„თბილისელები ვიყავით, ქუჩაში გაღიმებულები დავდიოდით და ერთმანეთთან გამარჯობის თქმა გვიყვარდა“– ასე იხსენებს ძველ თბილისს წარსულში სხვა წოდებებთან ერთად საქართველოს დამსახურებული ინჟინერი და უბრალოდ, ძველი თბილისელი, 83 წლის, გიორგი გიორგობიანი. მისი ისტორია ესაა სიყვარულით გაჯერებული ურთიერთობების საინტერესო ამბავი, დღევანდელობის გულისტკივილი და იმ გზის ისტორია, რომელმაც ის თავის მიზნამდე მიიყვანა.
გიორგი გიორგობიანთან შეხვედრის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ხანდახან ადამიანთან საუბარი კარგი წიგნის წაკითხვის ტოლფასია, რომელშიც კითხულობ უბრალოდ საინტერესო ისტორიას ადამიანის შესახებ, რომელიც ცდილობდა, რომ ეცხოვრა და არა – ეარსება.
მოგვიყევით თქვენს შესახებ,როგორია თქვენი მოკლე ბიოგრაფია?
ჩემს შესახებ, ბევრი რამის თქმა შემიძლია, რამდენიმე ხნის წინ დავჯექი, კალამი ავიღე და ვცადე მოკლედ ჩამომეწერა, სად ვმუშაობდი , რა გამიკეთებია, სად ვყოფილვარ. თქვენთან საუბრისას ამ ნაწერს გამოვიყენებ, რომ რაიმე არ გამომრჩეს. თითოეული დღე, საათი, წელი ჩემთვის ძალიან ძვირფას მოგონებას წარმოადგენს, არ მინდა რომელიმე უთქმელი დამრჩეს. 1930 წელს დავიბადე, თბილისელი ბიჭი ვიყავი, პლეხანოველი. მამა სამხედრო მყავდა და მკაცრ ოჯახში გავიზარდე. მაშინდელი, მე–19 ვაჟთა სკოლა დავამთავრე წარჩინებით, ახლა რომ მახსენდება, ერთი სული მქონდა, როდის დავამთავრებდი სკოლას, რომ ჩემი სამომავლო ინტერესები დამეკმაყოფილებინა და რა ინტერესები მქონდა ამას ახლავე მოგახსენებთ. მაინტერესებდა სამეურნეო საქმიანობა. ჩემი ფაკულტეტი, მეტყევე–ინჟინერიის, სადაც ჩავაბარე სწორედ ამ სფეროს უკავშირდებოდა, 1954 წელს, როცა დავამთავრე უნივერსიტეტიდან გადამანაწილეს ახალ მშენებარე საავეჯო კომბინატში – ცვლის ინჟინრის სპეციალობით. ერთი წლის შემდეგ, ფინეთში გამიშვეს მივლინებით, სულ ექვსი კაცი ვიყავით. ჩვენი იქ გაშვების ძირითადი მიზანი იყო სადურგლო ფილების წარმოების ათვისება, რომელიც ჩვენვე დაგვევალა, ექვსი თვე ვიყავით და მშვენივრად მახსენდება ის დღეები ჩემს მეგობრებთან ერთად, სამწუხაროდ ისინი არცერთი აღარ არიან ცოცხლები, მაგრამ ჩემ მოგონებებში მაინც ყველაფერი მშვენიერი და წარუშლელია. განსაკუთრებით ფინელი ხალხი, რომლებიც ცოტა უხეში მაგრამ, რასაც მე დიდ პატივს ვცემ – მეგობრულები და ერთმანეთის ერთგულნი იყვნენ. ფინეთიდან, რომ ჩამოვედით თბილისში საზეიმო ვითარებაში დაგვხვდნენ, ჩვენზე სტატიებს წერდნენ გაზეთებში. ბევრი, რომ არ გამიგრძელდეს, ჩემი ცხოვრება ისე წავიდა, რომ 1960 წლისთვის უკვე ცხინვალში ვმუშაობდი სატყეო–კომბინატის მთავარ ინჟინრად. ვამზადებდით ხის მასალებს, ავეჯებს, სამეურნეო იარაღებს. ჩვენი მასალები ექსპორტში იყო. მთელი დღეები ვმუშაობდით და ვითვისებდით სიახლეებს. იქვე ამირჩიეს ქალაქკომის ბიუროს წევრად. უკვე 28 წლის ვიყავი, რომ დირექტორი გავხდი ამ ქარხნის და მალევე ამ სასიამოვნო ფაქტთან ერთად დავვოჯახდი კიდეც, ჩემი მეუღლე ქუთაისში გავიცანი, ნამდვილად ბედნიერი წლები მქონდა. 1964 წლისთვის თბილისში გადმომიყვანეს, რაც ძალიან კარგი იყო იმ მხრივ, რომ საშუალება მომეც ჩემ დარგში უფრო „გავზრდილიყავი“. თბილისში წამოსვლის შემდეგ, ძალიან მალე 1965 წელს მივლინებით გამიშვეს აფრიკაში, გვინეის რესპუბლიკაში, როგორც მთავარი ექსპერტი, ახალი საწარმო ავაშენეთ და გავუშვით ექსპლუატაციაში, სხვათაშორის ჩვენ გავუშვით პირველად ელექტროენერგია ქალაქშიც. ორწელიწადნახევრის შემდეგ ჩამოვედი და 1970 წელს თავად გვინეიდან მოვიდა ცნობა ჩემი სახელით გვარით, რომ ითხოვდნენ ჩემს ჩაყვანას და მართლაც ხელმეორედ აღმოვჩნდი იქ, ოღონდ როგორც მთავარი ინჟინერი. ჩემი ცხოვრება უკავშირდება ასევე მუსიკალური გაერთიანებების საამქროს, რომლის დირექტორიც ვიყავი. ვუშვებდით პიანინოებისა და გიტარის დეტალებს, ვითვისებდით ახალ დანადგარებს, იზმირში ვყიდდით და ასე ვცხოვრობდით. გვქონდა საწარმოები საქართველოს ყველა რაიონში. 46 წლიანი სამუშაო გამოცდილება მაქვს, ბოლოს უკვე პენსიაზე გავედი და 75 წლის, რომ გავხდი იმის შემდეგ თითქმის აღარ მიმუშავია, მოვწყდი აქტიური ცხოვრების რითმს.
მოგვიყევით თქვენს ოჯახზე, როგორ მიგაჩნიათ რა არის თქვენთვის ოჯახურ ურთიერთობებში ყველაზე მთავარი?
როგორც გითხარით მამა სამხდრო იყო, პოლკოვნიკი და არტირელისტი. თითქმის, სულ მუშაობდა და იშვიათად იყო სახლში. მე , ჩემს ძმას და დას კი დედა გვზრდიდა. აი, დედაზე ბევრი რამის თქმა შემიძლია. ნამდვილად ღირსეული, პატივსაცემი ქალი იყო. არავის აჩაგვრინებდა ჩვენს თავს, ჩვენც დამჯერები ვიყავით. ოჯახურ ურთიერთობებში ხომ ყველაზე მთავარი ერთმანეთის პატივისცემაა. დედამ შეცვალა მამა და ორივეს ფუნქციას ითვისებდა.
იყო თუ არა თქვენი ცხოვრება სავსე საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობით, გამოარჩევდით თუ არა მათგან რამდენიმე ადამიანს, რომელმაც თქვენს ცხოვრებაში დიდი კვალი დატოვა?
ნამდვილად, რომ ვუკვირდები თითქმის ყველანაირი ხასიათის ადამიანთან მქონდა შეხება, მიყვარდა საზოგადოებაში ყოფნა, მათთან ურთიერთობა და მეგობრების შეძენა. რა თქმა უნდა, რამდენიმეს კი არა ბევრი მათგანის დასახელება შემიძლია იმიტომ, რომ ბევრი გულიანი, ალალი ადამიანი მყავდა გვერდში. გავიხსენებ, პოეტსა და მწერალს ირაკლი აბაშიძეს, რომელიც სულ მეუბნებოდა, რომ პენსიაზე, რომ გახვალ აუცილებლად დაწერე შენი მემუარების წიგნი, შენი ისეთი საინტერესო ცხოვრება გქონდა ყველამ უნდა გაიგოსო. მეცინებოდა, პასუხს არ ვცემდი ხოლმე, ნამდვილად დიდებული პიროვნება და ადამიანი იყო. გავიხსენებ, გოგი თორაძეს ,შოთა ჯაოშვილს, პეტრე დუნდუას,რომელიც ახლაც ცოცხალია და ტექნიკურ უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობს. თუკი რაიმე კარგი მაქვს ნანახი, შეძენილი და გაკეთებული მათი დამსახურებითა და გვერდში დგომით იყო ნამდვილად.
როგორ მიაღწიეთ წარმატებას ცხოვრებაში, იყო თუ არა ეს გზა რთული გსიამოვნებდათ თუ არა თქვენი საქმის კეთება?
რთული იყო იმდენად, რამდენადაც ბევრ ადგილას მიწევდა მუშაობა და ხშირად ვიცვლიდი საცხოვრებელს, რაც შეეხება წარმატებას, მისკენ მიმავალი გზა ყოველთვის რთულია, არსებობენ გამონაკლისებიც თუმცა ჩემი გზა ნამდვილად რთული იყო. 46 წელი ვმუშაობდი და თან ვსწავლობდი, ეს იყო უწყვეტი სწავლის პროცესი, როდესაც შემოდიოდა რაიმე სიახლე და ჩვენ ვცდილობდით მის ათვისებას, ღამეებს ვათევდით, რომ იგივე დანადგარები დაგვემზადებინა, როგორიც სხვა ქვეყნებში მზადდებოდა. ნახაზებს ვაგებდით და ვცდილობდით, ვყოფილიყავით პირველები მთელს საბჭოთა კავშირში. პენსიაზე, რომ გავედი მაშინაც არ დამასვენეს და იტალიური დანადგარების საამქროშიც ვმუშაობდი. მძიმე წლები გავიარე, რომ წარმატებისთვის მიმეღწია, მაშინდელ გაზეთებში ხშირად წერდნენ სტატიებს. გვაფასებდნენ და ჩვენით მადლიერნი იყვნენ. მიყვარდა ჩემი საქმე და მთელს სულსა და გულს ვდებდი. საერთოდ წარმოება არის სიცოცხლე და მთელი ცხოვრება ჩემთან ერთად, მისი სიცოცხლისთვისაც ვიბრძოდი.
როგორ ფიქრობთ მიზნის მისაღწევად ყველა ხერხი გამართლებულია?
ვფიქრობ, რომ არა, უნდა იყო შრომისმოყვარე და პატიოსანი დანარჩენი ყველაფერი გამოვა და მიზანთანაც შენი სიმართლით და პატიოსნებით უფრო ადვილად მიხვალ.
რა არის თქვენი ხასიათის ძლიერი მხარე?
ჩემი ძლიერი მხარე ალბათ, უფრო შრომისმოყვარეობა და ნებისყოფა. ამ ორმა თვისებამ გამაძლებინა მთელი ცხოვრება, თუნდაც აფრიკაში ყოფნის დროს, გაუსაძლის პირობებში, აუტანელ სიცხესა და ტენიანობაში გვიწევდა შრომა გველებთან და სხვა ქვეწარმავლებთან ერთად. ვიტანდი, ველოდებოდი და ვითმენდი იმიტომ,რ ომ ვიცოდი ამ წვალების შედეგს დავინახავდი და მერე ვიამაყებდი საკუთარი თავით და ჩემი მეგობრებით, რომლებთან ერთადაც ღამეებს ვათევდი, რომ რაიმესთვის მიმეღწია.
ნათქვამია,რომ ადამიანის ჭეშმარიტი დანიშნულებაა იცხოვროს…და არა იარსებოს ,თქვენ რას აკეთებდით იმისთვი,რომ გეცხოვრათ, რა იყო თქვენი ცხოვრების უმთავრესი პრინციპები?
იმისთვის,რომ მეცხოვრა პირველ რიგში, დასახული მქონდა მიზანი და იმ მიზნისკენ მივიწევდი, ერთ მიზანს მეორე ცვლიდა. ამ პროცესში კი არასდროს ვივიწყებდი საყვარელ ადამიანებს, ჩემი პრინციპიც ეგ იყო გულწრფელი ურთიერთობების, პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვა.
როგორ გამოხატავთ სიყვარულს საყვარელ ადამიანებთან?
თბილი ადამიანი ვარ, სულ ვცდილობდი ყველას დიდს,პატარას თბილი და კარგი სიტყვით დავლაპარაკებოდი. საყვარელ ადამიანებთან ორმაგად ვცდილობ სითბოს გამოხატვას. ბევრი საყვარელი ადამიანი მყავს გვერდით და ჩემი სითბოც დიდია და ვცდილობ, რომ თითეულ მათგანს ვუწილადო.
როგორ უთავსებდით ოჯახსა და თქვენს პირად საქმიანობას ერთმანეთს?
რთული იყო ჩემი სამსახურის პირობებში ოჯახის გვერდით ყოფნა. მივლინებების პერიოდი დაემთხვა ჩემი შვილების პატარაობას, მათ გვერდზე არ ვიყავი თუმცა, წერილებს ვწერდით ერთმანეთს მე და ჩემი მეუღლე, ჩამომქონდა საჩუქრები და ზაფხულობით, დაბადების დღეებზე ვცდილობდი მენახა ჩემი ახლობლები. სამი შვილი გამიჩინა მეუღლემ ერთი ბიჭი და ორი გოგონა, ერთი ქალიშვილი 43 წლის ასაკში გარდამეცვალა, ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ტრაგედია, რომელმაც ჩემთვის თითქმის ყველაფერს დაღი დაუსვა, ძალიან მძიმე პერიოდი გამოვიარე, ეს იყო დიდი და დღემდე მოუნელებელი ტკივილი. ახლა ამ მოხუცებულობაში სიცოცხლეს ჩემი შვილიშვილები და შვილთაშვილი მიხარებს, ჩემს ვაჟს გიორგი ჰქვია და ჩემს შვილიშვილსაც გიორგი დაარქვა, სამი თაობა გიორგი გიორგობიანი ცხოვრობს ამ სახლში.
რა გაძლევთ სტიმულს ცხოვრებაში, რას საქმიანობთ დღესდღეობით, რითი ხართ თავისუფალ დროს დაკავებული?
შვილიშვილები და შვილთაშვილი, ამათ შევყურებ და შევხარი. ჯანმრთელობის პრობლემა მქონდა და ცოტა დავსუსტდი, თუმცა სიძლიერე და სიმხნევეს კიდევ ვინარჩუნებ. თავისუფალ დროს, აგერ სხვა პენსიონერებთან ერთად ვარ, ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და სხვადასხვა აქტუალურ თემებზე. ასე ვატარებთ დროს.
რაიმე გიტაცებთ, ჰობი თუ გაქვთ, რომლის ერთგულიც ბრძანდებით?
ნადირობა და თევზაობა მიყვარდა ძალიან. ეს იყო ის, რაც ძალიან მიტაცებდა, რაჭაში , ამბროლაურის რაიონში, თხმორში მაქვს სახლი, იქ ტყეებში სულ ვნადირობდი, როცა კი შემეძლო. კიდევ სამეურნეო საქმიანობა მიყვარდა, თავისუფალ დროს ვთოხნიდი და ვბარავდი, მიწა მიყვარდა და გულს ვიხარებდი ამით.
თქვენი არარეალიზებული ოცნება?
წინა შეკითხვას უკავშირდება ჩემი პასუხი, სოფელში მინდოდა მეცხოვრა პენსიაზე გასვლის შემდეგ, თუმცა რაღაც მიზეზების გამო ეს ვერ მოხერხდა. იქ ავისრულებდი და განვახორციელებდი ყველა იმ სურვილს, რაც ხანდახან ასე ძალიან მეძალება ხოლმე.
თქვენი გადმოსახედიდან რა შეიცვალა ყველაზე მეტად ადამიანებში, დღევანდელი 21 საუკუნის ადამიანის დადებითი და უარყოფითი, რაც გამოარჩევს თუნდაც თქვენი ახალგაზრდობის დროს მცხოვრებ ადამიანებისგან? რა თვისებები შევიძინეთ ან დავკერგეთ ?
ძალიან მტკივა გული, როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ და საკმაოდ ხშირად ვფიქრობ კიდეც. რამდენიმე სიტყვით შემიძლია ვთქვა, რომ ადრე – თბილისი იყო ურთიერთობა – ერთმანეთს ნათესავები, მეგობრები ხშირად ვნახულობდით, გვიყვარდა ურთიერთობა და ერთად ყოფნა. ახლა თითქოს გაციებულია ხალხი, ქუჩაში ღიმილიანი სახით დავდიოდით და გამარჯობის თქმა გვიხაროდა. პლეხანოვზე ჩემს გვერდით იზრდებოდნენ მალაკნები,სომხები, ოსები თუმცა ეს არ გავბრკოლებდა, ტოლერანტები ვიყავით და ქალაქელები ერთმანეთს პატივს ვცემდით. ახლა სოფელი ქალაქს მოაწყდა, ჩაიკეტა ხალხი და ახალგაზრდობაც შეიცვალა. თუმცა, მთლად ნეგატიურად არ ვარ განწყობილი. მიხარია, თუნდაც ის, რომ ასეთი თემებით ინტერესდებით, კითხულობენ ადამიანების ცხოვრების ისტორიებს, ინტერესდებიან და რაიმეს, თუნდაც ძალიან მცირედს სწავლობენ. გამიხარდა, რომ დამიკავშირდით და გაიგებენ, რომ ცოცხალი ვარ. ვაგრძელებ სიცოცხლეს ჩემს ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან და მოგონებებთან ერთად.
21.03.14
ნათია კეკენაძე