დღეს, გოეთეს ინსტიტუტში საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში გაიმართება საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტის პრეზენტაცია, რომელიც ამიერიდან უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი გერმანულ და ქართულად ენებზე. ბავშვებისთვის ამ საგანმანათლებლო-შემეცნებითი პროექტის პრეზენტაციას ოფიციალურად გახსნის გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრი. ღონისძიებას დაესწრებიან გერმანიის საელჩოს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები.
გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით პირველად შეიქმნა ეს საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტი, რომელიც სკოლის მოსწავლეებისთვის გარდა იმისა, რომ დიდი საჩუქარია, შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულებით დამატებითი ინსტრუმენტი გახდება.
ვებ-გვერდზე განთავსებული ეს ონლაინ-უნივერსიტეტი სტრუქტურულად ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ უნივერსიტეტს, რომელიც სამი ფაკულტეტისგან შედგება: ადამიანი, ბუნება და ტექნიკა. თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვა ვიდეო-ლექციების მოსმენაა შესაძლებელი, რომლებსაც თან ახლავს სახალისო დავალებები. ეს ვიდეომასალა აღებულია გერმანიაში სხვადასხვა თაობისთვის საყვარელი საბავშვო გადაცემიდან „Sendung mit der Maus“ („გადაცემა თაგვთან ერთად“), რომლის წამყვანი კრისტოფ ბიმანი, ონლაინ-უნივერისტეტის პროფესორი აინშტაინი და მისი თანაშემწე ქალბატონი სოფი შლაუ ბავშვებისთვის არაერთ საინტერესო სამეცნიერო საკითხს განიხილავენ მათთვის გასაგებ ენაზე.
რატომ გვესმის ხმაური ნიჟარის ყურზე მიდებისას? როგორ მოძრაობს მანქანა მძღოლის გარეშე? რა აქვს საერთო თვითმფრინავს და თუნუქის ქილას? როგორ მუშაობს 3D-პრინტერი? ბავშვებს უამრავი შეკითხვა აწუხებთ „როგორ“ და „რატომ“. სწორედ ამიტომ გოეთეს ინსტიტუტის ინიციატივითა და ორგანიზებით საბავშვო ონლაინ უნივერსიტეტი თავისი ფორმატით პირველად შეიქმნა და პირველად ამოქმედდება.