საქართველოს საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა კვლავ მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ევროკომისიის პრეზიდენტის, ჟოზე მანუელ ბაროზოს თქმით, ევროკავშირი ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან რამდენიმე თვით ადრე დაიწყებს, ამ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე დღეში აშშ–ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ნატოში საქართველოსა და უკრაინის შესვლაზე ისაუბრა. თუ, რა საპასუხო რეაქცია ექნება ამ ყველაფერზე რუსეთს, საქართველოსთან მიმართებაში და რა ზეგავლენას მოახდენს ქვეყანაში არსებული მძიმე საშინაო მდგომარეობა, დასალეთთან ურთიერთობაშ , მაშინ როდესაც ექს–პრეზიდენტს პროკურატურაში იბარებენ და ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ , გიორგი მარგველაშვილს უპირისპირდება – ამ საკითხებზე „თბილისი თაიმსს“ ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე.
რამდენიმე დღის წინ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხა, რომ ევროკავშირი ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან რამდენიმე თვით ადრე დაიწყებს, როგორ ფიქრობთ რა არის მიზეზი, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება ევროპამ?
უკრაინის მოვლენების გამო ევროპა მიხვდა,რომ რუსეთი აბსოლუტურად გაუგებარ პროვოკაციებს აწყობს, ჩვენ ვართ შუა ცივ ომში. აუცილებლად, უნდა დაჩქარდეს ყველა ის პროცესი,რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციას. პირველ რიგში, ეს საქართველოსთან და მოლდოვასთან.
როგორ ფიქრობთ, ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების რამდენიმე თვით ადრე გადმოტანა მოახდენს თუ არა ცვლილებებს რუსულ პოლიტიკაში, უნდა ველოდოთ თუ არა რუსეთისგან ახალ პროვოკაციებს ამ ფაქტის საპასუხოდ? და რაში შეიძლება გამოიხატოს ეს?
არავითარ ზეგავლენას არ მოახდენს. რუსეთს აქვს თავისი სცენარი, რომლის მიხედვითად ის მოქმედებს. მას უნდა, კერძოდ პუტინს , სსრკს დაბრუნება, ასევე უნდა უკრაინის მთლიანი დანაწევრება, სხვა საქმეა როგორ გამოუვა ეს. რაც შეეხება, საქართველოსთან დაკავშირებით, ჩემი აზრით, არ არის მოსალოდნელი რაიმე ან პროვოკაცია, ან პოლიტიკის შეცვლა. ის სხვა საქმეებითაა ჯერ დაკავებული.
შეიძლება ითქვას, რომ პუტინმა დასავლეთს უკრაინისთვის ბრძოლა მოუგო? რამდენად საფუძვლიანია მტკიცება, რომ კრემლი დასავლეთს უკრაინის ნატო–ში შეუსვლელობას ევაჭრება? და კიდევ, თქვენი აზრით, გააგრძელებს თუ არა მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ყირიმული სცენარით მოქმედებას და უკრაინის
ფედერალიზაციისათვის ბრძოლას? ასე არ ვიტყოდი, რადგან პუტინს ეს ბრძოლა არ მოუგია, პირიქით წააგო, რაც იმაში გამოიხატა, რომ ჩემი აზრით რუსეთის ავანტურა უკრაინისთვის შეცდომა იყო, ისევე როგორც ჩვენთვის კარგად ნაცნობი 1979 წლის დეკემბერი, როდესაც ავღანეთში მათ ჯარები შეიყვანეს, რასაც შედეგად ძალიან მალე მოჰყვა საბჭოთა კავშირის დანგრევა. ყირიმის ანექსიის საპასუხოდ, რუსეთმა მიიღო სანქციები, თუმცა როდესაც ჩვენ დასავლეთ უკრაინაზე ვსაუბრობთ, ეს უფრო სერიოზული საკითხია, რადგან აშშ დასავლეთ უკრაინის ანექსირებას, იმ შემთხვევაში თუ მოხდა, არ შეეგუება და შესაბამის ზომებს მიიღებს. ობამას განცხადებას თუ დავუკვირდებით, დავინახავთ რასაც გეგმავს აშშ მომავალში, იგი თანდათანობით უფრო მეტი გაზის მოპოვებას დაიწყებს და თავის მარაგს დაახლოებით 2–3 წელიწადში მიაწვდის ევროპას და ევროპაც აღარ იქნება რუსეთზე დამოკიდებული, რაც მთლიანად მოსპობს რუსეთს და მის ეკონომიკას. პუტინმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცის, ის რესურსების სპეციალისტია, კარგად ერკვევა ეკონომიკაში, საინტერსო დისერტაციაც აქვს დაწერილი, მაგრამ მას აქვს იმის იმედი რომ ჩინეთს მიყიდის ყველაფერს, რაც აქვს, თუმცა ეს შეუძლებელია ჯერ ერთი ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, რუსეთს არ აქვს გაზსადენები აღმოსავლეთისკენ , მეორეც ჩინეთი არასდროს შეეგუება იმას, რომ რუსეთი გახდეს აზიის ლიდერი, აზიის ლიდერობა მას თავად სურს. ამრიგად გადაულახავი წინააღმდეგობაა რუსეთსა და ჩინეთს შორის. რუსეთის პოლიტიკას მომავალი არ აქვს. თვითონ რუსეთშიც ძალიან კარგად იცინიან, რომ ეს სიტუაცია რაც უფრო გაიწელება, მით უფრო არ აწყობს რუსეთს. სამხედრო გადატრიალება რუსეთში ერთ–ერთი საშუალებაა, რომ რუსეთი შეჩერდეს, რომც არაფერი შეიცვალოს ეკონომიკური თვალსაზრისით, ყირიმის ანექსიის შემდეგ ისედაც დაეცემა რუსული ეკონომიკა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ყირიმში რუსეთი უზარმაზარ ინვესტიციებს ვერ განახორციელებს, მას ამის შესაძლებლობა არ აქვს, მოსახლეობა შიმშილით კვდება, აი წარმოიდგინეთ რა მოხდება ერთი დღე კანადამ ემბარგო რომ დაუწესოს რუსეთს ხორბალზე.
მეამიტური აზრია, რომ კრემლი დასავლეთს უკრაინის ნატო–ში შეუსვლელობას ევაჭრება, უბრალოდ რაც ცალსახაა იმას გეტყვით, რომ რუსეთმა კარგად იცის, მან თუ დაკარგა თავისი ზეგავლენა უკრაინაზე მისი ზრახვები არასდროს განხორციელდება და სწორეც არის, რადგან უკრაინის დაკარგვა ნიშნავს, რუსეთის საზღვრების შევიწროვებას. რაც შეეხება გააგრძელებს თუ არა მოსკოვი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში ყირიმული სცენარით მოქმედებას და უკრაინისფედერალიზაციისათვის ბრძოლას დიდი იმედი არა მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ რუსეთის და განსაკუთრებით პუტინის მოქმედებები არანაირ ლოგიკაში არ ჯდება და არ ვიცით ისინი ზუსტად რას მოიმოქმედებენ. უახლოეს დღეებში გადაწყდება მსოფლიოს მომავალი, რადგან ვთვლი, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შევიდა დასავლეთი და აშშ ამას არ შეეგუებიან და სანქციებს არ დასჯერდებიან, შესაბამისად შეიძლება მესამე მსოფლიო ომიც დაიწყოს.
ასეთ ურთულეს ვითარებაში, რას შეიძლება ნიშნავდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ პრეზიდენტ გიორგი მრაგველაშვილის მისამართით გაკეთებული კრიტიკულიგანცხადებები და ამავე განცხადებაზე პრეზიდენტის პასუხი? და კიდევ, რამდენად საფუძვლიანი შეიძლება იყოს ვარაუდი, ივანიშვილ – მარგველაშვილის ურთიერთობების გასაჯაროება ნიშანი იყოს იმისა, რომ მმართველ გუნდში სერიოზული რყევებია დაწყებული?
არა, არაფერია ეს ჩვეულებრივი მოვლენაა და არ ღირს ამაზე აჟიოტაჟის ატეხვა, რადგან თვითონ ივანიშვილმაც ერთ–ერთ ინტერვიუში განაცხადა ამ საკითხთან დაკავშირებით, მე წავიკითხე სადაც ის ამბობს, რომ როგორც სამოქალაქო პირმა ისე გააკრიტიკა პრეზიდენტი, ამაში გასაკვირი არაფერია. პირადად ჩემთვის მართლაც გაუგებარია, მარგველაშვილის მოქმედებები, თუნდაც ის, რომ ადრე არ შედიოდა რეზიდენციაში, ახლა შევიდა და კიდევ ის, რომ არ უპასუხა ივანიშვილის ბრალდებებსა და კრიტიკას. ცუდია უპასუხოდ ამ ყვეალფრის დატოვება, ეს ნიშნავს იმას, რომ მას სათქმელი არ აქვს. რაც შეეხება მმართველ გუნდში სერიოზულ რყევებს , ამასაც არ ვეთანხმები, ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ დაძაბულობაა, საერთოდაც, მე მარგველაშვილს არასდროს განვიხილავდი, როგორც ქართული ოცნების პარტიის გუნდის წევრად, რადგან ამ ადამიანს თავისი კარიერის განმავლობაში ბევრ პარტიასთან ჰქონია კავშირი. და ახლა ის როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არაპარტიულია.
როგორ შეაფასებდით ექს – პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის დაბარებას პროკურატურაში, ჩვენი ევროპელი მეგობრების რეაქცია აღნიშნულ ფაქტზე ერთგვაროვანია, ისინი თვლიან, რომ ეს აგრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა და ქვეყნისთვის უარყოფითის მომტანი იქნება, ოპოზიციური პარტიები კი მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარების ფაქტს ადარებენ უკრაინაში იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებას და წინასწარმეტყველებენ, რომ საქართველოშიც იგივე მოვლენები განვითარდება, როგორიც უკრაინაში რამდენიმე თვის წინ, რამდენად რეალურია ის, რომ საქართველოშიც შეიძლება იგივე მოხდეს?
დადებითად შევაფასებ მიხეილ სააკაშვილის დაბარებას პროკურატურაში, განა ამის დრო არ მოვიდა? ხუთი წელი მალავდნენ ზურაბ ჟვანიას სიკვდილის ამბავს, სხვა თუ არაფერი კითხვები ხომ მაინც უნდა დაისვავს, მას შემდეგ რაც ჟვანიას ფოტოები გამოქვეყნდა, ცალსახაა, რომ ის არაა გაზით გაგუდული, არამედ მოკლულია, ცხადია, რომ მალავენ და ამის შემდეგ , კითხვების დასმის უფლება ნამდვილად აქვს ქართულ პროკურატურას . კითხვები უნდა დაისვას არამარტო ამ საკითხე, არამედ მაგალითად იმაზეც, თუ რა უფლებით ყიდდა ქართულ ქონებას 1 ლარად? და ა.შ. მიხეილ სააკაშვილმა თავისი თავი კანონზე მაღლა დააყენა და ახლა დროა, რომ პასუხი აგოს იმ ყველაფრის გამო, რაც გააკეთა. მე არ ვგულისხმობ, რომ აუცილებლად ციხეში უნდა ჩაჯდეს, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, რაც შეეხება ციხეში ჩასმას ამას სასამართლო გადაწყვეტს. ევროპელი მეგობრების რეაქცია სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებასთან დაკავშირებით არ ყოფილა ისეთი მწვავე, როგორიც ეს იყო მაშინ როდესაც ვანო მერაბიშვილი დააკავეს. მე, რომ პრემიერის ადგილზე ვიყო სწორედ ასე მოვიქცეოდი, ხალხი ელოდება სამართლიანობის აღდგენას, ბევრი კითხვაა პასუხგაუცემელი. ოპოზიციური ნაწილის, განსაკუთრების ნაციონალების არცერთი განცხადების არ მჯერა. სულ სხვადასხვაა ტიმოშენკოსა და სააკაშვილის ამბავი. ტიმოშენკო იმიტომ დააკავეს, რომ ის იყო იანუკოვიჩის პირადი მოწინააღმდეგე. ახლა ისმევა კითხვა ვისი მოწინააღმდეგეა სააკაშვილი? ივანიშვილის?. არანაირად. ასე, რომ არ მგონია შურისძიების სახე ჰქონდეს ექს–პრეზიდენტის პროკურატურაში დაბარებას. უკრაინასა და საქართველოს შორის დიდი განსხვავებაა. ჯერ ერთი დავიწყოთ იქიდან, რომ უკრაინაში მოსახლეობის უმეტესობა ეთნიკურად რუსია და აღმოსავლეთ ევროპაში ბევრმა უკრაინელმა უკრაინული არც იცის და მიიწევდნენ ისინი რუსეთისკენ, ჩვენს ქვეყანაში კი რუსები პროცენტულად ძალაინ ცოტანი არიან, ქართველების 90%–მა არ იცის რუსული. ტყუილია ასევე ის განცხადებები, რომ ამ ხელისუფლებას სურს რუსული ქოლგის ქვეშ შეფარება, ეს ასე რომ იყოს მაშინ ხელისუფლება ასე ინტენსიურად არ გააგრძელებდა დასავლეთთან და ევროკავშირთან ურთიერთობებს.
როგორ შეაფასებთ, ბარაკ ობამას გუშინდელ განცხადებას ბრიუსელში, თქვენი აზრით ამ განცხადების შემდეგ უნდა შეცვალოს ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკა? რა მესიჯს უგზავნის აშშ–ს პრეზიდენტი საქართველოს?
ინტერნეტში გავრცელდა ასეთი სათაურებით, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს გზაზე არ დგანან და ა.შ. ვინც ინგლისურად წაიკითხა პრეზიდენტის გამოსვლის ტექსტი მიხვდება,რომ ობამას ასეთი განცხადება არ გაუკეთებია. ამ ეტაპზე ნატო უბრალოდ არ აპირებს გაფართოებას, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკრაინა და საქართველო მაპს არ მიიღებენ. არ უნდა მივაქციოთ ამას ასეთი დიდი ყურადღება, ჩვენ გზას მიზანდასახულად უნდა გავუყვეთ. ჩვენმა ხელისუფლებამ კი საგარეო პოლიტიკა ისევ ისე უნდა აწარმოოს,როგორც ამას ახლა და წარსულში აკეთებდა, უნდა განვავითაროთ და გავაღრმავოთ ურთიერთობები დასავლეთთან . მე არ მგონია, რომ ამ განცხადებას, რაიმე დიდი პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდეს, უბრალოდ შეიძლება დასავლეთს აქვს შიში მესამე მსოფლიო ომის დაწყების, რომელიც გამორიცხული არ არის.
28.03.14
ნათაი კეკენაძე






