თუ როგორია დღეს საქართველოში პოლიტიკური კულტურა, მისი განვითარება, პოლიტიკური პარტიების მუშაობის დადებითი და უარყოფითი მახრე და როგრორია ამ მხრივ სიტუაცია ევროპის ქვეყნებში, ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე „თბილისი თაიმს“ ესაუბრა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მეცნიერ –თანამშრომელი, “პოლიტიკის ანალიზის და საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი“ ბიძინა ლებანიძე
– ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ გვინდა გკითხოთ, ზოგადად, რა არის პოლიტიკური კულტურა, რას ნიშნავს ეს ტერმინი თქვენი თვალთახედვიდან?
– პოლიტიკური კულტურა ძალიან ფართო ცნებაა. მოკლედ რომ ავხსნათ, ეს არის საზოგადოებაში გავრცელებული მორალურ შეხედულებათა და რწმენათა ერთობლიობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი იდეალური სახელმწიფო და იდეალური საზოგადოება. პოლიტიკური კულტურა დროთა განმავლობაში იბრძმედება და ტრანსფორმირდება ამა თუ იმ ერის ისტორიის, ტრადიციების, ადათ-წესების გავლენის ქვეშ. ყველა ერს, ყველა სახელმწიფოს აქვს საკუთარი, გარკვეულწილად ორიგინალური პოლიტიკური კულტურა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს ამ ერის მოქალაქეთა პოლიტიკური და სოციალური თანაარსებობის ბევრ ასპექტს.
– რამდენად არსებობს საქართველოში პოლიტიკურა კულტურა, რა ვითარებაა ამ მხრივ?
– პირველ ყოვლისა, უნდა დავაკონკრეტოთ, რომ როდესაც საქართველოს კონტექსტში პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობთ, მოვიაზრებთ რა საქართველოს ევროპის სივრცის ნაწილად, ვგულისხმობთ დემოკრატიულ პოლიტიკურ კულტურას, თორემ პოლიტიკური კულტურა როგორც ასეთი ნებისმიერ სოციუმს ახასიათებს. მოკლედ რომ აღვწეროთ, დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა თავის თავში მოიაზრებს პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისგან შემდგარ საზოგადოებას, კანონის წინაშე თანასწორობას, ხალხის მიერ არჩეულ და ხალხის მსახურ ხელისუფლებას, და რაც მთავარია აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქეს, რომელიც ირჩევს და აკონტროლებს ხელისუფლებას, იცავს კანონებს, პატიოსნად იხდის გადასახადებს, სოლიდარულია თანამოქალაქეების მიმართ, არის საკუთარი ქვეყნის პატრიოტი და ა.შ. ცხადია ეს დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის იდეალური სურათია, და ერთი შეხედვით ჩვენ დიდი გზა გვაქვს განვითარების ამ ეტაპამდე, თუმცა, რაც მთავარია სწორი მიმართულებით მივდივართ, განსაკუთრებით ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით.
თუმცა, ასევე უნდა აღინიშნოს რომ, ბოლო პერიოდში, არასწორი ინტერპრეტაციებისა თუ ცალკეულ პოლიტიკოსთა მიერ ოპორტუნისტული მავნე ქმედებების გამო, ჩვენს საზოგადოებაში დემოკრატიის და ლიბერალიზმის სტიგმატიზების ნიშნები შეინიშნება. მაგალითად დემოკრატია ასოცირდება მხოლოდ ლგბტ უფლებების დაცვასთან, რაც რათქმაუნდა არასწორი მიდგომაა. სინამდვილეში, დემოკრატია და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურა სხვა არაფერია, თუ არა „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნესო“ პრინციპის ცხოვრებაში დანერგვა. მეტიც, საუკუნეების მანძილზე ქართული სახელმწიფო თუ საზოგადოება თავისი წესწყობილების ფორმით, დღეს გავრცელებული მმართველობის ფორმებიდან ყველაზე მეტად სწორედ დემოკრატიულ წყობას შეესაბამებოდა. გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით რომ დემოკრატიის და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის პრინციპები ქართველების გენეტიკურ კოდშია ჩადებული. უბრალოდ საჭიროა ამ მიძინებული პლასტების გამოღვიძება და დღეს რეალურად ამ პროცესს ვადევნებთ თვალს.
– თუ შეიძლება ევროპული პარალელები გაავლოთ საქართველოსთან მიმართებაში და როგორ ხედავენ პოლიტიკურ კულტურას ევროპელი ექსპერტები საქართველოში?
– ევროპელებს, როგორც წესი, პოსტ-საბჭოთა სივრცის მიმართ ჰოლისტური მიდგომა ახასიათებთ. თუ საქართველოს ასეთი რაკურსით შევხედავთ, შეიძლება ითქვას რომ, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ჩვენ ალბათ უკრაინასთან ერთად ყველაზე განვითარებული პოლიტიკური კულტურა გვაქვს. შესაბამისად, საქართველო აღიქმება როგორც პოსტ-საბჭოთა სივრცის პიონერი, როგორც ეკონომიკური რეფორმების, ისე დემოკრატიზაციის და პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით. ეს აზრი განსაკუთრებით განმტკიცდა 2012-2013 წლის მეტნაკლებად დემოკრატიულად ჩატარებული საარჩევნო ციკლის შემდეგ. თუმცა, რათქმაუნდა არსებობს პრობლემებიც. ეს ძირითადად უკავშირდება სახელმწიფო ინსტიტუტების განუვითარებლობას, სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობას, პოლიტიკურ დაპირისპებას მთავრობასა და ოპოზიციას შორის, რომელიც დასავლეთში ხშირად ახალი ხელისუფლების პოლიტიკურ ვენდეტად აღიქმება. თუმცა, საბოლოოდ, ისევ პოსტ-საბჭოთა ანალოგიებით თუ ვიმსჯელებთ ჩვენთან პოლიტიკური განვითარების პროცესი ძირითადად სწორი მიმართულებით მიდის. მაგალითად საქართველოს დღეს ჰყავს პრეზიდენტი, რომელიც არ მოიაზრება ქვეყნის მხსნელად ან ეროვნულ გმირად, და ჰყავს პარლამენტი, რომელსაც მთავრობის ნოტარიუსზე მეტი ფუნქციები აქვს. ეს უკვე ერთგვარი მიღწევაა.
– 2012 წელს ხელისუფლების ცვლლების პოლიტიკაზე რომ ისაუბროთ. იყო თუ არა ეს რეალურად კოჰაბიტაცია და დღეს რა ვითარებაა ამ მხრივ. ბევრი საუბრობს, რომ ნაციონალური მოძრაობა ჯერ კიდევ აკონტროლებს რიგ მიმართულებებს ქვეყანაში.
– ის რომ ნაციონალურ მოძრაობას გარკვეულ სფეროებში გავლენა შემორჩა (როგორც ვიცი ეს ძირითადად თვითმმართველობებსა და გამგეობებს ეხება) ამაში თავისთავად ცუდს ვერაფერს ვხედავ, თუკი ყველაფერი კანონის ფარგლებში იქნება მოქცეული. არ არის აუცილებელი ყველა სფეროს ერთიდაიგივე გუნდი განაგებდეს, ეს მანკიერი საბჭოთა გადმონაშთია, რომელიც ნელნელა უნდა აღმოიფხვრას. მეტიც, ალბათ ურიგო არ იქნება თუ თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიცია, იქნება ეს ნაციონალური მოძრაობა თუ სხვა პარტია, რიგ რაიონებში მაინც წარმატებას მიაღწევს, რათა ხელისუფლების ყველა დონეზე კვლავ ერთპარტიული მონოლითური მმართველობა არ მივიღოთ.
რაც შეეხება კოჰაბიტაციას, არავის არც საქართველოში და არც ევროპაში არ ჰქონია მოლოდინი, რომ ეს მარტივი პროცესი იქნებოდა, მით უმეტეს რომ ჩვენ ამის გამოცდილება არ გვქონია. საბოლოოდ რათქმაუნდა კოჰაბიტაცია არა იდეალურად, მაგრამ მაინც შედგა. მთავარი გამოწვევა რომელიც ხელისუფლების ცვლილების შემდეგ წარმოიქმნა და კოჰაბიტაციის პროცესიც ძალიან გაართულა, არის ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ საკითხი, ანუ რა დოზით უნდა დაისაჯოს წინა ხელისუფლება ჰიპოთეტურად ჩადენილი დანაშაულების გამო. ერთის მხრივ, ელემენტარული ჭეშმარიტებაა რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოს და სამართლიანობა ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს უზენაესი პრინციპია. მეორეს მხრივ, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ახალი მთავრობა ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ თემით ხშირად საკუთარი შეცდომების გადაფარვას ცდილობს. ამასთან, ისიც აშკარაა, რომ ისეთი უხეში შეცდომების ფონზე, როგორიც მაგალითად ნასამართლევი პირის მთავარ პროკურორად დანიშვნა იყო, ხელისუფლებას ამ პროცესის სრულიად გამჭვირვალედ და კითხვის ნიშნების გარეშე წარმართვა ძალიან გაუჭირდება. ეს მაშინ, როდესაც ევროკავშირი და აშშ პროცესის სრულ გამჭვირვალობას საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის აუცილებელ წინაპირობად აყენებენ. შესაბამისად, ქართული ოცნების ხელისუფლება ერთგვარი დილემის წინაშეა. ერთის მხრივ, მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ ფონზე, სამართლიანობის აღდგენის საკითხი ალბათ ერთადერთი თემაა, რომლითაც მას შეუძლია ნაციონალურ მოძრაობაზე განაწყენებული ამომრჩევლის გული მოიგოს. მეორეს მხრივ, თუ ეს პროცესი საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას შეანელებს, ამას გაცილებით სავალალო შედეგები მოჰყვება, როგორც თავად ხელისუფლებისთვის, – ისე მთლიანად ქვეყნისათვის.
– დღეს არსებული პარტიების მუშაობაში რა დადებით და უარყოფით მხარეებს გამოყობდით? რა უნდა ახასიათებს პოლიტიკურად ძლიერ პარტიას?
– შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში პარტიული სისტემა განუვითარებელია. თუმცა ეს სრულიად პოსტ-საბჭოთა რეგიონისთვისაა დამახასიათებელი და საქართველო გამონაკლისი არ არის. პოსტ-საბჭოეთის ქვეყნებში, როგორც წესი, პარტიები იქმნება არა პროგრამების ან იდეოლოგების, არამედ ინდივიდების გარშემო. ლიდერთან ბმა ხშირად ისეთი ძლიერია, რომ პარტიები ხელმძღვანელობის ცვლას ვერ უძლებენ და ლიდერის წასვლის შემდეგ თვითონაც წყვეტენ არსებობას. ეს პარტიული სისტემის განვითარების ძალიან დაბალ საფეხურზე მიუთითებს.
სულ სხვა ვითარებაა ამ მხრივ ევროპაში. მაგალითად, გერმანიაში პოლიტიკურ პარტიებს აქვთ კარგად ჩამოყალიბებული შიდაპარტიული დემოკრატია, რაც პარტიის ლიდერთა უმტკივნეულო ცვლას უზრუნველყოფს. ასევე თითოეულ პარტიას აქვს იდეოლოგიური საფუძვლები და მკაფიოდ გაწერილი პროგრამა და სამოქმედო გეგმა. შეიძლება ითქვას რომ, ვერცერთი ქართული პარტია დღესდღეობით ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს.
– როგორ მიგაჩნიათ, არსებული პარტიები რამდენად კონკურენტუნარიანები არიან? გამოირჩევა თუ არა ლიდერი–პარტია და რითი?
– შეიძლება ითქვას, რომ 2012-2013 წლების საარჩევნო ციკლის შემდეგ ქვეყანაში პირველად მივიღეთ რეალურად დაბალანსებული პარლამენტი და კვაზი-ორპარტიული სისტემა. ერთმნიშვნელოვნად დადებითი მოვლენაა, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ არ გაიზიარა მისი წინამორბედების ბედი და შეძლო ოპოზიციურ ძალად გარდაქმნა. დღეს ნაციონალური მოძრაობის მთავარი პრობლემა დაბალი რეიტინგია. მომავალში მას წარმატების მისაღწევად აუცილებლად დასჭირდება ჯეროვნად გადახალისება და საკუთარ წარსულთან გამკლავება.
რაც შეეხება ქართული ოცნების კოალიციას, ზედმეტი ჰეტეროგენულობა არის მისი პლიუსიც და მინუსიც. პლიუსი იმ მხრივ რომ, იგი უზრუნველყოფს შიდასახელისუფლებო პლურალიზმს რაც ხელისუფლების უზურპაციას თითქმის შეუძლებელს ქმნის. ხოლო მინუსი იმ მხრივ, რომ იგი ხელისუფლების ეფექტურობას ანელებს, რაც განსაკუთრებით აისახება მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკაზე. როგორც ჩანს, სამთავრობო კოალიცია შეძლებს შემდგომ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთიანობის შენარჩუნებას, თუმცა წარდგება თუ არა შემდეგ არჩევნებზე ისევ ერთიანი სახით, ამას ჯერ ვერ ვიტყვით.
სხვა პოლიტიკური ძალებიდან გამოვყოფდი ნინო ბურჯანაძის პარტიას, რომელსაც, როგორც ჩანს, სტაბილური 10%-იანი რეიტინგი აქვს რუსეთისადმი კეთილგანწყობილი ამომრჩევლის ხარჯზე.
– რა პროცესები არის საჭირო იმისთვის, რომ ქვეყანაში ამაღლდეს პოლიტიკური კულტურა?
ორ ფაქტორს გამოვყოფდი: ინსტიტუციურს და სოციალურს. ინსტიტუციურად, მართებულად მიმაჩნია მმართველობის საპარლამენტო სისტემაზე გადასვლა, რაც დემოკრატიზაციის პროცესს ინსტიტუციურად შეუქცევადს გახდის, ვინაიდან, ერთის მხრივ, ჩვენ საბოლოოდ გამოვემშვიდობებით მესიანიზმის და ძლიერი ლიდერების ეპოქას, ხოლო მეორეს მხრივ, საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლის გაცილებით მეტი მექანიზმი ექნება.
მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება და მისი აქტიური ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში. ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდმა თვალნათლივ გვაჩვენა, რომ ნებისმიერ ხელისუფლებას აუცილებლად ესაჭიროება მკაცრი საზოგადოებრივი კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ ძალაუფლებით ტკბობა და მისი უზურპაცია. ამისათვის კი აუცილებელია ძლიერი ოპოზიცია, ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მასმედია. ანუ რასაც დასავლეთში უწოდებენ ე.წ. Watchdog-ს, აქტიურ სამოქალაქო საზყოგადოებას, რომელიც ხელისუფლების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს და მთავრობას შეცდომის დაშვების ძალიან მცირე მარჟას უტოვებს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განვითარების გარდამავალ ეტაპზე მყოფ ჩვენისთანა ქვეყნებისთვის, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჯერ კიდევ განუვითარებელია და მოსახლეობის დაბალი ნდობით სარგებლობენ.
– საზოგადოების ჩართულობაზე, რომ ისაუბროთ პოლიტიკურ პროცესებში. უნდა იყვნენ თუ არა მოქალაქეები პოლიტიკურად აქტიურები. როგორაა ამ მხრივ სიტუაცია ევროპის ქვეყნებში?
– სამოქალაქო ჩართულობაზე საქართველოში უკვე მოგახსენეთ. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, რათქმაუნდა იქ სამოქალაქო ჩართულობის დონე გაცილებით მაღალია, განსაკუთრებით ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპაში. მაგალითად, მხოლოდ ბერლინში, ყოველწლიურად სამიათასზე მეტი საპროტესტო აქცია ეწყობა. განვითარებულია თვითმმართველობის ორგანოები, პოლიტიკურ პროცესებზე დიდი გავლენა აქვთ პროფკავშირებს და სხვადასხვა გაერთიანებებს. ისეთი ფუნდამენტური საკითხები როგორიცაა პრესისა და სიტყვის თავისუფლება ან არჩევნების დემოკრატიულად ჩატარება, დასავლეთ ევროპაში ეჭვქვეშ საერთოდ არ დგას. რაც შეეხება სამხრეთ და აღმოსავლეთ ევროპას, იქ პრობლემები მეტია, თუმცა სამოქალაქო ჩართულობის დონე საბოლოო ჯამში იქაც მაღალია.