სუვერენული სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების საკითხები სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. განსაკუთრებული ზრუნვა ქვეყნის უსაფრთხოებასა და თავდაცვაზე მართებს ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორიც საქართველოა, რომელსაც უწევს ისეთ ძლიერ სახელმწიფოსთან მეზობლობა და ურთიერთობა როგორიც არის რუსეთი. როგორ შეძლებს საქართველო რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს და ამავდროულად გააგრძელოს სვლა ნატოს წევრობისკენ, დღეს საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე, მოსალოდნელ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ,,თბილისი თაიმსს“ ინსტრუქტორ –ანალიტიკოს სადაზვერვო და გლობალური უსაფრთხოების საკითხებში, დოქტორთა კლუბის პრეზიდენტი, დასავლეთის სპეცსამსახურების მკვლევარი და ისტორიის პროფესორი თორნიკე შურღულაია ესაუბრა. დავით უსუფაშვილმა ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის შემდეგი სამიზნე,შესაძლოა, საქართველო გახდეს, როგორ ფიქრობთ, რას მოიმოქმედებს რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ?
უნდა მოხდეს ქვეყნის მკაფიო პოლიტიკა და გზავნილები მსოფლიო თანამეგობრობაში. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ოკუპანტია ჩვენ გვქონდა შემრიგებლური პოლიტიკის სურვილი და დიალოგის დაწყების მცდელობა, რაც უკვე დაიწყო და უშედეგოა. განმეორდება იგივე, რაც ხდება უკრაინაში, რადგან რუსეთის ხელისუფლებას სურს სსრკს აღდგენა, თავად რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ სსრკს დაშლა დიდი შეცდომა იყო, ასეთი განცხადებები 21-ე საუკუნის ფასეულობებს ეწინააღმდეგება. მე ვპროგნოზირებდი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარებას და ეს რუსეთის მთავრობამ დაადასტურა. წითელი საფრთხე რეალურია და ვფიქრობ ის მსოფლიოს ემუქრება!
რამდენად შეესაბამება სიმართლეს,რომ გარკვეული ჯგუფები, პოლიტიკური ინტერესების გამო ეცდებიან გამოიწვიონ არეულობა?
არეულობის გამოწვევა ყოველთვის საწინააღმდეგო ძალების ინტერესებში იქნება, მაგრამ თუ მთავრობა ეფექტური და მყარია მას შეუძლია პრევენციული ღონისძიებების გატარება, საფრთხეებისა და არეულობების აღმოფხვრა, სწორედ ესაა მთავრობის ფუნქცია და მოვალეობა.
რუსულმა ვერტმფრენმა რამდენჯერმე დაარღვია საქართველოს საჰაერო სივრცე, რას ნიშნავს ეს? შეიძლება თუ არა ეს მივიღოთ გაფრთხილებად, რომ ნატოსგან თავი შორს დავიჭიროთ?
ნატოში საქართველოს შესვლა ნიშნავს 180-დან 200 კილომეტრამდე საზენიტო დანადგარების – პეტრიოტის და მსგავსი სამხედრო სისტემების წვდომას რუსეთის სტრატეგიულ წერტილებზე, რაც რუსეთისთვის მიუღებელია. რუსეთს ეშინია, რადგან მთელი მსოფლიო დასავლური განვითარებული ფასეულობების მომხრეა და არა რუსეთის იმპერიალისტური ზრახვების მომხრე, მაგრამ რუსეთს ავიწყდება ისტორიული რეალობა სადაც ძალის პოლიტიკა ყოველთვის დროებითი ეფექტით ხასიათდება!
როგორ შეძლებს საქართველო რუსეთთან ურთიერთობები გააუმჯობესოს და ამავდროულად გააგრძელოს სვლა ნატოს წევრობისკენ?
რუსეთის ამჟამინდელი მთავრობისთვის ნატო არის ღამის კოშმარი, როგორც კი საქართველო წავა ევროატლანტიკური გზით და მიუახლოვდება მის კარებს, რუსეთი აბობოქრდება, მაგრამ როგორც კლაუზევიცი იტყოდა, ომსაც კი აქვს თავისი დადებითი მხარეები, როდესაც სრულდება ერთი ეტაპი და იწყება მეორე, ახალი ეტაპი, რადგან ერთ წრეზე სიარული უშედეგო, დაუსრულებელი და მომაბეზრებელი პროცესია. რუსეთის ფედერაცია, როგორც სახელმწიფო დაიშლება ასეთი არასწორი იმპერიალისტური პოლიტიკის შემთხვევაში და ვფიქრობ, რუსეთის მთავრობა უნდა გამოვიდეს „ცივი ომის“ ეპოქიდან და იმპერიალისტურ ზრახვებს შეეშვას და რეალურ სამყაროში ისწავლონ ადაპტაცია და ყოფა.
რამდენად არის მზად საქართველო თავი დაიცვას, როგორც შიდა, ასევე გარე მტრისგან?
ჩემი სუბიქტური აზრით, საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში ძლიერი დასავლელი პარტნიორების გარეშე გაუმკლავდეს მტერს და პასუხი გასცეს ავის მსურველს. ჩვენ დამოუკიდებლობის 23 წლის მანძილზე ბევრი ვერაფერი ვისწავლეთ, არიან ადამიანები რომლებიც პოლიტიკით არსებობენ და არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკისთვის არსებობენ, სამწუხაროდ პირველი კატეგორია ჭარბობს ქვეყანაში და შედეგიც სახეზეა.
რა ტიპის ჯარი უნდა ჰყავდეს საქართველოს?
დივერსიული-სადაზვერვო რაზმებია ჩვენი ტიპის ქვეყნებისთვის ეფექტური და შეიძლება გვყავდეს რეგულარული არმიის განსაზღვრული რაოდენობა, რომელიც იქნება ეფექტური და მაღალი მომზადების მქონე და არავითარი რეზერვი და სხვა ტიპის პროექტები. ჩვენ ისრაელი არ ვართ, ისრაელი ფენომენია, ბევრი რამის სწავლა შეიძლება მათგან. ისრაელს 5 სპეცსამსახური და 13 სადაზვერვო დივერსიული რაზმი ყავს, არაფერს ვამბობ სამხედრო სპეციალურ შენაერთებზე.
თქვენი აზრით, რა ღონისძიებების გატარებაა საჭირო შეიარაღებულ ძალებში ფსიქოლოგიური მდგომარეობის, განათლებისა და ჯარისკაცების მოტივაციის ამაღლების მიზნით?
ჩვენმა ჯარისკაცებმა 2008 წლის ომში ვაჟკაცურად იბრძოლეს, რეგულარულ არმიაზე მაქვს საუბარი და არა მოუმზადებელ და უიარაღო რეზერვზე. მორალურად ჩვენ ჯარისკაცებს სისხლში აქვთ ბრძოლის ჟინი და სამშობლოს სიყვარული, ჩვენ უფრო მეტი ნოვაციები და ტექნოლოგიურად გამართვა გვჭირდება. კარგი იქნება თუ ხელისუფლება პრევენციული სამსახურების განვითარებას შეუწყობს ხელს, საუბარია დაზვერვის სამსახურებზე, მათ სჭირდებათ რესურსები და ახალი სისხლით შევსება, რადგან შემდგომ ეფექტურად, მომზადებულნი და ინფორმირებულნი შეხვდენენ სამხედროები საფრთხეებს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა მარტო ის თუ რა ხდება ჩვენს გარშემო, არამედ იმის იქითაც.
რა არის საჭირო საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გასაზრდელად?
საქართველოს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას დიდი და ნაყოფიერი შრომა და ასევე, დიდი ფინანსები სჭირდება.
”თბილისი თაიმსი” ასევე დაუკავშირდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამისტროს პრესამსახურმა ჩვენთან საუბრისგან თავი შეიკავეს.
28.04.14
ლანა წურწუმია





