2005 წლიდან მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი თავის ანალიზს აფუძნებს გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსზე (Global Competitiveness Index, GCI), რომელმაც ეროვნული კონკურენტუნარიანობა მოიცვა მიკრო და მაკრო ეკონომიკური მაჩვენებლებით. კონკურენტუნარიანობა ინსტიტუტების, პოლიტიკისა და ფაქტორების ერთობლიობაა, რომელიც განსაზღვრავს ამა თუ იმ ქვეყნის პროდუქტიულობის დონეს. ექსპერტების აზრით კი, უფრო კონკურენტუნარიან ეკონომიკურ სისტემას შესწევს ძალა მიაღწიოს,უფრო მაღალი შემოსავლიანობის დონეს – თავისი მოქალაქეებისათვის.
საქართველოს გლობალური კონკურენტიანობა კი, წინა წლის მონაცემებთან შედარებით – 3 პოზიციით გაუმჯობესდა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი, 2014-2015 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველო 144 ქვეყანას შორის 69-ე ადგილზეა, 2013-2014 წლის ინდექსის მიხედვით კი რეიტინგში 72-ე ადგილს იკავებდა. ინდექსის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველოს ყველაზე პრობლემატურ საკითხად მიიჩნევა განათლებული მუშა ხელის შეუსაბამობა, ფინანსებთან ხელმისაწვდომობა და ინფრასტრუქტურის არასაკმარისი მიწოდება. რა კონკრეტულმა ფაქტორებმა განაპირობა ქვეყნის სამი პოზიციით გაუმჯობესება, რა შედეგს მოუტანს ქვეყანას ყოვლისმომცველი ხელშეკრულება და როგორ მუშაობს დღეს ეკონომიკური გუნდი, ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ეკონომიკის საკითხებში ექსპერტები – აკაკი ცომაია და რომან გოცირიძე ესაუბრნენ.
როგორ შეაფასებთ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის უახლესი, 2014-2015 წლის „გლობალურიკონკურენტუნარიანობის ინდექსის“ მიხედვით, საქართველო წინა მონაცემებთან შედარებით, 3 პოზიციით გაუმჯობესებას და თქვენი აზრით, რა კონკრეტულმა ფაქტორებმა განაპირობა ეს მაჩვენებელი? აქვე, როგორ შეაფასებთ ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე საქართველოში ეკონომიკური გუნდის მუშაობას და როგორ ფიქრობთ, რა დადებითი და უარყოფითი შედეგები შეიძლება მოგვიტანოს ყოვლისმომცველმა ხელშეკრულებამ?
აკაკი ცომაია:

„ეს მაჩვენებელი განაპირობა საქართველოს ევროკავშირთან გაფორმებული ხელშეკრულების ფაქტმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. თავისთავად, ეს არ ნიშნავს იმას, რომ კონკურენტუნარიანობა მართლაც გაიზარდა. გაჩნდა საქართველოში წარმოებული პროდუქციისა და მომსახურების ევროპის ქვეყნებში გატანის დამატებითი შესაძლებლობები. ექსპორტირება სავაჭრო შეზღუდვების გარეშე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე არსებული ბარიერები თუ ქვოტები არ ქმნიდა დიდ დაბრკოლებებს. მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქვეყანაში არსებულმა კომპანიებმა უნდა შეძლონ იმ ტიპის პროდუქციისა და მომსახურების შექმნა, რომელიც დააინტერესებს ევროპელ მომხმარებელს. ეს ხელშეკრულება თავისთავად სტიმულია, მაგრამ იგი თავისთავად ვერ აამაღლებს საქართველოს კომპანიების კონკურენტუნარიანობას და ვერც საინვესტიციო გარემოს შეცვლის, რადგან ამ უკანასკნელის ფორმირებაზე სხვა უამრავი ფაქტორი მოქმედებს, სადაც ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის პერსპექტივის ხვედრითი წილი ძალზე უმნიშვნელოა.“
„ეკონომიკური გუნდის მუშაობას ვერ შევაფასებ დადებითად შემდეგი ფაქტორების გამო:
1) უკვე მერამდენედ კეთდება მცდარი ეკონომიკური პროგნოზები; 2) საგარეო და საშინაო ვალის სიდიდე გაიზარდა, რაც ძირითადად გაზრდილი სოციალური ვალდებულებების დაფარვას ხმარდება, ხოლო ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი არ არის ისეთი ოპტიმისტური, რომ ასეთი გადაწყვეტილების საფუძველს იძლეოდეს; 3) ბიუჯეტის გარღვევა ჩვეულებრივ მოვლენად იქცა; 4) ვერ ხერხდება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯების ათვისება; 5) საინვესტიციო გარემო გაუარესდა, რადგან რეგულაციების მოცულობა თანდათანობით იზრდება; 6) ადგილი აქვს ფისკალური და მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით მოკლევადიანი ეკონომიკური შოკების შექმნას, რისი მაგალითიც არის ლარის ბოლოდროინდელი მკვეთრი ვარდნა და სავალუტო რეზერვების სწრაფი შემცირება.
ამასთან, ეკონომიკური გუნდი აშკარად არაკოორდინირებულად მოქმედებს. ვერ ვხედავ შეთანხმებულ და გააზრებულ მოქმედებას სოციალური პოლიტიკის ნაწილშიც. რაც შეეხება ხელშეკრულებას ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, როგორც წინა შეკითხვის პასუხში აღვნიშნე, ეკონომიკური თვალსაზრისით, ეს არის ახალი შესაძლებლობები, რომლის გამოყენებასაც იმედი მაქვს, რომ ოდესღაც შევძლებთ. ხელშეკრულებას ამჟამად, უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე ეკონომიკური. ცალსახად, ეს არის განაცხადი იმის შესახებ, რომ საქართველო მომავალში უნდა შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანი და ევროკავშირის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი ნაბიჯი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სრულ წევრობამდე, საქართველოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.“
რომან გოცირიძე:
„ნებისმიერი სახის ინდექსში წინწაწევა ქვეყნის რეპუტაციას აუმჯობესებს. თუმცა ყველა ინდექსს არა აქვს ერთნაირი წონა და „აღიარება“. ზოგი ინდექსის საიმედოობა ჰოროსკოპს არც თუ ბევრად აღემატება. რაც შეეხება ამ ინდექსს, იგი შედარებით ახალია, 2005 წლიდან გაიანგარიშება და ნელ-ნელა იმკვიდრებს ადგილს. ამ მხრივ პირველ რიგში საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების მიერ დადგენილი რეიტინგი ფასობს და მთავარი ორიენტირი სწორედ ესაა ინვესტორებისათვის. რაც შეეხება გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში დაწინაურებას, 72 ადგილიდა 69 ადგილზე გადასვლას ( 4, 22 ქულით), იგი განპირობებულია რამდენიმე ფაქტორის გაუმჯობესებით: ე.წ. ძირითადი მოთხოვნების, მაკროეკონომიკური გარემოს, ეფექტიანობის მასტიმულირებელი ფაქტორების, ბაზრის ეფექტიანობის გაუმჯობესებით. წინსვლა შეიძლება მეტი ყოფილიყო, რომ არა უკუსვლა საფინანსო ბაზრის განვითარების კუთხით და ტრადიციულად ძალიან ცუდი პოზიცია ინფრასტრუქტურის, მუშახელის განათლებულობის, ფინანსური ხელმისაწვდომობის კუთხით. ზოგადად, აღნიშნული მოხსენება იკვლევს იმ ფაქტორებს, რომლებიც ეროვნული ეკონომოკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, ამიტომ წინსვლა თავისთავად დადებითია.
„ეს ინდექსი არაა პირდაპირ დამოკიდებული არც მთავრობის ეკონომიკური გუნდის მუშაობაზე ცალკე აღებული და არც მთლიანად მთავრობისაზე. ეს წინა წლებში დაგროვილი პოზიტიური ცვლილებების შედეგიცაა და არა მხოლოდ 2013 წლის.
მითუმეტეს, ეკონომიკური გუნდის მუშაობას ვერ შევაფასებთ რომელიღაც მეორეხარისხოვანი ან თუნდაც პირველხარისხოვანი ინდექსების ცვლილებით. აქ უკვე სულ სხვა კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი.“
25.09.14
ნათია კეკენაძე






