არ ვაპატიე-არ მაპატიეს, არ ვაპატიე-არ მაპატიეს, არ ვაპატიე-არ მაპატიეს, გადამიარეს- გადავუარე, გადამიარეს-გადავუარე, გადამიარეს-ბუხ! – კითხულობს ხმამაღლა მოლი და თან, ხელს აყოლებს ნაჯღაბნის მწკრივს-
102, როგორც ცხოვრება, ცემენტის ვალსი, დრო, გამოღვიძების აპოგეა, სულთმოძრავი კამერტონების შეუვსებელი ანალიზი წინ და 12, ამასთანავე, გაზაფხულის ლურჯი და იასამნისფერი დილა. აი, ასეთია სუნთქვა მოკვდავებში და ჩასაფრებული აისების ვნებიანი მირაჟი
– ვააუ… – აღმოხდა აუდიტორიას.
ის კი აგრძელებს- ბომშის უკანასკნელი ფელეტონი, განუმეორებელი წვიმა ღრუბლის დასაწყისში, რეინკარნაციის პოსტინდუსტრიული მაგმა, ლორენტის პერცეფციული მოსაზრებები და გამმათა შორის გართხმული გულმხურვალე შთაბეჭდილება.
– ევრიკა – დაიყვირა და სიზმრიდან და საწოლიდან ერთდროულად გადმოვარდა.
საერთოდ, ჩვევია ასეთი უაზრო სიზმრები. უაზრო და მბორგავი, როგორც მისი ცხოვრებაა.
მან ფეხში სასწრაფოდ გაირჭო ლურსმანი და რადგან სასაფლაოზე აგვიანდებოდა, პირდაპირ, ფანჯრიდან გადახტა. რამდენიმე წუთში იქ იყო და მეტიც, დროზე ადრე მივიდა. 3 კბილი გამოიძრო და დანარჩენი 44-ით ზეცაში აიჭრა… დიახ, ის განსხივოსნდა მაამებელი და მაძაგებელი ტომიდან, რამეთუ დიდია მისი მჭევრმეტყველება, ვინც კომაში გარდასულს ზეცხოველი სულის ამოძრავებისკენ მოგიწოდებს – დაამთავრა ბონმა კითხვა და აპლოდისმენტებმაც დაიღრიალეს.
– ეს დიდებული წამია – გაჰყვირის წამყვანი- მივესალმოთ ჩვენს დიდებულ მწერალს!
პუბლიკა ფეხზე დგას. ყველა ერთ აზრზეა – ისინი უკვდავი მწერლის საუკუნო დაბადებას შეესწრნენ, თან, ის ასეთი ახალგაზრდაა… ესეც რომ არა, ყველაფერი ხომ მისი დამსახურებაა. მხოლოდ მცირედით, გარემომაც შეუწყო ხელი. უცხო სიტყვებისა და ტერმინების 50 000-სიტყვიანი ლექსიკონი, თავში მოსული ნებისმიერი აზრის განვრცობა და სხვა ყველაფრის უგულებელყოფა, სიტყვათა შორის არარსებული კავშირის დაარსება და აზრის მიუხედავად, ძირფესვიანად განსხვავებული წინადადებების ერთმანეთზე მიბმა, შინაარსის სარკასტული დაცინვა და მომავალში აღმოჩენის მიზნით, ყველაფრის იქ მოთავსება, სადაც არაფერი მოგითავსებია- მან ეს ყველაფერი გაიარა. ახლა კი დამსახურებული სიამაყით დგას ასევე სიამაყით განცვიფრებული აუდიტორიის წინაშე და, საკუთარი შედევრის წარდგენის შემდეგ, თამამად ეგუება მოპოვებულ დიდებას, რომელსაც წლებია, შეეგუა. 16 წლის იყო ბონი, როდესაც თავში მოუვიდა გენიალური აზრი- დაეწერა ყველაფერი, ეგულისხმა არაფერი(ან ყველაფერი, კონკრეტული სიტუაციის მიხედვით) და ადამიანების სასაცილო ფანტაზიას დალოდებოდა. ოღონდ ბონმა მაშინ არ იცოდა ამ სასაცილო ფანტაზიის შესახებ… 28 წლისამ არც ახლა იცის. ერთი, რაც დიადმა მწერალმა დანამდვილებით უწყის, მისი მკითხველის შინაგანი სამყარო, ხასიათი ან, გნებავთ, გემოვნებაა. ეს სამივე ჩამოთვლილი ასლივით ემთხვევა საკუთარს.
ჰოდა, დგას ეს განუმეორებელი და აპლოდისმენტების ფონზე ტკბება აღიარებით, რომელიც ნაბიჯ-ნაბიჯ მიიპარება მისკენ.
ბონმა არაჩვეულებრივი წიგნი დაწერა, არაჩვეულებრივი სათაურით და არაჩვეულებრივად წარადგინა ახლახანს.
ოვაციებიც არაჩვეულებრივი და შეუწყვეტელია.
ემოციაგაუნელებელი ადამიანები აუდიტორიიდან სათითაოდ მიდიან ბონთან, ხელს ართმევენ, ეხვევიან, ავტოგრაფს სთხოვენ და საკუთარ აზრებს, უფრო სწორად, წიგნის აზრობრივ მხარესთან დაკავშირებულ საკუთარ სწორ გადაწყვეტილებებს ღიმილით აცნობენ.
– ვიცი, რომ თქვენ მწვანე ფერში გულის ფეთქვა იგულისხმეთ, კამერტონში- ცხოვრების ამაოება. ბონ, მე გავიგე, რისი თქმაც გინდოდათ, ტოტიდან მეორე ტოტზე ჩიტები გადაფრინდნენო რომ დაწერეთ… ამით ის გვითხარით, ადამიანის სული ჩიტივით თავისუფალია და თუ ამას გაიაზრებს, ისიც შეძლებს გაფრენას, როგორც ჩიტი…
– თქვენ თქვენი წიგნი „გამარჯობათი“ დაიწყეთ. ესე იგი, თქვენ მიესალმეთ… მიესალმეთ ცხოვრებას, რომლის ბოლოც სიკვდილია, დიახ, თქვენ სიკვდილს უთხარით გამარჯობა და ამით ჩვენ, თქვენი მკითხველი, სიკვდილს შეგვაგუეთ. რაც თქვენ თქვით, ჩვენ იმის მერე სიკვდილის აღარ გვეშინია.
– ბონ, ოხ, არ ვიცი, როგორ გითხრათ… გამოგიტყდებით- მეც დიდი ხანია, ვფიქრობ, რომ მოკვდავების სუნთქვა იასამნისფერი და გაზაფხულივით ლურჯია. ზუტად ამას ვამბობდი ყოველთვის, ეს ასეა…
– მხოლოდ მცირედ შეგეკამათებით და გეტყვით, ბონ, რომ მიზამერების ბრუნვა ისევე ჰგავს გარდასულ პეტიციას, როგორც შედედებულ სინამდვილეს მოუთოკავი პედიგმა, რაც, თავის მხრივ, უგულებელყოფს მასობრივ პერსპექტივებს და შობს უსიერ კმაყოფილებას, რადგან ყველაფერი, გამომდინარე მცირე დეტალიდან, საკაცობრიო ზღვარის მიღმა კი არაა დარჩენელი, არამედ მასში კარგად გამოძინებული და ფრიგიდულად შესისხლხორცებულია.
ეპილოგი I
წიგნმა „სვიტერი ანუ ხმა ზეცის მეორედიდან“ არნახული მოწონება დაიმსახურა და რადგან ვერავინ ვერაფერი გაიგო, რთულ და დიდებულ წიგნად შერაცხეს. შედევრის მილიონობით ეგზემპლარი გამოიცა და პრემიაც აიღო საშინელებათა ჟანრში, რომელიც ლიტერატურაში, ჯერჯერობით, მაინც ახალია. ჰორორმა „სვიტერი ანუ ხმა ზეცის მეორედიდან“, რადგან სათაურიდანვე ყველაფერი გასაგები იყო, სრული სიმძაფრით ჩაითრია ახალგაზრდა მკითხველი.
ეპილოგი II
გილოცავთ, ბონ, ჩვენ თქვენი ვერაფერ გავიგეთ, თქვენ ნამდვილად დიდებული მწერალი ხართ!
ბექა ღიბრაძე