კათალიკოს- პატრიარქმა, ილია მეორემ, საკვირაო ქადაგებისას ადამიანებს შრომასა და მასთან მიმართებაში განწყობაზე დასაფიქრებლად მოუწოდა. როგორც პატრიარქმა აღნიშნა, თუ განწყობა არ იქნება არაფერი გამოვა, ამიტომაც უნდა დავფიქრდეთ განწყობის თეორიის მნიშვნელობაზე და თეორია პრაქტიკაში უნდა განვახორციელოთ.
რა უნდა დაგეგმოს ადამიანმა, რომ ფიზიკური, ინტელექტუალური თუ სულიერი შრომისთვის განწყობა შეიქმნას, როგორ უნდა მართოს ადამიანმა საკუთარი განწყობა, რა ზეგავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ძალამ ადამიანთა ცხოვრებაზე და როგორ უნდა დავაკვირდეთ ბავშვების განწყობას, რომელიც მოზრდილ ასაკში აუცილებლად იჩენს თავს. ამ და სხვა საზოგადოებისთვის საინტერესო საკითხებზე ”თბილისი თაიმს” ესაუბრა ფსიქოლოგი ნანა ჩაჩუა.
პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას აღნიშნა, რომ ადამიანები შრომასა და მასთან მიმართებაში განწყობის მნიშვნელობაზე უნდა დაფირდნენ. უწმინდესის თქმით შრომა მხოლოდ ფიზიკური არ არის, არსებობს ასევე სულიერი და ინტელექტუალური შრომა. ქალბატონო ნანა, როგორ წარმოგიდგენიათ, რა უნდა დაგეგმოს ადამიანმა, რომ შრომის განწყობა შეიქმნას? რას წარმოადგენს განწყობა და როგორ უნდა მართოს ადამიანმა ის?
განწყობის ზოგადფსიქოლოგიური თეორიის თანახმად, განწყობა ქცევისათვის მომზადების მდგომარეობაა, რომელშიც განსაზღვრულია რა, როგორ და რატომ უნდა გაკეთდეს. ამიტომ იგი შეიცავს მონაცემებს მოთხოვნილების, სიტუაციისა და ოპერაციული შესაძლებლობების შესახებ. ,,შრომის შემთხვევაში, როგორც დიმიტრი უზნაძე აღნიშნავს, ამოცანა ისაა, რომ სუბიექტმა გარკვეული ობიექტური პროდუქტის შესატყვისი განწყობა და მის ნიადაგზე მიზანშეწონილი აქტიობა გაშალოს“. სამწუხაროდ, ჩვენს შემთხვევაში, უმეტესწილად შრომის სუბიექტური მოთხოვნილებისა და ოპერაციული შესაძლებლობების პირობებს არ ერწყმის შესატყვისი ობიექტური სიტუაცია-არ არის სამუშაო ადგილები. ამის გამო საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ქვეყნის გარეთ გადის სამუშაოს საძებნელად. ინტელექტუალური შრომის მოტივაციაც საკმაოდ შესუსტებულია, განათლებისა და მეცნიერებისადმი წლების განმავლობაში, არაკორექტული პოლიტიკური დამოკიდებულების გამო. სულიერი შრომა კი, როგორც წმინდა ინდივიდუალური აქტი, მხოლოდ პიროვნების არჩევანია. ყველაფერი უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ადამიანს ჰქონდეს შრომის შესაძლებლობა. იგემოს შრომის სიხარული, დაპურდეს, განიცადოს მისი შედეგის მადლი.
ფსიქოლოგია, როგორც მეცნიერება მუდმივად იზრდება, თანამედროვე ეპოქაში არის ძალიან ბევრი ახალი მიღწევა თუ აღმოჩენა ამ კუთხით, ძალიან ბევრი ძველი ფსიქოლოგიური მიდგომა კი დავიწყებას მიეცა, თქვენი აზრით რა არის მიზეზი იმისა, რომ უზნაძის ე.წ ”განწყობის თეორია” დღესაც არ კარგავს აქტუალობას, მას თავისი ნიშა აქვს ფსიქოლოგიაში და თანამედროვე სწავლებაში ხშირად გამოიყენება?
როგორც გეომეტრიისათვის ვერ მოძველდება პითაგორას თეორემა და მექანიკისათვის ნიუტონის კანონები, ისე ვერ მოძველდება უზნაძის განწყობის თეორია ფსიქოლოგიის მეცნიერებისათვის. განწყობა, როგორც მიზანშეწონილი ქცევის შესრულების ფსიქოლოგიური მექანიზმი, ქცევის მთელი პროცესის მუდმივი მართვა – რეგულაციას უზრუნველყოფს. მოქმედების დაწყებამდე განწყობაში მოცემულია ქცევის მონახაზი, მისი ძირითადი პარამეტრები. განწყობის ზოგადფსიქოლოგიურმა თეორიამ ჩამოყალიბების ხანგრძლივი და რთული გზა გაიარა. თვით უზნაძის მიერ და შემდეგშიც სხვადასხვა დროს მის მიერ დაფუძნებული სკოლის მკვლევარებმა დიდი წვლილი შეიტანეს განწყობის მოქმედების ზოგად კანონზომიერებათა დადგენაში.
განწყობის ფსიქოლოგია მიმართულია ზოგადი კანონზომიერებათა და ძირეული მექანიზმების დადგენაზე ზუსტი და შემოწმებადი ექსპერიმენტული პროცედურების საშუალებით. განწყობის ფსიქოლოგია ფსიქიკური აქტივობის პროგნოზირების საშუალებას იძლევა. განწყობის თეორიის ღირსება ისიცაა, რომ მას უდიდესი გამოყენებითი ღირებულება გააჩნია. იგი რეალურ საფუძველს ჰქმნის ნაყოფიერი ფსიქოდიაგნოსტიკური და ფსიქოკორექციული მუშაობისთვის. განწყობის თეორიის პრაქტიკულ ასპარეზს წარმოადგენს ყველა ის სფერო, სადაც ადამიანს უწევს მოქმედება.
უწმინდესმა აღნიშნა, რომ თუ განწყობა არ იქნა არაფერი არ გამოვა. რა შეგიძლიათ გვითხრათ განწყობის თეორიაზე, რა ზეგავლენა აქვს განწყობას ადამიანზე და რა ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს მისმა ძალამ ადამიანზე, მის შემოქმედებასა და გონებაზე?
განწყობის სუბიექტი თავად ადამიანია, მისი სუბიექტური მოთხოვნილებებითა და უნარებით. ადამიანის ფსიქიკა მთლიანპიროვნებისეულია. სინამდვილისადმი ცნობიერი დამოკიდებულება მისი ერთ-ერთი ძირითადი სპეციფიკური დამოკიდებულებაა. იგი მას საშუალებას აძლევს, სინამდვილე წარმოიდგინოს არა, როგორც მხოლოდ უშუალოდ და კონკრეტულად მოცემული სინამდვილე, არამედ როგორც ამ კონკრეტულ სიტუაციასთან ერთიანობაში მყოფი შესაძლებლობათა მთელი სისტემა. მაგრამ, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შრომითი ქცევის განხორციელებისათვის საჭიროა სამუშაო ადგილები. სუბიექტური მოთხოვნილების არსებობას ადასტურებს ის, რომ ადამიანები რიგ შემთხვევებში სიცოცხლის რისკის ფასად, კანონების დარღვევითაც, არალეგალურად შედიან იმ ქვეყნებში, სადაც შეძლებენ შრომას. ძირითადად ესენი არიან ოჯახზე პასუხისმგებელი დედები და მამები. სამუშაოს აქტიურ მძებნელთა დიდ ნაწილს, ცხადია წარმოადგენენ შრომის უნარიანი ახალგაზრდა თაობა.
უწმინდესმა ასეთი მაგალითი მოიყვანა, რომ საბავშვო ბაღში, გოგონების ნაწილი სათამაშოდ თოჯინებს ირჩევს ერთს, ნაწილი კი რამდენიმეს და როდესაც ეს ბავშვები გაიზრდებიან, იმდენი შვილები ეყოლებათ რამდენი თოჯინაც აირჩიეს. ამ მაგალითზე რა შეგიძლიათ გვითრათ? თუ არის დამტკიცებული მეცნიერულად მსგავსი ფაქტი და გვაქვს თუ არა საქმე განწყობის თეორიის ფორმირებასთან? მაინტერესებს რაიმე ფსიქოლოგიური საფუძველი თუ უდევს თამაშს?
თამაშიც, ისევე, როგორც შრომა ქცევის ერთერთი თავისებური, დამოუკიდებელი ფორმაა. რომელიც ადამიანის ცხოვრების მთელ მნიშვნელოვან პერიოდს ბავშვობის ხანას უდევს საფუძვლად. იგი, შეიძლება ითქვას, ერთადერთი სინამდვილეა, რომელშიც ბავშვი ცხოვრობს და ერთადერთი ძირითადი პრაქტიკის ფორმა, რომლის ნიადაგზე მისი განვითარება მიმდინარეობს. მეცნიერება დიდი ხანია იკვლევს თამაშს, როგორც ფსიქოლოგიურ ფენომენს. არსებობს თამაშის მრავალი სხვადასხვა თეორიები. საბოლოოდ დადგიდა, რომ თამაშს საფუძვლად უდევს ფუნქციონალური მოთხოვნილება. ბავშვს, როგორც ადამიანის შვილს, აღნიშნავს უზნაძე, გარკვეული ტენდენციები და ფუნქციები აქვს, რომელსაც იგი ან ვერ იყენებს, ანდა ყოველმხრივ და ყველა მიმართულებით ვერ ამოქმედებს. ფუნქციები, ტენდენციები ,,ძალას“ წარმოადგენენ, და ძალისათვის სწორედ ისაა დამახასიათებელი, რომ იგი არსებითად მოძრავია, მოქმედია, ძალა დინამიკური ცნებაა. მაშასადამე, ცხადია, ბაშვის ამ ძალებს უმოქმედოდ არსებობა არ შეუძლია: ფუნქციონალური ტენდენცია, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ ძალების არსებობა ფუნქციის გარეშე შეუძლებელია, გასაგებად ხდის იმ შემთხვევაშიც ბავშვის აქტივობას, როდესაც ეს აქტიობა, შრომითი აქტიობისაგან განსხვავებით, რაიმე პროდუქტის მისაღებად კი არ არის განკუთვნილი, არამედ მხოლოდ თავად პროცესია მნიშვნელოვანი. აღნიშნულით არის ახსნილი თამაშის შინაარსეული მხარეც. ბავშვის თამაში თავისი შინაარსით ადამიანის საქმიანობის წაბაძვას წარმოადგენს. იგი მართლაც ავარჯიშებს ბავშვს ამ საქმიანობასადმი და მომავალი ცხოვრებისათვის ამზადებს (გროოსი).
ბავშვის თამაშის ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს ერთის მხრივ, სახეობის ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესის შედეგად ფორმირებული ფუნქციონალური მოთხოვნილების არსებობა და მეორის მხრივ ამ მოთხოვნილების შესატყვისი ობიექტური სიტუაციის თანხვედრილობა. ცხადია, გოგონებისა და ბიჭუნების თამაშები რამდენადმე განსხვავებულია. გოგონები უმეტესად თოჯინებით თამაშობენ, მაშინ როცა ბიჭუნები ძალის გამომხატველ თამაშებზე არიან ორიენტირებულები და ა.შ
საბავშვო ბაღი და სკოლა, არის ის საფეხურები სადაც ბავშვი ყალიბდება, როგორც ინდივიდი, ეს არის სათუთი ასაკი, როდესაც მოზარდის ფსიქოლოგია ყალიბდება ან გარკვეულწილად იცვლება კიდეც, როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული განათლების ფსიქოლოგიაში განწყობის თეორია? როგორ უნდა შეუქმნას მასწავლებელმა აღსაზრდელს განწყობა?
უზნაძის განწყობის თეორია, ფუნქციონალური ტენდენციის თეორია და სხვა თეორიები, რომლებიც მეცნიერულ ცოდნას იძლევიან სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ეფექტურად წარმართვისათვის ერთნაირად უნდა იცოდნენ მშობლებმაც და განათლების დარგის წარმომადგენლებაც. ერთერთი უმნიშვნელოვანესი საკითხია სათამაშოდ განკუთვნილი ეზოების არ არსებობაც. ბავშვებს სოციალური ურთიერთობების დასწავლის, გამოცდილების მიღების უფლება ფაქტიურად წართმეული აქვთ, როცა არ აქვთ შესაბამისი გარემო. ასევე, შესწავლილი და დამუშავებულია ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარების საფეხურებისთვის დამახასიათებელი კრიზისები და მისი დაძლევის გზები.
პატრიარქმა გამოთქვა ინიციატივა, დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიისთვის ძეგლის დადგმის საკითხზე, როგორც ქადაგებისას იყო ნათქვამი, უცხოელები უკვე ფიქრობენ ამ საკითხზე და შესაძლებელია ქართველებს დაასწრონ. ამ საკითხზე რა აზრის ხართ, თქვენი აზრით როგორ უნდა გამოიყურებოდეს განწყობა – როგორც ძეგლი?
განწყობის, როგორც ქცევის წინმსწრები მოვლენის, რომელიც სუბიექტური მოთხოვნილებისა და ობექტური სიტუაციის თანხვედრილობისა და ამსთანავე, ოპერაციული შესაძლებლობის აუცილებლობასაც გულისხმობს, სიმბოლური გამოხატვა ვფიქრობ ხელოვანისათვის სასურველი გამოწვევა უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ შემოქმედებითი პროცესიც, როგორც ქცევის ერთერთი სპეციფიკური ფორმა მოიცავს, როგორც შრომის, ასევე თამაშის ელემენტებს.
ქალბატონო ნანა, როგორ უნდა გამოიხატოს განწყობის თეორია საქმეში? რა რეკომენდაციებს მისცემდით ჩვენს მკითველს, როგორ უნდა შევქმნათ განწყობა ფიზიკური, ინტელექტუალური თუ სულიერი შრომისთვის?
ადამიანი, როგორც ცნობიერი არსება პასუხისმგებელია საკუთარი თავის, საზოგადოებისა და ბუნების მიმართ. მხოლოდ მას შეუძლია გააკეთოს არჩევანი ყოფნასა და არყოფნას შორის. ცნობილი ფილოსოფოსის სიტყვებია: ,,გაყინულ ბეღურას შეუძლია უსაყვედუროს ღმერთს, ადამიანს კი-არა.“ ადამიანის მხრიდან აქტუალურია იმის გრადაცია, თუ რომელი მოთხოვნილებებია უფრო პრიორიტეტული და რომელი-ნაკლებად. ინდივიდის დონეზე განწყობა, როგორც არაცნობიერი ფსიქიკური მოვლენა, თავისთავში ასახავს ქცევისათვის ყველა საჭირო მონაცემებს: მოთხოვნილებას, გარემოს, ოპერაციათა სისტემას, რის საფუძველზედაც ხდება მიზანშეწონილი ქცევის განხორციელება.
რადგან პატრიარქს ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება დასჭირდა, ალბათ საზოგოდაოებაში განწყობის თეორიის ცოდნა ნაკლებია, ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ კუთხით ცოდნის გავრცელებისთვის?
ცოდნის ნაკლებობასთან ერთად პრობლემადაა ქცეული ტრადიციისა და რელიგიის მნიშვნელობის შესუსტების მცდელობა. ამასთანავე, თანამედროვე ადამიანს მიზნების სიჭარბეც სირთულედ გადაექცა. თანამედროვე ადამიანი საზრისს შემდეგი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაში ნახულობს: კომპეტენტურობაში, ავტონომიურობასა და მიკუთვნებულობაში. სახელმწიფომ ამ მოთხოვნილებათა რეალიზაციის ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და პოლიტიკური უზრუნველყოფაზე უნდა იზრუნოს. ზრუნვის მცდელობის ხედვაც საკმარისი იქნება იმისათვის, რომ ადამიანმა თავი უსაფრთხოდ განიცადოს. ცოდნის მიღებისა და მოქმედების იმპულსი და ცხადია,,, შესაბამისი განწყობაც, რამდენადმე ამითაც, სტიმულირებული იქნება.
07.02.14
ნინა პირტახია






