მედიის სხვადასხვა საშუალებებით ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომელიც შეეხებოდა ფალსიფიცირებული რძის პროფუქტებს, ჯანმრთელობისთვის საშიშ მარილს და ე.წ ”ვირის სასაკლაოებს” აღნიშნული პრობლემური საკითხები ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს საკვები პროდუქტები ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ”თბილისი თაიმსი” დაინტერესდა თუ რამდენად შეესაბამება გავრცელებული ფაქტები სიმართლეს, დაცულია თუ არა დღეს მომხმარებლის უფლებები და რა უნდა გაითვალისწინოს ამ უკანასკნელმა სურსათის შეძენისას, აღნიშნულ თემაზე გვესაუბრა სურსათის ეროვნული სააგენტოს, სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე.
სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის კვლევის მიხედვით რძის პროდუქტის 15 სახეობიდან 10 ფალსიფიცირებული აღმოჩნდა, პროდუქტი რომელზეც მითითებულია, რომ შეიცავს მცენარეულ ცხიმს, რძის პროდუქტი არაა. თქვენი აზრით, რამდენად საშიშია ეს ადამიანის ორგანიზმისთვის?
შესაძლოა საქმე გვქონდეს მომხმარებლის მოტყუებასა და შეცდომაში შეყვანასთან, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის დიდი ზიანის მომტანი არ უნდა იყოს ამგვარი პროდუქტი. თუ პროდუქტის ეტიკეტზე მითითებულია, რომ ის შეიცავს მცენარეულ ცხიმს და არა ნატურალურ რძეს, მაშინ ამით მწარმოებელი ახდენს ერთგვარ დეკლარირებას პროდუქტის შემცველობაზე და ასეთი შემთხვევა მომხმარებლის მოტყუებად არ განიხილება. დღეს საქართველოში ამჟამად არ არსებობს ნორმატივები, დოკუმენტი რომელიც დაარეგულირებს რძის შემადგენლობას, რა სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს ყოველივე ეს, თუმცა ამასთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს სურსათის ეროვნული სააგენტო, მეც გახლავართ ამ ჯგუფის წევრი. ჯგუფი მუშაობს ნორმატიულ დოკუმენტზე, რომელიც დაარეგულირებს თუ რა შემადგენლობა უნდა ქონდეს რძეს და რძის პროდუქტებს, რომელიც გამოტანილია საქართველოს ბაზარზე. ჯგუფი შეიმუშავებს დეფინიციებს თუ რა არის მაგალითად ხაჭო, არაჟანი თუ კარაქი და რა შემცველობა უნდა ქონდეს ამ პროდუქტებს რეალურად. დოკუმენტი დასრულდება გაზაფხულზე – მარტის თვისთვის მაგრამ ოდნავ მოგვიანებით შევა ძალაში.
როგორ უნდა გაარჩიოს მომხმარებელმა ფალსიფიცირებული რძის პროდუქტი ნატურალური რძისგან?
მომხმარებლის ინფორმირების ერთადერთი გზა ამ კუთხით არის ეტიკეტის წაკითხვა, ეტიკეტის კონტროლს ახორციელებს სურსათის ეროვნული სააგენტო და ნებისმიერი დარღვევა ამ კუთხით ისჯება ფულადი ჯარიმით.
რძე არის ბავშვებისთვის მთავარი საკვები და მასში შემავალი ნივთიერებების შეცვა დაუშვებელია, თქვენი სააგენტო რას აკეთებს ამ კუთხით მომხმარებელთა დასაცავად და რას ურჩევს მათ?
სურსათის ეროვნული სააგენტო მუშაობს დოკუმენტზე რომელიც დაარეგულირებს ამ საკითხს და მკაცრ კონტროლს აწარმოებს ეტიკეტებზე. საჭიროა მომხმარებელმა, პროდუქციის შეძენისას სწორად წაიკითხოს ეტიკეტზე დატანებული ინფორმაცია.
თქვენმა სააგენტომ კვლევის შედეგად გაარკვია,რომ საქართველოში 48 ტონა ჯანმრთელობისთვის საშიში, ტყვიის ვერცხლისწყლისა და თუთიის შემცველი მარილი იყიდება. ეს პროდუქტი ძალიან ხშირი მოხმარების საგანია. თქვენი ინფორმაციით რა საფრთხეს უქმნის ის ადამიანის ჯანმრთელობას და რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ თუ გაყიდვიდან არ იქნა ამოღებული?
ჩვენს მიერ აღმოჩენილი იქნა ირანული წარმოების მარილი, რომელშიც ტყვიის შემცველობა იყო მომატებული, თუმცა არა იმდენად, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის რაიმე საფრთხე შეექმნა. მარილი შეიცავს ზემოთხსენებულ ნივთიერებებს თუმცა მათი დოზა განსაზღვრულია და არ უნდა აცდეს ნიშნულს. ვინაიდან ეს მარილი არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს ამიტომაც ჩვენი ზედამხედველობით ამ მარილის გამოთხოვა მიმდინარეობს ბაზრიდან და მოგროვებისთანავე ჩვენი ზედამხედველობითვე განადგურდება.
რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში?
სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ამ მარილის გამოთხოვა ბაზრიდან და უნდა მოხდეს მომხმარებლის ინფორმირება.
ბოლო დროს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ე.წ ვირების სასაკლაო, გარდა იმისა, რომ ვირის ხორცი ადამიანისთვის მავნებელია, ჩვენს მიერ ნანახ კადრებში ჩანს, რომ სასაკლაოს ტერიტორიაზე ანტისანიტარიაა. იყო ლაპარაკი, რომ შესაძლებელია ეს ხორცი თბილისის საშაურმეებს და სახინკლეებს მიეწოდებოდა. თქვენი ინფორმაციით რამდენად შეესაბამება ზემოთხსენებული სიმართლეს?
შემოვიდა სატელეფონო შეტყობინება სააგენტოში, რის საფუძველზეც ჩვენ ადგილზე შევისწავლეთ ტერიტორია, კვლევის შემდეგ დავადგინეთ, რომ იმ ადგილზე არანაირი სასაკლაო არ მდებარეობდა და იყო უბრალოდ ნაგავსაყრელი სადაც, ხდებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადაყრა, მათ შორის მკვდარი ცხოველის ნარჩენების, თუმცა აღნიშნულთან დაავშირებით სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას, ასევე რეგიონალურ სამართალდამცავ სამსახურებს, იმ მიზნით, რომ დაიწყოს გამოძიება და თუკი რაიმე მსგავს ფაქტს აქვს ადგილი ერთობლივად იქნას აღმოჩენილი და გამოძიებული. მე გადაჭარბებულად მიმაჩნია ის შეფასება, რომ ვირის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, მაგრამ რადგანაც ეს ეჭვი გამოითქვა სააგენტო ამ საკითხს შეისწავლის.
რა ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ ჩვენს მკითხველს ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში არსებული ვითარების შესახებ?
ჩვენ რა თქმა უნდა ვაგრძელებთ კვლევას ამ საკითხის ირგვლივ, ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში გამოვლენილი დარღვევების შესახებ ვიღებთ ცნობებს და სათანადოდ ვრეაგირებთ, იყო რამდენიმე შემთვევა როცა გამოვლინდა ჰიგიენური პირობების დარღვევა, მაგალითად ჩვენ შევამოწმეთ დეზერტირების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხორცის რეალიზაციის ობიექტები, ასევე ჩვენი შემოწმების შედეგად რეალიზაციის უფლება შეუჩერდა ბათუმის აგრარული ბაზრის ხორცპროდუქტების განყოფილებას, თუმცა საერთო სურათი ამ კუთხით საგანგაშო არ არის.
რა უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა, რომ მომწამლავი პროდუქცია არ შეიძინოს. რა რეკომენდაციას და რჩევას მისცემდით მომხმარებელს?
მომხმარებელს ვურჩევდი სურსათი შეიძინოს ისეთ ადგილებში სადაც ორგანიზებულად ხდება სურსათის რეალიზაცია და დაცულია ჰიგიენური პირობები, იმ პროდუქტებისთვის რომელსაც სჭირდება შენახვის განსაკუთრებული პირობები უზრუნველყოფილია ამ პირობებით, ტემპერატურული რეჟიმითა და ა.შ. ნებისმიერი სახის სურსათის შეძენისას მომხმარებელმა ამ ყველაფერს უნდა მიაქციოს ყურადღება. რაც შეეხება ხორც-პროდუქტებს, მომხმარებელს, თუ ეჭვი ეპარება ხორცის ამა თუ იმ სარეალიზაციო ობიექტში შექმნილ ვითარებაში, სრული უფლება აქვს მოთხოვოს რეალიზატორს მოწმობა ფორმა N2, ეს არის სურსათის ვარგისიანობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბატონო კახა, რამდენიმე თვის წინ, ჩვენთან საუბარში აღნიშნეთ, რომ საქართველოში შესაბამისი ლაბორატორიის არარსებობის გამო ვერ ხერხდება სურსათში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შემცველობის დადგენა, დღეს რა მდგომარეობაა ამ კუთხით, არსებობს თუ არა მსგავსი ლაბორატორია?
დღესაც იგივე მდგომარებაა ამ კუთხით რაც რამდენიმე თვის წინ იყო, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ერთი ნაბიჯით წინ წავედით, ჩვენ მაშინაც და დღესაც ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს ლაბორატორიის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით და შესაძლებელია 25 იანვრისთვის სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღოს აკრედიტაცია ლაბორატორიის გახსნასთან დაკავშირებით.
22.01.14
ნინა პირტახია






