ქართული კულტურა ემიგრაციაშიც ცოცხლობს. უფრო მეტიც შეიძლება ითქვას, ემიგრაციაში ქართული კულტურა ახალ შესაძლებლობებს, ახალ ასპარეზს იძენს და მსოფლიო საზოგადოებას ეროვნულობას და თანამედროვეობასთან ერთად დიდ ძალას სთავაზობს. ემიგრანტთა ცხოვრება ყოველთვის საინტერესო იყო. დასაფასებელია მათი უდიდესი შრომა და ის გზა, რომელსაც მიიკვლევენ უცხო ქვეყანაში სადაც იქმნიან პატარა სამშობლოს და ამ სამშობლოში იმკვიდრებენ თავს. ისინი ბევრს ფიქრობენ სამშობლოზე და განიცდიან იქ არსებულ მდგომარეობას. ქართულ ემიგრაციაში არის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ახალგაზრდა ზურაბ ქათამაძე, რომელიც პროფესიით კინო რეჟისორია, თუმცა ამას გარდა სხვა მრავალი პროფესიითაა დაკავებული და ბევრ წარმატებასაც მიაღწია. ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი საქმიანობის და ამ გადმოსახედიდან ქართული კულტურის დღევანდელობის შესახებ ,,თბილისი თაიმსი“ ინტერვიუს გთავაზობთ.
გვიამბეთ თქვენს შესახებ, როგორ დაიწყეთ კარიერა?
წარჩინებით დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და ,,welcome to America”. ასე ადვილი მეგონა საქართველოს შემდეგ წარმატებისთვის ბრძოლა. საყვარელი საქმე, რომ არა შეიძლება საკუთარი თავიც კი დამეკარგა, რომელიც ერთხელ გადავარჩინე, როდესაც მოვხვდი თეატრში. ეს იყო 17 წლის წინ, როცა სამეფო უბნის თეატრში მსახიობმა ლაშა-გიორგი პაპუაშვილმა წამიყვანა და მიხსნიდა, თუ რა დიდ მსახიობებთან მომიწევდა შეხება. ესენი გახლდათ ქალბატონი იზა გიგოშვილი, რომელმაც დამილოცა გზა თეატრალურში და ქალბატონი ხათუნა იოსელიანი, რომელმაც მაგინა… და შემდეგ 17 წლიანმა მეგობრობამ მოგვიყვანა ნიუ იორკამდე.
როგორ მოახერხეთ ემიგრანტობაში თავის დამკვიდრება, ვინ ან რა დაგეხმარათ ამაში?
არაფრის და ვერავის გამო ვერ მოვითმენდი ემიგრანტად ყოფნას. ეს უკვე საკმარისია, რომ იმ მინიმუმ ტანჯვას გაუძლო, რაც მხოლოდ საწყისია. ამას ემატება ბრძოლა სადაც ყველას განწირული ჰგონიხარ და თუ ვინმე გიდგას გვერდში სულიერ მოძღვრად ეს საკუთარი ნიჭია. შეიძლება მეგობარი არ გამოგადგეს, ძნელია მეგობარსაც მოსთხოვო სულიერი მოძღვრობა გაგიწიოს. ამასაც ეგუები თითქმის 8 წელი და ბედნიერებაზე, რომ დაფიქრდე მაშინ ხარ მეტად ბედნიერი, როდესაც ვიღაცას იპოვი ვისაც გაუზიარებ, შენი ენით საუბრობს, გჯერა მისი. ეს უკვე გამართლებაა რაც აუცილებელია. დავრწმუნდი, რომ შრომასთან ერთად შეიძლება ამ ქვეყანაში პირველიც კი იყო, რადგან შრომა გარდაუვალია და მეც გამიმართლა და ქალბატონი ხათუნა იოსელიანის ამერიკულ ცხოვრებაშიც აღმოვჩნდი, რიგითი ჯარისკაცობა არ მეღირსა. გენერლის პასუხისმგებლობით ვუდგები მის დამოკიდებულებას და საქმეს. რთულია, როცა ადამიანს შენი ბოლომდე ჯერა იმ საქმეში, რაშიც თავად მარშალია. ფილმით მეტად ვეტყვი ჩემს სათქმელს.
როგორ იქმნება თქვენი კარიერა ამერიკაში?
პროფესიით კინო რეჟისორი ვარ. მხოლოდ რეჟისორის სტატუსით ვერაფერს შეძლებ, რადგან კამერა, მონტაჟი, განათება, აპარატურა, ეს მცირე ჩამონათვალია იმის, რაც აუცილებელია, რომ პროფესიონალურ დონეზე უნდა იცოდე და შემდგომ სიტყვა რეჟისორი გამოხატავს ამ საქმის მიმართ ცოდნის პასუხისმგებლობას და დიდ გამოცდილებას. ამ ქვეყანაში არც თუ ისე რთულად მოიძებნება საკუთარი საქმის პროფესიონალი და ყველასთან გიწევს ტექნიკური ენით საუბარი, რომ აუხსნა შენი პროექტი, ამიტომ უმეტესწილად აქ ყოფნის მიზანი და დახარჯული დრო იყო მესწავლა ის ტექნიკური მხარე, რითიც შეიძლება მიიღო ხარისხი და განახორციელო შენი იდეა 100%-ით.
რა პროექტებში ხართ ჩართული და როგორია საქმიან ადამიანებთან ურთიერთობის პროცესი?
დავიწყე სერიოზული დაინტერესება ფოტოგრაფიით, უფრო სწორად დავუბრუნდი, რადგან ერთი წელი საქართველოში, თეატრალურ უნივერსიტეტში ვიჯექი და ვსვამდი. მონტაჟი მესმოდა, ფოტოკამერამ მასწავლა ოპერატორობაც, განათება, კომპოზიცია. დავიწყე ფიქრი, როგორ მეშოვა ჩემი პროფესიით ფული, რადგან ცალკე, რომელიმე განხრით არ მინდოდა მუშაობა. შემთხვევით ჩემმა მეგობარმა, რომელიც MTV-ში მუშაობდა კარი გამიღო ახალ მიმართულებაში, ეს არის სინემატოგრაფი და ზუსტად მივხვდი თუ სად შემეძლო ბოლომდე დავხარჯულიყავი. ამ პროფესიაში თავმოყრილია ყველაფერი, რაც ეხება კინოს და გადაღებას. სწორედ ეს მინდოდა მეკეთებინა. გავხდი სინემატოგრაფი. იშვიათი და მოთხოვნადი პროფესიაა, რომელიც დამეხმარა სამუშაოების ძიებაში. ფოტოგრაფია და სინემატოგრაფია ჩემი ძირითადი შემადგენელი ნაწილია, რადგან ყველაფერს ლინზის კუტხით უყურებ. აქ ძალიან ძნელია საკუთარი პროექტების კეთება. დამოკიდებული ხარ ბევრ ადამიანზე, მაქსიმალურად უნდა გამოიყენო და მინიმუმიდან მაქსიმუმი უნდა გააკეთო. ასე მოვხვდი რამდენიმე საინტერესო პროექტში, ნიუ-იორკის Fashen week-ზე, შემდეგ მუსიკალური კლიპები არტისტებისთვის, რებრენდინგს ვუკეთებდით მსახიობებს, რომ კონტრაქტები დაედოთ. ბოლო პერიოდი მე ძირითადად ვმუშაობ შავკანიანებთან. ბიზნესში საინტერესო და კრეატიული ხალხია, მათთან ურთიერთობა ადვილია, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი ვარ, ჩემი ქართული მიდგომით და დამოკიდებულებით ვაოცებ, თუმცა მაინც იპოვეს ახსნა და თქვეს, რომ მე სხვა ვარ, ევროპელი ხარ და აზროვნებო. თუ ვინმე ცნობილ ადამიანს შევხვედრივარ და მიმუშავია არავისთან არ მქონია ის განცდა, რომ დიდია და რაღაც ამბიციები კლავდა. არამედ პირიქით, ყველას ფასი იციან და ეს დამოკიდებულება მხოლოდ უდიდესი პიარია. თავიდან გაბრთხილებენ უამრავ რამეზე, ბოლოს ხვდები, რომ ეს მისი გარემოცვა ხელს გიშლის მასთან ურთიერთობაში. ბოლო პროექტზე ლასვეგასში მსახიობთან ჩავედით ფილმის გასაკეთებლად. სახლში სტუმრად, რომ მივედით ისე გავიხსენით და გაუგეთ ერთმანეთს, რომ გვთხოვა ჩემთან დარჩით და იცხოვრეთო. ერთ კვირაში პროდიუსერებმა დაფინანსება შეწყვიტეს და პროექტს მოგვაშორეს, რადგან ყველას საკუთარი ადგილის დაკარგვის ეშინოდა. ასევე ძალიან არ უყვართ, როცა ტკბები შენი სამუშაოთი. უცნაურია, მაგრამ ასეა, ეს განცდა აქვს ყველას, საკუთარი თავის გადარჩენის შიშის ფაქტორი.
თუ გქონიათ ურთიერთობა ცნობილ სახეებთან და რას გაიხსენებდით მათთან ურთიერთობაში? ასე მაგალითად თქვენს ალბომში ალ პაჩინოს ფოტოები დავათვალიერე.
ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი და პირველი მოგონება, რაც დღემდე მეამაყება, ალ პაჩინოს უკავშირდება. ჩემს მეგობრებთან ერთად მივდიოდი მეორე დღეს ხელი, რომ მოეწერა სურათებზე, რომელიც სპექტაკლის შემდეგ გადავუღე. გზაში თემა წამოიჭრა, რომ უხერხული ხომ არ იქნებოდა, რომ საკუთარ სურათზე მოეწერა ხელი. ბევრი ვიხუმრეთ, თუ რა ფორმით შეიძლებოდა გაეპროტესტებინა. თანაც ფოტო არც თუ ისე პატარა ზომის იყო, ჩარჩოში გავაკეთე და ჩემთვის, კლასიკურად იყო გამზადებული. გადავიფიქრე, რომ მიმეცა ხელმოსაწერად, უბრალოდ გვინდოდა კიდე შევხვედრილიყავით. მოკლედ ბოლო წამს მაინც ამოვიღე ფოტო და ვუთხარი, რომ სამახსოვროდ დამრჩებოდა. მოულოდნელად იძახის, რა მაგარი სურათია, ეს სურათი უნდა წავიღოო, ეს ხომ ჩემთვის გააკეთეო. ასე და ამგვარად ვაჩუქე და რადგანაც ვალში იყო, ყველა მის სურათზე მოვაწერინე ხელი. მასაც დარჩა ჩემგან და მეც სამახსოვროდ. ყველაფერი ხდება, თუ გიყვარს რასაც აკეთებ Sandra bullock, Chick Corea, Barry Harris , Billy Cobham, Joan Rivers, kimora lee simmons, Fabolous, ძირითადად ეს ის ცნობილი ხალხია ვინც გადავიღე.
გვიამბეთ თქვენს ოჯახურ მდგომარეობაზე?
დასაოჯახებელი ვარ. მარტო ვცხოვრობ. მშობლები და ძმა საქართველოში არიან და უზომოდ მგულშემატკივრობენ. ჩემი ძმა გვერდში მიდგას, ის გახლავთ სტრატეგიული დაგეგმარების უფროსი ერთ-ერთ ქართულ დიდ კომპანიაში და მის გამოცდილებას ვიყენებთ და ჩვენთან ერთად მუშაობს. შეიძლება ითქვას ნებსმიერი შეთანხმება, თუ პროექტი მისი ანალიზის გარეშე არ ხორციელდება. დღეს თუ მე რაიმეს ვაკეთებ, ესეც ჩემი ძმის დამსახურებაა. ხშირად, რომ ვფიქრობ როგორ შეიძება ზუსტად იცოდეს და ხვდებოდეს აქ რა ხდება, ის მეუბნება: ზურა საქართველო ყველაზე მაღალი წერტილია და აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. ასე, რომ ჩამოდი და შენც კარგად დაინახავო.
როგორ აფასებთ ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებს?
ქართულ კულტურაში მიმდინარე პროცესებია – თვითკმაყოფილება, პოპულიზმი, სიახლის შიში და ერთმანეთის ნიჭს მიმართ აგრესიული დამოკიდებულება. თვითდამსახურების არდაფასება, ყველა საკითხის მატერიალური პრობლემით გადაჭრა, უსასრულო მოლოდინი და მაშტაბურ გეგმებზე საუბარი, ამპარტავნული სიამაყე, ცინიზმი ან პირფერობა. სულ მიკვირს, როდესაც რაღაცაზე საუბრობენ ნეტავ ვის გულისხმობენ, ვის გასაგონად საუბრობენ, ვინ აფასებთ მათ ან ვინ აფასებს ჩვენს ქვეყანას, ,,ბაკულას ღორები“ მახსენდება. ვის გულის მოსაგებად, პოზიციებად, პარტიებად დაყოფა ერთი მიზნისთვის – სიკეთის საკეთებლად მიბაძვით ბრძოლა პროვინციალიზმზე. რეიტინგებზე დამოკიდებული ავტორიტეტები. ეს ქვეყანა არაფერს ცვლის, გაძლევს გამოცდილებას. რეალობის და სიყალბის მიმართ მაქსიმალურად ავლენ შენს თავს. გპრესავს და საბოლოო ჯამში საკუთარ თავთან გტოვებს ისეთს, ვინც რეალურად ხარ. რა შეგიძლია, არ გრჩება მიზეზი გაამტყუნო სხვა. ხვდები, რომ მთავარი ურთიერთობა და შრომაა. მსოფლიო მოქალაქე ხარ, ადამიანებს ბევრი საერთო აქვთ ერთმანეთთან განურჩევლად რელიგიისა და ეროვნებისა. ხშირ შემთხვევაში ეს მეორე პლანზეც კი გადადის.
ზაფხულში ვაპირებ საქართველოში ჩამოსვლას, რადგან როგორც ჩემი ძმა ამბობს ყველაზე მაღალი წერტილიდან მინდა გადავხედო სამყაროს და ჩამოვაყალიბოთ კომპანია, რომელიც ამერიკაში იქნება რეგისტრირებული. ტექნიკური ბაზა საქართველოში სხვა პარტნიორებთან ერთად. გამოცდილებასთან ერთად შევიძინე ბევრი პროფესიონალი ადამიანი, რომელთაც დიდი სურვილი აქვთ ვაწარმოოთ კომერციული პროექტები.
რას ეტყოდით ქართველ საზოგადოებას, ამერიკიდან, რა უნდაგაკეთდეს ხელოვნების, კულტურის პოპულარიზაციისა და დაფასებისთვის?
რასაც გულით ვეტყოდი ქართველებს ეს გახლავთ, რომ ნაკლები ირონიით, ზედაპირულად ისაუბრონ, ქართველ ემიგრანტებზე, რომლებიც მოხუცებთან, თუ სხვა მძიმე შრომით ახერხებენ არჩინონ ოჯახები და ჩვენი ქვეყანა, რომლის დიდი შემოსავალი ემიგრაციაა, მეტად დაუდგნენ მათ გვერდით თავად ოჯახები. ნაკლები „მარიაჟობით“ და მეტი სწავლით დაუფასონ და დაიხსნან ისევ საკუთარ ქვეყანაში ეს ხალხი, რადგან თითოეული ემიგრანტის ოცნება საკუთარ სახლში მშვიდად გათენებული დღეა. დღესდღეობით მარტო ამერიკაში მინიმუმ 70 000 ქართველი ემიგრანტია, რომელთაც უდიდესი გამოცდილება აქვთ საქმის მიმართ, აგრეთვე ახალი თაობა, რომელიც საკმაოდ განათლებულია და აქაური გამოცდილებით უდიდეს ძალას და მომავალს წარმოადგენს, თუ მოხდა მათი ინვესტიცია საქართველოში, რაზეც ჯერ არავინ დაფიქრებულა. ნუ საუბრობენ აბსურდულ შეხედულებაზე აქ ჩამოსულები, ან ვერ ჩამოსულები იმაზე, რომ მწვერვალებს იპყრობენ, ანშლაგით ატარებენ კონცერტებს თუ ასე შემდგე. მათი ნიჭით და შემოქმედებით ამერიკელები შოკში არიან. სხვადასხვა ინტერპრეტაციებით ნუ უქმნიან ხალხს ყალბ წარმოდგენას რაღაც საშინელ არარეალობაზე. ნუ მუშაობენ იმიჯზე და ყურმოკრული თემებით ნუ ქმნიან ახალ სახელმწიფოებს. ყველაფერი სიყალბეა და ის ეგრეთწოდებული პოპულარული ტერმინი ,,მოხუცის გალავნის წმენდა“ ჩვენი ქვეყნის ტკბილი ლუკმაა! უამრავი ტელევიზიაა, არცერთ ქვეყანაში არ არის ამდენი ტელეკომპანია პარტიების მიხედვით და ზუსტად იცი რისი მოსმენა მოგიწევს და სად უნდა გადართო. არცერთი კომერციული პროექტი არ არსებობს, ყველა საქართველოს ვიწრო მაყურებელზე გათვლილია. სახელმწიფო ტელევიზია ბუხარელი ებრაელების ქორწილს გავს, თუმცა ფორმატი მაინც ნაკლებია. ქართული სულისკვეთებით, უცხოურ სლენგზე გაკეთებული გადაცემები ხომ დეგრადაციაა. ერთადერთი რაც უნდა მოხდეს უახლოესი მაქსიმალური სწრაფი, კულტურული და ხელოვნების განვითარება, ეს გახლავთ ახალი თაობის თეატრალური თუ სხვა უნივერსიტეტის ინტეგრაცია ტელეკომპანიებთან. თუნდაც მოხდეს მათი პრაქტიკანტად დაკომპლექტება და გადანაწილება, რომ ახალი სიცოცხლე შევიდეს, თორემ მკვდარი სულების ყურება დიდხანს მოუწევთ. დღეს მთელი ჩვენი ქვეყნის მართვა, ტელეპროპაგანდაა. ასე, რომ ამ გზიდან გადახვევა შეუძლებელია. ისევ ამ გზით ვფიქრობ, რომ განვითარდეს და მეტი შრომა, ყურადღება არა!! შრომა! და საშუალება მიეცეთ ადამიანებს, ნუ ბლოკავთ, ნუ გეშინიათ. მაგაზე უარესს არავინ გააკეთებს, ეგ ხომ მაინც იცით, ეგ ხომ სტანტარტია და ნუ აჩვევთ საქართველოს ფულებს ვიღაც უცხოელ გამოგონილ გმირებს, რომელიც დიდი პომპეზურობით ჩამოგყავთ და თან თავი მოგაქვთ. პატივი ეცით საკუთარს და დამიჯერეთ ბევრად მალე დავიბრუნებთ უპირველეს ყოვლისა ღიმილს.
ზურაბ ქათამაძესთან ინტერვიუსთვის ქალბატონმა ხათუნა იოსელიანმა დაგვაკავშირა. მსახიობმა გადაწყვიტა ქართული საზოგადოებისთვის წარედგინა და დაეხასიათებინა იგი. გთავაზობთ ხათუნა იოსელიანის კომენტარს:
17 წლისწინ, სამეფო უბნის თეატრიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და არც თუ ისე მომხიბლავად ვთამაშობდით სპექტაკლს ,,ნანგრევთა შორის” ვაჟა-ფშაველას მიხედვით. სცენაზე ვდგავართ მე და ქალბატონი იზა გიგოშვილი. ჯავარა ერთ კუთხეში, მარცხენა პორტალთან, მოქრისი ანუ მე მარჯვენა პორტალთან. ზედ ლუკის თავზე საიდანაც აღაზა გამზადებული იყო ამოსასვლელად. მოკლედ, მაქვს ერთი გოდება და ვაი-ვიში. ვტირი ჩემს მიცვალებულებს და ამ დროს მესმის სიცილ-კისკისი, ხუნტრუცი. ცეცხლი წამეკიდა. თავდახრილმა კბილებში გავცარი – არგაჩერდები შენი დ. და. მ – ბიჭი გაქვავდა. ასე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა, რომელიც შემდგომში განუყრელ მეგობრობაში გადაიზარდა. ამპატარა ბიჭმა აქ ბევრი რამ შესძლო.
წარმატებით დაამთავრა სარეჟისორო. მრავალი ფილმი გადაიღო, ფესტივალიდან ფესტივალზე… შემდგომში რა? ორივე აღმოვჩნდით შტატებში. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც დავინახე, იმ პერიოდში ნიდარ დუმბაძის ,,ჰელადოსს“ ვდგამდი ,,კავკაზ ექსპრესში“ და აქ ეს საოცარი ნიჭიერი კაცი გამომეცხადა და დაიწყო ჩვენი შემოქმედებითი ტანდემი. თუ არა ზურა ქათამაძე, ჩემი ჩანაფიქრი არაფრით არ განხორციელდებოდა. ეკრანი და სცენა გავაერთიანეთ. აქაც ბრწყინვალედ დაამთავრა სარეჟისორო. ბრწყინვალედ ფლობს იგლისურ ენას. წარმატებით თანამშრობლობს ამერიკულ კომპანიებთან და საკუთარი ნიჭით, შრომით ისევ პედესტალზე დგას.
კარგი შვილი, კარგი მეგობარი, უგანათლებულესი, კარგი მოსაუბრე, უნიჭიერესი რეჟისორი და რაც მთავარია სამშობლოზე ძლიერ შეყვარებული ადამიანი, რომელიც არაფერს არ ეპუება. მიდის წინ და წინ. სულ მაღლა და მაღლა. მრავალჟამიერ ბატონო ზურა!
05.04.14
გიორგი ჩუბინიძე