შესაძლებელია რევოლუციით თუ დემოკრატიული არჩევნების გზით შეიცვალოს ხელისუფლება, ფორმაცია, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შეცვალონ საზოგადოებრივიცნობიერება, ეს ხანგრძლივი და რთული პროცესია. ამ პროცესში კი დამოუკიდებელი მედიის არსებობას უზარმაზარი როლი ენიჭება. ის, რომ თავისუფლებას და აზრის გამოხატვის უფლებას დემოკრატიული საზოგადოება ემყარება, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს ადამიანის სიტყვის თავისუფლებას ამაზე ყველა თანხმდება. დღეს რამდენად არის დაცული კონსტიტუციით გარანტირებული სიტყვის თავისუფლება, როგორ მიაჩნიათ ჟურნალისტებს, რამდენად იყვნენ ისინი თავისუფალნი წინა და ახალი ხელისუფლების პირობებში, ამ თემით ,,თბილისი თაიმსი” დაინტერესდა და რამდენიმე მოქმედ ჟურნალისტს საკუთარი პოზიციის დაფიქსირება სთხოვა.
ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტი გოდერძი შარაშია: ,,არსებობს არაერთი საერთაშორისო დონის დასკვნა იმაზე, რომ საქართველოში მედია თავისუფალი არ იყო და განსაკუთრებით სხვა და სხვა არჩევნების წინ, საუბარი იყო მეტნაკლებად დაბალანსებულ ტელევიზიებზე, საინფორმაციო გამოშვებებზე და პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ გადაცემაზე, რაც რა თათქმა უნდა სამწუხაროა, გადაცემებში რომლებშიც მე წინა ხელისუფლების დროს მიმუშავია აბსოლoტურად აპოლიტიკური იყო. შესაბამისად რაიმე სახის აკრძალვა ან დაკვეთა არ ყოფილა. ტელეკომპანიას, რომელსაც ამ ეტაპზე წარმოვადგენ დაბალანსებული პოლიტიკა ჰქონდა და იყო მიუკერძოებელი, რაც ბუნებრივია მის ნდობის ხარისხს და რეიტინგს ზრდის. შესაბამისად საერთაშორისო დონის დასკვნებშიც საქართველოს დემოკრატიის ხარისხი იწევს, ასე რომ ჩემი შეფასება საინფორმაციო გამოშვებების და პოლიტიკური შოუების მიმართ უფრო მაყურებლის პოზიციიდან არის, რადგან უკვე წლებია ამ მიმართულებით არ მიმუშავია“.
ტელეკომპანია ,,რუსთავი 2“-ის ჟურნალისტი პაატა იაკობაშვილი: ,,წინა ხელისუფლებიდან დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. მაშინაც და ახლაც გადმოვცემდი ან მხოლოდ ფაქტებს, ან თუ გადაცემის ფორმატი შესაძლებლობას მაძლევდა, ფაქტებთან ერთად მის პირად შეფასებასაც. სიტყვის თავისუფლების ზოგადი, საზოგადოებრივი დონე კი, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევიდან ჩანს, ახლა მცირედით, მაგრამ მაინც დაბალია. თუ ადრე კონკრეტულ ტელევიზიებს ჰქონდათ პრობლემები, ახლა სხვა ტელეკომპანიებშია სირთულეები. თუ ადრე კონკრეტულ ტელევიზიებს განსაზღვრული მფლობელები ჰყავდათ, ახლა ისინი სხვის საკუთრებაში გადავიდნენ. ადრე ჟურნალისტთა ერთი ნაწილი იბრძოდა იმისათვის, რომ ეთქვა რასაც ფიქრობდა, ახლა მეორე ნაწილი იბრძვის. საქართველოში განსხვავებული შეხედულებების ადამიანებს სიტყვის თავისუფლებაც განსხვავებულად ესმით – ეს სწორეა? ვიღაცისთვის იმის თქმა, რომ ასფალტი იგება – პროპაგანდაა, ვიღაცისთვის უბრალოდ ფაქტი. მესამეს აზრით, ეს არ უნდა მოხვდეს ახალ ამბებში, მეოთხე კი მიიჩნევს, რომ იმათთვის ვისთვისაც ასფალტს აგებენ, ეს მოვლენა აქტუალურია. მისი შეფასებით, ზოგადი სურათი მხოლოდ საზოგადოების შეცვლასთან ერთად შეიცვლება“.
,,მედია პალიტრის’’ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი : ,,თუკი ჟურნალისტს უნდა ობიექტური იყოს, იგი ყველა ხელისუფლების დროს მოახერხებს ამას. ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა არ ხორციელდებოდა, არამედ მიმდინარეობდა ძირითადი ტელევიზიების კონტროლი და ჟურნალისტებს უწევდათ ამის გათვალისწინება. დღევანდელი ხელისუფლება ამდენ ტელევიზიას აღარ აკონტროლებს. ერთი არხი ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს და ისიც დახურა, თუმცა მთავარი საკითხი მაინც ის იქნება, როგორ გადაწყდება საზოგადოებრივი მაუწყებლის საკითხი“.
საზოგადოებრივი მაუწყებლის, ,,1 არხის’’ ჟურნალისტი, პოლიტიკური თოქ-შოუ „პირველი სტუდია“ წამყვანი ეკა მიშველაძე: ,, ჟურნალისტი წინა ხელისუფლების დროს იმდენად თავისუფალი იყო, რამდენადაც საკუთარ პროფესიას სცემდა პატივს. არ ვთვლი, რომ იყო ტაბუირებული თემები, თუმცა შესაძლოა გარკვეული საკითხების გაშუქება იმ დროინდელი სამთავრობო გზავნილების მიხედვით ხდებოდა და ეს არა მიზანმიმართულად (ჟურნალისტის მიერ), არამედ ძალაუნებურად, ქვეცნობიერად. ანუ ჟურნალისტიკა გარკვეულწილად უფრო იყო მთავრობის პიარის გავლენის ქვეშ. დღეს ეს ნაკლებად ხდება, რადგან მედია სივრცე რეალურად მთავრობის პიარისგან თავისუფალია, იმიტომ, რომ მთავრობას არ აქვს არანაირი პიარი და ეს კარგია თუ ცუდი სხვა საკითხია. ყველა თემის გაშუქება ხდება, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. რაც შეეხება დემოკრატიზაციას ჩემი აზრით საქართველოში, ჯერ არც ხალხს და არც თვით ხელისუფლებას არ ესმის კარგად რას ნიშნავს და რა არის დემოკრატია. შესაბამისად საქართველოში მხოლოდ დემოკრატიის ჩანასახია“.
ტელეკომპანია ,,TV3″-ის ჟურნალისტის ლელა წიკლაური: საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყანაა და შესაბამისად არავის აქვს ილუზია, რომ სხვადასხვა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების პროცესი აქ იდეალურად წარიმართება. მით უფრო იმ ფონზე, როცა საქართველოს „პოსტსაბჭოთა“ქვეყანა არც თუ ისე დიდი ხნის წინ დაერქვა. დღეს საქართველოსგან მსოფილო არ მოითხოვს დემოკრატიის შუქურა იყოს, მაგრამ მოითხოვს სრულყოფილი დემოკრატიული საზოგადოების შექმნამდე სწორი გზით იაროს. ეს გზა, რათქმაუნდა რთულია და არც იმის ილუზია აქვს ვინმეს, რომ უშეცდომო იქნება. დემოკრატიული საზოგადოება იზრდება და ეს ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმაც დაგვანახა. როგორც იქნა საქართველოში ხელისუფლება რევოლუციისა და სისხვლისღვრის გარეშე შეიცვალა და როგორც იქნა საპრეზიდენტო არჩევნებზეც მოსახლეობის 97%-ი ხმის მისაცემად რიგებში არ იდგა. ქართული საზოგადოება ყოველთვის გამოირჩეოდა მაღალი პოლიტიკური აქტივობით და შესაბამისად, ქართული ჟურნალისტიკაც. ამიტომ, რაც არ უნდა ითქვას ამ პროფესიას საქართველოში ხელისუფლების იერარქიულ საფეხურებზე ყოველთვის საპატიო მეოთხე ადგილი ეჭირა. იყო თუ არა ქართული მედია ბოლო წლებში დამოუკიდებელი? რა თქმა უნდა ამ კითხვაზე ვერ მექნება მოჭრილი პასუხი „კი“ ან „არა“. ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მეტნაკლებად. თუმა თუ გადავხედავთ 2003 წლიდან მოვლენების განვითარებას, მართალია ვარდების რევოლუციის შემდეგ ტელეკომპანია „იბერია“ სკანდალურად დაიხურა, მაგრამ შემდეგ წლებში არავის აუკრძალავს სხვადასხვა მედიასაშუალებებში ჟურნალისტებისთვის თავისუფალი აზრის გამოთქმა. იყო ძალიან მწვავე გადაცემები, და იწერებოდა, ასევე მწვავე სტატიები პრესაში და არც არავის გაუზიარებია ჟურნალისტ გიორგი სანაიას ბედი (მართალია აღნიშნული საქმე ჯერ გამოძიებული არ არის, თუმცა მკვლელობის ერთ-ერთ ვერსია, რომელიც გავრცელდა, სწორედ მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება), მაგრამ რა თქმა უნდა არსებობდა გარკვეული გავლენის სფეროები, მათ შორის მედიასაშუალებებიც, რომლებსაც ხელისუფლება პროპაგანდის მიზნით იყენებდა, მაგრამ ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. ქვეყანა ვითარდება, და ცვლილებები, რომელიც საქართველოში ხდება მედიასაშუალებების განვითარებაზეც აისახება. რაც დრო გადის, მით უფრო შესამჩნევია თავისუფალი აზრის გამოხატვის ნება ქვეყანაში. ეს შეიძლება სხვადასხვა სოციალური ქსელის გააქტიურებას და თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებასაც დავაბრალოდ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება. დღეს საკუთარი აზრის გამოთქმისთვის არავის სჯიან, რათქმაუნდა თუ, ეს აზრი სახელმწიფო საიდუმლოების გასაჯაროებას ან კიდევ ანტისახელმწიფოებრივი იდეოლოგიის გატარებას არ ეხება. ქვეყანაში უკვე იმდენი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომ რთულია ხელისუფლებებმა ავტოკრატიული მედიასივრცეები შექმნან, ამიტომ, ვფიქრობ ქვეყანა დემოკრატიის რელსებზე დგას და ამაში წვლილი ჩვენ, ჟურნალისტებსა და გასულ ხელისუფლებებსაც მიუძღვით. დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასთან ერთად ჩვენც ვალდებულები ვართ ყოველდღიურად გავიზარდოთ, როგორც პროფესიულად, ასევე დემოკრატიული თვითშეგნების ამაღლების კუთხით. რაღა თქმა უნდა თავისუფალ გარემოში და რაღა თქმა უნდა ევროპულ სივრცეში. ამის მისაღწევად კი ბევრი მუშაობაა საჭირო. ყველაზე მთავარი საკუთარი პროფესიისადმი ერთგულებაა. არა, მარტო ჟურნალისტების მხრიდან, არამედ ნებისმიერი იმ პირის მხრიდან, რომელიც პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე. მოკლედ, ყველამ თავისი საკეთებელი პატიოსნად უნდა აკეთოს და სულ იმეცადინოს, რომ ეს საქმე უფრო კარგად გამოუვიდეს“.
საინფორმაციო პორტალ „ნიუს პოსტის“ ჟურნალისტი ლაშა ბერულავა: ,,წინა ხელისუფლების დროს ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს უფრო მეტი თავისუფლება ჰქონდათ, ვიდრე ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტებს. ეს ნაწილობრივ, თავად ტელევიზიების ნაწილის მფლობელთა პოზიციით იყო განპირობებული, რადგან ბევრწილად ტელევიზიების უმრავლესობა კერძოა, სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავდა სწორედ მათი პოლიტიკური პოზიცია. იგივე ითქმის ბეჭდურ მედიაზეც. უბრალოდ, ინფორმაციის გავრცელების კუთხით, არ მგონია, სერიოზული პრობლემა შექმნილიყო. მახოვს ჩემი კოლეგები, რომლებიც საკმაოდ მწვავე სტატიებს წერდნენ, ზოგჯერ სრულიად დაუსაბუთებელსაც დღესაც აგრძელებენ საქმიანობას, ასე რომ, მათზე იმდროინდელი ზეწოლის შესახებ ძალიან ცოტა რამაა ცნობილი, თუ ცალკეულ შემთხვევებს არ ჩავთვლით. ახალმა ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, იგივე სიტუაცია წარმოაჩინა: როცა ხელისუფლება, რეალურად, არ ერევა მედიის და მედიასაშუალებების საქმიანობაში, მაგრამ ამჯერადაც წარმმართველი როლი მედიასაშუალების მფლობელის პოზიციას უჭირავს. როგორც წინა, ასევე მოქმედი ხელისუფლების პირობებშიც, ძალიან ცოტაა დაბალანსებული მედიასაშუალება როგორც ბეჭდურ, ასევე ელექტრონულ მედიაში. იგივე სურათი გვაქვს “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” მიმართებაში, რაც მანამდე გვქონდა. უნდა ითქვას, რომ ჟურნალისტები წინა ხელისუფლების და ამ ხელისუფლების პირობებში ახერხებდნენ და ალბათ, მომავალშიც მოახერხებენ საინტერესო ინფორმაციის მოპოვებას. აღსანიშნავია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ზოგიერთი იმ სამინისტროს პრესსამსახური (მაგ. სასჯელაღსრულების, შსს–ს), რომლებიც ადრე მაინცდამაინც არ გამოირჩეოდნენ აქტიური ურთიერთობით საზოგადოებასთან, უფრო ღია გახდა. ახლა მთავარია, ეს “ახალი ცოცხის” სინდრომი არ აღმოჩნდეს და ასე გაგრძელდეს“.
ტელეკომპანია ,,მაესტრო’’, გადაცემა ,,სუბიექტური აზრის“ წამყვანი თეონა გეგელია: ,, მიმაჩნია, რომ მედია დღეს ბევრად უფრო თავისუფალია, ვიდრე იყო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე. მედიისათვის სამართლიანი გარემოს შესაქმნელად მხოლოდ ახალი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ნება საკმარისი არ არის. ხარისხიანი, პროფესიონალური და თავისუფალი მედიის არსებობისათვის სახელმწიფომ კანონების და რეგულაციის დონეზე უნდა შექმნას ისეთი გარემო, რომელიც ქართულ მედიას რეალურად თავისუფალ მედიად აქცევს. ამ მხრივ ჯერჯერობით ცვლილებები არ არის და იმედს გამოვთქვამ, რომ ცვლილებები განხორციელდება“.
ტელეკომპანია ,,TV3’’-ის ჟურნალისტი ცოტნე გეგეჭკორი: ,,მედიის თავისუფლება – ეს ის პრობლემაა, რომელიც დღემდე აქტიუალობას არ კარგავს. 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდგომ პერიოდში მედიის დიდმა ნაწილმა ყოფილი ხელისუფლების ,,ჯიბეში’’ გადაინაცვლა და იქ საკმაოდ კომფორტულად გრძნობდა თავს. ეს ვითარება 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიცვალა. ტალეკომპანია ,,იმედის“ ჟურნალისტები ქუჩაში აღმოჩნდნენ, სხვებს კი ხელფასები შეუმცირდათ. ბიძინა ივანიშვლმა უარი თქვა ’’მეცხრე არხზე’’. უფრო ადრე კი ზოგიერთი მედიასაშუალების ირიბ დაფინანსებაზეც, რამაც მათ სერიოზული ფინანსური პრობლემები შეუქმნა. მაგრამ თუკი ჟურნალისტს აქვს შინაგანი თავისუფლება, არ აქვს მნიშვნელობა რომელ მედიასაშუალებაში მუშაობ, მას თავისუფლება მაინც გარანტირებული ექნება. ზოგი ახერხებს შინაგანი თავისუფლების შენარჩუნებას, ზოგი კი ვერ. ზოგი თვითცენზურის ქვეშაა მოქცეული და ამიტომ მათ თავისუფლება ნაწილობრივ მაინც დაკარგული აქვთ. ასე თუ ისე ნებისმიერი ხელისუფალი ცდილობს მეტნაკლებად აკონტროლოს მედია. ხერხები სხვადასხვაგვარია. ყოფილ ხელისუფლებას სხვა მიდგომები ჰქონდათ ახალი ხელისუფლება კი ნელ-ნელა აჩენს მის დამოკიდებულებას. ვნახოთ რა იქნება, ძალიან საინტერესო დროში ვცხოვრობთ. მოვუწოდებ კოლეგებს შეინარჩუნონ შინაგანი თავისუფლება, ნუ მოექცევიან თვითცენზურის ქვეშ და ყველაფერი კარგად იქნება“.
გაზეთ ,,ალიას” ჟურნალისტი ჟანა ასანიძე: ,,ვარდების რევოლუციის ეგიდით მოსული ხელისუფლება, რომ ვარდის მაგივრად ეკლიან გზაზე გვატარებდა 9 წლის მანძილზე, ეს სიახლე არ უნდა ყოფილიყო. დემოკრატიის შუქურად წოდებული, რეალურად კი, დიქტატურის და რეჟიმის პირობების უზრუნველმყოფელი ასევე ცდილობდა, მედიისთვისაც მძიმე ხელი დაედო. ხშირ შემთხვევაში, წინა ხელისუფლება ან ყიდულობდა, ან იბირებდა, ან სხვა ბინძური მეთოდებით ცდილობდა ჟურნალისტების მოთვინიერებას. ნაწილი კი ვინც არ ემორჩილებოდა, ან დაშინებით, ან მედიასაშუალების დახურვით ჩუმდებოდა. დემოკრატია, რომელსაც წინა ხელისუფლება ასე რუდუნებით აშენებდა, დაფუძნებული იყო ძალადობაზე და გამოიხატებოდა მხოლოდ გზების დაგებაში, რომელიც მისი არასრულფასოვნების გამო ისეთივე ფასადური იყო, როგორც თავად დემოკრატია ამ ქვეყანაში. დღეს სულ სხვა რეალობაა. ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც საკუთარ თავზე გამოვცადე, არის ის, რომ ყველა სტატიას, ყველა გაზეთს კითხულობს ხელისუფლება და საჭირო მომენტში, მასზე რეაგირებს. სიამოვნებით მახსენდება რამდენიმე ჩემი სტატია, რომელსაც არა მხოლოდ რეაქცია მოჰყოლია კონკრეტული სამინისტროს მხრიდან, არამედ რეაგირებაც და დაიწყეს საქმის შესწავლა. აი, ეს არის დემოკრატია. ამ ეტაპისთვის ხელისუფლების არადემოკრატიულობაზე საუბარი ნამდვილი უსინდისობა იქნება, ვიმედოვნებ, ასე გაგრძელდება. დღეს ჟურნალისტიკა ნამდვილად ხელისუფლების კრიტიკაზეა გადასული და არა ლანძღვაზე, როგორც წინა ხელისუფლების დროს, როცა იმდენად დიდი იყო აგრესია მათ მიმართ, რომ როგორც შეგეძლო ჟურნალისტს, იმით იბრძოდი. დღეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის ძირითადი საფუძველი არასწორი საკადრო პოლიტიკაა, ,,კუს ნაბიჯებით” წინ სიარულია, რომელიც ნაკლებეფექტურია და კიდევ შემორჩენილი კოჰაბიტაციის არსებობაა. მედიაზე ზეწოლა, მედიისთვის თითის დაქნევა არადემოკრატიულობის მთავარი ნიშანია, რომელიც არასდროს შერჩენია არცერთ ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ახალი ხელისუფლება იმდენად მაღალი ღირსების მატარებელია, რომ ამას არასდროს მიმართავს”.
Newsfreedom International-ის რედაქტორი, დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი ჯულიანა დიუმა: ,,შორიდან იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ჟურანლისტები მეტნაკლებად თავისუფალნი იყვნენ წინა ხელისუფლების პირობებში. უფრო პრობლემატური კი სიტყვის თავისუფლების ფუნქციონირება და საზოგადოებისგან მისი სწორად აღქმის უნარი იყო. თეორიულად სიტყვის თავისუფლება შესაძლებელს ხდის უმრავლესობის აზრის გამოაშკარავებას და შედეგად პირდაპირ გავლენას ახდენს ხელისუფლების საქმიანობაზე, თუმცა ისეთ ქვეყანაში სადაც მთავრობის ცვლილება არ არის რეალურად განპირობებული დემოკრატიული არჩევნებით და როგორადაც ამ ბოლო პერიოდამდე მოიაზარებოდა საქართველო, სიტყვის თვისუფლება აზრსა და ფუნქციას კარგავს. წინა ხელისუფლების პირობებში პრესა საკმაოდ თავისუფელი იყო (ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე ჩანდა). უამრავი ინფორმაცია იბეჭდებოდა ხელისუფლების მაკომპრომიტირებელი, მაგრამ ამას წლების მანძილზე არ მოჰყოლია შესაბამისი რეაქცია ხელისუფლებისაგან და საზოგადოებასაც არ მიუღია რადიკალური ზომები. დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება თავად სარგებლობს თავისუფალი გამოხატვის პრინციპის პრივილეგიებით. იღებს კრიტიკას სამართლიანი იქნება ის თუ უსამართლო და შესაბამისად რეაგირებს მასზე, რაც მის მომავალ არჩევნებში წარმატებას განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ სიტყვის თავისუფელბა თავისდაუნებურად გვიბიძგებს მრავალი უმსგავსობისა და ხშირად ბევრისთვის მიუღებელი აზრის ტოლერანტობისადმი, ევროპაში, განსკუთრებით კი დიდ ბრიტანეთში არსებობს მთელი რიგი კანონები და ეთიკის ნორმები, რომელნიც გარკვეულწილად ზღუდავენ პრესის თავისუფლების ასპექტებს საზოგდაოებრივი ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოში კი სიტყვის თავისუფლებას ხშირად ურევენ ცილისწამებაში და მორალური მხარეც უგუველყოფილია. სიტყვის თავისუფელებას აქ უფრო შეიძლება ითქვას, რომ ველური ფორმა აქვს და პრესის მარეგულირებელი ნორმების არ არსებობა ინფორმაციას ხშირად არასანდოს ხდის და ფასს უკარგავს. ახლანდელი მთავრობის პირობებში თავად ინფორმაციის გამოქვეყნება არ არის პრობლემატური, მაგრამ გარკვეულწილად კვლავ არსებობს მთავრობასა და საზოგადოებას შორის პირდაპირი და დროული კომუნიკაციის პრობლემა, თუმცა გარკვეული ძვრები შეიმჩნევა და ეს მისასალმებელია, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, ხელისუფლება ჯერ კიდევ ჩამოაყალიბების პროცესშია, მაგრამ ზოგადად მათი დამოკიდებულება არსებული პრობლემების მიმართ ამ ეტაპზე პოზიტიური და გააზრებული ჩანს. საზოგადოებაშიც შეიმჩნევა პირადი თავისუფლების შეგრძნება, რაც მხოლოდ დადებითად შეიძლება აისახოს დემოკრატიზაციის პროცესებზე“.
,,TV9″ის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი პროდიუსერი ვახო ხუზმიაშვილი: ,,სააკაშვილის ხელისუფლების დროს პირველი რაც მოხდა, ეს იყო ისეთი ტელევიზიების დახურვა, რომლებსაც ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, ხოლო ის ტელევიზიები, რომლებსაც ის აკონტროლებდა, ბუნებრივია, რომ შუქდებოდა ისე, როგორც ხელისუფლებას უნდოდა. ჯერჯერობით შემიძლია ვთვა, რომ ახალი ხელისუფლების მხრიდან არანაირი ჩარევა არ ხდება’’.
,,ექსპრესნიუსის’’ მთავარი რედაქტორი ირაკლი მანაგაძე: ,, დღეს შედარებით თავისუფალია მედია და ზეწოლების გარეშე მიმდინარეობს მუშაობა. სამართალდამცავები ხელს არ უშლიან და უფრო მეტი რეკლამა შედის დამოუკიდებელ მედიაში“.
06.01.14
გიორგი მიქანაძე
გიორგი ჩუბინიძე