2016 წელს ყველაზე ბედნიერი ქვეყნის ტიტული ისევ დანიას ერგო (worldhappiness.report ). დანიელი მალინ რუდალი თავის წიგნში “დანიელებივით ბედნიერნი“ საუბრობს იმ პრინციპებზე, რომლებზეც დგას მათი კეთილდღეობა. მათ შორისაა სასკოლო სისტემაც, რომელიც აქცენტს აკეთებს ყოველი ბავშვის პიროვნულ განვითარებასა და ცხოვრებაში საკუთარი ადგილის პოვნის ხელშეწყობაზე.
იყო საუკეთესო არაა მთავარი
დანიურ საგანმანათლებლო სისტემაში ყურადღებას აქცევენ არა ტესტების ჩაბარების უნარის შემუშავებას, არამედ თვითგანვითარებისკენ და ცნობისმოყვარეობისკენ სწრაფვას.
სკოლებში ცდილობენ დაარწმუნონ ყოველი მოსწავლე, რომ მას აფასებენ მისი პიროვნული თვისებებისა და უნარების გამო. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მოსწავლე, ნიშნების მიუხედავად, აუცილებლად იპოვის თავის ადგილს საზოგადოებაში და მოახერხებს სასარგებლო და საყვარელი საქმის კეთებას.
დანიური სისტემა არაა მიმართული ელიტის აღსაზრდელად – არც მატერიალური და არც ინტელექტუალური თვალსაზრისით.
სასკოლო პროგრამა ისეა შედგენილი, რომ მოსწავლეთა უმრავლესობამ უპრობლემოდ აითვისოს. შედეგად დანიაში თითქმის არაა ადამიანი, ვინც “ამოვარდნილია“ საგანმანათლებლო პროცესიდან. სისტემა საუკეთესოებზე კი არა, ყველაზეა ორიენტირებული: ელიტები მცირერიცხოვანია, ამიტომ დანიელები ცდილობენ იზრუნონ დანარჩენ 95-99%-ზე.
დანიური მენტალიტეტის თავისებურებაა, რომლის წყალობით ეს სისტემა მუშაობს, რომ თვითონ დანიელს არ აქვს პირველობის ან ზემდგომობის ამბიცია. 1993-დან 2006 წლამდე ქვეყნის საგანმანათლებლო სასწავლებლებში ტარდებოდა ჯგუფური გამოცდები, საერთო სულისკვეთების გასაღვივებლად. მარინ რუდალი წერს, რომ ამ “ძალიან დანიური“ ქულათა შეფასების ფორმის თანახმად, ყოველი სტუდენტი თავის ქულას იღებდა, მაგრამ საბოლოო ნიშანი ჯგუფის ჯამურ შედეგზე იყო დამოკიდებული. 2006 წელს მთავრობამ გამოცდა გააუქმა, რადგან ის არ ავლენდა მოსწავლეთა პიროვნულ ღირსებებს, მაგრამ გადაწყვეტილებამ საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. შედეგად 2012 წელს ჯგუფური გამოცდა დააბრუნეს. ახლა სკოლების გადასაწყვეტია, ჩააბარებენ თუ არა ამ გამოცდას.
იყო ის, ვინც ხარ, წერა-კითხვაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია
დანიური სასკოლო სისტემის მთავარი ამოცანაა დამოუკიდებელი პიროვნების აღზრდა. და ეს არაა ცარიელი სიტყვები: დანიის კანონში განათლების შესახებ წერია, რომ დაწყებითი განათლების სისტემა უნდა იძლეოდეს არა მარტო ბაზისურ უნარ-ჩვევებს, არამედ უნდა ავითარებდეს მოსწავლეთა ინდივიდუალობას. ბაღებისა და მოსამზადებელი კლასების წინ რამდენიმე საკითხი დგას: ბავშვის ლექსიკონის გამდიდრება, ბავშვის გაცნობა სასკოლო წესებთან და მისი ტოლერანტობისა და სოციუმში სრულფასოვანი ცხოვრებისკენ მომზადება.
არ მიესალმებიან დაზეპირებას.
სკოლაში მოსწავლეებს უბიძგებენ, რომ ინფორმაცია თვითონ იპოვონ – ექსპერიმენტებისა თუ ანალიტიკური წყაროების გზით.
მიღებულია, რომ მასალის უკეთ გაგებისთვის სწავლის პროცესში აქტიური მონაწილეობა უფრო სასარგებლოა, ვიდრე მხოლოდ მასწავლებლის მოსმენა.
მოსწავლეებს აჩვევენ კრიტიკულ აზროვნებასა და საკუთარი აზრის ფორმირებას, ამით კი უღვივებენ საკუთარი თავის პატივისცემასა და პიროვნულ თვითაღქმას. კრიტიკული აზროვნება კრეატიულობასთან და ინიციატივასთან ერთად მიიჩნევა საზოგადოებისთვის სასარგებლო თვისებებად. პარაგრაფების დაზეპირება მათ რიცხვში არ შედის.
ბავშვის კეთილდღეობაა პრიორიტეტი და არა ნიშნები
თუკი სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელებს შევადარებთ მისაღები გამოცდების შედეგებით, დანიური სისტემა საუკეთესოთა რიცხვში ნაკლებად მოხვდებოდა. მიუხედავად ამისა, განათლების დონით დანია მსოფლიო რეიტინგის ათეულში შედის (gtmarket.ru), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის თვალსაზრისით (gtmarket.ru ).
მალინ რუდალს მოჰყავს PISA-ის პროგრამაში მონაწილე ქვეყნების მოსწავლეთა გამოკითხვა: მესამედი ამბობს, რომ სწავლა არ უყვარს (www.oecd.org), კიდევ სამი-მეოთხედი – რომ კოლეჯი მოსაწყენია. დანიაში ცდილობენ ეს არ დაუშვან: აქ მნიშვნელოვნად თვლიან, რომ სკოლის მოსწავლეებმა და სტუდენტებმა სიამოვნება მიიღონ სწავლისგან და არ აღიქვამდნენ მას უსასრულო უბედურებად.
ყველაზე მეტად უფროსკლასელები იტანჯებიან: მათ უნდა კარგად ისწავლონ, გამოცდებისთვის მოემზადონ და ჩაბარებაზე იფიქრონ – უფრო სწორედ, იფიქრონ “ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანის“ გაკეთებაზე.
დანიური საგანმანათლებლო სისტემა იმაზეა აგებული, რომ უფროსკლასელები არ განიცდიდნენ წნეხს უნივერსიტეტში მისაღები გამოცდების წინ, რომელიც იმითაა გაძლიერებული, რომ მათ არ იციან, კონკრეტულად სად და რაზე ჩააბარონ. სპეციალურად იმ ახალგაზრდა დანიელებისთვის, რომლებიც დარწმუნებულნი არ არიან, რითი დაკავდებიან, ან სოციალიზაციის სირთულეებს განიცდიან, დანიის საგანმანათლებლო სისტემა სთავაზობს სკოლის შემდგომ კლასებს. იქ მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ თავისი ნიჭი გამოავლინონ და განავითარონ ხელოვნებაში, სპორტში, ხელსაქმეში. იქ დიდად აფასებენ ერთმანეთის დახმარებას: შედარებით “წარმატებული“ მოსწავლეები ეხმარებიან თანატოლებს, რომლებისთვის რთულია სწავლა ან სოციუმში ადაპტაცია.
დანიაში არსებობს სახალხო სკოლების სისტემაც, რომელიც ლუთერანმა ეპისკოპოსმა ნიკოლაი გრუნდტვიგმა შექმნა მე-19 საუკუნეში. ეს ე.წ. ცხოვრების სკოლაა, სადაც ნებისმიერ ასაკში შეიძლება ჩაბარება, რომ სცადო ბედი ხელოვნებაში და უკეთ ისწავლო საზოგადოებაში ცხოვრება. სკოლაში ძირითადად ჰუმანიტარულ მეცნიერებებს ასწავლიან, მოსწავლეები ხშირად მოგზაურობენ და განიხილავენ მსოფლიოში შექმნილ სიტუაციას. ნებისმიერს შეუძლია შეკითხვის დასმა და საკუთარი პრობლემების განხილვა მეგობრებთან. ურთიერთობა და სწავლა ისეა აგებული ამ სკოლაში, რომ უნერგავს თანასწორობის, ურთიერთპატივისცემისა, გაზიარებისა და საერთო საქმეში მონაწილეობის პრინციპებს. გრუნდტვიგის იდეა ითვალისწინებდა განათლების საყოველთაობას – ამ სკოლაში შეგიძლია მხოლოდ სიამოვნებისთვის დადიოდე, არანაირი შეჯიბრისა თუ დიპლომისთვის. დანიაში 70 ასეთი სკოლაა.
თანაბარი შანსები
დანიელთა მხოლოდ 11 %-ი სამუშაოს ძებნისას აქცევენ ყურადრებას ხელფასს. მიუხედავად იმისა, რომ იქაური მოქალაქეები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირ გადასახადებს იხდიან, დანიაში ცუდ ტონად ითვლება სიმდიდრისკენ სწრაფვა. პრაგმატულად არჩეული პროფესია შეიძლება არ შეესაბამებოდეს ინდივიდის ნამდვილ ინტერესებსა და მისწრაფებებს.
პროფორიენტაციის განვითარებული სისტემა ეხმარება იმ პროფესიის არჩევაში, რომლისგანაც ინდივიდი სიამოვნებას მიიღებს. სპეციალური სოციალური სამსახური ეხმარება მაღალკლასელებს უმაღლესი და საშუალო სასწავლებლების არჩევაში, რომლებიც შეესაბამება მათ წარმოდგენებს მომავალზე. უფროს კლასებში რეგულარულად ტარდება კრებები, სადაც მოსწავლეები ინდივიდუალურად განიხილავენ თავის გეგმებს მასწავლებელთან.
გამოკითხვის თანახმად, ახალგაზრდა დანიელთა ნახევარი დარწმუნებულია, რომ აბსოლუტურად თავისუფალნი არიან თავის არჩევანში და მათ შეუძლიათ ყველაფრის გაკონტროლება.
მალინ რუდალი დანიას უწოდებს “ნაღდი სოციალური მობილობის“ ქვეყნას. ეს ნიშნავს, რომ ყველას შეუძლია გახდეს წარმატებული. დიდწილად ეს იმიტომაა შესაძლებელი, რომ იქ განათლება უფასოა და სახელმწიფო აფინანსებს. სტუდენტებს სტიპენდიებს აძლევენ, რომელიც ჰყოფნით სწავლის გადასახდელად და საცხოვრებო ხარჯების დასაფარად მატერიალური მდგომარეობის მიუხედავად.
მალინ რუდალი წიგნზე მუშაობის დროს შეხვდა ადამიანს, რომელიც დაიბადა მუშათა ოჯახში ერთ პატარა ქალაქში, ხოლო ახლა გამოიმუშავებს მილიონ კრონზე მეტს კოპენჰაგენის ერთ-ერთ უმსხვილეს საადვოკატო კანტორაში. “სხვა ქვეყანაში რომ დავბადებულიყავი, ალბათ, ამდენს ვერ მივაღწევდი. მე და ჩემს თანატოლებს ყოველთვის თანაბარი შესაძლებლობები გვქონდა. იურიდიულ ფაკულტეტზე ვსწავლობდი, სტიპენდიას ვიღებდი და ვალებიც არ „ავიკიდე“. ვამაყობ, რომ დიდ გადასახადებს ვიხდი და ასე შემიძლია ჩემს ქვეყანას ის ამაგი დავუბრუნო.“- ამბობს ის.
რა თქმა უნდა, ყველაფერი იდეალური არაა
დანიურ სისტემას აქვს თავისი მინუსები, რომლებსაც თვითონ მალინ რუდალი აღიარებს. როცა ყველა თანაბარია, ხოლო სისტემა უმრავლესობაზეა ორიენტირებული, არსებობს რისკი, რომ იმ ნიჭიერ მოსწავლეთა მცირე პროცენტი დაიკარგება, ვისაც მეტი შეუძლია. დანიური სისტემა ხელს უწყობს საერთო დამაკმაყოფილებელ ხარისხს, მაგრამ ამავე დროს პოტენციალის მქონე მოსწავლეებს შეიძლება არ ეყოთ მხარდაჭერა თავისი ნიჭის გასავითარებლად.
წყარო: mel.fm
ანა მებურიშვილი