ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილში „დიმიტრი ყიფიანი“ იხსენებს „ერთი ჭკვიანი კაცის“ ნათქვამს: „ … რომ მე მართლა ჭეშმარიტად ბედნიერი ვიყო საჭიროა სხვა სულიერნიც ბედნიერნი იყვნენო“. ყველა ადამიანი მართალია ინდივიდუალურია, მაგრამ გვხვდებიან საზოგადოებაში ისეთი ადამიანებიც, რომლებიც სხვა ყველასგან ჯერ მარტო იმით განსხვავდებიან, რომ საკუთარი ბედნიერება ვერ წარმოუდგენიათ, სხვა ადამიანების ბედნიერების გარეშე.
ასეთი ადამიანები მზეს ჰგვანან, რომელსაც ბრმაც კი გრძნობს, თუმცა ვერ ხედავს. რთულია ასეთივე გრძნობისა და ემოციების გარეშე მოუსმინო დამსახურებული ფარმაცევტის და შპს „კრწანისის“ დირექტორის, 83 წლის ვაჟა გელბახიანის ცხოვრების ისტორიას. ისტორიას საყვარელი საქმისა და ადამიანების სიყვარულის შესახებ.
ბატონო ვაჟა,როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
1931 წელს დავიბადე ჭიათურაში, ვცხოვრობდი დედასთან, მამასთან და ორ დასთან ერთად, კარგი ბავშვობის წლები მაქვს გატარებული, სკოლაში სწავლასთან ერთად ვმუშაობდი და რითიც შემეძლო ჩემ გაჭირვებულ ოჯახს ვეხმარებოდი.ოჯახში ყველამ კარგად იცოდა, რომ სწავლის გაგრძელება მსურდა, ამას ჩემი მშობლებიც გამუდმებით მეუბნებოდნენ, მათთვის ჩვენი განათლების მიღება მნიშვნელოვანი იყო. თბილისში წამოსვლამდე და მანამდეც, გადაწყვეტილი მქონდა ისტორიულზე ჩამებარებინა, ისტორიკოსი მინდოდა ვყოფილიყავი მიყვარდა და ახლაც ძალიან მიყვარს ისტორია. თუმცა, მოვლენები სულ სხვანაირად განვითარდა, თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, ბიძაჩემმა, პროფესიით ფარმაცევტმა პეტრე გელბახიანმა მთხოვა, რომ მისი საქმე გამეგრძელებინა, ეს პიროვნება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და იმდენად დიდ პატივს ვცემდი, რომ არც კი მიფიქრია. ასე მოვხვდი ფარმაციაზე და ასე გავხდი ფარმაცევტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, როსტოვში გამიშვეს სამუშაოდ ორი წელი, ასისტენტად ვმუშაობდი. როსტოვიდან ჩამოსვლის შემდეგ, რამდენიმე ხანში 1961 წელს აფთიაქი „კრწანისის“ დირექტორი გავხდი. დავვოჯახდი, ჩემი მეუღლე ინჟირენია პროფესიით, ამჟამად პენსიონერია. გვყავდა ერთი ვაჟი,რომელიც გარდაიცვალა ოცდათორმეტი წლის ასაკში. ეს ძალიან მძიმე და რთული პერიოდი იყო ჩვენს სიცოცხლეში, თუმცა მე და ჩემი მეუღლის სიცოცხლეს აზრს სძენდა ჩემი ორი შვილიშვილი, რომელიც ჩემმა ვაჟმა „დამიტოვა“. დავუბრუნდეთ ისევ აფთიაქ „კრწანისს“, რომლის დირექტორი აგერ, უკვე ორმოცდათორმეტი წელია , რაც ვარ. აქ მუშაობის პერიოდში ვიყავი ყველა მოწვევის რაიონული დეპუტატი და პროფკავშირების რაიკომის თავჯდომარე ოცი წლის განმავლობაში, მივდევდი პედაგოგიურ მოღვაწეობას და ა.შ. აქტიური ცხოვრებით ვცხოვრობდი. ბევრ ადამიანთან მიხდებობა ურთიერთობა. აფთიაქში ვამზადებდით წამლებს, პაციენტებს ვუწევდით კონსულტაციას, ვეხმარებოდით, ვაკეთებდით საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს.
ბოლოს კიდევ იმას დავამატებ, რომ გარდა სამედიცინო საქმიანობისა ვიყავი ტურისტული ჯგუფების ლიდერი. ეს იყო ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი, ვიყავით დიდ ბრიტანეთში, ევროპის უმეტეს ქვეყანაში, ინდოეთში, კრუიზით ვმოგზაურობდით და ა.შ .ასე საინტერესოდ მიმდინარეობდა ჩემი ცხოვრება, ერთ ადგილას ვმუშაობ უკვე ამდენი წელია, ვიცნობ ბევრ ხალხს და ბევრიც მიცნობს, ამ აფთიაქს „ვაჟას აფთიაქს“ ეძახიან, მოდიან და რითიც შემიძლია ვცდილობ, რომ დავეხმარო.
გარემო, რომელშიც იზრდებოდით, ტრადიციული ოჯახი გყავდათ?
მამაჩემი 1924 წლიდან კომპარტიის წევრი, კოლმეურნეობის თავჯდომარე და მანამდე სამხედრო იყო, მაზნიაშვილთან ერთად იბრძოდა ბათუმში, სამამულო ომის დასრულების შემდეგ შსს სამინისტროს ორგანოებში მუშაობდა, პატიოსანი და ალალი ადამიანი იყო, დიდი პატივისცემას და რიდს ვგრძნობდით მამის მიმართ, დედა დიასახლისობდა, უწესიერესი ადამიანი გახლდათ, ჩემთვის იდეალური და შეუცვლელი, ძალიან ხშირად მესიზმრება გარდაცვალების დღიდან – დღემდე, უზომოდ თბილი ურთიერთობა გვქონდა ოჯახში. ჩემი დებიდან ერთი ფარმაცევტი იყო , სამწუხაროდ გარდაიცვალა და მეორე და – ექთანია, ჭიათურაში ცხოვრობს. ჭიათურას ხსენებაზე, სულ სასიამოვნო ფიქრები მოდის თავში. იქ არის ერთი სოფელი – ბუნიკაური, სადაც ჩემი კარ–მიდამო, ბაღი და ვენახი მაქვს.
ოჯახზე გავაგრძელებ, ძალიან გვიჭირდა, მამაჩემი თავისი პატიოსანი შრომით, რასაც წვალობდა და მუშაობდა არ გვყოფნიდა, მე ჩემი სტიპენდიით ვეხმარებოდი, სოფელში, რომ ჩავიდოდი ჭიათურის მანგანუმში ვმუშაობდი მთელი ზაფხული, როგორც შემეძლო და როგორც შეგვეძლო ყველანი ვეხმარებოდით ერთმანეთს.
ვინ იქონია გავლენა თქვენი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებაში?
ბიძაჩემი–თქო, ზემოთ რომ აღვნიშნე პეტრე გელბახიანი, ალალი ბიძა არ ყოფილა, თუმცა ბიძად მეკუთვნოდა (მამის ბიძაშვილი იყო). სწორედ ამ ადამიანმა იქონია დიდი ზეგავლენა, რაც დღეს ვარ და როგორიც ვარ სწორედ მისი დამსახურებაა, მასწავლიდა რომ ცხოვრებაში ადამიანმა ყველაფერი პატიოსნად უნდა გააკეთოს თუ უნდა რამეს მიაღწიოს. პეტრე აკადემიკოსი და სამედიცინოს რექტორი გახდა, მაგრამ მე ჩემი ცოდნით ჩავაბარე და ჩემივე ცოდნით წარჩინებით დავამთავრე უნივერსიტეტი. ყველაფერს ვუჯერებდი და არ ვეწინააღმდეგებოდი, როსტოვში ჩემი გაგზავნაც მისი იდეა იყო. ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა.
ნათქვამია „ თვითონ კაცს უნდა ჰქონდეს ღირსება,რომ სხვისი ღირსება აღიარო“ – ბატონო ვაჟა, რომელია თქვენი მთავარი ღირსება და სხვა ადამიანებში რა ღირსებებს ეძებთ?
ჩემი აზრით, მთავარი ღირსება რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს არის პატიოსნება, საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ ვინც იყვნენ მეგობრები, ყველანი ნამდვილად კეთილი გულის ადამიანები იყვნენ. მეც ამაყი ვარ,რომ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში, რაიმესთვის თუ ხელი მომიკიდია და დამიწყია საქმის კეთება ყველაფერი პატიოსნად ჩამიმთავრებია. ერთდროულად ე.ი სამ ადგილას ვმუშაობდი: ვიყავი და ვარ პედაგოგი, პროფკავშირების რაიონული კომკავშირის თავჯდომარე და აფთიაქის დირექტორი. არ მიყვარს ტყუილი, მიყვარს გულწრფელობა, სიმართლე, ღია და ალალი ადამიანები. მე რაც შემიძლია იმით ვეხმარები ჩემს პაციენტებს, ზოგს ფული არ აქვს და წამლებს ისე ვაძლევთ. ადამიანობას ხომ ფულით ვერ იყიდი.
თქვენი ბიოგრაფიიდან ჩანს, რომ სანამ დამსახურებული ფარმაცევტი და შპს „კრწანისის“ მთავარი დირექტორი გახდებოდით დიდი გზა გაიარეთ, იყო თუ არა ეს გზა დაბრკოლებებით სავსე?
ცხოვრება თავად რთულია და ჩემი გზაც, რთული იყო რა თქმა უნდა, მაგრამ ყველაფერი თანდათანობით, ნელ–ნელა და კარგად მოხდა. ერთადერთი რაც არასასიამოვნოდ მახსენდება ის არის,რომ 1959 წელს დამნიშნეს აფთიაქების ინსპექტორად, ანუ ვამოწმებდი წამლებს, როდესაც დარღვევებს ვაწყდებოდი ყოველთვის მთხოვდნენ, მეხვეწებოდნენ, რომ არ დამეწერა საჩივარი, ძალიან არ მსიამოვნებდა ასეთ სამსახურში მუშაობა. შემდგომ საბჭოურ სამმართველოს მოადგილედ დამნიშნეს მაგრამ არ მინდოდა. აფთიაქი მერჩივნა და დღემდე აქ ვარ.
პრინციპები, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს?
ჩემი მთავარი პრინციპი თანაგრძნობაა მუშაობის პროცესში, თანაგრძნობა და დახმარების გაწევა. იმაზე საშინელება დამიჯერეთ არაფერია, როდესაც ადამიანს წამალი გინდა, ცუდად ხარ და ამ წამლის ფული არ გაქვს, წამალი და საკვები. ვცდილობთ,რომ უსასყიდლოდ მივცეთ ხოლმე წამლები.
ფარმაცევტს რა ევალება პირველ რიგში, რაში მდგომარეობს მისი პროფესიონალიზმი?
ფარმაცევტმა პირველ რიგში, აფთიაქში შემოსულ პაციენტს უნდა გამოკითხოს მდგომარეობა, რეცეპტის მიხედვით სწორი წამალი უნდა მისცეს, უნდა ამოიღოს ანოტაცია და წაუკითხოს. თბილად და სასიამოვნოდ უნდა მოემსახუროს. ცოდნა და გამოცდილება კიდევ, რა თქმა უნდა, ფარმაცია ეს ისეთი სფეროა, სადაც აუცილებლად გჭირდება ცოდნასთან ერთად გამოცდილება, პრაქტიკა.
თქვენი აზრით, როგორია დღესდღეობით ფარმაციის სწავლების დონე საქართველოში, გვყავს თუ არა პროფესიონალი ფარმაცევტები?
სწავლების დონეს და პროფესორებს, ფარმაცევტებს არ შევეხები ისინი ყველაფერს აკეთებენ, უქმნიან პირობებს, რომ ისწავლონ სტუდენტებმა, უბრალოდ რაზეც გული მწყდება ის არის, რომ თავად სტუდენტები არ არიან მოწადინებულები, იშვიათად, რომ ყველაფერს აკეთებდნენ და სრულყოფილად სწავლობდნენ. დიდი გამოცდილება მაქვს პედაგოგიკაში და თანამედროვე სტუდენტები სულ სხვანაირები არიან. არ არიან დაინტერესებულები ამ საქმით და მარტო დიპლომზე ფიქრობენ. ადრე სულ მთლიანად 50 ამთავრებდა ფარმაციას და ყველანი პროფესიონალები იყვნენ. ახლა კიდევ საშიშია მათი ნდობა, მათ მარტო კომპიუტერი და წამლების ფასი იციან. ძალიან მტკივა გული, ალბათ იმიტომ, რომ ასევე ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, საერთოდ, დღესდღეობით დამახინჯებულია აფთიაქის მცნებაც. აფთიაქი იყო დაწესებულება, სადაც ვამზადებდით წამლებს, ხოლო სააფთიაქო მაღაზიაში ყიდიდნენ. დღეს წამლებით ვაჭრობენ უბრალოდ. ადრე კანონი იყო, რომ 1500 მცხოვრებზე ერთი აფთიაქი უნდა ყოფილიყო ისიც 500 მეტრით დაშორებული ერთმანეთისგან. დღეს ყოველ ნაბიჯზე შევხვდებით მას. რაც შეეხება, პროფესიონალ ფარმაცევტებს, დავასახელებ ერთ ქალბატონს მაყვალა მარკოზიას, რომელიც შესანიშნავი ფარმაცევტია და მიხარია, როდესაც ასეთ ადამიანებს ვხვდები, ადამიანებს რომელთაც უყვართ თავისი საქმე და უანგაროდ ემსახურებიან მას.
როგორ უთავსებდით ოჯახსა და თქვენს პირად საქმიანობას ერთმანეთს?
თბილი ოჯახი მქონდა, მე ჩემი მეუღლე და შვილი მშვიდად და წყანარად ვცხოვრობდით და თან ვმუშაობდი, ხელი არასდროს შეუშლია ჩემთვის სამუშაოს. მიყვარდა და ჩემს საყვარელ ადამიანებსაც უყვარდათ ჩემი საქმე. როდესაც ჩემი ვაჟი გარდაიცვალა მალევე დაიღუპა ჩემი რძალიც, „კამელინი“– ეს წამალი მოგვიანებით შემოიტანეს ჩემთან და შესწავლა დავიწყე. თავის დროზე, რომ მქონოდა ჩემს რძალსაც ვაცოცხლებდი. იმუნიტეტის ასამაღლებელი, ანტისიმსივნური და ანტი ვირუსული პრეპარატია. ჩემი რძალის გარდაცვალების შემდეგ, ორივე შვილიშვილი მე და ჩემმა მეუღლემ აღვზარდეთ. ორივე ბიჭები არიან, უმცროსს მშობლები თითქმის არ ახსოვს. უფროსი ბიზნესმენია, მოსკოვში ცხოვრობს ღვინის ბიზნესი აქვს, ახლახანს ცოლი მოიყვანა, გოლფის მოთამაშეა ის გოგო. ძალიან უყვარს ამ გოგოს საქართველო, ქორწილიც ფუნიკულიორის გახსნის დღეს გადაიხადეს მთაწმინდაზე. უნდათ, რომ საქართველოში იცხოვრონ, რაც მე ძალიან მახარებს. რაც შეეხება უმცროსს ის, ფარმაცევტია, ჩემს საქმიანობას შემდგომ სწორედ ის ჩაიბარებს.
რა გაძლევთ სტიმულს ცხოვრებაში, რას საქმიანობთ დღესდღეობით, რითი ხართ თავისუფალ დროს დაკავებული?
სტიმულს ჩემი ოჯახი, საყვარელი საქმე და ეს ყოველდღიურობა მაძლევს. ჩემმა შვილიშვილებმა მაცოცხლეს და გამაბედნიერეს. თავისუფალ დროს ლიტერატურას ვკითხულობ, ძალიან მიყვარს ლიტერატურა როგორც სამედიცინო ისე მხატვრულიც, ვცდილობ, რაც შეიძლება მეტი ვიკითხო. გარდა ამისა, ძალიან მიყვარს სპორტი. განსაკუთრებით ფეხბურთი, ვგულშემატკივრობ იტალიურ „მილანს“ და ინგლისის „მანჩესტერ სიტის“. მიყავრს ძალიან მეურნეობა, ჩემი ბაღ–ბოსტანი და ვენახი ბუნიკაურში, მათი მოვლა–პატრონობა ძალიან მსიამოვნებს.
თქვენი აზრით, რა არის ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს გააჩნია?
ყველაზე ძვირფასი ისევ განვმეორდები, პატიოსნება და წესიერებაა, რითიც ნამდვილად უნდა იამაყოს ადამიანმა, რომ ეს გააჩნია. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, როდესაც გულში ვიხედებით თუ, როგორი პატიოსნები და წესიერები ვართ. საამაყოდ უნდა გვქონდეს ამ მხრივ საქმე, რადგან ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერ დადებითთან ერთად უნდა იყო გამტანი ადამიანიც. ეს თვისებები ნამდვილად ძვირფასია, ისინი გვეხმარებიან ცხოვრების რთულ გზაზე დაბრკოლებების გადალახვაში და იმაში,რომ როგორც სხვასთან ასევე საკუთარ თავთან მართლები ვიყოთ.
რა არის თქვენი არარეალიზებული ოცნება?
საინტერესო კითხვაა, ყოველთვის მინდოდა მქონოდა თბილისში საკუთარი სახლი მიწის ნაკვეთით, დიდი ეზოთი, ბაღი მექნებოდა . არადა ძალიან მიყვარს და მენატრება მიწა. ჭიათურაში კი ხშირად წასვლა–წამოსვლა რთულია.
ბატონო ვაჟა, დღეს ამ გადმოსახეიდან არ გეჩვენებათ ცხოვრება რთულად?
რთული იყო ნამდვილად, ნებისმიერ ადამიანს, რომ კითხოთ ყველას ცხოვრება რთულია თავისებურად.
მე ჩემი შრომით, წვალებით გამქონდა ცხოვრება. მიხარია, რომ არასდროს მიღალატია, პირველ რიგში, ჩემი პრინციპებისთვის, საკუთარი თავისთვის, მეგობრებისთვის და ოჯახისთვის. მეამაყება, რომ ანგარებით არ მიცხოვრია და როდესაც შესაძლებლობა მქონდა ყოველთვის ვეხმარებოდი ადამიანებს და გვერდში ვუდგებოდი.
მიხარია, რომ ამ ასაკშიც 22 ნოემბერს 83 წლის ვხდები, ვაკეთებ საყვარელ საქმეს, ვხვდები უამრავ ადამიანს და მაქვს შესაძლებლობა,რომ წარსულზე ვიფიქრო, ავწონ–დავწონო ყველაფერი, გავიხსენო ბევრი სამწუხარო თუ სასიამოვნო ამბავი. ვიფიქრო საიმედო და ბედნიერ მომავალზე, გაბრწყინებულ საქართველოზე, სადაც როგორც ფარმაციაში, ასევე სხვა მრავალ სფეროშიც გამოსწორდება და მოგვარდება ბევრი პრობლემა, რომელიც პირველ რიგში, საწყალ ხალხს აყენებს ზიანს.
12.03.14
ნათია კეკენაძე






