რაშია სიცოცხლის ფასი
„დღეს ბევრი მეგობარი მეკითხება თუ რატომ წამოვედი ასეთ ახალგაზრდა ასაკში სახელმწიფო დეპარტამენტიდან და რატომ ვამჯობინე მსოფლიოს ყვცელაზე ძლიერი ქვეყნის საჯარო სამსახურში კარგ კარიერას 25 წლის ასაკში შემოქმედის რისკით და სიღარიბით სავსე გზის არჩევა. ბევრი ედგარ პოს ან გალაკტიონ ტაბიძის მაგალითს მისახელებს და მეუბნება რომ ეს არ არის ჭკვიანური ნაბიჯი. მაგრამ, მე სხვანაირად მაინც არ შემიძლია.
სამუშაო ადამიანისათვის არ შეიძლება იყოს მხოლოდ კარიერის ‘წარმატებული’ გზა თუ ის მისთვის ცხოვრების სტილი არ არის. სამუშაო ადამიანისათვის ტანჯვაც უნდა იყოს და ბედნიერებაც – ისევე როგორც ცხოვრებაა. მაგრამ მთავარია ამ სამუშაომ ის საკუთარ ნამდვილ არსს არ დააშოროს. ადამიანის ნამდვილი არის კი შემოქმედებაა. თუკი ღმერთი არის სამყაროს შემომქმედი და თუკი ჩვენი ცხოვრების მეტაფიზიკური „დავალება“ რაც შეიძლება მეტად „განღვთობაა“, მაშინ რა უფლება მაქვს მე რომ შემოქმედის ბევრად რისკიანი გზა არ ავირჩიო, ვიდრე ცრუ ია-ვარდებით მოფენილი კარიერიზმი. მე არ შემიძლია გავიკეთო კარიერა – მე შემიძლია ვიცხოვრო ჩემი საქმით – ვიტანჯო მისით და თუნდაც რამოდენიმე წამის ბედნიერება მაინც მივიღო მისგან. ამაში ვხედავ მე ადამიანის დანიშნულებას.
მე ბევრი მეგობარი მყავს ვინც საჯარო თუ კორპორატიულ სამსახურშია და მათ დიდ პატივს ვცემ. ალბათ მათაც შეუძლიათ იყვნენ ხელოვანები საკუთარ საქმეში. ყველა ადამიანში ზის შემოქმედი – ის შემოქმედი, რომელიც ღმერთს აქვს ჩადებული თითოეულ მის ქმნილებაში. მაგრამ, ყველას მისი გზა აქვს.
ძალიან მიყვარს ყველა ის ჩემი ახლობელი, მეგობარი თუ ნათესავი, რომელსაც ჩემთვის მხოლოდ კარგი უნდა და ძალიან ვაფასებ მათ რჩევებს. მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე 25 წლის ასაკში შეგნებულად მივიღე. ბევრად უფრო დიდი ბენდიერებაა ამ რისკიან და ვიწრო გზაზე სიარული, ვიდრე კომფორტულ თანამდებობაზე ყოფნა მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ქვეყნის ყველაზე კომფორტულ საჯარო სამსახურში.
ყველა ხელოვანი თუ შემოქმედი მაინც საზოგადო ანუ საჯარო მოღვაწეა – რამეთუ ის თავის ნაშრომებში ადამიანების დიდ რაოდენობას და შეიძლება მთელს კაცობრიობასაც სიყვარულს უხსნის. და თუ მას ეს სიყვარულის ახსნა კარგად გამოუვიდა – მაშინ უკანაც იღებს ცოტას მაინც – და ეს ღირს იმ წამებად და ტანჯვად, რომელსაც ნამდვილი ხელოვანი იტანს მთელი ცხოვრების განმავლობაში.
ადამიანური საზოგადოების განვითარებაც ხომ შემოქმედობის შედეგია – ადამიანი ან ადამიანების ჯგუფი რაღაც ახალს ქმნის რომ მომავალ სიცოცხლე გაუადვილოს – ანაც უკეთეს ადამიანებად აქციოს და მაშასადამე სიკვდილიც გაუადვილოს.
ადამიანი ცნობიერებაა და არა მარტო ყოფა. მას აქვს საოცარი თავისუფლება რომ ინსტიქტებზე ზემოთ დადგეს – და გონებაც და სულიც უანგაროდ მოახმაროს სხვას. ამაზე დიდი ნიჭი არ არსებობს.
ყველა ამას თავისებურად აკეთებს. ჩემი მეგობრები საჯარო სამსახურში ალბათ საკუთარი კუთხით ცდილობენ სიკეთის ქმნას – ასევე ადამიანები ვინც კერძო და კომერციულ ორგანიზაციებში მუშაობენ. მე კი ვიცი, რომ არც პოლიტიკა და არც ბიზნესი ჩემი საქმე არ არის. ჩემი საქმეა ხალხს ვემსახურო ჩემი სიტყვით და ჩემი ცხოვრებით – შეიძლება მწარე სიტყვითაც და მწარე ცხოვრებითაც – მაგრამ მაინც ასე. მაგრამ, პირველ რიგში მე მინდა ხალხი გავაცინო და ბედნიერი გავხადო. ეს არის ჩემი მთავარი მიზანი ახლა. და ამით ცხოვრება არის ჩემი ერთადერთი არჩევანი.
არ ვიცი ამ ნააზრევს როდის გამოვაქნეყნებ. ახლა 1995 წელი იწყება და შუაღამეა და მე მივიღე გადაწყვიტილება, რომ ჩემს კარიერას საჯარო სამსახურში წერტილი დავუსვა აბსოლუტურად ჩემი ნებით. მე მინდა ავირჩიო რისკიანი გზა – თუნდაც იმ ფასად, რა ფასადაც ის ბევრ ხელოვანს დაუჯდა.
სხვა გზა მე არ ვიცი. მიყვარხართ – გმადლობთ.”
ირაკლი კაკაბაძე – 1995 წლის 12 იანვარი.






