამის განხორციელება, რომლის მიხედვითაც სტუდენტებს ეძლევათ სტიპენდია. გარდა ამისა, საქართველოში ლიტვიური ენის და კულტურის შემსწავლელი საზაფხულო კურსები იქმნება. ახლო მომავალში განათლების საერთაშორისო გამოფენა იწყება, სადაც ლიტვის ყველა უმაღლესი დაწესებულების წარმოამდგენელი მიიღებს მონაწილეობას, რაც გაცვლით პროგრამებზე ასევე დადებითად აისახება.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების ერთ-ერთი დაპირება სამართლიანობის აღდგენა იყო.როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენელი საქართველოში, როგორ შეაფასებდით იმ ვითარებას, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და მაღალჩინოსნები დაპატიმრებულები არიან?
ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტს გამოვყობდი: კანონის უზენაესობა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა. საქართველოში სამართლიანობის აღდგენის განმჭვირვალობა უნდა არსებობდეს. საქართველომ უნდა გაითვალისწინოს, რომ მხოლოდ სამართლიანი, პროფესიული ქმედებით შეძლებს მოიპოვოს ევროპისგან ნდობა და პატივისცემა. ეს კი საქართველოს ევროკავშრში ინტეგრაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია.
რა მიგაჩნიათ საქართველოსთვის 2013 წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენად?
რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უნდა ავღნიშნოთ: დემოკრატიულად ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, ვილნიუსის სამიტზე მიღწეული შედეგები. თუმცა ჩენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზას წარმატებით აგრძელებს. ასევე ვთვლი, რომ გასული წელი რეფორმების წელი იყო, რომელიც სხვადასხვა სფეროში წარმატებით განხორციელდა.
11.02.14
მარინა ფიდუაშვილი