განათლების სფეროში არსებულ ვითარებაზე, წარმატებულ თუ წარუმატებელ რეფორმებსა და წარმოქმნილ ხარვეზებზე ”თბილისი თაიმსს” განათლების მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ზურაბიშვილი ესეაუბრა.
განათლების მინისტრის მოადგილე ბრძანდებოდით, ამიტომ თქვენი გადმოსახედიდან საინტერესო იქნებოდა განათლების სფეროს შეფასება, რამდენად არის პრიორიტეტი ეს სფერო ამჟამინდელი მთავრობისთვის და შეცვლიდით თუ არა რამეს ამ მიმართულებით?
წინასაარჩევნოდ ძალიან ბევრი ლაპარაკი იყო განათლების საკითხებზე, თუმცა რეალურად მთავრობისთვის ეს სფერო არ არის პრიორიტეტი, რაც მჟღავნდება ძალიან მარტივ რაღაცაში, პრიორიტეტი არ ნიშნავს იმას, რომ ამ საკითხზე ლაპარაკობ ბევრს, პრიორიტეტი ნიშნავს, იმას, რომ ბიუჟეტის შედგენისას პირველრიგში აფინანსებ პრიორიტეტულ მიმართულებებს და მერე ფიქრობ დანარჩენზე. ამ კუთხით თუ შევხედავთ არანაირად არ არის განათლების სფერო პრიორიტეტული ამჟამად. როცა შენ გამოაცხადებ, რომ ჩვენი პრიორიტეტი იქნება ჯანდაცვა, განათლება და სოფლის მეურნეობა, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტის შედგენის დროს პირველ რიგში უნდა ყოფილიყო ეს გათვალისწინებული. გაიზარდა დაფინანსება ამ მხრივ მაგრამ პრიორიტეტულობამდე ჯერ ბევრი გვიკლია სამწუხაროდ. ძალიან ბევრი რამე არის შესაცვლელი ამ სფეროში, გაკეთდა რაღაც მაგრამ უფრო მეტია გასაკეთებელი. მივესალმები ექიმის კაბინეტის აღდგენის იდეას, ეს პრინციპში არის ძველის აღდგენა, რადგანაც რამდენიმე წლის წინ არსებობდა, ეს არის აპრობირებული პრაქტიკა, პირველი დახმარების გაწევა შაშკინის დროს ევალებოდა მანდატურებს, ის უნდა ყოფილიყო თან დაცვა, თან პირველადი დახმარების გამწევი, მასწავლებლების, ბავშვების და მშობლების მაკონტროლებელი. ექიმი არ არის მარტო იმისთვის, რომ ავად რომ გახდები მარტო მაშინ მიაკითხო, ალბათ პროფილაქტიკური ფუნქციაც უნდა შეითავსოს სკოლის ექიმმა. ეს არ არის რაღაც ახალი იდეა, ეს არის ძველის აღდგენა, რომელიც რატომ იყო გაუქმებული არ მესმის, ჩვენთან ძალიან ხშირად არის ისეთი რეფორმები გატარებული, რომ ვერანაირი ლოგიკით ვერ ავხსნი, უბრალოდ ალბათ ვიღაცის ახირებაა, როგორც წესი ვიღაცას რაღაც უცნაური და თავისებური წარმოდგენა აქვს და იმის მიხედვით ითხოვს ცვლილებებს. განათლების სისტემა თუკი რაიმე სახით გამოირჩევა სხვა სფეროსგან ერთერთი მთავარი არის ის, რომ აქ მკვეთრი ცვლილებები კატეგორიულად არ შეიძლება, თუნდაც ეს იყოს სწორი და პერსპექტიული ცვლილება. აქ, როგორც არსად ისეა საჭირო ეტაპობრივი ქმედებები, ეს ჩვენი ან საბჭოთა კავშირის მოგონილი კი არ არის, მთელ მსოფლიოში ასეა, როცა განათლების სფეროში რაიმე ცვლილება იგეგმება ჯერ ძალიან დიდი ხანი მიდის დისკუსია, შემდეგ ხდება პილოტიზირება, ანუ ექსპერიმენტის ჩატარება რაღაც სეგმენტზე, შემდეგ ხდება ხალხის მიჩვევა ცვლილებაზე. ჩვენთან კი სხვანაირადაა, სააკაშვილის პერიოდი რომ ავიღოთ, სულ სხვა მიდგომები იყო ლომაიას დროს, სხვა შაშკინის დროს, მე რომ მკითხოთ არც ერთი არ ვარგოდა, რადგან იყო გაუაზრებელი და არ ქონდათ გაცნობიერებული რას აკეთებდნენ, უფრო იყო ექსპერიმენტები ცოცხალ ადამიანებზე. ჩვენ გვაქვს პრობლემა ერთიანი, კონცეპტიალური და შორეულ ხედვებზე გათვლილი მიდგომებისა, რომლითაც ხასიათდება მაგალითად ფინეთის საშუალო განათლების სისტემა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად ითვლება, 50 წლის წინ ფინეთი არ იყო ასეთი ქვეყანა, განათლების სისტემის რეფორმის გეგმა რომ შედგა იყო 20 წელზე გათვლილი, შედეგი უნდა მოსულიყო თანდათან, უდიდესი ყურადღება მიექცა მასწავლებლის ფიგურას, ანაზღაურებაც შესაბამისია და განათლებაც, ფინეთში მასწავლებლობის მსურველებს დოქტორანტის ხარისხი უნდა ქონდეს, პროგრამები გახადეს გაცილებით ზოგადი, სახელმძღვანელოებიც საერთოდ მეათეხარისხოვანია ფინეთში, ვიღაცამ ნახა ეს რეფორმა ალბათ და დაიწყო ბოლოდან, ჩათვალა, რომ სახელმძღვანელოები არ არის საჭირო, თუმცა მასწავლებლის ფიგურა იგივე დატოვა. ერთადერთი შედარებით ერთიანი ხედვის მომენტი იყო ლომაიას მინისტრობის პერიოდში, რომელიც იყო ჩემი აზრით არსებითად მცდარი, მათი კონცეპტუალური მიდგომა, არც მეტი, არც ნაკლები იყო ის, რომ სკოლაში სწავლა საერთოდ არ არის საჭირო და სწვალა უნდა დაიწყო სკოლის შემდეგ და იყვნენ იმის მომხრეები, რომ უმაღლეს სასწავლებლებში მიეღოთ ყველა.
როგორ აფასებთ უნივერსიტეტებში არსებულ მდგომარეობას? ზოგადად როგორია სწავლის ხარისხი ქართულ უნივერსიტეტებში, რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ქართულ უნივერსიტეტებში გაცემული განათლების დონე?
განსხვავებით სკოლებისა, სააკაშვილის პერიოდსი გატარებული რეფორმებიდან უმაღლეს სასწავლებლებსი გატარებული რეფორმა შეიძლება ჩაითვალოს ნაწილობრივ წარმატებულად, ის მდგომარეობა, რასაც უნივერსიტეტებმა სააკაშვილის პერიოდში მიაღწიეს იყო უკეთესი ვიდრე იმის წინ. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ანაზღაურება არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, სიმბოლური ანაზღაურებები ქონდათ პროფესორებს, ასე თუ ისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც არის. ცვლილებები უნივერსიტეტებში მტკივნეულად და ავტორიტარული მეთოდებით წარიმართა, მაგრამ ის ცვლილებები, რაც საკანონმდებლო დონეზე გატარდა, ვფიქრობ, ნორმალური იყო. წარუმეტებელი გამოდგა ჩემი აზრით სამეცნიერო ინსტიტუტების ინტეგრირება უნივერსიტეტებსი, რაც ვერ განხორციელდა სწორად და კარგად, ეს აშკარად მისახედია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შორს ვართ მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტების დონიდან, აქ არ არის მხოლოდ მატერიალური პრობლემა. საქართველოში არის რამდნეიმე სახელმწიფო და რამდენიმო კერძო უნივერსიტეტი, რომელიც ითვლება, რომ პრესტიჟულია, ასევე არის უამრავი უნივერსიტეტი, რომელიც დიდი პრესტიჟულობით არ გამოირჩევა.
გავრცელდა ინფორმაცია, რომ ილიას უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე დეკანსა და პროფესორებს შესაბამისი დიპლომები არ აღმოაჩნდათ,რაც წინააღმდეგობაში მოდის პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულ კანონთან. როგორ მოხდა მსგავსი პრეცენდენტის დაშვება სახელმწიფო უნივერსიტეტში? განათლების სამინისტრო რამდენად აკონტროლებს აკადემიური პერსონალის განათლების ხარისხს?
როგორც მე ვიცი ძველი კანონმდებლობით ქონდათ პროფესორებს ამის უფლება, ახალით კი არა და სწორედ ამიტომაც ხმაურობდნენ ამდენს, მთელი ნაცმოძრაობის აქტივი ყავდათ გაფორმებული პროფესორებად. ახალ კანონმდებლობაშიც არის პუნქტები სადაც გამონაკლისის სახით შეიძლება დაიშვას ეს პრეცენდენტი, თუმცა ილიას უნივერსიტეტს, განსხვავებით სხვა უნივერსიტეტებისგან ეს ქონდა მასიურად. ჩემი აზრით ეს ახალი კანონი სწორად იქნა მიღებული პრობლემის აღმოსაფხვრელად.
ხშირად ისმის ახალგაზრდებბისგან და არამარტო, რომ განათლების მიღების შემდეგ ვერ საქმდებიან, თქვენი აზრით რა არის ამის მიზეზი, არასაკმარისი სამუშაო ადგილების არსებობა თუ ამ ყველაფრის მიზეზი განათლების ხარისხში უნდა ვეძებოთ?
უფრო მეტად პრობლემაა ის, რომ სამუშაო ადგილები არ არის, სამუშაო ადგილების პრობლემაა ქვეყანაში, კვალიფიციური კადრის პრობლემაც, ბუნებრივია, არის და მოსავლელია ამ პრობლემისთვისაც, თუმცა მაღალი კვალიფიკაციის მქონდე კადრსაც უჭირს სამუშოს პოვნა და ეს პრობლემა არ არის მარტო ახალგაზრდებში. უმუშევრობის პრობლემა მწვავედ დგას ქვეყანაში და ეს მარტო განათლების სამინისტროს პრობლემა არ არის, ეს ერთიანი პრობლემაა და უნდა ვიფიქროთ როგორ მოვაგვაროთ.
რამდენად აქვს ქართველ სტუდენტს უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა, უზრუნველყოფს თუ არა სახელმწიფო გააცვლითი პროგრამების ხელმისაწვდომობას?
გაცვლითი პროგრამები არის ხელმისაწვდომი, თუმცა სასურველია მეტი იყოს, პირველ რიგში, უნდა ვფიქრობდეთ ჩვენი უნივერსიტეტების გაძლიერებაზე, ცოდნის ამაღლებაზე, თუმცა გაცვლიტი პროგრამებიც და მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლა თავისთავად არის ძალიან დიდი გამოცდილება, რაც აუცილებლად მოგვიბრუნდება კარგად, ამიტომ ვისურვებდი მეტი იყოს. თავის დროზე, როცა განათლების სამინისტროში ვიყავი, რაღაც ჩანაფიქრები გვქონდა ამ კუთხით ახლა აღარ ვიცი რა ხდება.
ექსპერტი აკაკი ცომაია: ”ქართულ უნივერსიტეტებში გაცემული განათლების დონე ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.”
როგორ აფასებთ უნივერსიტეტებში არსებულ მდგომარეობას? ზოგადად როგორია სწავლის ხარისხი ქართულ უნივერსიტეტებში, რამდენად შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ქართულ უნივერსიტეტებში გაცემული განათლების დონე?
ქართულ უნივერსიტეტებში გაცემული განათლების დონე, რომ ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, ამას დიდი კვლევა არ სჭირდება. საქართველოს განათლების სამინისტროც ღიად აფიქსირებს ამას. არსებულ მდგომარეობას კი პირველ რიგში, განაპირობებს მოთხოვნა ცოდნაზე, კვალიფიკაციაზე, განათლებაზე, ახალ უნარებზე და გამოწვევებზე დღევანდელ ცვალებად გარემოში, სადაც კონკურენტუნარიანობის დონეს განსაზღვრავს სხვადასხვა დარგისა და მიმართულებების კომპეტენციები. ყველაფერი აქედან იწყება და ამას მოსდევს სხვა დანარჩენიც: პროფესურა, სასწავლო ბაზა, ადმინისტრირება, ინფრასტრუქტურა და სხვა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის დეკანსა და პროფესორებს არ ქონდათ სათანადო განათლების ხარისხი ამ სფეროში, ამჟამად რა მდგომარეობაა ილიაუნიში, მოხდა თუ არა ამ პროფესორების ჩანაცვლება შესაბამისი განატლების მქონდე პერსონალით?
თუ საუბარია 2012–2014 წლებზე, გეთანხმებით. როგორც ვიცი, ამჟამადაც, ამ მიმართულებით, ბევრი არაფერი შეცვლილა
ზოგადად განათლების სფეროს როგორ შეაფასებდით, რა ხარვეზებს ან პირიქით პლიუსებს ხედავთ ამ სტრუქტურის მუშაობაში?
სრული ქაოსი. განუკითხაობა. უწესრიგობა. უმაღლეს სასწავლებლებში ხვდებიან სტუდენტები, რომლებმაც მშობლიურ ენაზე წერა–კითხვაც კი არ იციან. როგორ უნდა დაისახოს მიზნად უმაღლესმა სასწავლებლებმა ასეთ სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების განვითარება?
19.06.14
ნინა პირტახია